„არ უკავშირდება კონკრეტულ საქმეს“ - პროკურატურიდან წასული გიორგი ნადირაძე
პროკურორმა გიორგი ნადირაძემ პროკურატურა დატოვა და განაცხადა, რომ წასვლა არცერთ საქმეს არ უკავშირდება. დაზარალებული ჟურნალისტი გურამ როგავა კი ამტკიცებს, რომ ნადირაძე მის „უნიჭოდ შეკერილ საქმეზე“ დიდ დისკომფორტს განიცდიდა და რეალური თავდამსხმელი კვლავ დაუსჯელია.

რას ამბობს ნადირაძე?
„საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა“, - დაწერა ნადირაძემ ფეისბუკზე 13 ოქტომბერს, საღამოს.
მისი თქმით, პროკურატურაში მუშაობა 2018 წელს, სტაჟირების პროგრამით დაიწყო და წლების განმავლობაში „არაერთი პროფესიული ეტაპი“ გაიარა.
„დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ“, - დაწერა ნადირაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა გეგმები აქვს.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ნადირაძის წასვლას, მათ შორის, ჟურნალისტი გურამ როგავა გამოეხმაურა, ყოფილმა პროკურორმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა და „დამატებითი განმარტება“ გააკეთა.
„მესმის, რომ ჩემი გადაწყვეტილება სხვადასხვა საქმესა თუ მოვლენას შეიძლება დაუკავშირდეს. თუმცა მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება არ უკავშირდება არც ერთ კონკრეტულ საქმეს ან მასთან დაკავშირებულ გარემოებას“, - დაწერა ნადირაძემ.
მისი მტკიცებით, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში არასდროს უხელმძღვანელია კერძო ინტერესებით. ნადირაძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის „ეფუძნებოდა კანონს, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და საკუთარ პრინციპებს“.
ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ კონკრეტული საქმეების გარემოებებზე საჯარო კომენტარების გაკეთებას არ აპირებს.
რას ამბობს გურამ როგავა?
ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც 2024 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა, ნადირაძის წასვლას ფეისბუკზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, სასამართლოში ნადირაძესთან რამდენჯერმე ჰქონდა მოკლე კომუნიკაცია.
„მაქსიმალურად მარიდებდა თავს, მაგრამ როგორღაც ვგრძნობდი, რამხელა დისკომფორტს განიცდიდა, უნიჭოდ შეკერილი საქმე რომ მიაბარეს“, - წერს როგავა.
ჟურნალისტი ადრეც აცხადებდა, რომ სპეცრაზმელი, რომელსაც მის მიმართ ძალადობის ბრალდება აქვს წარდგენილი, რეალური თავდამსხმელი არ არის.
„ჩემთვის მთავარი კითხვაა, რატომ არ სჯიან რეალურ თავდამსხმელს, რომელიც ისევ თავისუფლად დასეირნობს ქუჩებში? რატომ არის ის ხელშეუხებელი? რით დაიმსახურა ასეთი ძლიერი იმუნიტეტი?“ - კითხულობს როგავა.
„არ ვიცი, ახლა ვინ გადაიბარებს ჩემი და ზვიადის საქმეს, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, ზუსტად იცოდე, ადრე თუ გვიან, მაინც დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველა გამომძიებელს, პროკურორს მოვკითხავთ, რატომ გააყალბეს მტკიცებულებები“, - დაწერა ჟურნალისტმა.
რადიო თავისუფლება პროკურატურაში დაინტერესდა, დაინიშნა თუ არა როგავასა და მაისაშვილის საქმეზე ახალი პროკურორი. პასუხი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.
სპეცრაზმელების საქმე
2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
მათ შორის იყვნენ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.
ხუთი ბრალდებულიდან ორი სხვა საქმეებზე უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.
ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
გურამ როგავას მიმართ ძალადობაში ბრალდებულს დამატებით წარუდგინეს ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის.
წარდგენილი ბრალდებები, მათი დამტკიცების შემთხვევაში, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგავასა და მაისაშვილის მიმართ ძალადობის საქმე სასამართლოში დახურულ რეჟიმში განიხილება. ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმე.
სპეცრაზმელების დაკავებამდე ორი დღით ადრე, 5 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერში გურამ როგავაზე, სავარაუდოდ, იძალადა ახალგაზრდა სპეცრაზმელმა, ინიციალებით ი.შ.
სპეცრაზმის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მაშინ აცხადებდა, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ გამოკითხა ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომლის საავტორო გადაცემაშიც საგამოძიებო სიუჟეტი გავიდა. 7 მაისს ცნობილი გახდა, რომ როგავაზე ძალადობის ბრალდებით პასუხისგებაში სხვა პირი მისცეს.
პროკურატურის ვერსიით, ჟურნალისტს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გ.კ. დაესხა თავს. გურამ როგავა ამ ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეალური თავდამსხმელი პასუხისგებაში არ მიუციათ.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა“
„დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ“
„მესმის, რომ ჩემი გადაწყვეტილება სხვადასხვა საქმესა თუ მოვლენას შეიძლება დაუკავშირდეს. თუმცა მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება არ უკავშირდება არც ერთ კონკრეტულ საქმეს ან მასთან დაკავშირებულ გარემოებას“
„მაქსიმალურად მარიდებდა თავს, მაგრამ როგორღაც ვგრძნობდი, რამხელა დისკომფორტს განიცდიდა, უნიჭოდ შეკერილი საქმე რომ მიაბარეს“
„ჩემთვის მთავარი კითხვაა, რატომ არ სჯიან რეალურ თავდამსხმელს, რომელიც ისევ თავისუფლად დასეირნობს ქუჩებში? რატომ არის ის ხელშეუხებელი? რით დაიმსახურა ასეთი ძლიერი იმუნიტეტი?“
„პირველად ესმის“
„ეფუძნებოდა კანონს, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და საკუთარ პრინციპებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.