"მოსამართლემ ყველა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა" - საქალაქო სასამართლოში არგენტინიდან ექსტრადირებული გიორგი ხატიაშვილის და კიდევ 8 ბრალდებულის პროცესი გაიმართა
საქალაქო სასამართლომ არგენტინიდან ექსტრადირებულ გიორგი ხატიაშვილსა და კიდევ 8 ბრალდებულს პატიმრობა ძალაში დაუტოვა. პროკურატურის ცნობით, ისინი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების სქემას ხელმძღვანელობდნენ, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოში არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებული გიორგი ხატიაშვილის და კიდევ 8 ბრალდებულის პროცესი გაიმართა.
მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროკურატურის ინფორმაციით, ხატიაშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად, დანაშაულებრივ სქემას ხელმძღვანელობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შტატებში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს და დოკუმენტებს უქმნიდნენ.
როგორც პროკურორი, მარიამ გიგაური აღნიშნავს, პირველად მოხდა აღნიშნული ქვეყნიდან პირის ექსტრადიციის გზით ჩამოყვანა. მისივე თქმით, სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დღეის მდგომარეობით ძალაში დატოვა:
"მოცემულ საქმეზე ბრალდებული გახლავთ 9 პირი, მათ შორის გახლავთ გიორგი ხატიაშვილი, რომელიც 2026 წლის 14 ოქტომბერს ჩამოყვანილი იქნა საქართველოში არგენტინის რესპუბლიკიდან. მოცემულ შემთხვევაში არგენტინის რესპუბლიკიდან მისი ექსტრადაცია განხორციელდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. ეს გახლავთ პრეცედენტული ექსტრადიციის საქმე, ვინაიდან პირველად მოხდა აღნიშნული ქვეყნიდან პირის ექსტრადიციის გზით ჩამოყვანა. მოცემულ შემთხვევაში დღევანდელ სხდომაზე იყო აღნიშნული საკითხის განხილვა, ვინაიდან დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა არც ერთი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ძალში დატოვებას, თუმცა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა ბრალდებულის მხრიდან იმ საფრთხეების არსებობა, რა საფრთხეებზე დაყრდნობითაც გამოყენებული იქნა მათ მიმართ პატიმრობა. მათ შორის გიორგი ხატიაშვილის მიმართაც იმსჯელა სასამართლომ და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დღეის მდგომარეობით ძალაში დატოვა," - აცხადებს მარიამ გიგაური.
ხატიაშვილს ბრალად ედება საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის, თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.