დიპროსპანი
DIPROSPAN
დიპროსპანი არის გაჭვირვალე, უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე უცხო მინარევების გარეშე, შეიცავს თეთრ ნაწილაკებს, რომელიც ადვილად იღებს სუსპენზიის ფორმას. დიპროსპანი მოთავსებულია 1 მლ ტევადობის ამპულებში. დიპროსპანი განეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელად „კორტიკოსტეროიდები“. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბეტამეთაზონი (betamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ ი.მ., სახსარშიდა, სახსარახლო, ინტრაბურსალური, კანში, ქსოვილსა და პათოლოგიურ კერაში შესაყვანი საინექციო სუსპენზია ამპულა №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0656
- რეგისტრირებულია
- 9 თებერვალი 2024, მოქმედებს 9 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
დიპროსპანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიპროსპანი არის გაჭვირვალე, უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე უცხო მინარევების გარეშე, შეიცავს თეთრ ნაწილაკებს, რომელიც ადვილად იღებს სუსპენზიის ფორმას.
დიპროსპანი მოთავსებულია 1 მლ ტევადობის ამპულებში.
დიპროსპანი განეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელად „კორტიკოსტეროიდები“. ეს პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის ანთებით დაავადებული უბნების გამოჯანმრთელებას, ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, ქავილს და ალერგიულ რეაქციებს. გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
დიპროსპანი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა:
ართრიტი (გარკვეული სახის სახსრების დაავადება), ბურსიტი (სახსრის ირგვლივ მდებარე აბგების ანთება), იშიაზი (ტკივილი, რომელიც წელიდან ვრცელდება ფეხების უკანა მხარეს), ლუმბაგო (ზურგის ქვედა კუნთების და სახსრების ტკივილი) ან ძვლების ან ღრმა ქსოვილების სხვა დაავადებები.
ასთმა, ალერგიული რინიტი, ბრონქიტი (ბრონქების შიდა ზედაპირის დამფარავი ლორწოვანი გარსის ანთება), წამლისმიერი ალერგიები, ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ნაკბენი ან მწერის ნაკბენი.
ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), თმის ცვენა, ნაწიბურის (ნაიარევის) წარმოქმნა ან კანის დაავადებები, როგორიცაა კისტოზური აკნე.
ექიმის მიერ დიაგნოსტირებული სხვა შემთხვევები.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიპროსპანის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ
დიპროსპანი უნდა გააკეთოს ექიმმა ან ექიმის კონტროლის ქვეშ სამედიცინო პერსონალმა.
დიპროსპანი არის სუსპენზია, რომელიც კეთდება ინექციის გზით. გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიონ. როგორც წესი, დიპროსპანს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი ან სამედიცინო პერსონალი. ექიმი დოზას განსაზღვრავს თქვენი საჭიროების მიხედვით.
გამოყენების გზა და მეთოდი
ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს კუნთში, სახსარში, სახსრის ირგვლივ, დაზიანებაზე, კანზე ან სინოვიურ აბგაში (სითხით სავსე პატარა ტომსიკა, რომელიც იცავს მყესს). შესაძლებელია ინექცია გაკეთდეს რბილ ქსოვილებშიც.
არ შეიძლება დიპროსპანის ინექციის გაკეთება სისხლძარღვში ან კანქვეშ.
„თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს და გაგიკეთებთ თქვენი დაავადების შესაბამისად.“
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება: ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებს შორის ზოგადად არ ვლინდება განსხვავება უვნებლობის და ეფექტურობის მხრივ. არ უნდა იქნას უგულებელყოფილი, რომ ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდს აქვს უფრო მომატებული მგრძნობელობა, მაგრამ სხვა ცნობილი კლინიკური კვლევებით არ არის დადგენილი ასაკოვან და ახალგაზრდა პაციეტებს შორის განსხვავება რეაქციის მხრივ.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ღვიძლის უკმარისობა: ბეტამეთაზონი ღვიძლში იშლება. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ხდება პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფის შენელება ან დაგვიანება.
თუ თვლით, რომ დიპროსპანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დიპროსპანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს, მიიღეთ თუ არა სწორი დოზა.
თუ დიპროსპანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დიპროსპანის ის მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
დიპროსპანით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
კორტიკოსტეროიდებით ხანგძლივად ან მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ პრეპარატის შეწყვეტიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იქნებით ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატიდან გამომდინარე თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა. რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა. მკურნალობის დროს გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დაავადება დაექვემდებაროს კონტროლს. თუ შესაძლებელია, დოზის შემცირება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.
არ შეწყვიტოთ დიპროსპანის გამოყენება უეცრად. დოზა ნელ-ნელა უნდა შეამციროს ექიმმა.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, დიპროსპანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ ნებისმიერი სერიოზული ან მუდმივი გვერდითი რეაქცია ან ჯანმრთელობის ცვლილება, რომელიც, თქვენი აზრით, შესაძლებელია უკავშირდებოდეს დიპროსპანს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ მთელს ორგანიზმში გავრცელებული (სისტემური) სოკოვანი დაავადება
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების - ბეტამეთაზონის დიპროპიონატის, ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის და კორტიკოსტეროიდების კლასის სხვა პრეპარატების ან დიპროსპანის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (იხილეთ ზემოთ მოცემული ნაწილი „დამხმარე ნივთიერებები“).
არ შეიძლება დიპროსპანის კუნთში გაკეთება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით (დაავადება, რომელიც ვლინდება ცხელებით, მოწითალო-იისფერი წერტილის ფორმის ლაქებით, ცნობიერების დაბინდვით, თავის ტკივილით და თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით) დაავადებული პაციენტებისთვის.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიპროსპანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
დიპროსპანის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს:
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კონვულსიები
თუ გაქვთ თვალის დაავადებები
თუ გაქვთ ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია
თუ გაქვთ სოკოვანი დაავადებიდან გამომდინარე ინფექცია
თუ გაქვთ თირკმლის დაავადებები
თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავების დაავადებები
თუ გაქვთ კუშინგის სინდრომი (დარღვევა, რომელიც ვლინდება ორგანიზმზე ჰორმონ კორტიზოლის ხანგრძლივად მაღალი დოზით ზემოქმედებისას და იწვევს ფიზიკურ და გონებრივ ცვლილებებს)
თუ გაქვთ ტუბერკულოზი
თუ გაქვთ თრომბოემბოლიის რისკი
თუ ხართ ორსულად
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადებები
თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან კალციუმის დაკარგვა
თუ წარსულში გქონდათ ფსიქიკური დაავადება
თუ გესაჭიროებათ აცრა
თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე).
თუ გექნებათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დიპროსპანმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, რის გამოც ექვს კვირაზე მეტი ხნით გამოყენებისას პაციენტი უნდა გასინჯოს ოკულისტმა. შესაძლებელია გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომა.
ცნობილია კორტიკოსტეროიდების ხერხემალში ინექციის შემდეგ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი დასრულდა სიკვდილით. ცნობილი გვერდითი რეაქციები მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით: ზურგის ტვინის ინფარქტი (ქსოვილის ნეკროზი, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის მკვებავი არტერიის დახშვის შედეგად), ფეხების და ხელების ფუნქციის დაკარგვა (პარაპლეგია, კვადრიპლეგია), ინსულტი და სიბრმავე. ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები გამოვლენილი იქნა ფლუოროსკოპიის (სამედიცინო ვიზუალიზაციის ტექნიკა) გამოყენებით ან მის გარეშე. არ არის ცნობილი ხერხემალში კორტიკოსტეროიდების გამოყენების უვნებლობა ან ეფექტურობა და არ არის დამტკიცებული ამ სახით გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ჩვილების და ბავშვების ზრდის შენელება, რის გამოც ხანგრძლივი მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია, ექიმი ყურადღებით დააკვირდეს მათ ზრდას და განვითარებას.
„გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.“
დიპროსპანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლი: დიპროსპანის გამოყენებისას არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგანაც შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის ან ნაწლავების პრობლემები.
სიფრთხილის ზომები
დიპროსპანი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ან კანქვეშ.
