რა გამოსავალი არსებობს, როცა ივანიშვილი ოპოზიციას აუქმებს? – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან
პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებითა და ძალის გამოყენებით ქვეყანაში დემოკრატია გააუქმა, თუმცა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნის ნაცვლად, ოპოზიციის პროტესტი კონკრეტული დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„შეცდომა იყო თავად ეს მიდგომა: ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლის გარდა სხვა არაფერი! ჩემი აზრით, თუ იქნება ამჯერადაც გამოსვლები და გაფიცვები, არ უნდა იყოს მოწოდება: ხელისუფლება გადადგეს! ამას იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება, რომ აი, გადატრიალება უნდათ. მოთხოვნები უნდა იყოს დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნება. ნებისმიერ კანონმდებლობაზე უნდა იყოს გამოსვლები.
არ ვიცი, ეს რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ვიდრე არსებობს დასავლეთის გავლენა, ეს მიმართულება უნდა იყოს ძლიერი და ოპოზიციური ძალები უნდა იყვნენ კონსოლიდირებული,“ – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, მას ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ვესაუბრეთ: რა ფორმით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა საქართველოში ევროპული მომავლის გადასარჩენად?
პოლიტოლოგის აზრით, ეს ბრძოლა ახლა კიდევ უფრო გართულდა, მით უფრო რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით. „ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც, ძირითადად, ავტორიტარული მმართველობებია გარშემო. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა თურქეთში ავტორიტარიზმის გამარჯვებამ,“ – გვიყვება ანალიტიკოსი. იგი გამოსავალს ოპოზიციის კონსოლიდაციასა და „არაორდინალურ ადამიანებში“ ხედავს, რომლებიც ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნებას ისევ შეძლებენ.
„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო კახა, ოპოზიციური ძალები აანონსებენ ფართომასშტაბიან აქციას 28 ნოემბერს. მანამდე ივანიშვილი ოპოზიციის საერთოდ აკრძალვას აპირებს. დემოკრატიის გადარჩენის რა შანსი არსებობს, თქვენი დაკვირვებით და რა შემთხვევაში?
დემოკრატიის გადარჩენის შანსი ალბათ ყოველთვის არსებობს, მაგრამ გააჩნია, რა მსხვერპლის ხარჯზე, რა ფასად? ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია გადარჩეს ქვეყანაში მშვიდობიანად, ყოველგვარი სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. „ოცნების“ ქმედებები აშკარად მიმართულია იმისკენ, რომ გაღვივდეს სამოქალაქო დაპირისპირება.
პრაქტიკულად აღარ რჩება სხვა გზა, თუ არა კონსოლიდაცია – პოლიტიკურმა პარტიებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ დაშორდნენ ამომრჩეველს, პასიურები გახდნენ, მხოლოდ ტელევიზიებში საუბრით კი, პოლიტიკას ვერ გააკეთებ. ჩემი აზრით, მათ დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა დაკარგეს ყოველგვარი გავლენა ადგილობრივ ორგანოებში, დაკარგეს ასევე ნებისმიერი სახის დაფინანსება, რადგან არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა.
ამ დროს „ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც დემოკრატია გააუქმა ქვეყანაში, მე ვიტყოდი, ძალის გამოყენებით: როდესაც პოლიცია, ან ძალოვანი უწყებები კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, საპროტესტო აქციებს არბევენ, იღებ კანონებს და კრძალავ მთავრობის კრიტიკას, არალეგიტიმურად გამოცხადებას, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შენს სასარგებლოდ იღებ – ეს ძალის გამოყენებით დემოკრატიის გაუქმებაა.
კახა გოგოლაშვილი
თუმცა ამ ყველაფერმა ოპოზიცია მარგინალიზებული გახადა. ოპოზიციას მოუწევს – მხოლოდ ოპოზიციას არა – საზოგადოებას მოუწევს ყველაფრის თავიდან დამტკიცება – საკუთარი თავის მანიფესტაცია.
თქვენ ახსენეთ კონსოლიდაცია, მაგრამ რა რესურსია ამისთვის? პარტიების აკრძალვის გარდა, პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა აუკრძალონ ნებისმიერ პირს, თუ მასში ივანიშვილი საფრთხეს დაინახავს. ვენეციის კომისიას რამდენიმე დღის წინ ჰქონდა კრიტიკული დასკვნა ამ კუთხით „ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობა, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება აკრძალულია.
