ლევემირი ფლექსპენი
Levemir® FlexPen®
ლევემირი® არის თანამედროვე ინსულინი (ინსულინის ანალოგი) ხანგრძლივმოქმედი ეფექტით (24 საათამდე). თანამედროვე ინსულინის პროდუქტები ადამიანის ინსულინის გაუმჯობესებული ვერსიებია. ლევემირი® გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის და ზემოთ ასაკიდან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- insulin detemir
- ფორმა და შეფუთვა
- 100ერთეული/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული კალამი №5
- მწარმოებელი
- Novo Nordisk Production SAS, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ხანგრძლივი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
- ATC კოდი
- A10AE05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036512
- რეგისტრირებულია
- 27 სექტემბერი 2022, მოქმედებს 27 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novo Nordisk A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლევემირი ფლექსპენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლევემირი® არის თანამედროვე ინსულინი (ინსულინის ანალოგი) ხანგრძლივმოქმედი ეფექტით (24 საათამდე). თანამედროვე ინსულინის პროდუქტები ადამიანის ინსულინის გაუმჯობესებული ვერსიებია.
ლევემირი® გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის და ზემოთ ასაკიდან.
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, რაც საჭიროა სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ლევემირი® შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან და/ან საინექციო ანტიდიაბეტურ პროდუქტებთან კომბინაციაში. ლევემირის® გამოყენება შეიძლება ასევე საკვებთან დაკავშირებულ სწრაფად მოქმედ ინსულინის პროდუქტებთან ერთად. სხვა ინსულინის პროდუქტებთან შედარებით, ლევემირით® თერაპია შეიძლება ასოცირებული იყოს წონის ნაკლებ მომატებასთან.
2 ლევემირის® გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
თქვენი ინსულინის დოზა განიხილეთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან. ექიმის მითითების გარეშე არ შეცვალოთ ინსულინი. დარწმუნდით, რომ გაქვთ ფერადი კოდის მქონე ლევემირი® ფლექსპენი®, რომლის გამოყენებაც გითხრათ ექიმმა ან ექთანმა და ყურადღებით დაიცავით მათი რჩევები.
დოზა შეიძლება დაკორექტირდეს ექიმის მიერ, თუ:
ექიმმა გადმოგიყვანათ ერთი ტიპის ან ბრენდის ინსულინიდან სხვა ინსულინზე, ან
ექიმმა ლევემირით® მკურნალობასთან ერთად დაამატა სხვა პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ.
გამოყენება ბავშვებში
ლევემირის® გამოყენება შეიძლება მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის და ზემოთ ასაკში.
არ არსებობს ლევემირის® გამოყენების გამოცდილება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში
თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია ან ხართ 65 წლის ზემოთ ასაკის, სისხლში შაქრის დონე უფრო რეგულარულად უნდა შეიმოწმოთ და ინსულინის დოზის ცვლილებები განიხილოთ თქვენს ექიმთან.
შეყვანის სიხშირე
როდესაც ლევემირი® გამოიყენება სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატთან კომბინაციაში ან სხვა საინექციო ანტიდიაბეტურ პროდუქტთან ერთად დამატებითი თერაპიის სახით, ლევემირი® შეიყვანება დღეში ერთხელ. როდესაც ლევემირი® გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური ინსულინის რეჟიმის ფარგლებში, ლევემირი® შეიყვანება დღეში ერთხელ ან ორჯერ პაციენტის საჭიროების მიხედვით. ლევემირის® დოზის კორექცია ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ინექციის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს. იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დღეში ორჯერ დოზირებას სისხლში გლუკოზის ოპტიმალური კონტროლისთვის, საღამოს დოზა შეიძლება შეყვანილი იყოს საღამოს ან ძილის წინ.