ეპიდურული კორტიკოსტეროიდების ინექციების შემდეგ აღწერილია სერიოზული ნევროლოგიური მოვლენები, ზოგიერთი ფატალური. ეს მოვლენები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ზურგის ტვინის ინფარქტით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, კორტიკალური სიბრმავით და ინსულტით. ეს სერიოზული ნევროლოგიური მოვლენები დაფიქსირდა როგორც ფლუოროსკოპიის დროს, ასევე მის გარეშე. ეპიდურული კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის და კორტიკოსტეროიდები არ არის დამტკიცებული ამ მიზნით.
სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ აღწერილია პოტენციურად ფატალური ფეოქრომოციტომის კრიზისი.
კორტიკოსტეროიდები უნდა დაენიშნოს პაციენტებს ფეოქრომოციტომის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
აუცილებელია ანტისეპტიკური ტექნიკის გამოყენება
დიპროსპანი შეიცავს ორ ბეტამეთაზონის ეთერს; ერთ-ერთი მათგანი, ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი, სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან. ამიტომ, ამ პროდუქტის გამოყენებისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დიპროსპანის ამ ხსნადმა კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები.
ქრონიკული გამოყენებისას (ძალიან მაღალი დოზებით, მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ) ან როდესაც კორტიკოსტეროიდების საჭიროება იზრდება (სტრესული სიტუაციების შემდეგ, როგორიცაა ინფექცია, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა), შეწყვეტამ ან მიღების მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება დააჩქაროს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ამიტომ, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. სტრესულ სიტუაციებში ზოგჯერ აუცილებელია კორტიკოსტეროიდების ხელახლა მიღება ან დოზის გაზრდა.
დოზის შემცირება უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ხანგრძლივი ან მაღალი დოზით მკურნალობის შემდეგ, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მონიტორინგი 1 წლის განმავლობაში.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომებია: სისუსტე, კუნთების სისუსტე, ფსიქიკური დარღვევები, ლეთარგია, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, კანის აქერცვლა, ქოშინი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, დაბალი არტერიული წნევა, გაუწყლოება და მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ სიკვდილიც კი. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მკურნალობა გულისხმობს კორტიკოსტეროიდების, მინერალოკორტიკოიდების, წყლის, ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის მიღებას.
კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების სწრაფმა ინტრავენურმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი; ამიტომ, ინექცია უნდა გაკეთდეს 10 წუთის განმავლობაში.
პარენტერალური კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს პაციენტებში იშვიათად აღინიშნა ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციები შოკის შესაძლებლობით. შესაბამისი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კორტიკოსტეროიდებზე ალერგიული რეაქციები.
ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს, პარენტერალურიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს პოტენციური სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ.
სახსარშიდა ინექციების შემთხვევაში მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაციის მიღება:
ამ ტიპის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები.
სეპტიური პროცესის გამოსარიცხად აუცილებელია სახსარში არსებული სითხის გამოკვლევა.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ადრე ინფიცირებულ სახსარში ადგილობრივი ინექციები.
ტკივილისა და ადგილობრივი შეშუპების აშკარა გაძლიერება, სახსრების მობილობის შეზღუდვის გაზრდა, ცხელება და დისკომფორტი უნდა იწვევდეს სეპტიური ართრიტის ეჭვს. თუ ინფექციის დიაგნოზი დადასტურდება, უნდა დაიწყოს შესაბამისი ანტიმიკრობული მკურნალობა.
კორტიკოსტეროიდები არ უნდა შეიყვანონ არასტაბილურ სახსრებში, ინფიცირებულ უბნებსა და მალთაშუა სივრცეებში.
ოსტეოართრიტულ სახსრებში განმეორებითმა ინექციებმა შეიძლება გააუარესოს სახსრების დაზიანება.
კორტიკოსტეროიდები არ უნდა შეიყვანონ პირდაპირ მყესებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა.
კორტიკოსტეროიდების კუნთშიდა ინექცია უნდა შესრულდეს ღრმად კუნთოვან მასებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ლოკალური ქსოვილების ატროფია.
კორტიკოსტეროიდების რბილ ქსოვილებში ან დაზიანებებსა და სახსრებში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური და ადგილობრივი ეფექტები.
კონკრეტული რისკის ჯგუფები
გლუკოკორტიკოიდული თვისებების (გლუკოზის ცილებად გარდაქმნა) გამო, ბეტამეთაზონის გამოყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით და მხოლოდ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
ჰიპოთირეოზის ან ციროზის მქონე პაციენტებში გლუკოკორტიკოიდების ეფექტი მომატებულია.
დიპროსპანის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალის მარტივი ჰერპესის მქონე პაციენტებში რქოვანას პერფორაციის შესაძლებლობის გამო.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ფსიქოზური დარღვევები. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს შეიძლება გაუარესდეს ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზისადმი მიდრეკილება.
სიფრთხილეა რეკომენდებული შემდეგ სიტუაციებში:
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, პერფორაციის, აბსცესის და სხვა ჩირქოვანი ინფექციების რისკი;
დივერტიკულიტი;
ნაწლავის ანასტომოზი;
გასტროდუოდენალური წყლული;
თირკმლის უკმარისობა;
ჰიპერტენზია;
ოსტეოპოროზი;
მიასთენია გრავისი;
გლაუკომა
მწვავე ფსიქოზები;
ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
სოკოვანი ინფექციები;
ზრდის ჩამორჩენა;
ტუბერკულოზი;
კუშინგის სინდრომი;
დიაბეტი;
გულის უკმარისობა;
ძნელად სამკურნალო ეპილეფსია;
თრომბოემბოლიის ან თრომბოფლებიტისადმი მიდრეკილება;
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
როდესაც ფენობარბიტალი გამოიყენება რიფამპინთან, ფენიტოინთან ან ეფედრინის კორტიკოსტეროიდებთან ერთად, შესაძლოა შემცირდეს მათი თერაპიული ეფექტი, რადგან ისინი აჩქარებენ კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმს.
კორტიკოსტეროიდული თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში უკუნაჩვენებია შემდეგი მკურნალობა:
ყვავილის ვაქცინაცია;
სხვა ვაქცინები (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) ნევროლოგიური გართულებების რისკის და ანტისხეულების არასაკმარისი პასუხის გამო.
თუმცა, ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით (მაგ., ადისონის დაავადების დროს).
შარდმდენებთან, როგორიცაა თიაზიდები, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გლუკოზის აუტანლობის რისკი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ როგორც ესტროგენებს, ასევე კორტიკოსტეროიდებს, უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ კორტიკოსტეროიდების ჭარბი ეფექტების გამო.
კორტიკოსტეროიდების და გულის გლიკოზიდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის არითმიების რისკი, რაც გამოწვეულია ჰიპოკალიემიით ან დიგიტალისის ტოქსიკურობით. პაციენტები, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, ხშირად იღებენ შარდმდენებსაც, რაც იწვევს კალიუმის დაკარგვას; ამიტომ, მნიშვნელოვანია კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაამწვავოს ამფოტერიცინ B-თი გამოწვეული კალიუმის დაკარგვა. შრატის ელექტროლიტების, განსაკუთრებით შრატის კალიუმის დონის მკაცრი მონიტორინგი აუცილებელია ყველა პაციენტში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატების კომბინაციას. კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან ერთად შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ანტიკოაგულანტული ეფექტი იმდენად, რომ საჭირო გახდეს დოზის კორექცია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ როგორც ანტიკოაგულანტებს, ასევე გლუკოკორტიკოიდებს, გასათვალისწინებელია კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის წყლულის ან შინაგანი სისხლდენის რისკი.
კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ სისხლში სალიცილატის კონცენტრაციის შემცირება. ამიტომ, კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან შეწყვეტისას უნდა შემოწმდეს სალიცილატის ტოქსიკურობა.
გლუკოკორტიკოიდების და სალიცილატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის წყლულების სიხშირე და სიმძიმე. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან) ან ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის წყლულების განვითარების რისკი ან გააუარესოს არსებული წყლულები. გლუკოკორტიკოიდების სისხლში გლუკოზის დონის ამაღლების ეფექტის გამო, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ან ინსულინის დოზის კორექცია.
