ინგლისში ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა მოსმენისთვის მგზავრი შესაძლოა დააჯარიმონ – მედია
ინგლისში, ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა მოსმენისთვის მგზავრი შესაძლოა 100 ფუნტამდე დააჯარიმონ, ხოლო მატარებელში ხმაურის შეწყვეტაზე უარის გამო ჯარიმამ 1000 ფუნტს მიაღწიოს. BBC-ის ცნობით, ეს მთავრობის ანტისოციალური ქცევის წინააღმდეგ მიმართული ახალი ინიციატივის ნაწილია.

ინგლისში, ავტობუსში მუსიკის ხმამაღლა ჩართვისთვის მგზავრს შესაძლოა 100 ფუნტამდე ჯარიმა დაეკისროს. ეს მთავრობის იმ ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ანტისოციალური ქცევის აღკვეთას – წერს „ბიბისი“.
ინიციატივა ასევე მიმართულია ნაგვის დაყრის, ელექტრონული სიგარეტის (ე.წ. „ვეიპის“) მოხმარებისა და მუქარის შემცველი ქცევის წინააღმდეგ, რათა გაუმჯობესდეს მგზავრობის პირობები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში.
„ამასთანავე, იწყება ეროვნული კამპანია, რომელიც მატარებლის მგზავრებს მოუწოდებს: „გაიზიარეთ ვაგონი და არა — ხმაური“. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აქტივისტებმა, თუმცა ზოგიერთს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ წესების აღსრულება“ – წერს „ბიბისი“.
რაც შეეხება მატარებლებს, მოქმედი წესების თანახმად, თუ მგზავრი უარს იტყვის ხმაურის შეწყვეტაზე, მას შეიძლება მატარებლიდან ჩასვლა აიძულონ, ან 1000 ფუნტამდე ჯარიმა დააკისრონ.
მთავრობის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა ახალი რეკომენდაციები იმ უფლებამოსილებების შესახებ, რაც მათ ინგლისის ავტობუსებში ხმამაღალი მუსიკისა და სხვა სახის ანტისოციალური ქცევის აღკვეთაში დაეხმარება, თუმცა თითოეული მათგანი ტრანსპორტის მინისტრის მიერ უნდა დამტკიცდეს.
მთავრობის განმარტებით, ახალი წესების აღსრულება მძღოლების პასუხისმგებლობა არ იქნება. ამ საკითხს სპეციალურად უფლებამოსილი პირები, მათ შორის ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია მოაგვარებენ.
სარკინიგზო კომპანიები ხმაურიან მგზავრებს სპეციალური განცხადებებით მიმართავენ და შეახსენებენ, რომ ყურსასმენები გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მატარებლიდან ჩამოსვლა მოუწევთ მომდევნო სადგურზე.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სარკინიგზო და ავტობუსების კომპანიები საკუთარ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ კამპანიის მთავარ მესიჯებს, განათავსებენ პლაკატებს, ასევე სპეციალურ აუდიო-განცხადებებს, რომლებიც მატარებლებში მგზავრებისთვის გაჟღერდება.
მოწოდებაში ნათქვამი იქნება, რომ მგზავრი იმყოფება საზოგადოებრივ სივრცეში და თუ მუსიკის მოსმენა ან სატელეფონო საუბარი სურს, ყურსასმენები უნდა გამოიყენოს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.