გიორგი ბუტიკაშვილი: საქართველოს ევროპულ გზას აფერხებს ივანიშვილის არჩევანი, რომლის ფასსაც დღეს მთელი ქვეყანა იხდის
გიორგი ბუტიკაშვილი: ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში და პაველ ჰერჩინსკის დღევანდელი ბრიფინგი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიანიშნებს, რომლებიც მხოლოდ ,,ქართული ოცნების" მიმართ გამოთქმული კრიტიკით არ შემოიფარგლება.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი:
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში და პაველ ჰერჩინსკის დღევანდელი ბრიფინგი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიანიშნებს, რომლებიც მხოლოდ ,,ქართული ოცნების" მიმართ გამოთქმული კრიტიკით არ შემოიფარგლება.
პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, რა ხდება თავად ევროკავშირში. გაფართოება კვლავ რეალური პოლიტიკური პროცესია. უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები წინ მიიწევენ, ევროკავშირი კი გაფართოებას სულ უფრო მეტად განიხილავს საკუთარი უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების ნაწილად. საქართველო ამ პროცესს ფაქტობრივად ჩამოშორებულია. შესაბამისად, საქმე მხოლოდ დაკარგულ დროს არ ეხება. ქვეყანა კარგავს შესაძლებლობას, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაში.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ აფასებს ევროკომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თუ ადრე კრიტიკა ძირითადად ცალკეული რეფორმების შეუსრულებლობას ეხებოდა, დღეს უკვე საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემურ შესუსტებაზე, ძალაუფლების კონცენტრაციასა და პოლიტიკური სივრცის შეზღუდვაზე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე პროცესი სწორედ ამ საერთო სურათის ნაწილია. ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას არ გულისხმობს. მისი წინაპირობა ისეთი პოლიტიკური სისტემის არსებობაა, სადაც ხელისუფლების შეცვლა თავისუფალი არჩევნებით რეალურად შესაძლებელია.
საყურადღებოა ჰერჩინსკის განმარტებაც, რომ ანგარიშის მომზადებისას ევროკომისიამ თავად საქართველოს ხელისუფლებისგან 530 გვერდზე მეტი ინფორმაცია მიიღო. შესაბამისად, ,,ქართულ ოცნებას" ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი არგუმენტები, მიღწევები და პოზიციები. ევროკომისიის შეფასება სწორედ ამ ინფორმაციისა და სხვა წყაროების ანალიზსაც ეფუძნება. ამიტომ ანგარიშის შინაარსზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია კონკრეტული დასკვნების განხილვა და არა იმის გარკვევა, ვის რა პოლიტიკური დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დახურულა და არც ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი დამდგარა ეჭვქვეშ. ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა, საზოგადოებას ევროპული არჩევანი, ევროკავშირს სურვილი საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ საქართველოს ევროპულ გზას აფერხებს ივანიშვილის არჩევანი, რომლის ფასსაც დღეს მთელი ქვეყანა იხდის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…