ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

TI-საქართველო ხსნის, რატომაა უსაფუძვლო ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში მოყვანილი არგუმენტები

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი ოპოზიციის აკრძალვის თაობაზე მტკიცებულებებს მოკლებულია და კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო პარტიების აკრძალვა ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს დაასრულებს.

TI-საქართველო ხსნის, რატომაა უსაფუძვლო ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში მოყვანილი არგუმენტები
TI-საქართველო ხსნის, რატომაა უსაფუძვლო ოპოზიციის აკრძალვის სარჩელში მოყვანილი არგუმენტებინეტგაზეთი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს იმ საკონსტიტუციო სარჩელი ანალიზს, რომლითაც “ქართული ოცნება” თითქმის მთელი ოპოზიციის აკრძალვას აპირებს.

კერძო ორგანიზაციაა აანალიზებს არგუმენტებს, რომელსაც “ოცნება” 5 ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად იყენებს.

ნეტგაზეთი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მორჩილმა საკონსტიტუციო სასამართლომ ივანიშვილისვე დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელის ბოლო ვარიანტის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანიდან უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სულ რაღაც სამიოდე კვირაში, მოასწრო საქმის სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემაც, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაც, და საკუთრივ არსებითი განხილვის სხდომების 21-23 ოქტომბერს დანიშვნაც.

ასეთი სისწრაფე, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა და მის მიერ მიღებული ბოლო წლების გადაწყვეტილებები, მათ შორის, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე, “რუსულ კანონზე”, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე და სხვ., ფაქტობრივად არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.

სარჩელში მითითებული პარტიების აკრძალვა ნიშნავს ფაქტობრივად მთელი პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევანს აღარ დაუტოვებს ქვეყნის ელექტორატის დაახლოებით 40%-ს, რომელმაც, თუნდაც რეჟიმის ცესკოს შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა აკრძალვას ქვემდებარე პარტიებს მისცა. ასეთი არჩევანის მოსპობა ნიშნავს პოლიტიკური პლურალიზმის დასრულებას, მეტიც საარჩევნო დემოკრატიის დასრულებასაც.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური სარჩელის სიღრმისეული ანალიზი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ: დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაქვეყნა. ამჯერად, გთავაზობთ განახლებული სარჩელის მოკლე შეფასებას, რომელიც წმინდა იურიდიული ანალიზით შემოიფარგლება და არ შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ან სხვა შედეგების დეტალურ ანალიზს.

სამართლებრივი შეფასების კრიტერიუმები

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას უშვებს კონკრეტული, ამომწურავად ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას:

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ანდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნის ქონა;

ომის ან ძალადობის პროპაგანდა;

ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება.

პარტიის აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კონსტიტუციურად გამართლებული, თუ მოსარჩელეები დაამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან აღწერილ რომელიმე ქმედებაში არიან ჩაბმულნი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას თან ერთვის, არის ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის („წულუკიანის კომისია“) დასკვნა, კომისიისა, რომელიც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შეიქმნა, რომლის მანდატი შორს სცილდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ჩარჩოებს და, რომელიც ძირითადად საეჭვო მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გაკეთებული სპეკულაციებისა და ვარაუდებისგან შედგება.

სარჩელში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჭრილში

ა) 2004–2012 წლებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები

სარჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირებს წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მკვლელობებს, უკანონო თვალთვალს, საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესზე ზეწოლასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვას. მითითებულია კონკრეტული საქმეები, მათ შორის, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ მძიმე შემთხვევას. მაგრამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის საკმარისი არ არის იმის დადგენა, რომ მისმა წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი და ადამიანის უფლებები. აუცილებელია შესაბამისი ფაქტების დაკავშირება კონსტიტუციაში პირდაპირ ჩამოთვლილ რომელიმე საფუძველთან და იმის დასაბუთება, რომ ამ ქმედებებს პარტიისთვის შერაცხული მიზანი ან შესაბამისი კონსტიტუციური საფრთხე უდევს საფუძვლად. ივანიშვილის დეპუტატების უსუსური მცდელობა, დაასაბუთონ, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობასა თუ ძალადობით შეცვლაში „ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფაც“ შეიძლება იგულისხმებოდეს, სრულიად არადამარწმუნებელია ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის.

