პენიტენციური უარყოფს, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია
პენიტენციური სამსახური უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის დედის მტკიცებას, რომ მისი შვილი ციხეში ნაცემია. უწყების განმარტებით, პატიმარს პაემნები პროკურატურის მოთხოვნით აქვს შეზღუდული, თუმცა შექმნილი ვითარების გამო მას დედასთან ერთჯერადად დარეკვის უფლება მისცეს.

პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
ამის შესახებ ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, შვილს დღეს, მას შემდეგ ელაპარაკა, რაც მისი ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
აბრამიშვილის თქმით, შვილმაც და ადვოკატმაც უთხრეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავს, მას სხვადასხვა წყაროდან აქვს ინფორმაცია, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.
თუმცა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტს პენიტენციური სამსახური უარყოფს და აცხადებს, რომ მას პაემნებით სარგებლობა პროკურატურის მოთხოვნით აქვს აკრძალული და ამის გამო დედასთან შეხვედრა ვერ ხდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ არსებული ფონიდან და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილს პროკურატურასთან უშუამდგომლა, რის შემდეგაც მას დღეს, 19 ოქტომბერს, სატელეფონო ზარის უფლება ერთჯერადად მისცეს.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
შსს აცხადებდა, რომ დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, რის გამოცე ორივე მათგანი დააკავეს.
რაც შეეხება მის ძმას, გიორგი ფეიქრიშვილს გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
ფეიქრიშვილებზე ახალი საქმე აღიძრა, ამჯერად მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.