Naec-ის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. Naec-ის პრესსამსახურის ცნობით, გორგოძემ პირადი განცხადებით ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის გადადგომა PISA-ს კვლევებს უკავშირდება.
მოსწავლეთა შეფასების სისტემის 2022 წლის კვლევაში ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და კითხვა/წაკითხულის გააზრებაში 8 და 6 ქულით გაუარესდა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 1 ქულით გაუმჯობესდა.
PISA 2022-ს შედეგების მიხედვით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიის ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.