სომატოტროპინთან კომბინაციამ შეიძლება დათრგუნოს ამ ჰორმონის ეფექტი. სომატოტროპინის მიღების დროს უნდა მოერიდოთ ბეტამეთაზონის დოზების გამოყენებას, რომლებიც აღემატება 300–450 მკგ-ს (0.3–0.45 მგ) სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე დღეში. CYP3A ინჰიბიტორებთან (მაგ., კობიცისტატის შემცველი პრეპარატები) ერთდროული მკურნალობა, სავარაუდოდ, გაზრდის სისტემური გვერდითი მოვლენების რისკს. ეს კომბინაცია უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების გაზრდილ რისკს. ამ შემთხვევაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების მკაცრი მონიტორინგის ქვეშ.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლაბორატორიული ტესტები
კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნიტროლურ-ტეტრაზოლიუმის აღდგენის ტესტზე, რაც ცრუ უარყოფით შედეგებს იწვევს. ეს გასათვალისწინებელია პარამეტრების და ლაბორატორიული ტესტების (როგორიცაა კანის ტესტები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე) ინტერპრეტაციისას, პაციენტის კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია
ამ ასაკობრივ ჯგუფში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. რეკომენდებულია, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა სათანადო მეთოდით დაიცვან თავი ორსულობისგან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო დიპროსპანის გამოყენება ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობის დროს ტარდებოდა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, მშობიარობის დროს და შემდგომ პერიოდში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე.
თუ დედა ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდა დიპროსპანს, ახალშობილებში დაბადების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე.
კორტიკოსტეროიდები ადვილად აღწევენ პლაცენტაში, თუ დედა ორსულობის პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა კორტიკოსტეროიდებს, ახალშობილი და ჩვილი ყურადღებით უნდა შეაფასოს ექიმმა სავარაუდო თანდაყოლილი კატარაქტის დადგენის მიზნით, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ქალი ორსულობის პერიოდში იღებდა კორტიკოსტეროიდს, მშობიარობიდან გამომდინარე სტრესის მიზეზით თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის (როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობით სტეროიდულ ჰორმონს) დადგენის მიზნით საჭიროა, იგი იყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ ჭინთვების დროს და შემდგომ, ასევე მშობიარობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია

თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო დიპროსპანის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. თუ ორსულობის დროს ტარდებოდა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, მშობიარობის დროს და შემდგომ პერიოდში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიპროსპანი ზოგადად არ ზემოქმედებს კოორდინაციის და რეაქციის უნარზე. მაგრამ მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას ზოგ პაციენტს შესაძლებელია გამოუვლინდეს ძლიერი აღგზნების (ეიფორია) ან გაბრუების შეგრძნება (ინსომნია) ან მხედველობის პრობლემები, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიპროსპანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბენზილის სპირტი:
ამ პრეპარატის ყოველ 1 მლ-ში არის 9 მგ ბენზილის სპირტი.
ბენზილის სპირტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია პატარა ბავშვებში სერიოზული გვერდითი რეაქციის განვითარების რისკთან, რაც მოიცავს სუნთქვის პრობლემებს, სახელად „ასფიქსიის სინდრომი“.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება ახალშობილებში (0-4 კვირის ასაკი) გამოყენება.
ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგანაც შესაძლებელია ორგანიზმში დაგროვდეს დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი რეაქცია, სახელად მეტაბოლური აციდოზი.
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგანაც შესაძლებელია ორგანიზმში დაგროვდეს დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი რეაქცია, სახელად მეტაბოლური აციდოზი.
დიპროსპანი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (სავარაუდოდ დაყოვნებული ტიპის) და გამონაკლის შემთხვევებში სუნთქვის გაძნელებას.
ნატრიუმი:
ამ სამკურნალო პრეპარატის ყოველი ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლები რაოდენობით ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ ამ პრეპარატის გარდა ამჟამად იღებთ, მიიღეთ ან შესაძლებელია მომავალში მიიღოთ სხვა პრეპარატი, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამასთანავე გთხოვთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს, რადგანაც დიპროსპანის გამოყენებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული პრეპარატების დოზის შეცვლა:
ანტიეპილეფსიური პრეპარატები (ეპილეფსიის დროს გამოყენებული პრეპარატები),
ანტიბიოტიკები,
ჰორმონული პრეპარატები,
დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები,
გულის ან სისხლის დაავადებების დროს გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა დიურეზული საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, სისხლის გამათხელებელი პრეპარატები).
თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგანაც დიპროსპანის გამოყენების დროს ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში არსებობს ალბათობა, კუჭმა ან ნაწლავებმა ვერ იმოქმედონ გამართულად:
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს დიპროსპანის ზემოქმედება და, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (მათ შორის აივ ინფექციის დროს გამოყენებული ზოგიერთ პრეპარატს: რიტონავირი, კობიცისტატი), ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს თქვენზე ინტენსიური დაკვირვება.
თუ ექიმი მოითხოვს გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას, არ დაგავიწყდეთ, აცნობოთ, რომ თქვენ იყენებთ დიპროსპანს.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს, მათ შორის პრეპარატებს, რომელიც იყიდება ურეცეპტოდ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
კორტიკოსტეროიდებთან, მათ შორის დიპროსპანთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე და დოზაზე.
ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევის დადგომისას შეწყვიტეთ დიპროსპანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ანაფილაქტოიდური ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება) და წნევის დაქვეითება ან შოკის მსგავსი რეაქციები.
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
უცნობია:
გულისცემის სიჩქარის ცვლილებები, არტერიული წნევის მატება, მგრძნობელობის მქონე პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობა
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთოვანი მასის დაკარგვა, კალციუმის დაკარგვა, მიასთენიით (ქრონიკული ავტოიმუნური ნერვ-კუნთოვანი დაავადება, რომელიც იწვევს ჩონჩხის კუნთების დასუსტებას) დაავადებულებში მიასთენიური სიმპტომების გამწვავება, ოსტეოპოროზი (დაავადება, რომლის დროსაც ქვეითდება ძვლის სიმკვრივე და ხარისხი) ზოგჯერ ძვლების ძლიერი ტკივილით და ხერხემლის ძვლების სპონტანური მოტეხილობით, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (დაავადების პროცესი ბარძაყის და მხრის ძვლებში, რომლის დროსაც ძვლის უბანს სუსტად მიეწოდება სისხლი, რაც იწვევს ძვლის ლოკალურ ნეკროზს), მყესის გაგლეჯა, სტეროიდული მიოპათია (დაავადების პროცესი, რომელიც ზოგადად იწვევს ზედა და ქვედა კიდურების კუნთების და კისრის კუნთების დასუსტებას), პათოლოგიური მოტეხილობა (გარკვეული დაავადებით გამოწვეული ძვლის მოტეხილობა), სახსრის სტრუქტურის ცვლილება
აზოტის გამოყოფის მატება, ლიპომატოზი (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის გარკვეულ უბანზე გროვდება დიდი რაოდენობით ცხიმი), წყლის შეკავება (ედემა), ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი (მდგომარეობა, რომელიც გამომდინარეობს კალიუმის დეფიციტზე ან დაკარგვაზე თირკმლების რეაქციიდან)
კანის გათხელება და მგრძნობელობის მატება, კანის ატროფია (კანის სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვა), ექკიმოზი (სისხლჩაქცევა), სახეზე სიწითლე, ჭრილობის ნელა შეხორცება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, პეტექია (კანქვეშა სისხლდენის გამო წერტილის ფორმის გამონაყარის გაჩენა), ალერგიული ეგზემა, ანგიონევროზული ედემა (ჭინჭრის ციების მსგავსად კანქვეშა მიდამოს შეშუპება)
კუჭის წყლული სავარაუდო დაზიანებასთან და სისხლდენასთან ერთად, კუჭთან ან ნაწლავებთან დაკავშირებული ზოგიერთი დარღვევა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სლოკინი, ნაწლავის პერფორაცია (ნაწლავის ანთება), პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება), მუცლის შებერილობა (მუცელში დაჭიმულობის შეგრძნება), წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავის გაღიზიანება, რომელიც გარდაიქმნება წყლულად)
კონვულსიები, ძლიერი აღგზნება (ეიფორია), ძილის გაძნელება (ინსომნია), გაბრუება, რომელიც მოიცავს თავბრუსხვევასაც, თავის ტკივილი, შაკიკი, ვერტიგო, გუნება-განწყობის ცვლილება, ძლიერი დეპრესია, ძლიერი გაღიზიანება, ფსიქოზური რეაქციები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფსიქიკური დარღვევები, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე (ქალასშიდა წნევის მატება)
თვალის დარღვევები, მაგალითად, უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, გლაუკომა ან თვალის კაკლის ნორმალური პოზიციიდან გადაადგილება
დაბინდული მხედველობა
მთვარისებური სახე (სახის შეშუპება), აკნე, მენსტრუაციის და ლიბიდოს დარღვევები (სქესობრივი ლტოლვის დარღვევები), დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები) საჭიროების მომატება, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება (ნახშირწყლების მონელების გაძნელება), ფარული დიაბეტის სიმპტომები, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ინჰიბიცია (თირკმელზედა ჯირკვლების მეორადი უკმარისობა), რაც სტრესის შემთხვევაში (როგორიცაა ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია და ავადმყოფობა) საზიანოა.
