რევაზ ბოჭორიშვილი: ხოდა, სანამ მუდმივად სალანძღავ ევროპას შეედრებიან, ჯერ ჯანდაცვის სისტემა ააწყონ ამ დონეზე და მერე ამოიღონ ხმა
რევაზ ბოჭორიშვილი: წინასწარ ვიცი, ახლა „ევროპაშიც აკრძალულია“ არგუმენტს ჩვეულებისამებრ დემაგოგიურად მოიშველიებენ, გადავეყარე უკვე მსგავს კომენტარებს.

პროფესორი - რევაზ ბოჭორიშვილი:
წინასწარ ვიცი, ახლა „ევროპაშიც აკრძალულია“ არგუმენტს ჩვეულებისამებრ დემაგოგიურად მოიშველიებენ, გადავეყარე უკვე მსგავს კომენტარებს.
ქვეყნების ჩამოთვლას არ დავიწყებ, სადაა აკრძალული და სად არა, საფრანგეთზე შევჩერდები მხოლოდ, რომლის რეალობა ყველაზე კარგად ვიცი, თან რეპროდუქტოლოგიის პიონერებთან ვმუშაობდი და ამ სფეროს განვითარების ეტაპებიც კარგად მახსოვს.
ჰოდა, დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ არა პოლიტიკური ვაჭრობისა ან ობსკურანტისტებთან გარიგების გამო („ამას დაგითმობთ, სამაგიეროდ აზარტული თამაშების ბიზნესს თავი დაანებეთ“), არამედ კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩოთი, 1994 წლის “ბიოეთიკის კანონით”. მის მოტივებსა და არგუმენტებზეც აქ არ გავჩერდები, ამ თემის სხვა ასპექტზე ვწერ.
ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეს კანონი არ უკრძალავს უცხოეთში წასვლას და სუროგაციით სარგებლობას იქ, სადაც ის ნებადარათულია. 69-მილიონიან ქვეყანაში ამ გზას წელიწადში სულ რაღაც 300–500 წყვილი მიმართავს. შედარებისთვის: ქალების რაოდენობა, ვინც სპონტანურად ვერ ორსულდება, დაახლოებით 3 მილიონია. ანუ სუროგაციას რეალურად ძალიან ცოტა ირჩევს.
მაგრამ მთავარი სხვა რამეა: საფრანგეთში უშვილობის მკურნალობა მოქალაქეებისთვის 100%-ით უფასოა, ყველაფერი, მრავალჯერადი და ძვირადღირებული კვლევებით დაწყებული, ნებისმიერი მკურნალობითა თუ ოპერაციით დამთავრებული.
ნაზღაურდება ანალიზებისა და პროცედურების გამო სამსახურში გაცდენილი საათებიც და კლინიკამდე მგზავრობის ხარჯებიც კი, მანძილისა და ტრანსპორტის ტიპის მიუხედავად. სრულად ფინანსდება ხელოვნური განაყოფიერებაც , 4 მცდელობა, 43 წლის ასაკამდე.
ტენდენციებიც საკმაოდ დადებითია: რამდენჯერმე მოხდა 1994 წლის კანონის გადახედვა და გაუმჯობესება, ბოლო პერიოდში ხელოვნური განაყოფიერება სრულად ხელმისაწვდომი გახდა მარტოხელა დედებისა და ქალთა წყვილებისთვის. რაც შეეხება სუროგაციას, ამ საკითხზე პოლიტიკოსებსა და სპეციალისტებს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში მისი დაშვებაც გადაწყდეს.
ხოდა, სანამ მუდმივად სალანძღავ ევროპას შეედრებიან, ჯერ ჯანდაცვის სისტემა ააწყონ ამ დონეზე და მერე ამოიღონ ხმა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…