ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გადაგვიყვანეს, დაგვაბრუნეს, ონლაინზე ვართ - რა ბედი ეწიათ დაკეტილ სკოლებს

განათლების სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდი

ექსპერტიზის გამო დაკეტილი სკოლების ნაწილში გადაწყვეტილებები პროტესტის შემდეგ შეიცვალა, თუმცა განათლების სამინისტრო სტატისტიკას არ ასაჯაროებს — ათასობით მოსწავლე ამ დრომდე დისტანციურ სწავლებაზე ან სხვა სკოლებში, მეორე ცვლაშია გადაყვანილი.

გადაგვიყვანეს, დაგვაბრუნეს, ონლაინზე ვართ - რა ბედი ეწიათ დაკეტილ სკოლებს
გადაგვიყვანეს, დაგვაბრუნეს, ონლაინზე ვართ - რა ბედი ეწიათ დაკეტილ სკოლებსრადიო თავისუფლება

ასეთი, სულ მცირე, 14 სკოლა დავითვალეთ თბილისსა და რეგიონებში. ზუსტი სტატისტიკა განათლების სამინისტროს, მოთხოვნის მიუხედავად, არ მოუწოდებია.

გავარკვიეთ, რომ ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დაკეტილი სკოლების ბედი სხვადასხვანაირად წარიმართა - ზოგი ძველ შენობას დაუბრუნდა, ზოგიც სხვა სკოლაში შეასახლეს, ზოგი ამ დრომდე დისტანციურად სწავლობს და არ აქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე - რა ელოდებათ.

„სწორედ ახლა გავაცილე დაწყებითი კლასების მოსწავლეები პირველად მეზობელ სკოლაში“, - გვითხრა წალკის რაიონის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა მიხეილ ჯაყელმა. მას 12 ოქტომბერს ველაპარაკეთ.

სახელმწიფომ ამ საჯარო სკოლის 79 მოსწავლე და 18 მასწავლებელი სოფელ ავრანლოდან 7 კილომეტრის დაშორებით, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში გადაიყვანა.

მანამდე გაკვეთილებს ონლაინ ატარებდნენ იმ იმედით, რომ განათლებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროები არვანლოს სკოლის შენობის დანგრევას გადაიფიქრებდნენ.

„ჩვენ გვირჩევნია ადგილზე დავრჩეთ, ვიზუალურად ვერ ვხედავთ, რომ ეს [დარჩენა სკოლის შენობაში - რ.თ.] შეიძლება პრობლემა იყოს... მე არ ვიცი, რა მოხდა და როგორ... ვერ მივაღწიეთ შედეგს... ყველა თავს იკავებს, რომ პასუხისმგებელი გახდეს... სულელი რომ არ დამარქვან, შენ რომელი ექსპერტი ხარო, მეც და ჩემი მშობლებიც პასუხისმგებელი ვართ, რომ აქ [სკოლის შენობაში - რ.თ.] არაფერი მოხდება და არაფერი ჩამოვარდება“, - ამბობს დირექტორი, მიხეილ ჯაყელი.

მიხეილ ჯაყელს რადიო თავისუფლება პირველად 25 სექტემბერს ესაუბრა. მაშინაც დირექტორი განათლების სამინისტროს სთხოვდა, გადაეხედა ექსპერტიზის დასკვნისთვის, რომლის თანახმადაც, სკოლის შენობა ვერ აღდგებოდა და დასანგრევი იყო.

დირექტორის თქმით, სკოლის შენობა ძველია და რეაბილიტაციას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა დასანგრევი არ არის. მიხეილ ჯაყელმა თავისი ნათქვამის დასადასტურებლად სკოლის ფოტოები გამოგვიგზავნა.

ამ ფოტოკოლაჟში ავრანლოს საჯარო სკოლის ინტერიერია ასახული: საკლასო ოთახი, დერეფანი, შესასვლელი. ფოტოები გადაღებულია 2026 წლის 14 ოქტომბერს.

