არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი ხატიაშვილი ჩამოიყვანეს - როგორ გავიდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიურო და ქართველი სამართალდამცავები
არგენტინიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი ხატიაშვილი ჩამოიყვანეს, რომელსაც აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელთათვის დოკუმენტებისა და ისტორიების გაყალბებაში ედება ბრალი. პროკურატურის ცნობით, საქმე 1000-ზე მეტ მოქალაქესა და ჯგუფის მიერ მიღებულ მილიონობით თანხას ეხება.

ბუენოს-აირესიდან თბილისის აეროპორტში სპეცრეისით ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი ხატიაშვილი ჩამოიყვანეს.
ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი არგენტინის დედაქალაქში ქართული მხარის მოთხოვნით ერთი თვის წინ დააკავეს. ხატიაშვილი ერთ-ერთია იმ ცხრა პირს შორის, რომელიც შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბ ისტორიებს ქმნიდა ამერიკის საემიგრაციო სამსახურში წარსადგენად,ამზადებდა ყალბ დოკუმენტებს. საქმეში 1000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელია. მათთვის გამოგონილი ბიოგრაფიების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის ანგარიშზე მილიონობით თანხა ჩაირიცხა.
კურიერმა მოიპოვა მრავალტომიანი საქმის მასალები. თავშესაფრის მაძიებელთა გამოგონილი ისტორიებით დგინდება, რომ მათი უმეტესობა ამერიკის საემიგრაციო სამსახურში წარადგინეს, როგორც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით შევიწროებული და საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმის მიერ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი.
მეტი დამაჯერებლობისთვის ე.წ. საემიგრაციო ქეისებში დევს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაცემული ცნობაც, რომელსაც ხელს პარტიის რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი აწერს. დგინდება, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. თავშესაფრის მაძიებელი კი არც პარტიის წევრი ყოფილა და არც საპროტესტო აქციებში მიუღია მონაწილეობა.
ხატიაშვილი და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ამერიკაში თავშესაფრის მსურველი მოქალაქეებისთვის სამედიცინო ცნობებსაც აყალბებდნენ. საქმის მასალებშია არაერთი “ფორმა ნომერი ასი“, რომელიც თითქოსდა დაზარალებულების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ასახავს, თუმცა დადგინდა, რომ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ამ დოკუმენტს აწერს ხელს, ჯერ კიდევ 10 წლის წინ გარდაიცვალა.
გიორგი ხატიაშვილთან ერთად საქმის მთავარი ფიგურანტია მარიამ ტალახაძეც, რომელსაც სოციალურ ქსელებში “უბატონოს“ მეტსახელით იცნობენ. სამართალდამცველებმა ის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნების დროს დააკავეს და ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. კიდევ ერთი პირის ექსტრადირება კი გერმანიიდან განხორციელდა. საქმე საქართველოს პროკურატურამ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით გახსნა.
აგენტიდან საქართველოში ექსტრადირებული გიორგი ხატიაშვილის და სხვა ბრალდებულების ადვოკატები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. პროკურატურის ინფორმაციით კი რეალური ადამიანების გამოგონილი წარსულის შექმნა ბრალდებულებისთვის მილიონიან ბიზნესად იქცა. ახლა მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.