შეყვანის წესი
ლევემირი® გამოიყენება კანის ქვეშ ინექციისთვის. არასოდეს გაიკეთოთ ინსულინის ინექცია პირდაპირ ვენაში (ინტრავენურად) ან კუნთში (ინტრამუსკულარულად). ყოველი ინექციისას შეცვალეთ ინექცირების ადგილი გამოყენებული კანის კონკრეტულ უბანზე. ეს უზრუნველყოფს ამონაბურცებისა და კანის გათხელების განვითარების რისკების შემცირებას (იხილეთ პუნქტი 4 შესაძლო გვერდითი ეფექტები). ინექციის გაკეთების საუკეთესო ადგილებია: ბარძაყების წინა მხარე, წელის წინა მხარე (მუცელი) ან ზედა მკლავი. აუცილებლად რეგულარულად გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ინსულინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის ინსულინი, სისხლში შაქრის დონემ შეიძლება ძალიან დაიწიოს (რასაც ეწოდება ჰიპოგლიკემია). ეს შეიძლება ასევე მოხდეს:
თუ მიიღეთ ძალიან მცირე რაოდენობის საკვები ან გამოტოვეთ კვება
თუ ფიზიკური დატვირთვა ჩვეულებრივზე მეტია.
ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილები ნიშნები შეიძლება უეცრად განვითარდეს და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ რეაქციებს: ცივი ოფლი; ცივი ფერმკრთალი კანი; თავის ტკივილი; სწრაფი გულის დარტყმები; გულისრევა; შიმშილის ძლიერი გრძნობა; დროებითი ცვლილებები მხედველობის მხრივ; ძილიანობა; უჩვეულ დაღლილობა და სისუსტე; ნერვოზულობა ან ტრემორი; აგზნება; გონების არევა; კონცენტრირების გაძნელება.
თუ გრძნობთ, რომ სისხლში შაქრის დონე მცირდება, მიიღეთ შაქრის მაღალი შემცველობის საკვები და გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე. თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები ან შაქრის მაღალი შემცვეობის სხვა საკვები (ტკბილეული, ბისკვიტები, ხილის წვენი), შემდეგ დაისვენეთ.
ყოველი შემთხვევისთვის, ყოველთვის თან იქონიეთ გლუკოზის ტაბლეტები, ტკბილეული, ბისკვიტი ან ხილის წვენი.
როდესაც ჰიპოგლიკემიის სიმპტომები გავა ან სისხლში შაქრის დონე დასტაბილიზდება, გააგრძელეთ ინსულინით მკურნალობა.
შესაბამის პირებს აცნობეთ, რომ გაქვთ დიაბეტი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, მათ შორის ჰიპოგლიკემიის შედეგად გონების დაკარგვის რისკის შესახებ (უგონო მდგომარეობაში ყოფნა).
უთხარით შესაბამის პირებს, რომ გონების დაკარგვის შემთხვევაში, დაგაწვინონ გვერდზე და დაუყოვნებლივ დარეკონ სასწრაფო დახმარებაში.
არ უნდა მოგცენ რაიმე საკვები ან სასმელი, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა.
გონზე მოსვლას უფრო სწრაფად შეძლებთ, თუ ვინმე გაგიკეთებთ ჰორმონ გლუკაგონის ინექციას, რომელმაც იცის მისი გამოყენება. გლუკაგონის გაკეთებისას, გონზე მოსვლისთანავე უნდა მიიღოთ გლუკოზა ან შაქრიანი საკვები. თუ არ აღინიშნება პასუხი გლუკაგონით მკურნალობაზე, აუცილებელი იქნება საავადმყოფოში მკურნალობის ჩატარება. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარებას გლუკაგონის ინექციის შემდეგ: უნდა დაადგინოთ ჰიპოგლიკემიის განვითარების მიზეზი, რათა მომავალში აღარ განმეორდეს.
► თუ ხანგრძლივი მწვავე ჰიპოგლიკემიის გამო მკურნალობას არ ჩაიტარებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება (დროებითი ან მუდმივი) და სიკვდილიც კი.
► თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონე, რის შედეგადაც კარგავთ გონებას ან სისხლში შაქრის დაბალი დონის ხშირი ეპიზოდები, უთხარით თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის რაოდენობის ან ჯერადობის, საკვების ან ფიზიკური დატვირთვის კორექცია.
თუ დაგავიწყდათ ინსულინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ინსულინის მიღება, სისხლში შაქრის დონემ შეიძლება ძალიან აიწიოს (რასაც ეწოდება ჰიპერგლიკემია). ეს ასევე შეიძლება მოხდეს:
თუ განმეორებით მიიღებთ საჭიროზე ნაკლებ ინსულინს.