ნაყოფის (დედის მუცელში მყოფი ბავშვის) ან ბავშვის ზრდის შენელება
წონაში მატება
კანის ანალიზებში მკურნალობაზე არსებული პასუხის დათრგუნვა
ინფექციის სიმპტომების შენიღბვა, ფარული ინფექციების გააქტიურება
მიკობაქტერიების, ტუბერკულოზის, Candida albicans-ის ან ვირუსების მიერ გამოწვეული ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება.
ანაფილაქსიური და ალერგიული რეაქციები (ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), არტერიული წნევის დაქვეითება ან შოკთან დაკავშირებული რეაქციები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- დიპროსპანის შენახვა
დიპროსპანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
უნდა ინახებოდეს 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, უნდა დაიცვან გაყინვისგან.
არ გამოიყენოთ დიპროსპანი, თუ შეფუთვაზე ან სუსპენზიაზე შენიშნავთ დაზიანებას.
წინამდებარე პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის/ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს ორგანონ თურქიე ილაჩლარი, სარიერი-სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბუიუქქარიშთირანი, ლულებურგაზი/ქირქლარელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 02/02/2023 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო პერსონალისთვის
დიპროსპანის სუსპენზიის შემადგენელი ბეტამეთაზონის ეთერი - ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და დაუყოვნებლივ იძლევა ეფექტს. პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ ბეტამეთაზონს აქვს მაღალი ხსნადობა და ექიმმა მხედველობაში უნდა მიიღოს ეს მახასიათებელი. პრეპარატის ზემოქმედება იზრდება ჰიპოთირეოიდიზმით და ციროზით დაავადებულ პაციენტებში.
გლუკოკორტიკოსტეროიდების გართულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან, რის გამოც ნებისმიერ პაციენტთან დაკავშირებით მისაღებია შეფასდეს რისკი/სარგებელი.
თუ კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას პარენტერალური გამოყენებიდან სურთ პერორალურ გამოყენებაზე გადასვლა, უნდა შეფასდეს რისკი/სარგებელი.
გამოყენების ფორმა:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატის კრისტალები ძალიან მცირე ზომისაა, რის გამოც ინტრადერმალურად და უშუალოდ დაზიანებაში ინექციის დროს შესაძლებელია წვრილი ნემსის (№:26-მდე) გამოყენება.
თუ სურთ დიპროსპანის სუსპენზიასთან ერთად ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენება, შესაძლებელია შპრიცში პრეპარატთან შერეული იქნას 1% ან 2%-იანი პროკაინის ჰიდროქლორიდი ან ლიდოკაინი, რომელიც არ შეიცავს პარაბენს. არ არსებობს აკრძალვა მსგავსი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში უნდა ერიდოთ მეთილპარაბენის, პროპილპარაბენის, ფენოლის და მათი მსგავსი ნივთიერებების შემცელი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას.
შპრიცში თავდაპირველად უნდა ამოიღონ საჭირო რაოდენობით დიპროსპანის სუსპენზია, შემდეგ კი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება და შპრიცი მსუბუქად უნდა შეანჯღიონ შესარევად.
კანზე დიპროსპანი უნდა გამოიყენონ №:26 ნემსით და ტუბერკულინის შპრიცით 0,2 მლ/სმ2 მოცულობით. ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ქსოვილზე გამოყენებული დიპროსპანის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 1 მლ-ს.
ინექციების უმეტესი ტიპისთვის ვარგისია ტუბერკულინის შპრიცი და №:25 ნემსი.
კორტიკოსტეროიდის ინტრამუსკულური ინექცია უნდა გაკეთდეს კუნთის დიდ მასაში ღრმად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივად ქსოვილის ატროფია. რბილ ქსოვილში ან დაზიანებაზე გაკეთებულმა კორტიკოსტეროიდის ინექციებმა ადგილობრივი რეაქციის გარდა შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური რეაქციებიც.
სახსარში გამოყენება:
სეპტიკური დაავადების ალბათობის გამოსარიცხად საჭიროა სახსრის ყურადღებით გასინჯვა. უნდა ერიდოთ ინფიცირებულ სახსარში ლოკალურად კორტიკოსტეროიდის ინექციის გაკეთებას. თუ დადგინდება სეპტიკური ართრიტის ნიშნები, როგორიცაა ტკივილი და ადგილობრივი შეშუპების მატება, სახსრის მოძრაობის უფრო მეტად შეზღუდვა, ცხელება და მოტეხილობა, უნდა დაიწყოს სათანადო ანტიმიკრობული მკურნალობა.
არ შეიძლება კორტიკოსტეროიდების გაკეთება სუსტ სახსრებში, ინფიცირებულ უბნებზე ან ინტერვერტებრულ ღრუში. ოსტეოართრიტით დაავადებულ სახსრებში მუდმივად ინექციის გაკეთებამ შესაძლებელია გაზარდოს სახსრების დეგენერაცია. უნდა ერიდოთ უშუალოდ მყესში კორტიკოსტეროიდების ინექციის გაკეთებას. სახსარში კორტიკოსტეროიდის გაკეთების შემდეგ პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ ზედმეტად არ დატვირთოს სახსარი, რომელშიც შემსუბუქდა სიმპტომები.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ორსულობის კატეგორია: C. არ შეიძლება ორსულებში გამოყენება სამედიცინო აუცილებლობის გარეშე. მეძუძურ დედებსა და ფერტილური ასაკის ქალებში უნდა გამოიყენონ რისკი/სარგებლის შეფასებით. ჩვილი ბავშვი, რომლის დედა ორსულობის დროს იყენებდა დიდი დოზით კორტიკოსტეროიდებს, უნდა შეფასდეს ჰიპოადრენალიზმის თვალსაზრისით. მშობიარობამდე პერიოდში დედისთვის ბეტამეთაზონის ინექციის გამოყენების შემთხვევაში დროებით ითრგუნება ნაყოფის ჰიპოფიზის ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ თირკმელზედა ჯირკვლებში წარმოებულ კორტიკოსტეროიდს, და ფეტალური ზრდის ჰორმონი. მაგრამ ფეტალური ჰიდროკორტიზონის დათრგუნვა არ ზემოქმედებს მშობიარობის შემდეგ სტრესის მიმართ ჰიპოფიზურ-ადრენოკორტიკალურ პასუხზე.
კორტიკოსტეროიდები აღწევენ პლაცენტაში, რის გამოც, თუ დედა ორსულობის დროს დიდი ხნის განმავლობაში ან გარკვეულ პერიოდებში იღებდა კორტიკოსტეროიდებს, ახალშობილი ან ჩვილი ბავშვი ყურადღებით უნდა გასინჯოს ექიმმა სავარაუდო თანდაყოლილი კატარაქტის დადგენის მიზნით, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება.