ალბათ, ეს უფრო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოიფიქრონ, რაღაც გზა უნდა იპოვონ. გარედან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და ანალიტიკური წრეებიდან ვერ მოხდება ანალიტიკური რჩევების მიცემა.
ახლო წარსულში როცა ვსაუბრობდით პარტიების გაერთიანებაზე, ვნახეთ, რომ მარტივ საკითხებზეც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, მაგალითად, ხელი არ შეეშალათ ერთმანეთისთვის იგივე ადგილობრივ არჩევნებში.
ოპოზიციური ძალები სტრატეგიულ ხედვას ვერ სთავაზობენ ადამიანებს, აკლიათ ანალიზი. ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ აკლიათ ადამიანური რესურსი, ფული. საჭიროა შეიმუშაო გამარჯვების სტრატეგია და ტაქტიკური სვლები.
თქვენი დაკვირვებით, როგორ და რა ინსტრუმენტებით მოახერხა ივანიშვილმა ოპოზიციის დასუსტება?
ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ძირითადად ავტორიტარული მმართველობებია გარშემო. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა თურქეთში ავტორიტარიზმის გამარჯვებამ. ამ კონტექსტში ერთადერთი მხარე იყო დასავლეთიდან და ჩაიკეტა.
ანუ ივანიშვილი ამ მხრივ მარტო არ არის. ეს ურთიერთობები ბელარუსთან, მათ შორის, უშიშროების სამსახურებს შორის შეთანხმებები, პოლიციას შორის ურთიერთობები, ფაქტები არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კონსულტაციებს ერთმანეთს უზიარებენ.
ორბანთან „ოცნების“ ჩახუტება ძალიან ღიად ჩანდა და ორბანთან ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთის პოლიტიკური მხარდაჭერა არ იყო – ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ: როგორ ვებრძოლო დემოკრატიას? როგორ გავუმკლავდე დასავლეთის ზეწოლას?
ამ მოცემულობაში არ უნდა გვიკვირდეს ოპოზიციის დასუსტება, რადგან დიქტატურაში ოპოზიცია ვერ იქნება ძლიერი?
დიახ, ობიექტურად ასეა, მაგრამ ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებთ ხოლმე, მაგალითად, ვის ეგონა, რომ შეიძლებოდა დანგრეულიყო საბჭოთა კავშირი? – ქართველებს გვჯეროდა ამის და ჩვენი დისიდენტური პარტიები არსებობდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
სააკაშვილმა თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ არავის სჯეროდა, რომ მან პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმები ჩაატარა და ქვეყნის მოდერნიზება შეძლო. კორუფცია მოსპო და პოლიცია გაასუფთაო მექრთამეობისგან, კრიმინალი გაიყვანო ქვეყნის მმართველობიდან – არავის ეგონა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ გაკეთდა ეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შემდეგ წლებში რეჟიმში გადაიზარდა – ვეღარ ხედავდნენ საკუთარ შეცდომებს და გაჩნდა ახალი დილემა: ვინ დაამარცხებს? მოახერხა უკვე ეს ივანიშვილის ეგიდით სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ. კარგი იყო თუ ცუდი, ცვლილება მოხდა ქვეყანაში. შემდეგ მოხდა ამ პოლიტიკური ცვლილების დეგრადაციაც ქვეყანაში.
ამიტომაც, ოპოზიცია თუ არსებობს ქვეყანაში, მოქალაქეები მათ სთხოვენ უფრო მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს: ნახეთ, სამეზობლოში რა ხდება: აზერბაიჯანში, თურქეთში, თურქმენეთში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს, ან ხელოვნურად არის შექმნილი. ივანიშვილმაც ამათ გადახედა და თქვა: თუ ამ ქვეყნებში ყველგან დანიშნული ოპოზიციაა, საქართველოში რატომ უნდა ვიყოთ ევროპული ცივილიზაციის წესებით? შესაძლოა, ეს ლეგიტიმური კითხვაც არის, რადგან ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ევროპული ცივილიზაცია ვართ, თუ სხვა ტიპის ცივილიზაცია?
მე მჯერა, რომ ჩვენ ევროპული ცივილიზაცია ვართ – მეტი ევროპულობაა ჩვენში. ამავდროულად, შესაძლებელია, სხვაგვარადაც დააყენო საკითხი: ბოლო-ბოლო რატომ უნდა იყოს საქართველო აზერბაიჯანზე უფრო დემოკრატიული?