ასეც რომ არ იყოს, გაუგებარია, როგორ შეიძლება 2004-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დროს თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეერაცხოს სხვა მოპასუხე პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებს მაშინდელ ხელისუფლებასთან ან საერთოდ არ ჰქონდათ კავშირი, ანდა თუ ჰქონდათ, ასეთ დანაშაულებში არავითარი როლი არ მიუძღვით.

ბ) არჩევნების შედეგების არაღიარება, ბოიკოტი და ოპოზიციური თანამშრომლობა

სარჩელში დეტალურადაა აღწერილი 2016, 2018, 2020, 2021 და 2024 წლების არჩევნების შემდეგ ცალკეული პარტიების მხრიდან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის უარყოფა, პარლამენტის ან სხვა არჩეული ორგანოების ბოიკოტი, მანდატებზე უარის თქმა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ამავე კონტექსტში განხილულია 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა და მისი დეკლარირებული პოლიტიკური პრინციპები.

ეს გარემოებები საერთოდ არ წარმოადგენს პარტიის აკრძალვის საფუძველს, რადგან კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში ხელისუფლების ან არჩევნების „ლეგიტიმურობის არცნობა“ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად არ არის მითითებული. ვერც ამგვარი არცნობის ლოგიკურად დაკავშირებაა შესაძლებელი მითითებულ ნორმაში ჩამოთვლილ რომელიმე აკრძალულ მიზანთან ან საქმიანობასთან.

არჩევნების შედეგების კრიტიკა, ბოიკოტი, მანდატების გამოუყენებლობა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა პოლიტიკური გამოხატვისა და ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გავრცელებული ფორმებია, რომლებიც სავსებით შეესაბამება გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპებს. მათი არაკონსტიტუციურ მიზანთან, კერძოდ, „კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლასთან“ გაიგივება შეუძლებელია.

გ) 2019–2025 წლებში ხელისუფლების დამხობის ვითომდაც მცდელობები და ძალადობა

სარჩელის დიდი ნაწილი ეთმობა 2019 წლის 20–21 ივნისის მოვლენებს, 2020 წლის 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან და 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს. სარჩელში ეს ფაქტები დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიების განცხადებებთან, საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან და მხარდაჭერასთან, რაც ინტერპრეტირებულია, როგორც პარლამენტის შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრის მცდელობა და სამართალდამცავების მიმართ ძალადობის წახალისება.

ჯერ ერთი, აქციის პოლიტიკური მხარდაჭერა ან მისი ცალკეული მონაწილეების მიერ ჩადენილი დანაშაული ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შესაბამისი პარტია იზიარებდა ან ამართლებდა ძალადობას და, მით უმეტეს, ემსახურებოდა ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მიზანს, თუ ასეთი მიზანი საერთოდ არსებობდა.

მეორეც, მართალია, დღემდე 2024-2025 წლებში გამართული საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე იქნა მსჯავრდებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების, საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების დანაშაულებში, უმრავლეს შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი პრინციპების უხეშად დარღვევით, მაგრამ არცერთი მონაწილე არ ყოფილა გასამართლებული შეთქმულებასა ან ამბოხებაში საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. არადა, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის კონსტიტუციური მიზანი სწორედ ამ უკანასკნელ დანაშაულთან შეიძლება იყოს ბმაში და არა რომელიმე სხვა ზემოთ ჩამოთვლილთან.

მაშასადამე, ოპოზიციურ პარტიებს ბრალდება ისეთი დანაშაულის ორგანიზება, რომელიც დღევანდელი მიკერძოებული სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების შეფასებითაც კი არავის, არასდროს ჩაუდენია.

დ) ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებები

სარჩელში სპეციალური ყურადღებაა გამახვილებული ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების, ერთ შემთხვევაში, ფაქტსა და, მეორე შემთხვევაში, მცდელობაზე, აგრეთვე ამ საქმეზე პარტია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების რეაქციაზე. პარტიის ერთი წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლის ერთ შემთხვევაში კვალიფიკაციის, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საერთოდ ჩადენის საკითხი დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ისევე როგორც ამ პირის დაცვის ან სისხლისსამართლებრივი დევნის კრიტიკის ფაქტი, პარტიის აკრძალვისთვის საკმარისი, ცხადია, ვერ იქნება, თუ არ დადგინდა პარტიის შესაბამისი მიზანი, მონაწილეობა ან ძალადობის მხარდაჭერა, რისი მტკიცებულებებიც სარჩელს თან არ ახლავს.