ზედოზირების მკურნალობა:
სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლურ რეაქციებს, ძირითადი დაავადების ან თანმხლები დაავადების რეაქციებს ან პრეპარატების ურთიერთქმედებით გამოწვეულ გართულებებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნა საკმარისი სითხის მიღება, მოხდეს დაკვირვება შრატსა და შარდში ელექტროლიტების, განსაკუთრებით ნატრიუმის და კალიუმის დონეზე. თუ გამოვლინდება ელექტროლიტური დისბალანსი, საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა.
ORGANON
945723
130x400
DO 02
ჭარბი დოზა
სიმპტომები
გლუკოკორტიკოიდების, მათ შორის ბეტამეთაზონის, მწვავე დოზის გადაჭარბება სიცოცხლისთვის საშიში არ არის. იმ პირობით, რომ არ არსებობს სპეციფიკური უკუჩვენებები, როგორიცაა დიაბეტი, გლაუკომა ან აქტიური პეპტიური წყლული, ან ისეთი მედიკამენტების გამოყენების დროს, როგორიცაა დიგიტალისი, კუმარინის ანტიკოაგულანტები ან კალიუმის დამშლელი შარდმდენები, გლუკოკორტიკოიდების ძალიან მაღალი დოზების გამოყენებას რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც წესი, არ აქვს სერიოზული შედეგები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 6,43 მგ (5 მგ ბეტამეთაზონის ექვივალენტური)
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2,63 მგ (2 მგ ბეტამეთაზონის ექვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი, უწყლო 2 მგ
ნატრიუმის ქლორიდი 5 მგ
დინატრიუმის ედეტატი 0,1 მგ
ბენზილის სპირტი 9 მგ
მეთილპარაბენი 1,3 მგ
პროპილპარაბენი 0,2 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
24 თვე.
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ოთახის ტემპერატურაზე, გაყინვისგან დაცულ ადგილას.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
შეფუთვის ტიპი: ამპულა
შეფუთვის მასალა: გამჭვირვალე მინა, ტიპი I
- 6. ნარჩენი სამკურნალო საშუალებების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ დადგენილების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ დადგენილების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
ორგანონ თურქაი ილაჩლარი ლტდ. შტი./
Organon Turkey İlaçları Ltd. Şti.
ესენტეპე მაჰ. ბიუკდერე ქ. კანიონ ბლოკი N:185
შიდა კარი No:271, შიშლი-სტამბული
ტელეფონი: (212) 268 20 68
ფაქსი: (212) 319 76 00
- ნებართვის ნომერი
2022/216
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 11.04.2022
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი: H02AB01
ბეტამეთაზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი (9α-ფტორ-16β-მეთილპრედნიზოლონი). ბეტამეთაზონს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიული და ანტიალერგიული ეფექტები.
ბეტამეთაზონს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. გლუკოკორტიკოიდები დიფუზირდება უჯრედის მემბრანებში და ქმნის კომპლექსებს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან. ეს კომპლექსები შემდეგ შედიან უჯრედის ბირთვში, უკავშირდებიან დნმ-ს (ქრომატინს) და ასტიმულირებენ mRNA ტრანსკრიფციას და ცილის სინთეზს სხვადასხვა ფერმენტების მიერ. შესაბამისად, ეს კომპლექსები პასუხისმგებელნი არიან სისტემური გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას დაფიქსირებულ ეფექტებზე. ანთებით და იმუნურ პროცესებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გარდა, გლუკოკორტიკოიდები ასევე გავლენას ახდენენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმზე. და ბოლოს, ისინი ასევე გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჩონჩხის კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
გავლენა ანთებით და იმუნურ პროცესებზე
გლუკოკორტიკოიდების ანთების საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიული და ანტიალერგიული თვისებები განაპირობებენ მათი თერაპიული გამოყენების დიდ ნაწილს. ამ თვისებების ძირითადი კომპონენტებია: იმუნური უჯრედების რაოდენობის შემცირება ანთებით არეში, ვაზოდილატაციის შემცირება, ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაცია, ფაგოციტოზის დათრგუნვა და პროსტაგლანდინებისა და მათთან დაკავშირებული ნივთიერებების წარმოების შემცირება.
მათი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაახლოებით 25-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰიდროკორტიზონის და 8-10-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე პრედნიზოლონის (წონის მიხედვით).
ზემოქმედება ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმზე
გლუკოკორტიკოიდები ასტიმულირებენ ცილების დაშლას. გამოთავისუფლებული ამინომჟავები ღვიძლში გლუკონეოგენეზის გზით გარდაიქმნება გლუკოზად და გლიკოგენად. პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის შეწოვა მცირდება, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიას და გლუკოზურიას, განსაკუთრებით დიაბეტისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
გავლენა ლიპიდურ მეტაბოლიზმზე
გლუკოკორტიკოიდებს აქვთ ლიპოლიზური აქტივობა. ეს ლიპოლიზი განსაკუთრებით გამოხატულია კიდურებში. გლუკოკორტიკოიდებს ასევე აქვთ ლიპოგენური ეფექტი, რომელიც ძირითადად ვლინდება ტანში, კისერსა და თავში. ყველა ეს ეფექტი იწვევს ცხიმოვანი დეპოზიტების გადანაწილებას.
კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური ფარმაკოლოგიური ეფექტი ხდება შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ. ეს აჩვენებს, რომ ამ მედიკამენტების ეფექტების უმეტესობა არ არის დაფუძნებული თავად პრეპარატის პირდაპირ მოქმედებაზე, არამედ ფერმენტული აქტივობის ცვლილებაზე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეტიკური ანალოგები, მათ შორის ბეტამეთაზონის დიპროპიონატი და ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი, შეიწოვება ადგილობრივი ინექციის ადგილიდან და იწვევს ადგილობრივ და სისტემურ თერაპიულ და სხვა ფარმაკოლოგიურ ეფექტებს.
განაწილება
როგორც ჩანს, კორტიკოსტეროიდის ბიოლოგიური ეფექტი უფრო მეტად დაკავშირებულია შეუკავშირებელ კორტიკოსტეროიდთან, ვიდრე კორტიკოსტეროიდის საერთო პლაზმურ კონცენტრაციასთან. ბეტამეთაზონი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს (საშუალო კონცენტრაციის დიაპაზონში = 62.5%); ჰიდროკორტიზონი, მეორეს მხრივ, ნორმალურ პლაზმურ დონეზე უკავშირდება 89%-ს. ჰიდროკორტიზონის 100-ჯერ მეტ კონცენტრაციაშიც კი, ბეტამეთაზონი არ მოქმედებს ჰიდროკორტიზონის შეკავშირებაზე; ბეტამეთაზონი ძირითადად უკავშირდება ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად, ბეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ქიმიურად, ბეტამეთაზონი გარკვეულწილად განსხვავდება სხვა ბუნებრივი კორტიკოსტეროიდებისგან, რაც საკმარისია მის მეტაბოლიზმზე ზემოქმედებისთვის.
ელიმინაცია
ვინაიდან კორტიკოსტეროიდების ფარმაკოდინამიკური ეფექტები, როგორც წესი, უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე გაზომვადი პლაზმური კონცენტრაცია, სისხლში კორტიკოსტეროიდების დონეს (სულ ან შეუკავშირებელს) და თერაპიულ ეფექტს შორის კონკრეტული კავშირი არ დადასტურებულა. სისტემურად შეყვანილი ბეტამეთაზონის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი 300 წუთი ან მეტია, ხოლო ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი 36-დან 54 საათამდეა. კორტიკოსტეროიდების ეფექტური და უსაფრთხო დოზები, ჩანაცვლებითი თერაპიის გარდა, ძირითადად ემპირიული კვლევებით განისაზღვრა. პერორალურად ან პარენტერალურად შეყვანილი ბეტამეთაზონის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი >300 წუთია, ჰიდროკორტიზონისგან განსხვავებით, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 90 წუთია. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ბეტამეთაზონის კლირენსი უფრო ნელია, ვიდრე ჯანმრთელ პირებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დიპროსპანი 5 მგ + 2 მგ/1 მლ საინექციო სუსპენზია
სტერილური
გამოიყენება კუნთში, სახსარში, სახსრის ირგვლივ, დაზიანებაზე და ქსოვილში.
აქტიური ნივთიერება: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი: 6,43 მგ (5 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტური)
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი: 2,63 მგ (2 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი, უწყლო; ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მითითებული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის დიპროსპანი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიპროსპანის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება დიპროსპანი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
- დიპროსპანის შენახვა
- რა არის დიპროსპანი და რისთვის გამოიყენება?
დიპროსპანი არის გაჭვირვალე, უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე უცხო მინარევების გარეშე, შეიცავს თეთრ ნაწილაკებს, რომელიც ადვილად იღებს სუსპენზიის ფორმას.
დიპროსპანი მოთავსებულია 1 მლ ტევადობის ამპულებში.
დიპროსპანი განეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელად „კორტიკოსტეროიდები“. ეს პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის ანთებით დაავადებული უბნების გამოჯანმრთელებას, ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, ქავილს და ალერგიულ რეაქციებს. გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
დიპროსპანი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა:
ართრიტი (გარკვეული სახის სახსრების დაავადება), ბურსიტი (სახსრის ირგვლივ მდებარე აბგების ანთება), იშიაზი (ტკივილი, რომელიც წელიდან ვრცელდება ფეხების უკანა მხარეს), ლუმბაგო (ზურგის ქვედა კუნთების და სახსრების ტკივილი) ან ძვლების ან ღრმა ქსოვილების სხვა დაავადებები.
ასთმა, ალერგიული რინიტი, ბრონქიტი (ბრონქების შიდა ზედაპირის დამფარავი ლორწოვანი გარსის ანთება), წამლისმიერი ალერგიები, ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ნაკბენი ან მწერის ნაკბენი.
ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), თმის ცვენა, ნაწიბურის (ნაიარევის) წარმოქმნა ან კანის დაავადებები, როგორიცაა კისტოზური აკნე.
ექიმის მიერ დიაგნოსტირებული სხვა შემთხვევები.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიპროსპანის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დიპროსპანი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ მთელს ორგანიზმში გავრცელებული (სისტემური) სოკოვანი დაავადება
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების - ბეტამეთაზონის დიპროპიონატის, ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის და კორტიკოსტეროიდების კლასის სხვა პრეპარატების ან დიპროსპანის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (იხილეთ ზემოთ მოცემული ნაწილი „დამხმარე ნივთიერებები“).
არ შეიძლება დიპროსპანის კუნთში გაკეთება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით (დაავადება, რომელიც ვლინდება ცხელებით, მოწითალო-იისფერი წერტილის ფორმის ლაქებით, ცნობიერების დაბინდვით, თავის ტკივილით და თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით) დაავადებული პაციენტებისთვის.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიპროსპანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
დიპროსპანის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს:
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კონვულსიები
თუ გაქვთ თვალის დაავადებები
თუ გაქვთ ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია
თუ გაქვთ სოკოვანი დაავადებიდან გამომდინარე ინფექცია
თუ გაქვთ თირკმლის დაავადებები
თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავების დაავადებები
თუ გაქვთ კუშინგის სინდრომი (დარღვევა, რომელიც ვლინდება ორგანიზმზე ჰორმონ კორტიზოლის ხანგრძლივად მაღალი დოზით ზემოქმედებისას და იწვევს ფიზიკურ და გონებრივ ცვლილებებს)
თუ გაქვთ ტუბერკულოზი
თუ გაქვთ თრომბოემბოლიის რისკი
თუ ხართ ორსულად
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადებები
თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან კალციუმის დაკარგვა
თუ წარსულში გქონდათ ფსიქიკური დაავადება
თუ გესაჭიროებათ აცრა
თუ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე).
თუ გექნებათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. დიპროსპანმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, რის გამოც ექვს კვირაზე მეტი ხნით გამოყენებისას პაციენტი უნდა გასინჯოს ოკულისტმა. შესაძლებელია გამოიწვიოს კატარაქტა და გლაუკომა.
ცნობილია კორტიკოსტეროიდების ხერხემალში ინექციის შემდეგ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი დასრულდა სიკვდილით. ცნობილი გვერდითი რეაქციები მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით: ზურგის ტვინის ინფარქტი (ქსოვილის ნეკროზი, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის მკვებავი არტერიის დახშვის შედეგად), ფეხების და ხელების ფუნქციის დაკარგვა (პარაპლეგია, კვადრიპლეგია), ინსულტი და სიბრმავე. ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები გამოვლენილი იქნა ფლუოროსკოპიის (სამედიცინო ვიზუალიზაციის ტექნიკა) გამოყენებით ან მის გარეშე. არ არის ცნობილი ხერხემალში კორტიკოსტეროიდების გამოყენების უვნებლობა ან ეფექტურობა და არ არის დამტკიცებული ამ სახით გამოყენება.
ბავშვები და მოზარდები
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ჩვილების და ბავშვების ზრდის შენელება, რის გამოც ხანგრძლივი მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია, ექიმი ყურადღებით დააკვირდეს მათ ზრდას და განვითარებას.
„გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.“
დიპროსპანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლი: დიპროსპანის გამოყენებისას არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგანაც შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის ან ნაწლავების პრობლემები.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. რეკომენდებულია, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა სათანადო მეთოდით დაიცვან თავი ორსულობისგან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო დიპროსპანის გამოყენება ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობის დროს ტარდებოდა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, მშობიარობის დროს და შემდგომ პერიოდში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე.
თუ დედა ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდა დიპროსპანს, ახალშობილებში დაბადების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე.
კორტიკოსტეროიდები ადვილად აღწევენ პლაცენტაში, თუ დედა ორსულობის პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა კორტიკოსტეროიდებს, ახალშობილი და ჩვილი ყურადღებით უნდა შეაფასოს ექიმმა სავარაუდო თანდაყოლილი კატარაქტის დადგენის მიზნით, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ქალი ორსულობის პერიოდში იღებდა კორტიკოსტეროიდს, მშობიარობიდან გამომდინარე სტრესის მიზეზით თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის (როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობით სტეროიდულ ჰორმონს) დადგენის მიზნით საჭიროა, იგი იყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ ჭინთვების დროს და შემდგომ, ასევე მშობიარობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ბავშვს აწოვებთ ძუძუს, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის ცნობილი, არის თუ არა უსაფრთხო დიპროსპანის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. თუ ორსულობის დროს ტარდებოდა კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, მშობიარობის დროს და შემდგომ პერიოდში საჭიროა ყურადღებით დაკვირვება როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
დიპროსპანი ზოგადად არ ზემოქმედებს კოორდინაციის და რეაქციის უნარზე. მაგრამ მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას ზოგ პაციენტს შესაძლებელია გამოუვლინდეს ძლიერი აღგზნების (ეიფორია) ან გაბრუების შეგრძნება (ინსომნია) ან მხედველობის პრობლემები, რამაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიპროსპანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბენზილის სპირტი:
ამ პრეპარატის ყოველ 1 მლ-ში არის 9 მგ ბენზილის სპირტი.
ბენზილის სპირტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბენზილის სპირტი დაკავშირებულია პატარა ბავშვებში სერიოზული გვერდითი რეაქციის განვითარების რისკთან, რაც მოიცავს სუნთქვის პრობლემებს, სახელად „ასფიქსიის სინდრომი“.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება ახალშობილებში (0-4 კვირის ასაკი) გამოყენება.
ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგანაც შესაძლებელია ორგანიზმში დაგროვდეს დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი რეაქცია, სახელად მეტაბოლური აციდოზი.
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგანაც შესაძლებელია ორგანიზმში დაგროვდეს დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტი და გამოიწვიოს გვერდითი რეაქცია, სახელად მეტაბოლური აციდოზი.
დიპროსპანი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (სავარაუდოდ დაყოვნებული ტიპის) და გამონაკლის შემთხვევებში სუნთქვის გაძნელებას.
ნატრიუმი:
ამ სამკურნალო პრეპარატის ყოველი ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლები რაოდენობით ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ ამ პრეპარატის გარდა ამჟამად იღებთ, მიიღეთ ან შესაძლებელია მომავალში მიიღოთ სხვა პრეპარატი, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამასთანავე გთხოვთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე პრეპარატს, რადგანაც დიპროსპანის გამოყენებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული პრეპარატების დოზის შეცვლა:
ანტიეპილეფსიური პრეპარატები (ეპილეფსიის დროს გამოყენებული პრეპარატები),
ანტიბიოტიკები,
ჰორმონული პრეპარატები,
დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები,
გულის ან სისხლის დაავადებების დროს გამოყენებული პრეპარატები (როგორიცაა დიურეზული საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, სისხლის გამათხელებელი პრეპარატები).
თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგანაც დიპროსპანის გამოყენების დროს ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში არსებობს ალბათობა, კუჭმა ან ნაწლავებმა ვერ იმოქმედონ გამართულად:
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს დიპროსპანის ზემოქმედება და, თუ იღებთ ამ პრეპარატებს (მათ შორის აივ ინფექციის დროს გამოყენებული ზოგიერთ პრეპარატს: რიტონავირი, კობიცისტატი), ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს თქვენზე ინტენსიური დაკვირვება.
თუ ექიმი მოითხოვს გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებას, არ დაგავიწყდეთ, აცნობოთ, რომ თქვენ იყენებთ დიპროსპანს.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს, მათ შორის პრეპარატებს, რომელიც იყიდება ურეცეპტოდ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება დიპროსპანი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ
დიპროსპანი უნდა გააკეთოს ექიმმა ან ექიმის კონტროლის ქვეშ სამედიცინო პერსონალმა.
დიპროსპანი არის სუსპენზია, რომელიც კეთდება ინექციის გზით. გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიონ. როგორც წესი, დიპროსპანს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი ან სამედიცინო პერსონალი. ექიმი დოზას განსაზღვრავს თქვენი საჭიროების მიხედვით.
გამოყენების გზა და მეთოდი
ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს კუნთში, სახსარში, სახსრის ირგვლივ, დაზიანებაზე, კანზე ან სინოვიურ აბგაში (სითხით სავსე პატარა ტომსიკა, რომელიც იცავს მყესს). შესაძლებელია ინექცია გაკეთდეს რბილ ქსოვილებშიც.
არ შეიძლება დიპროსპანის ინექციის გაკეთება სისხლძარღვში ან კანქვეშ.
„თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს და გაგიკეთებთ თქვენი დაავადების შესაბამისად.“
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ასაკოვნებში გამოყენება: ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებს შორის ზოგადად არ ვლინდება განსხვავება უვნებლობის და ეფექტურობის მხრივ. არ უნდა იქნას უგულებელყოფილი, რომ ზოგიერთ ასაკოვან ინდივიდს აქვს უფრო მომატებული მგრძნობელობა, მაგრამ სხვა ცნობილი კლინიკური კვლევებით არ არის დადგენილი ასაკოვან და ახალგაზრდა პაციეტებს შორის განსხვავება რეაქციის მხრივ.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ღვიძლის უკმარისობა: ბეტამეთაზონი ღვიძლში იშლება. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ხდება პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფის შენელება ან დაგვიანება.
თუ თვლით, რომ დიპროსპანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დიპროსპანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს, მიიღეთ თუ არა სწორი დოზა.
თუ დიპროსპანი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დიპროსპანის ის მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
დიპროსპანით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
კორტიკოსტეროიდებით ხანგძლივად ან მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ პრეპარატის შეწყვეტიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იქნებით ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატიდან გამომდინარე თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა. რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად დოზა უნდა შემცირდეს ნელ-ნელა. მკურნალობის დროს გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი დოზა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დაავადება დაექვემდებაროს კონტროლს. თუ შესაძლებელია, დოზის შემცირება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.
არ შეწყვიტოთ დიპროსპანის გამოყენება უეცრად. დოზა ნელ-ნელა უნდა შეამციროს ექიმმა.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, დიპროსპანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ ნებისმიერი სერიოზული ან მუდმივი გვერდითი რეაქცია ან ჯანმრთელობის ცვლილება, რომელიც, თქვენი აზრით, შესაძლებელია უკავშირდებოდეს დიპროსპანს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მოცემული სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
კორტიკოსტეროიდებთან, მათ შორის დიპროსპანთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე და დოზაზე.
ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევის დადგომისას შეწყვიტეთ დიპროსპანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ანაფილაქტოიდური ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება) და წნევის დაქვეითება ან შოკის მსგავსი რეაქციები.
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
უცნობია:
გულისცემის სიჩქარის ცვლილებები, არტერიული წნევის მატება, მგრძნობელობის მქონე პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობა
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, კუნთოვანი მასის დაკარგვა, კალციუმის დაკარგვა, მიასთენიით (ქრონიკული ავტოიმუნური ნერვ-კუნთოვანი დაავადება, რომელიც იწვევს ჩონჩხის კუნთების დასუსტებას) დაავადებულებში მიასთენიური სიმპტომების გამწვავება, ოსტეოპოროზი (დაავადება, რომლის დროსაც ქვეითდება ძვლის სიმკვრივე და ხარისხი) ზოგჯერ ძვლების ძლიერი ტკივილით და ხერხემლის ძვლების სპონტანური მოტეხილობით, ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (დაავადების პროცესი ბარძაყის და მხრის ძვლებში, რომლის დროსაც ძვლის უბანს სუსტად მიეწოდება სისხლი, რაც იწვევს ძვლის ლოკალურ ნეკროზს), მყესის გაგლეჯა, სტეროიდული მიოპათია (დაავადების პროცესი, რომელიც ზოგადად იწვევს ზედა და ქვედა კიდურების კუნთების და კისრის კუნთების დასუსტებას), პათოლოგიური მოტეხილობა (გარკვეული დაავადებით გამოწვეული ძვლის მოტეხილობა), სახსრის სტრუქტურის ცვლილება
აზოტის გამოყოფის მატება, ლიპომატოზი (მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის გარკვეულ უბანზე გროვდება დიდი რაოდენობით ცხიმი), წყლის შეკავება (ედემა), ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი (მდგომარეობა, რომელიც გამომდინარეობს კალიუმის დეფიციტზე ან დაკარგვაზე თირკმლების რეაქციიდან)
კანის გათხელება და მგრძნობელობის მატება, კანის ატროფია (კანის სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვა), ექკიმოზი (სისხლჩაქცევა), სახეზე სიწითლე, ჭრილობის ნელა შეხორცება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, პეტექია (კანქვეშა სისხლდენის გამო წერტილის ფორმის გამონაყარის გაჩენა), ალერგიული ეგზემა, ანგიონევროზული ედემა (ჭინჭრის ციების მსგავსად კანქვეშა მიდამოს შეშუპება)
კუჭის წყლული სავარაუდო დაზიანებასთან და სისხლდენასთან ერთად, კუჭთან ან ნაწლავებთან დაკავშირებული ზოგიერთი დარღვევა, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სლოკინი, ნაწლავის პერფორაცია (ნაწლავის ანთება), პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება), მუცლის შებერილობა (მუცელში დაჭიმულობის შეგრძნება), წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავის გაღიზიანება, რომელიც გარდაიქმნება წყლულად)
კონვულსიები, ძლიერი აღგზნება (ეიფორია), ძილის გაძნელება (ინსომნია), გაბრუება, რომელიც მოიცავს თავბრუსხვევასაც, თავის ტკივილი, შაკიკი, ვერტიგო, გუნება-განწყობის ცვლილება, ძლიერი დეპრესია, ძლიერი გაღიზიანება, ფსიქოზური რეაქციები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ფსიქიკური დარღვევები, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე (ქალასშიდა წნევის მატება)
თვალის დარღვევები, მაგალითად, უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, გლაუკომა ან თვალის კაკლის ნორმალური პოზიციიდან გადაადგილება
დაბინდული მხედველობა
მთვარისებური სახე (სახის შეშუპება), აკნე, მენსტრუაციის და ლიბიდოს დარღვევები (სქესობრივი ლტოლვის დარღვევები), დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების (დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები) საჭიროების მომატება, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება (ნახშირწყლების მონელების გაძნელება), ფარული დიაბეტის სიმპტომები, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ინჰიბიცია (თირკმელზედა ჯირკვლების მეორადი უკმარისობა), რაც სტრესის შემთხვევაში (როგორიცაა ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია და ავადმყოფობა) საზიანოა.
