იცოდეთ, შვილები არ მომიკვდეს! – ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს
პატიმარი ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ციხეში შვილების მიმართ ტერორის აღკვეთას ითხოვს. მისი თქმით, შვილებისთვის ციხეში „ქურდული გარჩევის“ მოწყობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი.

“იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს” – ამ სიტყვებით მიმართავს ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
მას შემდეგ, რაც ოჯახმა ტყუპი ძმების მიმართ ციხეში მოწყობილ “ქურდულ გარჩევაზე” ისაუბრა, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მშობელი “ოცნების” დამფუძნებლისგან ითხოვს, “ფეხზე დააყენოს” მთელი პარლამენტი და მთავრობა და მისი შვილების მიმართ საპატიმროში ტერორი და ფიზიკური ანგარიშსწორება აღკვეთოს.
“შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის, მთავრობისთვის” – ამბობს „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ნინო აბრამიშვილი.
„მე არ მჯერა იმის, რომ ბატონი ბიძინა ამ საქმეში ჩარეულია. საკმაოდ ჭკვიანი კაცია, ყველა მთავრობისთვის არის კრახი, როდესაც ციხეს ეხება. ყველა მთავრობის დასასრულია, როცა ციხეს ეხება. ციხის ბუნტი და ციხეში ასეთი რამის შემდეგ, მინიმუმ გადაყენებული უნდა იყოს ციხის უფროსი. გენერალური პროკურატურა უკვე უნდა იჯდეს აქ, მე ვერავის ვერ ვხედავ აქ. მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებ, ხომ გვყავს ჩვენ მთავრობა?
მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ბატონო ბიძინა დამეხმარეთ – შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს. დედას ხომ იცით არაფერი არ გააჩერებს – მარტო შუბლში ტყვია და მე იმ ტყვიასაც მივიღებ, თუ მესვრით, მაგრამ მე გთხოვთ, როგორც დედა გთხოვთ, დააყენეთ ფეხზე თქვენი პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, ვინც კი არიან, აი ჩვენი ჯიბიდან რომ იღებენ ხელფასს, მიხედონ ამ საქმეს. შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს, პირველ რიგში, თქვენთვის მთავრობისთვის იქნება ცუდი. მე არ ვითხოვ რომ გაათავისუფლოთ ჩემი შვილები, შეიძლება მე ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ისინი ჩემი შვილები არიან და ის, რომ ქურდული “რაზბორკები” მოუწყონ ჩემს შვილს ციხეში და მთავრობამ ეს არ იცოდეს, მაშინ მე არ ვიცი რა ხდება, მაშინ არ ვყოფილვართ, როგორც ქვეყანა”, – ამბობს ნინო აბრამიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს“
„შვილები არ მომიკვდეს მე ციხეში, თორემ ძალიან ცუდი იქნება ეს პირველ რიგში თქვენთვის, მთავრობისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.