აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. მათ შორის განიხილეს ხულო–ზარზმის, ბათუმი–ახალციხის, ზომლეთი–ხიხაძირისა და დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის მიმართულების გზების რეაბილიტაცია, ასევე ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე 44 კმ-ზეა მოწყობილი, დარჩენილ მონაკვეთზე კი სამუშაოები გრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026–2027 წლებში იგეგმება.
გრძელდება ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 8 კმ-ზე უკვე მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა. ასევე მიმდინარეობს ზომლეთი–ხიხაძირის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.
დასკვნით ეტაპზეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის მიმართულებით განხორციელებული 6.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი. 5.2 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი უკვე მოეწყო, დარჩენილ ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება. განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველო–თურქეთის საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს სატრანზიტო მოძრაობას და განტვირთავს სანაპირო დასახლებებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ-იანი სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით კი მზადდება შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის დეტალური საინჟინრო პროექტი, რომელიც ქობულეთის ჩათვლით ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას მოიცავს.
პროექტების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.