“სებ-ი თავის ფუნქციას არ ასრულებს” - რატომ აქვს კრიპტობიზნესს “შავი ფულის” იმიჯი საქართველოში?|ნიკა ალავიძის მოსაზრება
ფინანსისტ ნიკა ალავიძის მტკიცებით, ეროვნული ბანკი საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს და მას სებ-ის საბჭოს ყოფილ წევრ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობის წინასწარ დადგენა გაცილებით მარტივად შეეძლო.
„ფლობს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების იმ საქმიანობაზე, რომელიც სებ-ის მიერ რეგულირებულ კომპანიებს უკავშირდება?“ - BMG-ის ამ კითხვას ეროვნულ ბანკში ზოგადად უპასუხეს. უწყებას უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებული, სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრის ოჯახის კრიპტობიზნესთან კავშირი არც უარუყვია და არც დაუდასტურებია.
BMG-მ აღნიშნული კითხვა მას შემდეგ დასვა, რაც „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო მასალაში ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებული 5 კომპანია გამოვლინდა. მათ შორისაა ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო პროვაიდერი შპს „ვიპ ფეი“ (VIP Pay) და ვალუტის გადამცვლელი კომპანია შპს „მანი ექსჩეინჯ პლიუსი“. ფარულ ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი აღნიშნავს, რომ საგადახდო პროვაიდერთან (PSP) ერთად, მას ასევე აქვს ვირტუალური აქტივის პროვაიდერი კომპანია (VASP), თუმცა მის დასახელებას არ აკონკრეტებს.
„ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისას ხელმძღვანელობს შესაბამისი წესით, რაც, მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენას ითვალისწინებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციაც სებ-ის მიერ ყველა ფორმალური ფაქტორის დადასტურების შესაბამისად ხორციელდება“, - განუცხადეს BMG-ის ეროვნულ ბანკში.
BMG-მ ნათია თურნავას უწყებას კიდევ ერთი კითხვა გაუგზავნა - მანამ, სანამ ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებდა:
BMG: „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნანა ყეინიშვილი საუბრობს როგორც ბიზნესმენი. რას აპირებს ეროვნული ბანკი - დაინტერესდით თუ არა მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობით?
სებ-ი: „ეროვნული ბანკის მანდატი არ ითვალისწინებს საგამოძიებო საქმიანობას. სებ-ი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ნებისმიერი საეჭვო ან უკანონო საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი მის ხელთ არსებულ მასალებს შემდგომი მოკვლევისა და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადასცემს - ისევე, როგორც ვიმოქმედეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.“
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეროვნული ბანკის პოზიცია ფინანსისტმა ნიკა ალავიძემ შეაფასა. მისი თქმით, ეს პასუხები მიუთითებს სებ-ის, როგორც ვირტუალური აქტივების პროვაიდერების ზედამხედველის, სუსტ მუშაობასა და უმოქმედობაზე.
ფინანსისტის აზრით, სებ-ი ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პროტოკოლის შესახებ, თუმცა მიღებულ ცოდნასა და ბერკეტებს პრაქტიკაში არ იყენებს.
„ჩემი შეფასება, ბუნებრივია, სუბიექტურია, თუმცა ის ეყრდნობა საჯარო წყაროებს, კანონსა და კონსტიტუციას, რომლითაც ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს. ეროვნული ბანკის არსებობის ამოსავალი წერტილი სწორედ მისი საკონსტიტუციო მანდატია - იგი ვალდებულია, მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსი ჯეროვნად, მაღალი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამოიყენოს.
იმის დადგენა, რაც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებმა გამოავლინეს, ეროვნულ ბანკს გაცილებით ადვილად შეეძლო. საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, 99.99%-იანი დარწმუნებით ვიტყვი: ეს საკითხი პირდაპირ შედიოდა სებ-ის კომპეტენციაში და მას ამის წინასწარ დადგენის ვალდებულებაც ჰქონდა.
თუ ეს ინფორმაცია არ გადამოწმდა, ეს უკვე განზრახვაზე მიუთითებს. არავის არაფერს ვაბრალებ, თუმცა ვხედავთ დანაშაულის ნიშნებს და ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს”, - განაცხადა მან.
ნიკა ალავიძე დადებითად ახასიათებს სებ-ის საბჭოს ორ აღმასრულებელ წევრს, რომლეიც ამავდროულად ვიცე-პრეზიდენტები არიან (ეკატერინე გალდავა და ეკატერინე მიქაბაძე), მაგრამ ამბობს, რომ “ნანა ყეინიშვილის ქეისის” გათვალისწინებით, კითხვები ჩნდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან მიმართებითაც - მათ შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე.
“ზედამხედველობა ხომ მხოლოდ კრიპტოკომპანიებს (VASP-ებს) არ ეხება?! ვირტუალურ აქტივებს, ღია ბანკინგსა თუ Forex-ის ბაზარს უამრავი რეგულაცია ებმის. ეს არის მასშტაბური სფერო, საიდანაც საბანკო თუ არასაბანკო შემოსავლების დიდი წილი მოდის და სადაც დღეს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება“, - განაცხადა ფინანსისტმა და დასძინა, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სებ-ი თავის ფუნქციას სათანადოდ არ ან ვერ ასრულებს.