ე) საგარეო პოლიტიკის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები

სარჩელში ასევე მითითებულია ოპოზიციური პარტიების განცხადებები აფხაზეთისა და რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნასა და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაზე.

უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვა ან სანქციების მოთხოვნა ქვეყნის დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად ვერ ჩაითვლება.

გარდა ამისა, ამგვარი ქმედებების კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამის საფუძველთან დაკავშირება შეუძლებელია, თუ არ იქნა დადასტურებული ასეთი საქმიანობის კონკრეტული კავშირი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასთან, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან ან სხვა პირდაპირ ჩამოთვლილ აკრძალულ მიზანთან, რისი მტკიცებულებებიც ბუნებაში არ არსებობს.

მოსარჩელეთა პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ეფუძნება მტკიცებას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება 2004–2008 წლებში „სისტემატურად აწარმოებდა საომარ რიტორიკას, ავლენდა მილიტარისტულ მისწრაფებებს და ახორციელებდა კონფრონტაციულ ქმედებებსა და კონფლიქტის გაღვივებისკენ მიმართულ ღონისძიებებს“, რამაც, მათი შეფასებით, ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა პირობები რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსაჭრელად, ხოლო ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და გამყარდა რუსეთის პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ამ არგუმენტების დასასაბუთებლად ისინი ისევ და ისევ ეყრდნობიან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას.

ამ პოზიციის არსებითი სისუსტეა მიზეზობრივი კავშირის დასაბუთების სრული უქონლობა. კონფლიქტის ესკალაციაში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების დადანაშაულება, ამგვარ ბრალდებას რაიმე ფაქტობრივი საფუძველიც რომ ჰქონოდა, თავისთავად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ხელისუფლების ამგვარმა პოლიტიკამ გამოიწვია ომი ან, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის სამხედრო აგრესიასთან გათანაბრებად შეიძლება შეფასდეს. უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია, მისი დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ოთხწელიწადნახევარზე მეტი გრძელდება, ამ ქვეყნის აგრესიული რიტორიკა ყველას მიმართ, რომელიც უკრაინის მიმართ რაიმე სიმპათიას გამოხატავს, რომ არაფერი ვთქვათ დახმარებაზე, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს არავითარი „გამაღიზიანებელი“ არ სჭირდება იმისათვის, რომ რომელიმე მეზობელს თავს დაესხას.

შესაბამისად, აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასება, მათი კრიტიკა, შესაძლო შეცდომები და, მეორე მხრივ, ისეთი ქმედებები, რომლებიც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზანს ემსახურებოდეს. ეს ორი რამ სარჩელში არათუ გამიჯნული არ არის, ერთმანეთთან გაიგივებულია.

მოსარჩელეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებს ასევე მიაკუთვნებენ, როგორც ისინი აცხადებენ, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების თაობაზე, რამაც თურმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მხრივ მძიმე შედეგები გამოიწვია.

თავი რომ დავანებოთ ამგვარი შეფასების ზედაპირულობას, თუ გახარიას ეს ქმედება სისხლისსამართლებრივი წესით გასაკიცხია, რაც სინამდვილეში ასე არ არის, მაშინ ასეთი ქმედება, იმავე ლოგიკით, რომელზეც არის აგებული მთელი სარჩელი, თუ იგი საერთოდ შეიძლება შეერაცხოს რომელიმე პარტიას, უნდა შეერაცხოს პარტიას „ქართული ოცნება“, რადგან ამ „დანაშაულის“ ჩადენის დროს გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო, მას შემდეგ ძალიან მალე პრემიერ-მინისტრი გახდა.

დასკვნა

დასკვნის სახით, ვიტყვით, რომ კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს.

სარჩელი არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.

სარჩელში აღწერილი მოვლენები, რომლებიც თავისთავად ცალმხრივად და სუბიექტურად არის შეფასებული, მართალიც რომ ყოფილიყო, საერთოდ არ ადასტურებს, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციით პირდაპირ აკრძალულ რომელიმე მიზანს ემსახურებიან ან შესაბამის საქმიანობას ეწევიან.

მოსარჩელეები ვერ ამტკიცებენ ვერც ცალკეული პირების ქმედებების პარტიებისთვის შერაცხვის შესაძლებლობას და ვერც ამ ქმედებებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ აკრძალვის საფუძვლებს შორის აუცილებელ კავშირს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები