ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, სახელმწიფომ 200 000 დოზა ფრანგული ვაქცინა შეიძინა, რომლის გაკეთებაც 6 თვის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს პირადობის მოწმობით შეუძლია.

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
მისივე თქმით დღეს განთავსდება ინფორმაცია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას ან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვაქცინაცია არ შემოიფარგლება თბილისით, მომსახურება გათვალისწინებულია რეგიონებშიც.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან. თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია. პირველ რიგში, ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინაციის მსურველებმა აუცილებელია თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა. სხვა დამატებითი საბუთის წარდგენა ან წინასწარი ჩაწერა საჭირო არ არის.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEდღეიდან, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
- რუსთავი 2გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება - ირაკლი ფურცელაძე
- რუსთავი 2დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო
- ალიადღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველასთვის უფასოა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.