კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვის შესახებ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გრეგორი მიკსმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე მიღწეული შეთანხმება დაიბლოკოს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, "დემოკრატმა" გრეგორი მიკსმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიც აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებული შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისთვის (DFC) რუსეთის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას; აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ გაცემული ზოგადი ლიცენზიების გაუქმებას და ახალი ლიცენზიების გაცემის აკრძალვას; აგრეთვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას.
კანონპროექტის თანაავტორი წარმომადგენელთა პალატის კიდევ 17 წევრია.
"ეს შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის ხარჯებს არ შეამცირებს. ამერიკელები ისედაც იხდიან ტრამპის მიერ ირანში საკუთარი არჩევანით წამოწყებული წარუმატებელი ომის ფასს. ეს შეთანხმება პუტინს მილიონობით დოლარს გადასცემს, რათა მან დაუსჯელად გააგრძელოს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა.
იმ დროს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა კრემლზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, დონალდ ტრამპი პუტინთან დაახლოებას ცდილობს და პირადი გამდიდრებისთვის ხელსაყრელ გარიგებებს დებს, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინას დაუჭიროს მხარი. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც შეერთებული შტატები განასახიერებს. კონგრესმა უნდა იმოქმედოს. კონგრესის ყველა წევრი, რომელიც აცხადებს, რომ ამით აღშფოთებულია, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას უნდა შეუერთდეს", - თქვა გრეგორი მიკსმა
მანამდე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 22-მა წევრმა, როგორც დემოკრატიულმა, ისე რესპუბლიკურმა პარტიამ, ტრამპს წერილით მიმართა და მოსთხოვა, სრულად და დაუყოვნებლივ აღასრულოს გრემის აქტით რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციები.
9 ოქტომბერს, ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ციტატები სტატიიდან
„ეს შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის ხარჯებს არ შეამცირებს. ამერიკელები ისედაც იხდიან ტრამპის მიერ ირანში საკუთარი არჩევანით წამოწყებული წარუმატებელი ომის ფასს. ეს შეთანხმება პუტინს მილიონობით დოლარს გადასცემს, რათა მან დაუსჯელად გააგრძელოს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა. იმ დროს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა კრემლზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, დონალდ ტრამპი პუტინთან დაახლოებას ცდილობს და პირადი გამდიდრებისთვის ხელსაყრელ გარიგებებს დებს, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინას დაუჭიროს მხარი. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც შეერთებული შტატები განასახიერებს. კონგრესმა უნდა იმოქმედოს. კონგრესის ყველა წევრი, რომელიც აცხადებს, რომ ამით აღშფოთებულია, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას უნდა შეუერთდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.