ზელენსკი მწვავედ აკრიტიკებს ტრამპის დიზელის შეთანხმებას და "პაროდიას" უწოდებს რუსეთის სამშვიდობო ნაბიჯებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დადებული დიზელის გარიგება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეთანხმება პუტინის ჯიბეში ფულს ომის დასაფინანსებლად ჩადებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ოქტომბერს მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დამყარებული გარიგება დიზელის საწვავის თაობაზე. ამასთან, ზელენსკი მიესალმა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან მოლაპარაკებებში თავიანთი როლის გაზრდის პერსპექტივას, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებთან მიმართებით მოსკოვის პოზიციას მან "პაროდია" უწოდა.
ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში კვლავ აღინიშნება შეფერხებები SpaceX-ის Starshield-ის სატელიტური სისტემის მუშაობაში - ამ სისტემას იყენებენ ბრძოლის ველზე ოპერაციებისთვის და რუსეთის დრონების ჩამოსაგდებად - წერს სააგენტო Reuters-ი.
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ ფონზე, როცა ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინა და "სამარცხვინო" უწოდა მისი ძალების მიერ რუსეთის საწვავის გადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილ იერიშებს. სამიტზე ყოფნისას ზელენსკი ევროკავშირის ხელმძღვანელებს ხაზგასმულად მოიხსენიებდა "რეალურ ლიდერებად" - აღნიშნავს Reuters-ი.
ევროკავშირის სამიტში ზელენსკის მონაწილეობის ფონია ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი უკრაინისთვის - მის ქალაქებზე ინტენსიურად მიმდინარეობს შეტევები დრონებით და რაკეტებით და არსებობს შიში, რომ აშშ-მა შესაძლოა შეწყვიტოს უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და ამ ქვეყნის იარაღით მომარაგებაში მონაწილეობა.
ზელენსკისთვის მოულოდნელად, ტრამპმა გასულ კვირაში გამოაცხადა, თითქოს უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ აღარ ამოიღონ მიზანში ერთმანეთის ენერგეტიკული ობიექტები. აშშ-ში მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე, ტრამპს რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე უკრაინის დარტყმები მოაქვს ენერგიის ფასების ზრდის მიზეზად - რამაც მას შესაძლოა ხმების დაკარგვა მოუტანოს არჩევნებში.
დიზელის საწვავზე ტრამპის მიერ რუსეთთან დადებულმა შეთანხმებამ უკრაინასა და ევროპელ მოკავშირეებში გულისწყრომა გამოიწვია.
"ახლა დავინახავთ, როგორ დაიწყებს ფული კვლავ რუსეთისკენ დინებას, ამ დიზელის შეთანხმებით" - თქვა ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"დიზელის შეთანხმება არასოდეს იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ დააბალანსოს გლობალურ ბაზრებზე ჰორმუზის სრუტის გავლენა. მაგრამ ის პირდაპირ [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ] პუტინის ჯიბეში ჩადებს ფულს, ამ ომის დასაფინანსებლად" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში დაინტერესებული არ არის.
"პუტინს ახლა სამშვიდობო მოლაპარაკება არ სურს, არანაირი ფორმით" - თქვა ზელენსკიმ. "იგი სიტყვებით თამაშობს ... მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჰგავს ომის დასრულების ჭეშმარიტი სურვილის პაროდიას".
კრემლმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ უკრაინამ ძირი გამოუთხარა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ აღდგენის შესაძლებლობას, მას მერე, რაც მოსკოვს გასულ თვეში ჩატარებული არჩევნებისას დრონებით დაესხა თავს.
რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე. ხარკოვში რუსეთის დრონებს ემსხვერპლა სამი ადამიანი, სხვა ადგილებში თავდასხმების შედეგად ასი ათასობით მოქალაქე დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
უკრაინის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია Starshield-ის სატელიტური სისტემის მუშაობის შეფერხების გამო.
უკრაინელი მეომრების მიერ გამოყენებული Starshield-ის სისტემის მუშაობაში გაჩენილი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო კვირის დასაწყისში, აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. ეს სისტემა ეფუძნება კორპორაცია SpaceX-ის კუთვნილი Starlink-ის კავშირგაბმულობას. კორპორაციის მფლობელი ილონ მასკი - რომელიც ზელენსკის კრიტიკოსია - აცხადებს, რომ შეზღუდვებთან კავშირი არ აქვს, რადგან Starshield-ს სამხედროები მართავენ.
არც პენტაგონს და არც თეთრ სახლს არ უთქვამთ, რომ კავშირი აქვთ შეზღუდვების შემოღებასთან უკრაინაში ამ სისტემის მუშაობაში.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას მიაწოდონ Patriot-ის ტიპის ანტისაჰაერო სისტემების რაკეტები - რომლებიც, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის არსენალშია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კორპორაცია SpaceX-ის კუთვნილი კავშირების მუშაობა უკრაინაში აღდგენის პროცესშია, თუმცა შეზღუდვები სრულად მოხსნილი არ არის. დეტალები ზელენსკის არ დაუკონკრეტებია.
ციტატები სტატიიდან
„ახლა დავინახავთ, როგორ დაიწყებს ფული კვლავ რუსეთისკენ დინებას, ამ დიზელის შეთანხმებით“
„პუტინს ახლა სამშვიდობო მოლაპარაკება არ სურს, არანაირი ფორმით“
„დიზელის შეთანხმება არასოდეს იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ დააბალანსოს გლობალურ ბაზრებზე ჰორმუზის სრუტის გავლენა. მაგრამ ის პირდაპირ [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ] პუტინის ჯიბეში ჩადებს ფულს, ამ ომის დასაფინანსებლად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.