ავრანლოს საჯარო სკოლა: ბიბლიოთეკა(1); სამედიცინო ოთახი (2); საპირფარეშო(3) და სასკოლო თვითმმართველობის ოთახი (4)

„არავინ, არავინ [არ ყოფილა] ჩვენი მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ მოსულიყო [და] დაენახა, მინიმუმ შეეხედა შენობისთვის…" - ამბობს დირექტორი და ამატებს:

„იმ სკოლაში, სადაც შეგვასახლეს, რეაბილიტაცია შემდეგ წელს უნდა დაიწყოს, მერე სად წავალთ ჩვენ, რა ბედი გვეწევა?“

ავრანლოს სკოლის გარე ფასადი დაზიანებულია. დირექტორის მტკიცებით, პრობლემას კოსმეტიკური ჩარევაც მოაგვარებს. დანგრევა, როგორც უკიდურესი ნაბიჯი, მისთვის მიუღებელია.

საკლასო ოთახი - ავრანლოს საჯარო სკოლა

ასე გამოიყურება ავრანლოს საჯარო სკოლის ცენტრალური შესასვლელი

მარშუტკით მეზობელი სოფლის სკოლაში სიარულზე მეტად დირექტორს მოსწავლეების განათლება ადარდებს.

„გვეჩაგრებიან ბავშვები“, - ამბობს მიხეილ ჯაყელი. იმის გამო, რომ მოსწავლეებმა მეორე ცვლიდან სახლში დაბრუნება დროზე მოასწრონ, გაკვეთილების ხანგრძლივობა 35 წუთამდე შეამცირეს. დირექტორმა იქვე, წალკაშიც ნახა პოლიციის ყოფილი, ცარიელი შენობა, რომელსაც „ხელის შევლება“ სჭირდებოდა და ბავშვებს პირველ ცვლაში დააბრუნებდა, თუმცა არც ამაზე არ გაუციათ მისთვის პასუხი.

სხვა ბედი ეწიათ ველისციხისა და წყალტუბოს მეორე სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ველისციხის სკოლის დირექტორის, ნონა მენაბდიშვილის თქმით, მართალია ახლა სწავლა ისევ ონლაინაა, მაგრამ „კოსმეტიკური სამუშაოების“ შემდეგ, სავარაუდოდ, ნოემბრიდან თავიანთ სკოლას დაუბრუნდებიან.

ფოტოზე: ველისციხის საჯარო სკოლა

როგორ, როცა ექსპერტიზა ამბობდა, რომ შენობა უთუოდ დასანგრევი იყო?

დირექტორის მონათხრობის თანახმად, სკოლის სრული დემონტაჟი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაიფიქრა. ეზოში ორი შენობა დგას, აქედან ერთი სრულად დაინგრევა, მეორეში კი მხოლოდ ის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო არაა.

სწავლის დაწყებიდან ორ დღეში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ველისციხის სკოლის დაკეტვასა და სასწავლო პროცესის დისტანციურად გადატანის გეგმას მშობლების პროტესტი მოჰყვა. მათ სკოლის წინ გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

სოფელ ველისციხის სკოლაში 550-მდე მოსწავლე და 50-მდე პედაგოგი ირიცხება.

ერთი ფლიგელი გადაკეტეს და პირველი ოქტომბრიდან შენობაში დააბრუნეს წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

„5 000 კვარდატზე მეტია სკოლის ტერიტორია და მთელი შენობა არ იყო საფრთხის შემცველი... რაც საფრთხის შემცველი შეიძლება ყოფილიყო, ის ფლიგელი გადაკეტილია ჩვენს სკოლაში ვართ, ერთ სმენაში...“, - ამბობს სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე.

ფოტოზე: წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის შენობა

მან არ იცის, რა ბედი ეწევა სკოლის შენობის დაკეტილ ფლიგელს, დაანგრევენ, გაარემონტებენ თუ როგორც არის ისე დატოვებენ.

„ექსპერტიზის შინაარს არ ვიცნობ“, - გვეუბნება. ამ სკოლაში 722 მოსწავლე და 47 მასწავლებელია.