თუ განვითარდა ინფექცია ან ცხელება.
თუ მიიღეთ ჩვეულებრივზე მეტი საკვები.
თუ ფიზიკურად ჩვეულებრივზე მეტად დაიტვირთეთ.
გამაფრთხილებელი ნიშნები ვითარდება ნელ-ნელა. ეს ნიშნებია: გახშირებული შარდვა; წყურვილის შეგრძნება; მადის დაკარგვა; გულისრევა ან ღებინება; ძილიანობა ან დაღლილობა; კანის სიწითლე, სიმშრალე; პირის სიმშრალე და სუნთქვისას აცეტონის სუნი.
ეს რეაქციები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობის დიაბეტური კეტოაციდოზის (სისხლში მჟავას დაგროვება ორგანიზმის მიერ შაქრის ნაცვლად ცხილების დაშლის გამო) ნიშნები. ამ მდგომარეობას თუ არ უმკურნალებთ, შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა და საბოლოოდ, სიკვდილი.
თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოთ მითითებულ ნიშანს, გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე, შარდში შეამოწმეთ კეტონები, შემდეგ სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ შეწყვიტეთ ინსულინის მიღება
ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე) და კეტოაციდოზი. არ შეწყვიტოთ ინსულინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომელიც გეტყვით, თუ რისი გაკეთება არის საჭირო.
ამ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
► თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ინსულინ დეტემირის ან ლევემირის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6 დამატებითი ინფორმაცია).
► თუ გაქვთ ეჭვი, რომ იწყება ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) (იხილეთ პუნქტი 3 როგორ გამოიყენება ლევემირი®)
► ინსულინის საინფუზიო ტუმბოებში
► თუ ფლექსპენი® დავარდა, დაზიანდა ან გატყდა.
► თუ ის არასწორად ინახებოდა ან თუ ის გაიყინა (იხილეთ პუნქტი 5 როგორ ინახება ლევემირი®)
► თუ ინსულინი არ არის სუფთა და უფერო.
ლევემირის® გამოყენებამდე
► შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ინსულინის სწორი სახეობაა.
► ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი ყოველი ინექციისთვის კონტამინაციის პრევენციის მიზნით.
► ნემსების და ლევემირი® ფლექსპენის® სხვებთან გაზიარება არ შეიძლება.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლევემირის® გამოყენებისას
► თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის, ან თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
► თუ ფიზიკური დატვირთვა ჩვეულებრივზე უფრო მეტია ან თუ გსურთ ჩვეული კვების რეჟიმის შეცვლა, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონეზე.
► თუ ხართ ავად: გააგრძელეთ ინსულინის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
► თუ მიემგზავრებით საზღვარგარეთ: დროის ზონებში მოგზაურობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ინსულინის საჭიროებასა და ინექციების რაოდენობაზე. თუ გეგმავთ ამგვარ მოგზაურობას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილას
ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს, რათა მოხდეს კანქვეშა ცხიმოვანი კანის ცვლილებების პრევენცია, როგორებიც არის კანის გასქელება, კანის შეკუმშვა ან კანქვეშ სიმაგრეების წარმოქმნა. ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს კარგად თუ იგი შეგყავთ გამაგრებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ მიდამოში (იხ. 3 როგორ გამოვიყენოთ ლევემირი®). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ კანის რაიმე ცვლილებები ინექციის ადგილას. ინექციის სხვა ადგილას შეყვანის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამჟამად ინექციები შეგყავთ დაზიანებულ მონაკვეთებში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სისხლში შაქრის დონის უფრო ყურადღებით შემოწმება და ინსულინის ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების დოზის კორექტირება.
სხვა პრეპარატების გამოყენება
ზოგიერთი პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმში გლუკოზის მოქმედებაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის დოზაზე. ყველაზე გავრცელებული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინით მკურნალობაზე, ჩამოთვლილია ქვემოთ. უთხარით თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლში შაქრის დონეზე.
თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია):
დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები
მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები(MAOI) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ბეტა-ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება გულის ზოგიერთი მდგომარეობის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და ტემეპრატურის დასაწევად)
ანაბოლური სტეროიდები (როგორიცაა ტესტოსტერონი)
სულფონამიდები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია):
პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები)
თიაზიდები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სითხის შეკავების სამკურნალოდ)
გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა „კორტიზონი“, გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
თიროიდული ჰორმონები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ)
სიმპათომიმეტიკები (როგორიცაა ეპინეფრინი [ადრენალინი], ან სალბუტამოლი, ტერბუტალინი ასთმის სამკურნალოდ)
ზრდის ჰორმონი (ჩონჩხის ძვლებისა და სომატური ზრდის სტიმულაციისთვის და გამოხატული ზემოქმედებით ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებზე)
დანაზოლი (ოვულაციაზე მოქმედი პრეპარატი).
ოქტრეოტიდმა და ლანრეოტიდმა (გამოიყენება აკრომეგალიის სამკურნალოდ, რომელიც არის იშვიათი ჰორმონალური დარღვევა და როგორც წესი, ვითარდება საშუალო ასაკის მოზრდილებში, გამოწვეულია პიტუიტარული ჯირკვლის მიერ ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოებით) შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლში შაქრის დონე.
ბეტა-ბლოკატორებმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) შეიძლება შეასუსტონ ან მთლიანად დათრგუნონ პირველი გამაფრთხილებელი სიმპტომები, რომლებიც გეხმარებათ ჰიპოგლიკემიის ამოცნობაში.
თიაზოლიდინედიონები (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ)
ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც დიდი ხანია აქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და გულის დაავადება ან გადატანილი ინსულტი და მკურნალობენ თიაზოლიდინედიონებით ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა გულის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი ან წონაში სწრაფად მომატება ან ლოკალიზებული შეშუპება (ედემა).
ალკოჰოლის დალევა და ლევემირის® მიღება
►თუ იღებთ ალკოჰოლს, ინსულინის საჭიროება შეიძლება შეიცვალოს სისხლში შაქრის მომატების ან შემცირების შესაბამისად. რეკომენდებულია გულდასმითი მონიტორინგი.
სიფრთხილის ზომები
დროის სხვადასხვა სარტყელში მოგზაურობის წინ, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისათვის, ვინაიდან მას შეიძლება დასჭირდეს ინსულინისა და საკვების მიღება სხვადასხვა დროს.
ჰიპერგლიკემია
არაადექვატურმა დოზირებამ ან მკურნალობის შეწყვეტამ, განსაკუთრებით I ტიპის დიაბეტის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კეტოაციდოზი. ჩვეულებრივ ჰიპერგლიკემიის პირველი სიმპტომები ვითარდება თანდათანობით რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ეს მოვლენები შეიძლება იყოს წყურვილი, გახშირებული შარდვა, გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, მშრალი კანი, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა ისევე როგორც სუნთქვა აცეტონის სუნით. I ტიპის დიაბეტის დროს, არანამკურნალევი ჰიპერგლიკემიური მოვლენები იწვევენ დიაბეტურ კეტოაციდოზს, რომელიც პოტენციურად სასიკვდილოა.
ჰიპოგლიკემია
საკვების გამოტოვებამ ან დაუგეგმავმა ენერგიულმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ბავშვებში სიფრთხილე არის აუცილებელი საკვების მიღების და ფიზიკური აქტივობის ინსულინის შესაფერისი დოზის შერჩევისას (განსაკუთრებით ბაზალურ-ბოლუსური რეჟიმის დროს) ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით.
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ინსულინის დოზა ძალიან მაღალია ინსულინის მოთხოვნილებასთან შედარებით (იხ. გვერდითი მოვლენები და ჭარბი დოზირება).
პაციენტები, რომელთა სისხლის გლუკოზის კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაგ. გაძლიერებული ინსულინოთერაპიით, შეიძლება აღნიშნავდნენ ჰიპოგლიკემიის ჩვეული გამაფრთხილებელი სიმპტომების ცვლილებას. ჩვეული გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება გაქრეს პაციენტებში ხანგრძლივი დიაბეტით.
თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ინფექციები და ცხელებით მიმდინარე მოვლენები, ჩვეულებრივ ზრდიან პაციენტის მოთხოვნილებას ინსულინში. თირკმლების, ღვიძლის თანმხლებმა დაავადებებმა ან თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზისა თუ ფარისებრი ჯირკვლის ჩართულობამ შეიძლება მოითხოვოს ინსულინის დოზის შეცვლა.
სხვა ინსულინური პრეპარატიდან გადმოსვლა
პაციენტის გადაყვანა სხვა ტიპის ან ბრენდის ინსულინზე უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. აქტივობის, ბრენდის (მწარმოებელი), ტიპის, წარმოშობის (ადამიანის ინსულინი, ინსულინის ანალოგი) და/ან წარმოების მეთოდის ცვლილებების დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ინსულინის სხვა ტიპიდან ლევემირი®-ზე გადაყვანილ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დოზირების შეცვლა. კორექცია შეიძლება პირველივე დოზის ან მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში მოხდეს.
ინექციის ადგილის რეაქციები
ნებისმიერი ინსულინოთერაპიის მსგავსად, შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინიექციის ადგილას, როგორებიცაა ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, სისხლნაჟღენთები, შეშუპება და ქავილი. ინიექციის ადგილის მუდვიმი შეცვლა მოცემულ უბანში ხელს უწყობს ასეთი მოვლენების პრევენციას. რეაქციები ხშირად ალაგდება რამდენიმე დღეში ან კვირაში. იშვიათ შემთხვევებში, რეაქციები ინიექციის ადგილას საჭიროებენ ლევემირი® -ს შეწყვეტას.
კანის და კანქვეშა უჯრედისის დარღვევები
პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ საჭიროა ინექციის ადგილის უწყვეტი შეცვლა ლიპოდისტროფიის და კანის ამილოიდოზის განვითარების პრევენციის მიზნით. არსებობს ინსულინის შენელებული შეწოვის და გლიკემიური კონტროლის გაუარესების პოტენციური რისკი ინსულინის ინექციის შეყვანის შემდეგ იმ ადგილას არსებული რეაქციებით. არსებობს შეტყობინებები, რომ ინექციის ადგილის დაუზიანებელი მიდამოთი უცებ შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ინექციის ადგილის დაზიანებული მონაკვეთის დაუზიანებელით შეცვლის შემდეგ, და შეიძლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექტირების საკითხის განხილვა.
თიაზოლიდინედიონებისა და ინსულინის სამკურნალო პრეპარატების კომბინირება
თიაზოლიდინედიონების კომბინირებისას ინსულინთან, აღინიშნებოდა გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების შემთხვევები, განსაკუთრებით პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარების რისკ ფაქტორებით. ეს გასათვალისწინებელია, როდესაც საჭიროა თიაზოლიდინედიონების კომბინირება ინსულინთან. ასეთი კომბინაციის გამოყენებისას, აუცილებელია დაკვირვება გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებაზე, წონაში მატებასა და შეშუპებაზე. კარდიალური სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში თიაზოლიდინედიონები უნდა მოიხსნას.
წამლების შემთხვევითი შერევის/შეცდომების თავიდან აცილება
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ყოველი ინიექციის წინ ყოველთვის შეამოწმონ ინსულინის ეტიკეტი, რათა თავიდან აიცილონ ლევემირს® და სხვა ინსულინურ პრეპარატებს შორის შემთხვევითი არევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
რამდენიმე სამკურნალო პრეპარატი ზეგავლენას ახდენს გლუკოზას მეტაბოლიზმზე.
შემდეგი ნივთიერებები ამცირებენ ინსულინის მიმართ პაციენტის მოთხოვნილებას:
პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, GLP-1 რეცეპტორ აგონისტები, მონოამინ ოქსიდაზა ინჰიბიტორები (MAOIs), ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, სალიცილატები, ანაბოლური სტეროიდები და სულფონამიდები.
შემდეგი ნივთიერებები ზრდიან ინსულინის მიმართ პაციენტის მოთხოვნილებას:
პერორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, თიროიდული ჰორმონები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ზრდის ჰორმონი და დანაზოლი.
ბეტა-მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
ოქტრეოტიდი/ლანრეოტიდმა შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს ინსულინის მოთხოვნილება.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ან დააქვეითოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
►თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებისას გთხოვთ რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია თქვენი დიაბეტის გულდასმითი კონტროლი და ჰიპოგლიკემიის პრევენცია.
►თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზების კორექცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ სისხლში შაქრის დონე დაბალი ან მაღალია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირების და რეაგირების უნარზე და შესაბამისად, ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის.
გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს, შეძლებთ თუ არა ავტომობილების ან მექანიზმების მართვას:
► თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები.
► თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ლევემირმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირით, რაც განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში
- ხშირი: ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში
- არახშირი: ვითარდება 1,000-დან 1-10 მომხმარებელში
- იშვიათი: ვითარდება 10,000-დან 1-10 მომხმარებელში
- ძალიან იშვიათი: ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში.
- ცნობილი არ არის: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). იხილეთ რჩევა „თუ მიიღეთ იმაზე მეტი ინსულინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ” პუნქტში 3 “როგორ გამოიყენება ლევემირი®”
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს რეაქციები (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, დალურჯება შეშუპება და ქავილი) ინექციის ადგილას (ადგილობრივი ალერგიული რეაქციები). ეს რეაქციები, როგორც წესი გადის ინსულინის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ რექციები სერიოზულია და გრძელდება, შეიძლება საჭირო გახდეს ლევემირის® გამოყენების შეწყვეტა და სხვა ინსულინის გამოყენება.
არახშირი გვერდითი ეფექტები
ალერგიის ნიშნები. შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება და გამონაყარი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დამხმარებას:
►თუ განვითარდა ზემოთ აღნიშნული ალერგიის ნიშნები
►უეცრად თავს შეუძლოდ იგრძნობთ და აღინიშნება ოფლიანობა; დაგეწყებათ ღებინება; გაძნელდება სუნთქვა, აღინიშნება სწრაფი გულისცემა; თავბრუსხვევა.
მხედველობის პრობლემები. როდესაც პირველად იწყებთ ინსულინით მკურნალობას, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის მხრივ პრობლემა, რაც როგორც წესი, დროებითია.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე. თუ ინსულინს ერთსა და იმავე ადგილას შეიყვანთ ინექციის ადგილზე კანქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება შეთხელდეს (ლიპოატროფია) ან გასქელდეს (ლიპოჰიპერტროფია) (ეხება 1000-ში 1-დან 10-მდე მომხმარებელს). კანქვეშა სიმაგრეები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცილის დაგროვებით, რასაც ეწოდება ამილოიდი (კანის ამილოიდოზი; მოვლენის სიხშირე უცნობია). ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს კარგად თუ იგი შეგყავთ გამაგრებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ მიდამოში. ყოველი ინექციისას შეცვალეთ ინექციის ადგილი, რათა არ მოხდეს კანის ეს ცვლილებები.
სახსრების შეშუპება.
ინსულინის მიღების დაწყებისას შეიძლება განვითარდეს წყლის შეკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება კოჭების და სხვა სახსრების გარშემო. როგორც წესი, ეს რეაქცია მალე გადის.
დიაბეტური რეტინოპათია (თვალის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია დიაბეტთან და შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა).
თუ გაქვთ დიაბეტური რეტინოპათია და სისხლში შაქრის დონე უმჯობესდება ძალიან სწრაფად, რეტინოპათია შეიძლება გამწვავდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
იშვიათი გვერდითი ეფექტები
ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია (ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილი). თუ სისხლში შაქრის დონე გაუმჯობესდება ძალიან სწრაფად, შეიძლება აღინიშნოს ნერვთან დაკავშირებული ტკივილი, რასაც ეწოდება ტკივილით მიმდინარე მწვავე ნეიროპათია და როგორც წესი, ტრანზიტორულია.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
სერიოზული ალერგიული რეაქციები ლევემირის® ან რომელიმე მისი ინგრედიენტის მიმართ (სახელწოდებით სისტემური ალერგიული რეაქცია).
იხილეთ ასევე გაფრთხილება პუნქტში 2 “ლევემირის® გამოყენების წინ”.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ინსულინისათვის სპეციფიკური ჭარბი დოზირების განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა, რამდენიმე თანმიმდევრული ეტაპის შემდეგ, პაციენტის მოთხოვნილებასთან შედარებით უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია:
მსუბუქი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მკურნალობა შეიძლება გლუკოზის ან შაქრის პროდუქტების პერორალური მიღებით. ამიტომ, დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია მუდმივად თან ატარონ შაქრის-შემცველი პროდუქტები.
მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები, როდესაც პაციენტი კარგავს გონებას, იკურნება გლუკაგონის (0.5 -1 მგ) ინიექციით კუნთში ან კანქვეშ გამოცდილი პირის მიერ, ან გლუკოზის ინტრავენური ინიექციით შესრულებული მედმუშაკის მიერ. გლუკოზის შეყვანა შეიძლება ვენაში, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ პასუხობს გლუკაგონს 10-15 წუთის განმავლობაში. გონების აღდგენისას, პაციენტებისათვის რეკომენდებულია პერორალური ნახშირწყლების მიღება რეციდივის პრევენციის მიზნით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ინსულინ დეტემირი. ყოველი მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ დეტემირს.
ყოველი წინასწარ შევსებული კალმისატარი შეიცავს 300 ერთეულ ინსულინ დეტემირს 3 მლ საინექციო ხსნარში. ინსულინ დეტემირის 1 ერთეული შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1 საერთაშორისო ერთეულს (IU).
სხვა ინგრედიენტებია გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრესოლი, თუთიის აცეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
ლევემირის® გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ლევემირი® არის სუფთა და უფერო ხსნარი.
შეფუთვის ზომები: 1,5 და 10 წინასწარ შევსებული კალამი 3 მლ. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ლევემირი® ფლექსპენის® ეტიკეტსა და კოლოფზე მითითებული „ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ.
ლევემირი® ფლექსპენი®, რომელიც არ გამოიყენება უნდა ინახებოდეს მაცვარში 2-80C-ზე, გასაგრილებელი ელემენტისგან მოშორებით. არ გაყინოთ.
ლევემირი® ფლექსპენი®, რომელიც გამოიყენება ან სათადარიგოდ თან ატარებთ: შეგიძლიათ ლევემირი® ფლექსპენი და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე 300C-მდე ან მაცივარში (2-80C) 6 კვირამდე. მაცივარში შენახვისას, მოარიდეთ გამაგრილებელ ელემენტს. არ გაყინოთ.
ფლექსპენს® ყოველთვის უნდა ეხუროს კალმისტრის თავსახური, როდესაც ის არ გამოიყენება, რათა დაცული იყოს სინათლისაგან.
ლევემირი® უნდა ინახებოდეს ჭარბი სიცხისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6 დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები. საინიექციო, ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები და ანალოგები. ათქ კოდი: A10AE05.
მოქმედების მექანიზმი
ლევემირი® არის ხსნადი, ხანგრძლივი მოქმედების ბაზალური ინსულინის ანალოგი, მოქმედების გახანგრძლივებული ეფექტით.
ლევემირი® -ს მოქმედების დროის პროფილი ნაკლებად ცვალებადია, ვიდრე NPH ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა.
ლევემირი®-ს ხანგრძლივი მოქმედება განპირობებული ინსულინ დეტემირის მოლეკულების ძლიერი თვით-ასოციაციით ინექციის ადგილას და ალბუმინის შეკავშირებით ცხიმოვანი მჟავეების გვერდითი ჯაჭვების საშუალებით. ინსულინ დეტემირი უფრო ნელა ნაწილდება პერიფერულ სამიზნე ქსოვილებში NPH ინსულინთან შედარებით. გახანგრძლივების ეს კომბინირებული მექანიზმები გვაძლევს უფრო აღდგენად შეწოვას და ლევემირი®-ს მოქმედების პროფილს NPH ინსულინთან შედარებით.
მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათამდეა და დამოკიდებულია დოზაზე, რომელიც დღეში ერთჯერადი ან ორჯერადი დოზირების საშუალებას იძლევა. დღეში ორჯერ გამოყენებისას, წონასწორობის მდგომარეობა ვითარდება 2-3 დოზის შეყვანის შემდეგ. 0.2-0.4 ერთ/კგ დოზის ფარგლებში, ლევემირი® ავლენს მისი მაქსიმალური ეფექტის 50%-ზე მეტი 3-4 საათი და დაახლოებით 14 საათამდე დოზის შეყვანის შემდეგ.
