თამთა მიქელაძე: რა იყო კობახიძის მთავარი გზავნილი, თუ ამ ინტერვიუს შევაჯამებთ? არსებითად, ის ამბობს, რომ...
თამთა მიქელაძე: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება არ არის სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის წინააღმდეგ მოქმედება. და სწორედ ამ არჩევანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე:
გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ინტერვიუში გამოავლინა სიხისტე, არადიპლომატიურობა და, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური მოუქნელობაც. ცალკეულ ეპიზოდებში კრიტიკულ კითხვებზე მისი დაბნეულობა და არაადეკვატური პასუხები ნათლად აჩვენებდა, რამდენად გადაჩვეულები არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას და ისეთ გარემოში მოქმედებას, სადაც სიტუაციას თავად ვერ აკონტროლებენ.
რა იყო კობახიძის მთავარი გზავნილი, თუ ამ ინტერვიუს შევაჯამებთ? არსებითად, ის ამბობს, რომ:
ევროკავშირი, ევროპის საბჭო და პრაქტიკულად ყველა ევროპული ინსტიტუტი პოლიტიზირებულია და საქართველოს უსამართლოდ აფასებს;
„ქართულ ოცნებას“ სჭირდება დიალოგი და დებატები, რათა ევროკავშირს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოს.
მაგრამ ყველაზე მძიმე ამ ინტერვიუში სხვა რამ იყო: „ქართული ოცნება“ არცერთ საკითხში არ აპირებს უკან დახევას. კობახიძეს არ გაუჩენია დაპირებაც კი, რომ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას აპირებს.
სუვერენიტეტისა და ღირსების სახელით იმ გაერთიანების კრიტერიუმებისა და რეკომენდაციების სრული იგნორირება, რომელიც სახელმწიფოთა შორის ზენაციონალური წესრიგის შექმნას, საერთო წესებზე შეთანხმებასა და მათ დაცვას ეფუძნება, ფაქტობრივად ნიშნავს უარს ამ გაერთიანების წევრობისთვის აუცილებელი ვალდებულებების აღებაზე.
შეუძლებელია, ერთდროულად აცხადებდე ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს და დემონსტრაციულად უარყოფდე იმ წესებსა და პირობებს, რომლებზეც თავად ეს გაერთიანება დგას.
კობახიძემ დისკუსიისას არაერთხელ გაიმეორა, რომ ოპტიმისტად რჩება და სჯერა, რომ მალე თავად ევროკავშირი შეიცვლება.
თუმცა ამ ოპტიმიზმს მყარი პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. ევროკავშირში ავტორიტარული ტენდენციების მქონე ძალებს უპირობო გამარჯვებისთვის არ მიუღწევიათ, ხოლო მათი პოლიტიკური მოკავშირეები - ორბანი და ვუჩიჩი როგორ დამარცხდნენ და როგორ აღარ ყავს ქართულ ოცნებას ერთი მოკავშირეც კი ევროკავშირში, ყველანი კარგად ვხედავთ.
მოკლედ, კობახიძის მიერ გამოვლენილი სიხისტე მხოლოდ არადიპლომატიური ტონი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური გზავნილი, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან ურთიერთობაში არსებით კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს, თუნდაც ამის ფასი საქართველოს ევროპული მომავალი იყოს.
უფრო მეტიც, კობახიძემ არათუ გაწევრიანების პროცესის განახლებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის, არამედ ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულების დაპირებაც კი არ გააჟღერა. მან არ შექმნა არანაირი საფუძველი იმის მოლოდინისთვის, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით პოლიტიკის შეცვლას აპირებს.
მგონი უნდა გავიმეოროთ, რომ: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მხარდაჭერილი ეროვნული მიზანია. ხელისუფლება, რომელიც ამ მიზნისკენ სვლის ნაცვლად ევროპულ ინსტიტუტებთან მუდმივ კონფრონტაციას ირჩევს და აუცილებელი ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება არ არის სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის წინააღმდეგ მოქმედება. და სწორედ ამ არჩევანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…