“გთხოვთ დაგვეხმაროთ შენიღბული ბოროტების წინააღმდეგ” – ზვიად ტომარაძე შიო მესამეს
ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ლიდერი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ ციფრული ლარი ტოტალური კონტროლის საშუალებაა, და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პარლამენტში დაჩქარებული წესით ინიციირებული კანონპროექტის წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს.

ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” ლიდერი, ზვიად ტომარაძე:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს!
თქვენო უწმინდესობავ,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის (CBDC) გამოცემის უფლება ეძლევა.
ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური, ანუ ეროვნული ბანკები CBDC-ებს, ანუ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტებს ავითარებენ. ამ ვალუტამ, თეორიულად, ნაღდი ფული უნდა ჩაანაცვლოს.
CBDC-ი პროგრესით შენიღბული ტექნოლოგიაა, რომელიც არაერთ რისკს შეიცავს. პირველი რისკი, დამატებითი კონტროლის გამოყენების რისკი, ანუ პირადი ცხოვრების ხელყოფაა.
დღეს, შეგვიძლია, ბანკი ავირჩიოთ და მისგან საკრედიტო ბარათი ან აპლიკაციაზე წვდომა მივიღოთ. ამჟამად ყველა ტრანზაქცია, რომელსაც ვახორციელებთ, ინახება მხოლოდ იმ ბანკში, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. თუმცა CBDC-ის შემთხვევაში, პირველად შეიქმნება პრეცედენტი, როცა ეროვნული ბანკი ყველა მოქალაქის ყველა ტრანზაქციის მონიტორინგს შეძლებს.
თეორიულად, CBDC-ის მიზანს ნაღდი ფულის ჩანაცვლება წარმოადგენს. ნაღდი ფული კონფიდენციალურია და კაცობრიობა ფაქტობრივად მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში იყენებდა. ამგვარად, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები კონფიდენციალურობას დაკარგავენ, თანაც ასე მასშტაბურად.
დღეს ჩვენ გვაქვს ანგარიშსწორების საშუალებები: ნაღდი ფული, უნაღდო ანგარისწორება, პლასტიკური ბარათები, კრიპტოვალუტა, მაშინ რა საჭიროა ცენტრალიზებული ციფრული ფულის შემოღება? ზემოთქმულიდან გამომდინარე, ციფრული ლარი არ არის ანგარისშორების საშუალება, არამედ ტოტალური კონტროლის საშუალებაა.
სწორედ ამ მიზნით სლოვაკეთმა 2023 წლის 15 ივნისს, ციფრული ფულის დანერგვის საპირისპიროდ, ნაღდი ფულის დასაცავად კონსტიტუციაში ჩანაწერი გააკეთა. ციფრული ფულის შემოღებაზე უარი თქვა: დანიამ, ფინეთმა, იაპონიამ და ეკვადორმა.
ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისია, სულიერი გადარჩენის გარდა, ერის ინტერესების დაცვასა და მისი საფრთხისგან არიდებასაც წარმოადგენს, გთხოვთ დაგვეხმაროთ შენიღბული ბოროტების წინააღმდეგ.
პატივისცემით,
ზვიად ტომარაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.