მწერალთა სახლის შენობაში „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზი“ დააფუძნეს
მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მწერალთა სახლში „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზი“ დააფუძნა, რომელსაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ. მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიად ყალიბდებიან და 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.

მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 17 ოქტომბერს, „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის“ პრეზენტაცია გამართა.
ნეიტრალიტეტის მომხრეების შეკრებას მწერალთა სახლმა უმასპინძლა.
ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა და ამიტომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც დაგვეხმარება, საზოგადოებასთან გვქონდეს მუდმივი და მჭიდრო კავშირი“, - ნათქვამია „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
მოძრაობის განმარტებით, „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზი” იქნება ის ფორმატი, რომელთანაც „ნეიტრალური საქართველო“ აქტიურად ითანამშრომლებს და დარბაზთან ერთად იმუშავებს „ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო მოსახლეობის კონსოლიდაციისთვის.“
მწერალთა სახლში შეკრებილები მხარს უჭერენ ნეიტრალურ იდეას და მოძრაობას „ნეიტრალური საქართველო“. ისინი გეგმავენ დაიწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები და თავიანთი შეხედულებები გაავრცელონ.
შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ, მათ შორისაა ჟურნალისტი ლალი მოროჟკინა.
„მე მომწონს ნეიტრალური კურსი. არ მომწონს ის, რომ ჩვენ, მაგალითად, ჩავედით და ხელი მოვაწერეთ რუსეთის გაკიცხვას. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც მოვიყვანეთ "ოცნება", ყველა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია აქ“, - ლალი მოროშკინას კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” 2024 წლის ივლისში დაფუძნდა.
მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.
ჯგუფის წევრებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.
2025 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, რომ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” პარტიად ყალიბდება, მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ.
მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებაზე ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.
ამ ორგანიზაციას ხშირად “ქართული ოცნების” “სატელიტად” მოიხსენიებენ. ამავე დროს, ის თითქოს გზას უკვალავს “ქართულ ოცნებას”, როგორც ამას ერთ დროს “ოცნების” განაყოფი “ხალხის ძალა” აკეთებდა - ახმოვანებდა ინიციატივებს, რომლებსაც შემდეგ “ქართული ოცნება” ასხამდა ხორცს [მაგალითად, “უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონმდებლობა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება].
„ნეიტრალური საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცნობილი როგორც საბოტაჟის საქმე. მათი საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიღებული შემზღუდველი კანონებით დაჯარიმებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
ციტატები სტატიიდან
„მე მომწონს ნეიტრალური კურსი. არ მომწონს ის, რომ ჩვენ, მაგალითად, ჩავედით და ხელი მოვაწერეთ რუსეთის გაკიცხვას. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც მოვიყვანეთ "ოცნება", ყველა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია აქ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.