„ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე წარმოდგენილი იქნება
„ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას აპირებს, რათა მმართველი პარტია ამხილოს. იურისტ სანდრო ბარამიძის განმარტებით, სხდომებზე არდასწრებამ შესაძლოა სტრასბურგში გასაჩივრების უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე წარმოდგენილი იქნება.
„21 ოქტომბრიდან “ძლიერი საქართველო – ლელო” თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე.
ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ “ქართულ ოცნებას” ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება. ის სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის.
“ქართულ ოცნებას” მოუწევს გადაიხადოს უმძიმესი პოლიტიკური ფასი, რადგან პარტიების აკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ორგანიზაციების აკრძალვას ან პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას, ეს ნიშნავს მილიონამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების წართმევას!
ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩეველმა, რომელსაც სურდა საქართველოში 1000-ლარიანი პენსია, ანაკლიის პორტის აშენება, იმ მეგაპროექტების განხორციელება, რომელიც ახალ 200 000 სამუშაო ადგილს მოიტანდა ჩვენს ქვეყანაში და ამ ამომრჩეველს “ქართული ოცნება” ეუბნება არას. მათ სურთ, რომ ამ ქვეყნიდან გააქრონ ამომრჩევლები, საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ეს შეუძლებელია! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმს მიჰყავს ეს ქვეყანა დაღუპვისკენ, მიჰყავს ეს ქვეყანა რუსეთისკენ მაშინ, როდესაც საზოგადოების არჩევანი არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ამ საქმეში ჩვენ ვართ ქართული საზოგადოების მოკავშირეები, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური მეთოდით და აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე!
ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყანაში დასრულდება! საზოგადოება და ჩვენ, “ძლიერი საქართველო – ლელო” ვიქნებით ამ ყველაფრის თანაშემოქმედნი“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
უნდა დაესწრონ თუ არა პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებს?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, სანდრო ბარამიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს პარტიების მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე.
მისი თქმით, თუ ოპოზიციური საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ დაესწრებიან, ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენებენ.
„სუბსიდიარობისა და შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს.
ამ თვალსაზრისით, არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„სუბსიდიარობისა და შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს. ამ თვალსაზრისით, არდასწრება დიდი კომფორტი იქნებოდა რეჟიმისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის და მასთან ერთად საარჩევნო დემოკრატიის დასრულებას ლამობს. ნუ შეუქმნით ასეთ კომფორტს ივანიშვილის რეჟიმს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.