„ვიღაცებს შეუძლიათ საქართველოში, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირდნენ, ეროვნულ ბანკს ეს არ შეატყობინონ, აწარმოონ მილიონობით თუ მილიარდობით მოცულობის ტრანზაქციები და ორწლიანი დაგვიანებით აღმოჩნდეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმს უწყობდნენ ხელს… ეროვნული ბანკი კი იტყვის, რომ თურმე ამის შესახებ არ იცოდა და სებ-ის მიერ არ იყო რეგისტრირებული. ნანა ყეინიშვილის ქეისმა აჩვენა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენად იყენებს ეროვნული ბანკი კანონით დადგენილ ყველა შესაძლო რესურსს, რომ გადაამოწმოს თუნდაც სებ-ის საბჭოს დანარჩენი წევრების ინტერესთა კონფლიქტები“, - აცხადებს ნიკა ალავიძე.
ფინანსისტი განმარტავს, რომ კრიპტობიზნესი სრულად ლეგალური სექტორია და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა, თუმცა სწორედ სუსტი კონტროლის გამო, საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებში იგი „შავი ფულის“ მოძრაობასა და უკანონო ტრანზაქციებთან ასოცირდება.
„ვირტუალური აქტივები თავისი არსით ჩვეულებრივი, თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც, ნაღდი ფულის მსგავსად, გამოყენების მიხედვით აქვს როგორც დადებითი, ისე ნეგატიური მხარეები. ქაღალდის ბანკნოტითაც შეგვიძლია როგორც კარგი საქმე გავაკეთოთ, ისე ცუდი - იარაღი ვიყიდოთ, ვიღაც დავაზიანოთ, დავაყაჩაღოთ ან ტერორიზმი დავაფინანსოთ. იგივე ინსტრუმენტად შეიძლება გამოვიყენოთ ვირტუალური აქტივიც“, - აღნიშნა ნიკა ალავიძემ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეესტრში 43 კომპანიაა რეგისტრირებული. მათ შორისაა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“, რომელსაც, „რადიო თავისუფლების“ გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ბიზნესის წილს სთხოვდა.
ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი, არ წარმოადგენს უნიკალურს, გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით და ვაჭრობის ან ციფრული ფორმით გადაცემის საგანია (იგი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას).
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც სხვა პირის სასარგებლოდ ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას. ამ საქმიანობაში შედის: კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა, გადაცემა, სესხად გაცემა და ა.შ.
ციტატები სტატიიდან
„ფლობს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების იმ საქმიანობაზე, რომელიც სებ-ის მიერ რეგულირებულ კომპანიებს უკავშირდება?“
„ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისას ხელმძღვანელობს შესაბამისი წესით, რაც, მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენას ითვალისწინებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციაც სებ-ის მიერ ყველა ფორმალური ფაქტორის დადასტურების შესაბამისად ხორციელდება“
„ეროვნული ბანკის მანდატი არ ითვალისწინებს საგამოძიებო საქმიანობას. სებ-ი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ნებისმიერი საეჭვო ან უკანონო საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი მის ხელთ არსებულ მასალებს შემდგომი მოკვლევისა და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადასცემს - ისევე, როგორც ვიმოქმედეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.“
„ვიღაცებს შეუძლიათ საქართველოში, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირდნენ, ეროვნულ ბანკს ეს არ შეატყობინონ, აწარმოონ მილიონობით თუ მილიარდობით მოცულობის ტრანზაქციები და ორწლიანი დაგვიანებით აღმოჩნდეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმს უწყობდნენ ხელს… ეროვნული ბანკი კი იტყვის, რომ თურმე ამის შესახებ არ იცოდა და სებ-ის მიერ არ იყო რეგისტრირებული. ნანა ყეინიშვილის ქეისმა აჩვენა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენად იყენებს ეროვნული ბანკი კანონით დადგენილ ყველა შესაძლო რესურსს, რომ გადაამოწმოს თუნდაც სებ-ის საბჭოს დანარჩენი წევრების ინტერესთა კონფლიქტები“
„ვირტუალური აქტივები თავისი არსით ჩვეულებრივი, თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც, ნაღდი ფულის მსგავსად, გამოყენების მიხედვით აქვს როგორც დადებითი, ისე ნეგატიური მხარეები. ქაღალდის ბანკნოტითაც შეგვიძლია როგორც კარგი საქმე გავაკეთოთ, ისე ცუდი - იარაღი ვიყიდოთ, ვიღაც დავაზიანოთ, დავაყაჩაღოთ ან ტერორიზმი დავაფინანსოთ. იგივე ინსტრუმენტად შეიძლება გამოვიყენოთ ვირტუალური აქტივიც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.