ნაყოფის (დედის მუცელში მყოფი ბავშვის) ან ბავშვის ზრდის შენელება
წონაში მატება
კანის ანალიზებში მკურნალობაზე არსებული პასუხის დათრგუნვა
ინფექციის სიმპტომების შენიღბვა, ფარული ინფექციების გააქტიურება
მიკობაქტერიების, ტუბერკულოზის, Candida albicans-ის ან ვირუსების მიერ გამოწვეული ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება.
ანაფილაქსიური და ალერგიული რეაქციები (ალერგიული რეაქცია გამონაყარის და ცხელების სახით, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), არტერიული წნევის დაქვეითება ან შოკთან დაკავშირებული რეაქციები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- დიპროსპანის შენახვა
დიპროსპანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
უნდა ინახებოდეს 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, უნდა დაიცვან გაყინვისგან.
არ გამოიყენოთ დიპროსპანი, თუ შეფუთვაზე ან სუსპენზიაზე შენიშნავთ დაზიანებას.
წინამდებარე პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის/ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს ორგანონ თურქიე ილაჩლარი, სარიერი-სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბუიუქქარიშთირანი, ლულებურგაზი/ქირქლარელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 02/02/2023 წელს.
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო პერსონალისთვის
დიპროსპანის სუსპენზიის შემადგენელი ბეტამეთაზონის ეთერი - ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და დაუყოვნებლივ იძლევა ეფექტს. პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ ბეტამეთაზონს აქვს მაღალი ხსნადობა და ექიმმა მხედველობაში უნდა მიიღოს ეს მახასიათებელი. პრეპარატის ზემოქმედება იზრდება ჰიპოთირეოიდიზმით და ციროზით დაავადებულ პაციენტებში.
გლუკოკორტიკოსტეროიდების გართულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან, რის გამოც ნებისმიერ პაციენტთან დაკავშირებით მისაღებია შეფასდეს რისკი/სარგებელი.
თუ კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას პარენტერალური გამოყენებიდან სურთ პერორალურ გამოყენებაზე გადასვლა, უნდა შეფასდეს რისკი/სარგებელი.
გამოყენების ფორმა:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატის კრისტალები ძალიან მცირე ზომისაა, რის გამოც ინტრადერმალურად და უშუალოდ დაზიანებაში ინექციის დროს შესაძლებელია წვრილი ნემსის (№:26-მდე) გამოყენება.
თუ სურთ დიპროსპანის სუსპენზიასთან ერთად ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენება, შესაძლებელია შპრიცში პრეპარატთან შერეული იქნას 1% ან 2%-იანი პროკაინის ჰიდროქლორიდი ან ლიდოკაინი, რომელიც არ შეიცავს პარაბენს. არ არსებობს აკრძალვა მსგავსი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში უნდა ერიდოთ მეთილპარაბენის, პროპილპარაბენის, ფენოლის და მათი მსგავსი ნივთიერებების შემცელი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებას.
შპრიცში თავდაპირველად უნდა ამოიღონ საჭირო რაოდენობით დიპროსპანის სუსპენზია, შემდეგ კი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება და შპრიცი მსუბუქად უნდა შეანჯღიონ შესარევად.
კანზე დიპროსპანი უნდა გამოიყენონ №:26 ნემსით და ტუბერკულინის შპრიცით 0,2 მლ/სმ2 მოცულობით. ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ ქსოვილზე გამოყენებული დიპროსპანის დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 1 მლ-ს.
ინექციების უმეტესი ტიპისთვის ვარგისია ტუბერკულინის შპრიცი და №:25 ნემსი.
კორტიკოსტეროიდის ინტრამუსკულური ინექცია უნდა გაკეთდეს კუნთის დიდ მასაში ღრმად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივად ქსოვილის ატროფია. რბილ ქსოვილში ან დაზიანებაზე გაკეთებულმა კორტიკოსტეროიდის ინექციებმა ადგილობრივი რეაქციის გარდა შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური რეაქციებიც.
სახსარში გამოყენება:
სეპტიკური დაავადების ალბათობის გამოსარიცხად საჭიროა სახსრის ყურადღებით გასინჯვა. უნდა ერიდოთ ინფიცირებულ სახსარში ლოკალურად კორტიკოსტეროიდის ინექციის გაკეთებას. თუ დადგინდება სეპტიკური ართრიტის ნიშნები, როგორიცაა ტკივილი და ადგილობრივი შეშუპების მატება, სახსრის მოძრაობის უფრო მეტად შეზღუდვა, ცხელება და მოტეხილობა, უნდა დაიწყოს სათანადო ანტიმიკრობული მკურნალობა.
არ შეიძლება კორტიკოსტეროიდების გაკეთება სუსტ სახსრებში, ინფიცირებულ უბნებზე ან ინტერვერტებრულ ღრუში. ოსტეოართრიტით დაავადებულ სახსრებში მუდმივად ინექციის გაკეთებამ შესაძლებელია გაზარდოს სახსრების დეგენერაცია. უნდა ერიდოთ უშუალოდ მყესში კორტიკოსტეროიდების ინექციის გაკეთებას. სახსარში კორტიკოსტეროიდის გაკეთების შემდეგ პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ ზედმეტად არ დატვირთოს სახსარი, რომელშიც შემსუბუქდა სიმპტომები.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ორსულობის კატეგორია: C. არ შეიძლება ორსულებში გამოყენება სამედიცინო აუცილებლობის გარეშე. მეძუძურ დედებსა და ფერტილური ასაკის ქალებში უნდა გამოიყენონ რისკი/სარგებლის შეფასებით. ჩვილი ბავშვი, რომლის დედა ორსულობის დროს იყენებდა დიდი დოზით კორტიკოსტეროიდებს, უნდა შეფასდეს ჰიპოადრენალიზმის თვალსაზრისით. მშობიარობამდე პერიოდში დედისთვის ბეტამეთაზონის ინექციის გამოყენების შემთხვევაში დროებით ითრგუნება ნაყოფის ჰიპოფიზის ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ თირკმელზედა ჯირკვლებში წარმოებულ კორტიკოსტეროიდს, და ფეტალური ზრდის ჰორმონი. მაგრამ ფეტალური ჰიდროკორტიზონის დათრგუნვა არ ზემოქმედებს მშობიარობის შემდეგ სტრესის მიმართ ჰიპოფიზურ-ადრენოკორტიკალურ პასუხზე.
კორტიკოსტეროიდები აღწევენ პლაცენტაში, რის გამოც, თუ დედა ორსულობის დროს დიდი ხნის განმავლობაში ან გარკვეულ პერიოდებში იღებდა კორტიკოსტეროიდებს, ახალშობილი ან ჩვილი ბავშვი ყურადღებით უნდა გასინჯოს ექიმმა სავარაუდო თანდაყოლილი კატარაქტის დადგენის მიზნით, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება.
ზედოზირების მკურნალობა:
სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლურ რეაქციებს, ძირითადი დაავადების ან თანმხლები დაავადების რეაქციებს ან პრეპარატების ურთიერთქმედებით გამოწვეულ გართულებებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნა საკმარისი სითხის მიღება, მოხდეს დაკვირვება შრატსა და შარდში ელექტროლიტების, განსაკუთრებით ნატრიუმის და კალიუმის დონეზე. თუ გამოვლინდება ელექტროლიტური დისბალანსი, საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა.
ORGANON
945723
130x400
DO 02
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.