ექსპერტიზის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის შენობაც ავარიული იყო, მე-4 კატეგორიის, ამიტომაც უნდა დაენგრიათ. აქაც მოსწავლეებისა და მშობლებმა ხელისუფლების გეგმები გააპროტესტეს. დირექტორი ნინო ჩეკურიშვილი თბილისში ჩამოვიდა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. ექსპერტები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ სკოლაში.

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 24 სექტემბერს განაცხადა, რომ როგორც ექსპერტიზამ, ისე დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხებმაც, აჩვენა, რომ „არსებული დაზიანებების პირობებში“ სასწავლო პროცესი მისაქციელის სკოლაში ვერ გაგრძელდებოდა.

ორ კვირაში კი, სკოლის ფეისბუქზე გრძელი განცხადება გამოქვეყნდა - ამ ტექსტის თანახმად, სკოლას ჯერჯერობით აღარ დაანგრევენ, თუმცა „დროებითი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის მოამზადებენ“.

ფოტოზე: მისაქციელის საჯარო სკოლა

რას ნიშნავს ეს? - აი, რა ეწერა [ სტილი დაცულია - რ.თ.] ღია წერილში რომელიც სკოლამ განათლების სამინისტროდან მიიღო:

„იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სკოლის დროებითი უსაფრთხო ექსპლუატაცია, საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

1. სკოლის ცენტრალურ ნაკვეთურში (გასული საუკუნის 30-იან წლებში აგებული ტუფის ქვის შენობა)განთავსებულ საკლასო ოთახებში შეიზღუდოს მოსწავლეთა მოხვედრა. დასაშვებია მხოლოდ პირველ სართულზე არსებული ოთახების გამოყენება, სადაც განთავსდება სკოლის ადმინისტრაცია. აღნიშნულის გამო, უნდა დაიკეტოს სკოლის ცენტრალური შესასვლელი. ალტერნატიული შესასვლელის მოწყობა შესაძლებელია მარცხენა ნაკვეთურის (გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული წითელი აგურის შენობა) დერეფანში არსებული კარიდან, რომელიც დღეის მდგომარეობით უფუნქციოდაა.

2. შეიზღუდოს მარცხენა ნაკვეთურის ტორსულ ნაწილში, მეორე სართულზე ბოლო ორი საკლასო ოთახის ფუნქციონირება, ხოლო მიმდებარე დერეფანი გადაიკეტოს.

3. ცენტრალურ ნაკვეთურში განთავსებულ ორივე კიბეს ჩაუტარდეს გამაგრებითი სამუშაოები. მხოლოდ აღნიშნული კიბეებითაა შესაძლებელი მარჯვენა და მარცხენა ნაკვეთურებში მოხვედრა (თითო კიბის უჯრედი თითო ნაკვეთურზე), რის გამოც მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

4. შიდა სივრცეში კედლებსა და ჭერზე, ისევე როგორც ფასადებზე არსებული დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისაგან კედლების გადაუდებელი გასუფთავება და ხელახალი შელესვა ან ფითხით დამუშავება (ე.წ„დაშპაკვლა“).

5. სპორტულ დარბაზზე შიდა ეზოს მხრიდან მოწყობილი ლითონის ხიდის დგარების და კოჭების ერთმანეთთან დაკავშირება, რომელთა შეუღლების ნაკერებიც გახსნილია.

6. მოწესრიგდეს შენობის ფასადზე არსებული დაზიანებული წყალშემკრები ღარები და ჟოლობები, რათა გამოირიცხოს ატმოსფერული ნალექების დროს წყლის დაღვრა, რაც იწვევს მზიდი კედლების დაზიანებას.

7. რეკომენდირებულია სპორტული დარბაზის კუთხეში შეიცვალოს და გასწორდეს დაზიანებული ხის ფიცარნაგი.“.

სკოლაში რემონტი ჯერ არ დაწყებულა. ამ სკოლაში 509 მოსწავლე სწავლობს.

„როდის დაიწყებენ მუშაობას ინფორმაცია არ გვაქვს... ვერც იმას გეტყვით, რა დრო დასჭირდება, სანამ არ დასრულდება, იქამდე დისტანციურად ვიქნებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო ჩეკურიშვილმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ „მისაქციელის სკოლაში დაპროცესებულია სამხარაულის რეკომენდაციის შესაბამისად, შენობის უსაფრთხო, დროებითი ექსპლუატაციისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი წესით“, რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, „ფონდი განათლების სამინისტროსთან ერთად მსჯელობს განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მისი პერიოდის შესახებ“.

