Bank of America $1.2 მილიარდით დააჯარიმეს - მიზეზები
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Bank of America საეჭვო ტრანზაქციებისა და უკანონო ფინანსური ოპერაციების გამოუვლენლობის გამო $1.2 მილიარდით დააჯარიმა. კომპანიამ აღიარა, რომ სათანადო შიდა კონტროლის არარსებობის გამო ბანკების საიდუმლოების შესახებ კანონი განზრახ დაარღვია.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, Bank of America 1.2 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა, რადგან საბანკო გიგანტმა საეჭვო ტრანზაქციებისა და უკანონო ფინანსური ოპერაციების დროული გამოვლენა ვერ უზრუნველყო. საყურადღებო ფაქტია, რომ განსაზღვრული სანქცია უწყების ისტორიაში სიდიდით მესამეა.
რაც შეეხება ჯარიმის გამოწერის დეტალებს, როგორც ირკვევა, ფინანსურმა ინსტიტუტმა მთავრობას 5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის საეჭვო აქტივობის შესახებ არ აცნობა. აღსანიშნავია, რომ აქედან 1 მილიარდი დოლარი ეროვნული უსაფრთხოებისა და უკანონო ფინანსების რისკებს უკავშირდებოდა. არსებული მონაცემებით, დარღვევები მოიცავდა ჩინურ სამრეცხაო ქსელებთან დაკავშირებულ სქემებს.
საყურადღებოა, რომ ფინანსური ჯარიმა მოიცავს ოკუპირებული და სანქცირებული სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთისა და ირანის მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებსაც.
თავის მხრივ, კომპანიამ აღიარა, რომ ბანკების საიდუმლოების შესახებ კანონი "განზრახ დაარღვია", რადგან სათანადო შიდა კონტროლი არ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებზეც აისახება. Bank of America-ს განცხადებით, მესამე კვარტალის შედეგებში 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის არასაგადასახადო ხარჯი დაფიქსირდება, რაც წმინდა შემოსავალს ერთ აქციაზე დაახლოებით 17 ცენტით შეამცირებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.