საბოლოო ჯამში, აქეთკენ წაიყვანა ივანიშვილმა საქმე. ამას დიდი მოფიქრება არც სჭირდებოდა. ამას სჭირდებოდა ფინანსური რესურსი, რომელიც ამ კაცს გააჩნდა.
წარმოიდგინეთ, თუ ბელარუსში მოხდა ამ სისტემის ჩამოყალიბება, თანაც, ბელარუსი პოლონეთის მეზობელია და დემოკრატიულ სივრცეში – საქართველოს ირგვლივ კი დემოკრატიული ქვეყანა არ არსებობს. სომხეთს კი თვლიან ახლა ლიდერად, რადგან სომხეთმა თქვა რიტორიკულად: მე მინდა დემოკრატია, ევროპული სახელმწიფო უნდა ავაშენოო, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად სომხეთში ხომ დემოკრატია არ არის…
შეიძლება, უფრო არაორდინალური იყო ის, რომ საქართველო მიდიოდა ევროპისკენ – რეგიონული კონტექსტიდან იყო ამომხტარი. ამას აფასებდნენ ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსიც ამის გამო მოგვცეს. მკაფიოდ ჩანდა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში საქართველომ გამოავლინა მეტი ევროპეიზაცია, ვიდრე ევროპის შუაგულში, მაგალითად, სერბეთმა, ან ბოსნია ჰერცეგოვინამ.
ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ ეს არაორდინალური მოვლენა – ევროკავშირისკენ სწრაფვა – ჩაეყვანა საერთო-რეგიონულ კალაპოტში. გზავნილები, რაც გვესმის „ოცნებისგან“ და რომლითაც ზემოქმედება მოახდინეს მოსახლეობის 40 %-ზე დაახლოებით და ჩაითრიეს: მეორე ფრონტის გახსნა, ომის საშიშროება, ლგბტქ თემები, ფიქრობთ, რომ „ოცნებაში“ მოიფიქრეს და ასეთი ნიჭიერები არიან? ეს ყველაფერია გამოცდილი იმ ქვეყნებში, სადაც დამყარებულია ავტორიტარული მმართველობები.
ივანიშვილის დასანქცირება, ან, მაგალითად, საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ამ კრიტიკულ მომენტში ვერაფერს შეცვლის? კიდევ რა მექანიზმები აქვს ევროკავშირს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს?
დემოკრატია ვითარდება არა ძალადობრივად, არამედ ნებაყოფლობით. დემოკრატიას ძალიან დიდი მიმზიდველობა აქვს… ევროპული დემოკრატია კიდევ უფრო მაღალი დონის ლიბერალიზმია, ძალიან ძლიერი სოციალური ელემენტებით. ამიტომაც, ევროპას და ამერიკას ბევრი ძალისხმევა არ სჭირდებოდათ ამის პროპაგანდისთვის, უბრალოდ უნდა ესწავლებინათ ადამიანებისთვის, რა იყო ამისთვის საჭირო.
განათლებული ადამიანები ისედაც ლიბერალური იდეებით არიან მოცული. ინტელიგენცია მემარცხენე ლიბერალიზმისკენ არის მიდრეკილი, რადგან ემპათია და ადამიანის სიყვარულის იდეა მნიშვნელოვანია ინტელექტუალური ადამიანისთვის.
ანტიდასავლური პროპაგანდასთან გამკლავების მექანიზმები ევროპას არ ჰქონდა. ახლა მუშაობენ ამაზე ინტელექტუალური წრეები, მაგრამ წარმოიდგინეთ სიტუაცია: ქუჩაში ერთმანეთს ხვდება ორი ადამიანი, ერთი კარგად მომზადებულია ფიზიკურად, სპორტსმენია, მაგრამ მოძალადე არ არის, მეორე – მოძალადეა. ამ დროს ყოველთვის უჭირს თავის დაცვა იმ ადამიანს, რომელიც შესაძლოა სპორტსმენიც კი იყოს, მაგრამ მას მოძალადე ასწრებს – პირველი ურტყამს და ურტყამს ყოველგვარის შეზღუდვის გარეშე, გაიმეტებს და რაც ხელში მოხვდება, ყველაფერს თავში ჩაარტყამს კიდეც.
