შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იტალიაში - საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო შეხვედრები და პოლიტიკური აქცენტები
შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყალბი ბრალდებების წაყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას არღვევს. მისი თქმით, ბრიუსელის მიერ ევროინტეგრაციის დაბლოკვის ფონზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება გადამწყვეტია.
ნდობა, ლეგიტიმურობა და პოლიტიკური მიუკერძოებლობა - საერთაშორისო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაზე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის დროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებს. ამ კონტექსტში, ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც 2024 წლის არჩევნებს შეეხებოდა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ პასე დაუსაბუთებელი და ყალბი ბრალდებების წაყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, რომელსაც საქართველო სუვერენიტეტის დასაცავად შეუერთდა, დღემდე აგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების დარღვევას.
სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა და საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების უპირობო აღიარება - ამ ორი პრინციპული პირობის შესრულების შემდეგ, ქვეყანა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს დაუბრუნდება - ამას ამბობენ რომში ვიზიტით მყოფი ქართული დელეგაციის წევრები, რომლებიც დღეს პასეს პრეზიდენტს, პეტრა ბაირს შეხვდნენ.
იტალიის დედაქალაქში ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წევრები მალტის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ. განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროში, როგორიცაა მიგრაცია, გარემოს დაცვა და პროფესიული განათლება. ორმხრივ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობა იყო.
დიალოგი და ურთიერთპატივისცემა კონფრონტაციის ნაცვლად - სწორედ ეს იყო შალვა პაპუაშვილის მთავარი გზავნილი რომში გამართულ ყველა შეხვედრაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ ფონზე, როცა ბრიუსელი ბლოკავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აგრძელებს უსამართლო და არაობიექტურ მიდგომას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გაძლიერება.
პოლიტიკური გზავნილები ადრესატებთანაა, სამუშაო ვიზიტი კი უკვე დასრულდა. შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტის ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად ქნესეთის ხელმძღვანელსა და კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტსაც შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაიმართა იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.