საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა
საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საქართველომ ევროპის საბჭოს ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს მოაწერა ხელი, რომელიც დანაშაულებრივი ქონების ჩამორთმევისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საქართველოს პროკურატურის ინიციირებით, სტრასბურგში, საქართველომ „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ვარშავის კონვენციის) დამატებით ოქმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოქმი ხელმოსაწერად 14 ოქტომბერს გაიხსნა და საქართველო მის პირველ ხელმომწერებს შორის იყო.
“საქართველოსთან ერთად ოქმს ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, მონტენეგრომ, საბერძნეთმა, სან-მარინომ, უნგრეთმა და ევროკავშირმა.
საქართველოს პროკურატურა ოქმის ხელმოწერისთვის მოსამზადებელი პროცესის წარმმართველი უწყება იყო. საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ხატია წილოსანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, გიორგი მიქავა და გივი ბაღდავაძე.
დამატებითი ოქმი აუმჯობესებს დანაშაულებრივი ქონების გამოვლენის, მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და დაბრუნების მექანიზმებს. იგი ხელს უწყობს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.
ამასთან, ოქმი ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.