დაახლოებით იგივე ხდება პროპაგანდის პროცესში: იმას ვერ იკადრებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, რასაც კადრულობენ ავტორიტარული ქვეყნების მესვეურები.
ამიტომაც, დასანქცირება, მოქალაქეობის ჩამორთმევა და მსგავსი მიდგომები – ეს ექსტრაორდინარული ზომაა დემოკრატიული და ლიბერალური სამყაროსთვის, სადაც ძალიან მაღალი სტანდარტით განიხილავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ივანიშვილის უფლებას. ასე მარტივად, რომ აი, დაასანქცირეს და წაართვეს ყველაფერი, დატოვეს უფულოდ – ამ მიდგომის მოლოდინი ძალიან რთულია დასავლური ცივილიზაციის მხრიდან.
უკრაინის კონფლიქტი რომ ავიღოთ: ევროპა თავიდან ლეტალურ იარაღს საერთოდ არ აწვდიდა უკრაინას, არ ჩათვალონ, რომ მხარს ვუჭერთ შეიარაღებულ კონფლიქტსო. ნელ-ნელა შემოდის იმის შეგნება ევროპელ ლიდერებში და შემდეგ ხალხში, რომ ძალას უნდა უპასუხო ძალით.
ამიტომაც, რა თქმა უნდა, ევროპა და აშშ ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ ძალას ის ნეგატიურად, დამანგრევლად ვერ იყენებს რუსეთის მიმართ და ვერც ავტორიტარული რეჟიმების მიმართ.
თქვენ აკრიტიკებდით არჩევნებში ბოიკოტს, ასევე ბოიკოტს პარლამენტში… ახლაც მიგაჩნიათ, რომ არჩევნები ისევ არის პოლიტიკური ცვლილების საშუალება? „ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, – აცხადებს, მაგალითად, „ჯერ საქართველოს“ ლიდერი, ვიქტორ ყიფიანი.
ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა 2025 წელს, ჯერ კიდევ იყო იმის რესურსი, რომ არჩევნები გამოყენებული ყოფილიყო ძალაუფლების ნაწილის გამოსართმევად. ტერმინი „წაგლეჯა“ არ მოეწონათ და ამის გამო დაცინვას ვისმენდით, მაგრამ ეს იყო სწორი აზრი: ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მთლიანად ვერ ცვლი, ნაწილის გაკონტროლების შანსი არსებობდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დემოკრატიული არჩევნები სრულად გაუქმებული.
2020 წლიდან დაიწყო დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა და გზადაგზა ხდებოდა დემოკრატიული ბერკეტების გაუქმება და მოშორება, ახლა ავტორიტარიზმი ყველა ბერკეტს იღებს ხელში, რომლითაც დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა უკვე შეუძლებელი ხდება – არჩევნები არის დემოკრატიის რეალიზაციის ყველაზე მთავარი ბერკეტი. ახლა უკვე ამის შესაძლებლობა იქნება ძალიან მცირე.
პოლიტიკური პარტიების რომც არ გაუქმონ, თავად ეს პროცესი, რომელიც ვითარდება და რომელიც შესაძლოა არც დასრულდეს 1-2 წელი – შესაძლოა, სწრაფად დასრულდეს, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა – შეუძლებელია პრაქტიკულად, რომ მომავალი არჩევნები იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი.
შეცდომა იყო თავად ეს მიდგომა: ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლის გარდა სხვა არაფერი! ჩემი აზრით, თუ იქნება ამჯერადაც გამოსვლები და გაფიცვები, არ უნდა იყოს მოწოდება: ხელისუფლება გადადგეს! ამას იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება, რომ აი, გადატრიალება უნდათ. მოთხოვნები უნდა იყოს დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნება. ნებისმიერ კანონმდებლობაზე უნდა იყოს გამოსვლები. არ ვიცი, ეს რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ვიდრე არსებობს დასავლეთის გავლენა, ალბათ ეს მიმართულება უნდა იყოს ძლიერი და ოპოზიციური ძალები უნდა იყვნენ კონსოლიდირებული.
ოპოზიცია ხალხს უყურებს პრიმიტიულად: ფიქრობენ, რომ ხალხს თუ არ ვუთხარით, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლა გვინდა, სხვა საკითხებზე ხალხი ქუჩაში არ გამოვა. ამ დროს გამოვა ხალხი ქუჩაში თუნდაც კანონის ერთი მუხლის შეცვლის მოთხოვნით, შენ თუ მას კარგად აუხსნი, რატომ არის ეს საჭირო.
მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გააქტიურდეს ისევ ქუჩაში? შესაძლოა, გახდეს პარტიების აკრძალვა „ბრძოლის იარაღი“? ციხეში გამოკეტილი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ „ამის გაფორმება [პარტიების აკრძალვა] ჩვენ გვაძლევს ძლიერი ბრძოლის იარაღს. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!“
მე სიამოვნებით დავეთანხმებოდი ელენე ხოშტარიას, ასე მარტივად რომ იყოს საქმე, მაგრამ მაგალითად, ბელარუსში პოლიტიკური პარტიები საერთოდ აიკრძალა, დისიდენტები ქვეყნიდან გააგდეს, ვინც ქვეყანა არ დატოვა, ყველა ციხეში გამოამწყვდიეს და ამ დროს ძალიან კარგად გრძნობს თავს ლუკაშენკო.
გამოდის, რომ შეიძლება წავიდეს რადიკალიზაციაზე ავტორიტარული რეჟიმი, გააუქმოს პარტიები, მოსპოს სამოქალაქო ორგანიზება, კრიტიკული მედია და ამით მის არსებობას არ დაემუქროს არაფერი, რადგან მას გააჩნია საკმარისი ფული და ძალა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ასევე მხარდაჭერა რეგიონულ კონტექსტში არ დაკარგოს. თურქეთის ოფიციალური პირებისგან გაგიგიათ რაიმე კრიტიკა „ოცნებაზე“? პირიქით, აკრიტიკებენ ევროკავშირს, აკრიტიკებენ ამერიკას და არასდროს საქართველოს ხელისუფლებას არ აკრიტიკებენ დემოკრატიის უკუსვლისთვის.
აზერბაიჯანიც, ოღონდაც გამოჩნდეს რეგიონში ქვეყანა, რომელიც მას დაემსგავსება, სიამოვნებით დაეხმარება.
ამიტომაც, არ არის საქმე მარტივად. ჩვენი ერთადერთი კოზირი არის მოსახლეობის არჩევანი: 80 %-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ საკითხის გარშემო უნდა იყოს აგებული სტრატეგია, მათ შორის, მატერიალური შედეგებზე საუბრით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იძლევა მატერიალურ შედეგს სწრაფად. ევროკავშირის სახელმწიფოში იგივე მინიმალური ხელფასი უნდა იყოს სტანდარტით განსაზღვრული, სახელმწიფოს ამ დროს აქვს მინიმალური სოციალური დაცვის მექანიზმები…
ამ ფაქტორებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რასაც ევროინტეგრაცია პრაქტიკულად მოიტანს. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ კონტექსტში უნდა აკრიტიკონ „ოცნება“, თანაც კონსოლიდირებულად.
მოქალაქეს რა შეუძლია ამ პროცესში, მაგალითად, ქუჩის გამოკითხვის დროს, ოპოზიციის გაუქმებაზე საუბრის დროს, ადამიანებმა გამოხატეს საყვედურიც ოპოზიციის მიმართ, თუმცა ცალსახად იგრძნობოდა განწყობა, რომ ოპოზიცია არ უნდა გაუქმდეს.
მოქალაქეების განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არსებობს იმისთვის, რომ დარაზმო მოქალაქეები. მოქალაქეები რომ გაიყვანო ბრძოლის ველზე და არ ჩაუყენო სათავეში მთავარსარდალი, ქვედანაყოფებს – ოფიცრები, თუნდაც მილიონი იყო გამოსული, არაფერი შეიცვლება.
მილიონიანი არმია ჰყავდა დარიოსს მაკედონელის წინააღმდეგ – მაკედონელს 57 ათასი კაცი ჰყავდა და იმათ მილიონიან არმია – როგორც კი ხელმძღვანელობა დაიშალა, მილიონიანი არმიაც დამარცხდა.
„ოცნება“ გაძლიერდა იმით, რომ შიგნით არის კონსოლიდირებული ერთი და იგივე მესიჯებით, ინარჩუნებენ კონტროლს სასამართლოსა და პოლიციაზე. არ აქვთ არანაირი დაპირისპირება და გახლეჩა.
იმის მიუხედავად, რომ ყოფილი პრემიერი ციხეშია, ან სუსის ყოფილი უფროსი?
