₾1 მილიარდის ჯარიმების ამნისტიით, ხელშეკრულებები 111 ენერგეტიკულ პროექტს გაუგრძელდა - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკაში 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ამნისტიის შედეგად ხელშეკრულებები 111 პროექტს გაუგრძელდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სიცოცხლისუნარიანი პროექტების განვითარებას ემსახურება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკაში 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ამნისტიის ფარგლებში 111 პროექტს გაუგრძელდა ხელშეკრულება. მან ამის შესახებ ჰიდროენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა
"მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ, სიცოცხლეს ვუბრუნებთ იმ პროექტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში გამოწვევები ჰქონდათ. ენერგეტიკულ პროექტებზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა 1 მლრდ ლარს აჭარბებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდა. შედეგი სახეზეა, პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600 მეგავატამდეა", - ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერისთვის დაწყებული ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის შედეგად, 1 მილიარდი ლარის ჯარიმა 157 კომპანიას ჩამოეწერა. კონკრეტული დათქმებით ჯარიმები ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს ჩამოეწერათ, რომლებიც ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.