გზავნილები ლუქსემბურგიდან - შეიცვლება თუ არა ბრიუსელის მიდგომა საქართველოს მიმართ და რა აჩვენა ევროპული დიპლომატიის ბოლო შეხვედრებმა
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან ურთიერთობების საკითხი განიხილეს; თბილისთან დაკავშირებით მორიგი მსჯელობა იანვარში დაიგეგმა, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის უკმაყოფილება და ხელისუფლების საპასუხო კრიტიკა მოჰყვა.
ლუქსემბურგი, დილის შვიდი საათი. ევროპული საკონვენციო ცენტრის ეზოში საერთაშორისო მედია იკრიბება. "რუსთავი 2" აქ ერთ მარტივ კითხვაზე ეძებს პასუხს: აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან დიალოგის განახლებას?
პასუხის ძებნაში კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: როცა ბრიუსელი საქართველოს შესახებ საუბრობს, რამდენად ერთიანია თავად ბრიუსელი?
კამერებთან პირველი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩნდება. ბაიბა ბრაჟეს ვეკითხებით: ბოიკოტი თუ დიალოგი? ბალტიისპირელი დიპლომატი თავადვე უარყოფს დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის მტკიცებას, თითქოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშია.
ამ პასუხში იზოლაციის შესახებ ხმამაღალი განცხადებები დიპლომატიურ რეალობას ეჯახება: ელჩი თბილისშია, კომუნიკაცია გრძელდება. ურთიერთობის არხი არსებობს. გასარკვევი ახლა ისაა, რისთვის გამოიყენებს მას ევროკავშირი - მორიგი უსაფუძვლო საყვედურის გადასაცემად თუ გამოსავლის საპოვნელად.
სწორედ გამოსავალზე ვეკითხებით მას, ვის გამოჩენასაც "კურიერი P.S."-ის კამერა განსაკუთრებით ელოდა. კაია კალასისთვის საქართველოს მისამართით მკაცრი ტონი და სადამსჯელო მექანიზმებზე მითითება ჩვეული რიტორიკაა, თუმცა 12 ოქტომბრის დილას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქართულ მედიასთან ამ რიტორიკას აღარ იმეორებს.
არც სანქციები, არც იზოლაცია, მაგრამ არც დიალოგი. კალასის პასუხი გვიხსნის, რა მოხდება ევროკავშირის შიგნით - საქართველოს საკითხს კიდევ განიხილავენ. ღიად რჩება ის, რაც ვკითხეთ: რა უნდა მოხდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის?
მარტა კოსის პასუხში ამ მიდგომის გაგრძელებას ვისმენთ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ურთიერთობის შენარჩუნების საკუთარი ფორმულა აქვს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების გაღრმავება.
ჩვენი კითხვა ჩიხიდან გამოსვლას ეხებოდა. ევროკომისარმა კი განმარტა, როგორ აპირებს ურთიერთობის გაგრძელებას ხელისუფლების გვერდის ავლით. რამე რომ არ შეგვშლოდა, სლოვენიელ პოლიტიკოსს პასუხის დაზუსტებაც ვთხოვეთ.
ამ ფორმულაში მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება: როგორ უნდა შეთანხმდე ქვეყანასთან უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და სატრანზიტო გზებზე, თუ მის ხელისუფლებასთან საუბარს არ აპირებ?
სწორედ აქ შემოაქვთ საგარეო საქმეთა მინისტრებს საუბარში ის საკითხები, რომლებიც ბრიუსელის მკაცრ რიტორიკაში უკანა პლანზე აღმოჩნდა: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, შუა დერეფანი, დაკავშირებადობა და უსაფრთხოება.
ამის უკან ენერგომატარებლების ტრანზიტის, ვაჭრობის, ტვირთბრუნვის და უსაფრთხოების კონკრეტული საჭიროებები დგას. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს როლზე სწორედ ამ კუთხით საუბრობს.