ნებისმიერი ავტორიტარულ საზოგადოებაში ეს ასე ხდება – საკუთარი წიაღიდან ხოცავდნენ ხალხს. ეს რეჟიმისთვის ნორმალურია, ავტორიტარული ქვეყნისთვის, ეს არ ნიშნავს, რაღაცის ჩამოშლის წინაპირობას.
ამ ვითარებაში რამდენად არსებობს ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის შესაძლებლობა, ასევე ვის აკრძალვასაც ჯერჯერობით „ოცნება“ არ ითხოვს, მათი ნდობის გაზრდის შანსი?
ახალი პოლიტიკური პარტია შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ნებისმიერ პარტიას აკრძალავ, მაგალითად, „იაბლოკოს“ რუსეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგისტრაცია გაუუქმეს.
იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოში – არჩევნების წინ გაუუქმო რეგისტრაცია იმიტომ, რომ რაღაც წამოგცდა და ეს „ოცნების“ კანონით აკრძალულია. „ოცნებას“ თუ კონტროლის ქვეშ არ ეყოლება ეს პარტიები, მათ გასაქანი არ ექნებათ, რაც უნდა პოპულარული გახდნენ.
თუ ჰგონია ვინმეს, რომ სხვა პარტიები გაუქმდება, ხალხს სხვა გზა არ ექნება და მე დამიჭერს მხარსო – 5 პარტიას რომ უსამართლოდ დახურავენ და აუკრძალავენ პოლიტიკაში მოსვლას, მორალურად რამდენად სწორი იქნება ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა? ამ დროს მორალურად ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა იყოჩაღონ, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტის პოლიტიკური ორგანიზება მოხერხდეს? თქვენი აზრით, გამოსავალი კარგად ორგანიზებული ქუჩის პროტესტია?
ცხადია, მოქალაქეებს ვერ მოვთხოვთ, რომ მოდი, პროცესები წაიყვანე. როცა რუსული კანონის მიღებამდე სამოქალაქო მოძრაობები გაჩნდა, ეგონათ, რომ პოლიტიკოსები არ იყო საჭირო და ამ დროს რუსთაველი 200-300 ათასი გამოდიოდა. ეს შეცდომა იყო ცალსახად. მსგავსი ტენდენცია „მაიდნის“ დროსაც იყო უკრაინაში, მაგრამ დადასტურებულია, რომ პოლიტიკური პარტიების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება.
მოსახლეობას და პარტიებს შორის უნდა იყოს ხიდი და მონაწილეობა. პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ მან უნდა მართოს ხალხის მოთხოვნები. პარტიამ უნდა იცოდეს გზები, რაც აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს. ხალხს აქვს ნათქვამი, რომ აი, ჩვენი მიზანი არის ეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ხალხის მიზნები ასრულდეს. ეს მარტივი საქმე არ არის.
მით უმეტეს ამ მოცემულობაში არაა მარტივი, როცა ლიდერების ნაწილი ციხეშია, ზოგს დაჭერას უპირებენ და პარტიებს კრძალავენ.
ამიტომაც, არაორდინალური ხალხის ჩართვაა საჭირო ამ პროცესში. ამას სჭირდება არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. ამ მდგომარეობაში, სადაც შეიყვანა თავი ქვეყანამ, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმა, ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას, რომ აქედან გამოვიდეთ.
პარტია არ დარჩა, რომ, მაგალითად, ფედერალისტებმა არ გალანძღეს. რანაირად უნდა მოხერხდეს ამ ვითარებაში კონსოლიდაცია? ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა არ უწოდეს „ლელოს“ და გახარიას პარტიას იმის გამო, რომ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
კონსოლიდაცია ვერც 2024 წელს მოხერხდა. ჯერ კიდევ ეგოიზმი და ამბიციებია წინა პლანზე.
„ოცნებას“ აქვს უკვე რეგიონული უპირატესობა – გარშემო ავტორიტარული მმართველობებია. მას ეს უპირატესობა აქვს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მინიმუმ 70 % პროევროპულია. დღეს ამ რეგიონულ კონტექსტიდან ამოვარდნა და ისევ ევროპისკენ მიმავალ გზაზე დადგომა ბევრად უფრო რთულია.
ციტატები სტატიიდან
„ამის გაფორმება [პარტიების აკრძალვა] ჩვენ გვაძლევს ძლიერი ბრძოლის იარაღს. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.