ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში რატი ანდრონიკაშვილის „მორაბანკ ანდორამ“ დაუმარცხებელი „ბრეოგანი“ 108:102 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გამთამაშებელმა პარკეტზე 8:26 წუთი გაატარა და შეხვედრა 100%-იანი სიზუსტით, 4 ქულით დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა, რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში (ACB Liga Endesa) „მორაბანკ ანდორას“ მაისურით რიგით მესამე მატჩი ჩაატარა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ჩემპიონატის მეოთხე ტურში ანდორელებმა საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერსა და დაუმარცხებელ „ბრეოგანს“ უმასპინძლეს, რომელსაც სეზონის სტარტზე სამიდან სამი მოგება ჰქონდა. მასპინძლებმა შეხვედრა მაღალ ტემპში ჩაატარეს, ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს და შედეგიან, დაძაბულ დაპირისპირებაში 108:102 იმარჯვეს.
ქართველ გამთამაშებელს მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია — მან 8:26 წუთში საკმაო ეფექტიანობა აჩვენა: 4 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ანდრონიკაშვილმა თამაშიდან 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და შეხვედრა 100%-იანი სროლის მაჩვენებლით დაასრულა.
გამარჯვებულთა რიგებში გამორჩეული იყო კაილი კურიჩი, რომელიც 26 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო აარონ ბესტმა ანგარიშზე 17 ქულა ჩაწერა.
ეს გახლდათ „ანდორას“ პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში. სამი მარცხის შემდეგ მოპოვებული ამ წარმატებით გუნდმა 18-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურის შეხვედრას რატი ანდრონიკაშვილის გუნდი 25 ოქტომბერს, სტუმრად „ბილბაო ბასკეტის“ წინააღმდეგ გამართავს.
GBF.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.