საქართველოს ეწვია ალ ნუვაისი, ვისაც თბილისმა პოლოლიკაშვილის ნაცვლად დაუჭირა მხარი UNWTO-ს ხელმძღვანელად
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შაიხა ნასერ ალ ნუვაისი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან. საქართველოს მთავრობამ UNWTO-ს ხელმძღვანელის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს ალ ნუვაისს დაუჭირა მხარი, რასაც პოლოლიკაშვილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ხოლო მედიაში ეს გადაწყვეტილება გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს დაუკავშირეს, რასაც პრემიერ-მინისტრმა უარყო.

ოფიციალურმა თბილისმა უარი თქვა პოლოლიკაშვილის ხელახლა წარდგენის პერსპექტივაზე და სწორედ მას, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს, დაუჭირა მხარი.
[საამიროებიდან გიორგი] ბაჩიაშვილის [გადმოცემაში] თუ მე მცვლიან, არ ვიცი, ეგ კიდე ცალკე უბედურებაა, მე რომ მკითხოთ, - თუ ეს ასე ხდება“, - ამბობდა 2025 წლის მაისში ზურაბ პოლოლიკაშვილი.
შეხვედრები თბილისში
17 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, შაიხა ნასერ ალ ნუვაისი.
მან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან.
პრემიერ ირაკლი კობახიძემ და მან შეხვედრაზე საქართველოსა და UNWTO-ს შორის „ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.
ამავე წყაროს თანახმად, სტუმარმა თქვა, რომ „საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში“ და ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი აქვს „დაკავშირებადობის კუთხით“.
„ხაზი გაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას“.
„ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას“.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც ესწრებოდა.
ალ ნუვაისი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და ცალკე შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და „ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებთან“.
წინა ისტორია
პოლოლიკაშვილი პირველად UNWTO-ს გენერალურ მდივნად 2018 წელს აირჩიეს, ხოლო მეორე ვადით (2022-2025) - 2021 წლის იანვარში. ის მესამე ვადით კენჭისყრასაც გეგმავდა.
თუმცა მის შემცვლელად საქართველომ მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, რომელიც 30 მაისს გამართულ კენჭისყრაზე 24 ხმით აირჩიეს.
პოლოლიკაშვილმა თქვა, რომ მისი კანდიდატურის გაწვევის შესახებ მხოლოდ 13 მაისს, საამიროების წარმომადგენლებისგან შეიტყო და „ქართული ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხები“ უწოდა.
იმ პერიოდში მედიაში ეს გადაწყვეტილება დაუკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, საქართველოდან გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილის საამიროებიდან შესაძლო ექსტრადიციას დაუკავშირეს.
27 მაისს გიორგი ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“ დააკავეს - მისი თქმით, იგი „უცხო ქვეყნიდან გაიტაცეს“. საბოლოოდ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩიაშვილთან დაკავშირებული ვერსია უარყო და განაცხადა, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზი მის მიერ „სახელმწიფოს შეურაცხყოფა“ იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.