გაურკვეველია, სოფელ ანაგის საჯარო სკოლის ბედიც. მოსწავლეები გაკვეთილებს ინტერნეტით ესწრებიან. ამ სკოლასაც „დიაგნოზი“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაუსვა - სკოლა დასანგრევია.

გადაწყვეტილია, ხაშურის მეხუთე საჯარო სკოლის დანგრევა. 224 მოსწავლე ამჟამად დისტანციურ სწავლაზეა გადაყვანილი. გეგმით, ისინი ხაშურის მერვე სკოლაში უნდა შეასახლონ. მშობლების ნაწილი, ვისაც არ სურს, რომ შვილები მეორე ცვალში ატაროს, სხვა სკოლებს ეძებს.

ამ ტენდენციას ეხმაურებოდა სკოლის გვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული სკოლის ადმინისტრაციის საჯარო განცხადება:

„მეხუთე საჯარო სკოლა დღეს ურთულესი რეალობის წინაშე დგას. სწორედ ახლა გვმართებს ერთიანობა, სიმტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და გაითვალისწინოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -ბავშვების ინტერესები. ნუ დააშორებთ მათ მშობლიურ გარემოს, სკოლას, მასწავლებლებსა და იმ სივრცეს, სადაც მათი ყოველდღიური ცხოვრება და მომავალია“, - წერია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს პოზიცია

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 24 სექტემბერს თქვა, რომ დამაზუსტებელი კითხვები გაიგზავნა ექსპერტიზის ბიუროში ყველა იმ სკოლაზე, რომელშიც სწავლა ჯერ დაიწყო, შემდეგ კი დაიკეტა.

რა შეიცვალა განათლების მინისტრის ამ დაპირების შემდეგ? - რადიო თავისუფლებამ განათლების სამინისტროში იკითხა.

პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ექსპერტებთან დამაზუსტებელი კითხვების დასმის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ეჭვქვეშ დააყენეს მათი სკოლის შესახებ მომზადებული დასკვნის სისწორე.

ამ სკოლაშიც, სადაც 1 200-ზე მეტი მოსწავლეა, სწავლა ჩვეულებრივ 15 სექტემბერს დაიწყო.

2026 წლის 17 სექტემბერს დირექტორს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სკოლის დანგრევის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები პროტესტით შეხვდნენ.

განათლების სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის ავტორს დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა. პასუხების მიღების შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ 21-ე სკოლა თავის შენობაში დაასრულებდა სასწავლო პროცესს.

ამბავი ამით არ დასრულებულა, მართალია ბავშვები 21-ე სკოლის შენობაში დააბრუნეს, თუმცა სკოლის მომავალი დღემდე გაურკვეველია.

ამას გარდა, რადიო თავისუფლებამ იმ სკოლებზე, რომლებიც რეაბილიტაციის გამო დაიკეტა და ამ დრომდე არ გახსნილა, საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვა.

პასუხი მხოლოდ ერთ განცხადებაზე მივიღეთ.

სამინისტროს პასუხი ფორმალურია და არ შეესაბამება რადიო თავისუფლების მიერ ოფიციალური სტატისტიკის შესახებ დასმულ კითხვებს.

რადიო თავისუფლებამ იკითხა:

რა კრიტერიუმებით არჩევს განათლების სამინისტრო იმ სკოლებს, სადაც ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს;

2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით სამინისტრომ რამდენ სკოლაში ექსპერტიზის ჩატარება დაუკვეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს;

ამავე პერიოდში რამდენი სკოლის შესახებ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა: მათგან რამდენზე დადებითი და რამდენზე უარყოფითი (მომაწოდეთ ყველა დასკვნის ასლი.

