ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ოსლოში გამართავს
20 ოქტომბერს ოსლოში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებას გამართავს, რისი მიზანიც, ნორვეგიის პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის გამწვავებული დიპლომატიური ძალისხმევის კონსტრუქციულ ჩარჩოში დაბრუნებაა.

მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნორვეგიაში დაგეგმილია ზელენსკის, უიტკოფის და კუშნერის მოლაპარაკება, რომელსაც ავადმყოფობის გამო კუშნერი ონლაინ შეუერთდება.
ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს ოსლოში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტთან უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრას უკრაინის თხოვნით შეუერთდებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები - სტივენ უიტკოფი უშუალოდ ოსლოში, ხოლო ჯარედ კუშნერი დისტანციურად.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, შეხვედრის მიზანია დიპლომატიური ძალისხმევის უფრო კონსტრუქციულ ჩარჩოში დაბრუნება.
უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების ურთიერთობა ბოლო ხანს ისევ გამწვავდა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე ვაშინგტონმა კიევს არაერთხელ მოსთხოვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის შეწყვეტა.
შედეგი არ მოჰყოლია ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინას შორის გამოცხადებულ ენერგოზავს, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა. რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა. თავის მხრივ, უკრაინამ განაახლა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე.
ბოლო დღეებში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება.
ბოლო ხანს უკრაინას შეექმნა რუსული ბალისტიკური რაკეტებით მოსალოდნელი შეტევების შესახებ აშშ-ისგან წინასწარი შეტყობინების მიღებისა და ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემაც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.