მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის დაცვისთვის და მისთვის ლოცვის აღთქმა გამოთქვა (ფოტოები)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქ კირილეს მართლმადიდებლობის დაცვისათვის და აღუთქვა, რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასა და მის მეთაურს.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსეთის პატრიარქ კირილესთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილეს - ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს:
მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქ კირილეს მართლმადიდებლობის დაცვისათვის და აღუთქვა, რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასა და მის მეთაურს:
"იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.
მსოფლიო საეკლესიო საიხლენის ინფორმაციით, მან ასევე პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ლოცვის აღთქმა გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ჯვარი და ორი პანაღია გადასცა, მღვდელმთავრებს - პანაღიები, ხოლო პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს - სამახსოვრო ჯვარი. თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ეკლესიის მეთაურს პანაღია და სადღესასწაულო ხატების გამოსახულებიანი ხატი მიართვა
შეხვედრა 2026 წლის 21 ნოემბერს, მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მდებარე საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით 80 წლის იუბილე მიულოცა.
როგორც მსოფლიო საეკლესიო სიახლენი წერს, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს მართლმადიდებელ სამყაროში უთანხმოებას იწვევს. პატრიარქ კირილის განცხადებით, იგი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ეკლესიის პოზიციას ამ საკითხებზე.
„მართლმადიდებელთა დაყოფა ძალიან მარტივია, ხოლო მათი გაერთიანება - ძალიან რთული. […] სამწუხაროდ, დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა მკურნალობაც აუცილებელია. ამის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შესაძლოა ყველაზე არასასურველი იყოს“, - განაცხადა პატრიარქმა კირილემ.
ამავე შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე.
პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და განაცხადა, რომ მათ კიდევ უფრო განმტკიცების საფუძველი აქვთ.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს მოსკოვში მიწვევისა და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.






მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…