მოგვწერეს, რომ „2025-2026 წლებში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით პრიორიტეტულად განისაზღვრა გარკვეული საჯარო სკოლები. ინფორმაცია ამ სკოლების შესახებ, შესაბამისი რეაგირებისთვის, მიეწოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო ზემოაღნიშნული სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა“.

სკოლების შენობების ვარგისიანობაზე დასკვნის მომზადებისას ამ ხუთ კატეგორიას იყენებენ:

I კატეგორია - შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;

II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და რემონტი სჭირდება;

III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია მედეგობა და დროულ გამაგრებას საჭიროებს;

IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება;

V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და დაუყოვნებლივ უნდა დაინგრეს.

საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებაში, რომელიც ავარიულობის კატეგორიებს განსაზღვრავს, არის ჩანაწერი, რომელიც ექსპერტს უფლებას აძლევს შენობას პირდაპირ მეოთხე კატეგორია მიანიჭოს, თუ მისი კონსტრუქცია სეისმურად გამართული არ არის.

რადიო თავისუფლება ერთ თვეზე მეტია იმასაც არკვევს, რამდენი სკოლაა საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო, რამდენი დაანგრიეს ამ მიზეზით და რამდენმა მოსწავლემ დაიწყო სწავლა სხვა სკოლის შენობაში შესახლებულმა მეორე ცვლაში.

განათლების სამინისტრომ კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადა დაარღვია, უწყების ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ რადიო თავისუფლების განცხადებაზე ჯერ პასუხი არ არის მომზადებული. „ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს სისტემაში“, - გვითხრეს სატელეფონო ზარის მეორე მხრიდან.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2 089 საჯარო სკოლაა. ამ სკოლებში, 2025-2026 წლების მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი - 572 ათასზე მეტი - მოსწავლე ირიცხება.

თბილისში სულ მცირე 18 ისეთი საჯარო სკოლაა, რომელთა მოსწავლეებიც სხვა სკოლებში არიან შეხიზნულები - იშვიათად პირველ და, უმეტესად, მეორე ცვლაში.

იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სხვა სკოლებში დადიან, სულ მცირე, 8 250-ია. მათგან მეორე ან შეჭრილ ცვლაში 7 398 მოსწავლე სწავლობს.

სკოლების რეფორმაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე უწყება იზიარებს. ესენია: ორი სამინისტრო - განათლებისა და ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სწორედ ახლა გავაცილე დაწყებითი კლასების მოსწავლეები პირველად მეზობელ სკოლაში“
მიხეილ ჯაყელი
„ჩვენ გვირჩევნია ადგილზე დავრჩეთ, ვიზუალურად ვერ ვხედავთ, რომ ეს [დარჩენა სკოლის შენობაში - რ.თ.] შეიძლება პრობლემა იყოს... მე არ ვიცი, რა მოხდა და როგორ... ვერ მივაღწიეთ შედეგს... ყველა თავს იკავებს, რომ პასუხისმგებელი გახდეს... სულელი რომ არ დამარქვან, შენ რომელი ექსპერტი ხარო, მეც და ჩემი მშობლებიც პასუხისმგებელი ვართ, რომ აქ [სკოლის შენობაში - რ.თ.] არაფერი მოხდება და არაფერი ჩამოვარდება“
მიხეილ ჯაყელი
„გვეჩაგრებიან ბავშვები“
მიხეილ ჯაყელი
„5 000 კვარდატზე მეტია სკოლის ტერიტორია და მთელი შენობა არ იყო საფრთხის შემცველი... რაც საფრთხის შემცველი შეიძლება ყოფილიყო, ის ფლიგელი გადაკეტილია ჩვენს სკოლაში ვართ, ერთ სმენაში...“
გიორგი ბენიძე
„როდის დაიწყებენ მუშაობას ინფორმაცია არ გვაქვს... ვერც იმას გეტყვით, რა დრო დასჭირდება, სანამ არ დასრულდება, იქამდე დისტანციურად ვიქნებით“
ნინო ჩეკურიშვილი
„არავინ, არავინ [არ ყოფილა] ჩვენი მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ მოსულიყო [და] დაენახა, მინიმუმ შეეხედა შენობისთვის…“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?