ამ პასუხიდან ბოიკოტის ფასიც ჩანს. თუ საერთო უსაფრთხოებისთვის საქართველო გჭირდება, მასთან კომუნიკაციის შეწყვეტით საკუთარ შესაძლებლობებსაც ზღუდავ. ურთიერთობის გაუარესებას ფასი ორივე მხარისთვის აქვს.
რუმინეთის პირველ დიპლომატთან კი საქართველოს ევროპული კუთვნილება და დიალოგის აუცილებლობა ერთ პასუხში ხვდება.
ევროპული ოჯახი, რუსეთის ქმედებების დაგმობა და თბილისთან ურთიერთობის გაძლიერება - რუმინელი მინისტრის ეს პოზიციები ერთმანეთს ავსებს. საქართველოსთან დიალოგი ევროპული ინტერესების გატარების საშუალებად განიხილება.
მინისტრების განცხადებები ჯერ ურთიერთობის გადატვირთვას არ ნიშნავს, თუმცა ისინი აჩვენებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ხედვა არ აქვს. წევრი სახელმწიფოების ინტერესები სულ უფრო კონკრეტულ კითხვას აჩენს: რა შედეგი აქვს ბოიკოტს და რისი დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს მის გაგრძელებას?
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან. კალენდარში ახალი თარიღი გაჩნდა, პოლიტიკურ ურთიერთობაში კი გაურკვევლობა დარჩა. დასკვნით პრესკონფერენციაზე კაია კალასმა ყურადღება ისევ ოპოზიციისა და ენჯეოების მდგომარეობაზე გაამახვილა და შეშფოთება გამოხატა.
თუმცა ყოფილი და მოქმედი "ნაციონალებისთვის" დღის მთავარი დანაკლისი სანქციები აღმოჩნდა. ნიკა გვარამიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობის ნაცვლად ცეკვისთვის მოცლა დაუწუნა.
კრიტიკას "ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდა. სააკაშვილის პარტიის წევრებმა დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის გამო უსაყვედურეს და შეცდომებიც დაუთვალეს.
ასე აღმოჩნდა ლუქსემბურგში საგარეო პოლიტიკაზე დასმული კითხვა საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში, რაც ევროპელი მინისტრებისთვის საერთო ინტერესებზე საუბრის საჭიროებაა, ოპოზიციის ამ ნაწილისთვის ხელისუფლებაზე ზეწოლის დაკარგული შესაძლებლობაა.
პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ამ დამოკიდებულებას აკრიტიკებს და ისტორიულ პარალელს ავლებს. ოპოზიციონერებს იმ მმართველებს ადარებს, რომლებიც საქართველოში გარედან ინიშნებოდნენ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ უცხო ძალების მსახურებას აყენებდნენ.
ბრიუსელის მისამართით მმართველი გუნდის გზავნილი ასეთია - თბილისი ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადაა. ხელისუფლება დაუსაბუთებელი კრიტიკის დასრულებას და საერთო ინტერესებზე საუბარს ელის. დიალოგის საფუძვლად ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას ასახელებს.
ლუქსემბურგში დილა ერთი კითხვით დავიწყეთ, დღის ბოლოს პასუხებში თავად ევროკავშირის წინააღმდეგობები გამოჩნდა - ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარს ერთნი ენჯეოებთან თანამშრომლობით ხსნიან, სხვები კი საქართველოსთან საუბარს საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის აუცილებლად მიიჩნევენ.
გეოპოლიტიკური რუკა პოლიტიკური განცხადებებით არ იცვლება - შუა დერეფნის გაზრდილი ტვირთბრუნვა, ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები და საერთო უსაფრთხოება საქართველოსთან თანამშრომლობის საჭიროებას დღის წესრიგში ისევ აბრუნებს. სწორედ ამ საჭიროებაზე მიუთითეს მინისტრებმა ლუქსემბურგში.
მომდევნო განხილვა იანვარშია დაგეგმილი. მანამდე ბრიუსელმა უნდა გადაწყვიტოს, როდის იქცევა საუბარი საქართველოზე საუბრად საქართველოსთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.