დოზის პროპორციულობა ფარმაკოდინამიკურ პასუხში (მაქსიმალური ეფექტი, მოქმედების ხანგრძლივობა, საერთო ეფექტი) აღინიშნება კანქვეშ შეყვანის შემდეგ.
ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, FPG-ს უფრო დაბალი ვარიაბელობა NPH-თან შედარებით აღინიშნებოდა ლევემირი® -თ მკურნალობის დროს.
კვლევებმა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბაზალური ინსულინის კომბინირებისას პერორალურ ანტიდიაბეტურ სამკურნალო საშუალებებთან უჩვენეს, რომ გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსია NPH ინსულინისა და ინსულინ გლარგინისა და დაკავშირებულია წონის უფრო ნაკლებ მატებასთან, იხ. ცხრილი 1.
ცხრილი 1. წონის ცვლილება ინსულინით მკურნალობის შემდეგ
კვლევის ხანგრძლივობა
ლევემირი® დღეში ერთხელ
ლევემირი® დღეში ორჯერ
NPH ინსულინი
ინსულინ გლარგინი
20 კვირა
+0.7 კგ
+1.6 კგ
26 კვირა
+1.2 კგ
+2.8 კგ
52 კვირა
+2.3 კგ
+3.7 კგ
+4.0 კგ
კვლევებში OAD-ინსულინის კომბინაციური თერაპიის გამოყენებით, ლევემირი®-თ მკურნალობამ გამოიწვია ღამის მცირე ჰიპოგლიკემიის 61-65%-ით უფრო დაბალი რისკი NPH ინსულინთან შედარებით.
მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პერორალურ ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებებით ვერ აღწევდნენ მიზანს, ჩატარდა ღია რანდომიზებული კლინიკური კვლევა. კვლევა დაიწყო 12 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდით ლირაგლუტიდ+მეტფორმინით, სადაც 61%-მა მიაღწია HbA1c <7%-ს. პაციენტების 39%, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რანდომიზებულად შეირჩნენ ლევემირი®-ს მისაღებად დღეში ერთხელ დამატებით (n=160) ან ლირაგლუტიდ+მეტფორმინით (n=149) გასაგრძელებლად 52 კვირის განმავლობაში. ლევემირი®-ს დამატება გვაძლევდა HbA1c-ს მომდევნო დაქვეითებას 0.51% და 0.50% (7.6%-დან 7.1%-მდე) 26 და 52 კვირის შემდეგ, სადაც ლირაგლუტიდ+მეტფორმინზე ცვლილებები არ დაფიქსირებულა (0.02% და 0.01% 26 და 52 კვირის შემდეგ); ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო ლევემირის დამატებით 26 და 52 კვირის შემდეგ (p < 0.0001). პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს HbA1c-ს <7% მიზანს უფრო მაღალი იყო ლევემირის® დამატებით, ლირაგლუტიდ+მეტფორმინთან შედარებით 26 კვირის (43.1% vs 16.8%; p <0.0001) და 52 კვირის შემდეგ (51.9% vs 21.5%; p<0.0001). დიდი ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები არ დაფიქსირებულა. მცირე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები (თითო პაციენტზე წელიწადში) უფრო მაღალი იყო ლევემირის® დამატებით ლირაგლუტიდ+მეტფორმინთან შედარებით 26 კვირის (0.286 და 0.029; p=0.0037) და 52 კვირის შემდეგ (0.228 და 0.034; p = 0.0011). ლირაგლუტიდზე ლევემირის დამატებისას, ლირაგლუტიდის წონის სარგებელი შენარჩუნებული იყო; 26 კვირის შემდეგ წონის ცვლილებები ლევემირისა და ლირაგლუტიდ+მეტფორმინის დამატებით იყო -0.16 კგ და -0.95 კგ (p =0.0283), ხოლო 52 კვირის შემდეგ -0.05 კგ და -1.02 კგ ( p = 0.0416).
26-კვირიანი, ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული კლინიკური კვლევა ჩატარდა ლირაგლუტიდის (1.8 მგ) დამატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამოსაკვლევად პლაცებოსთან შედარებით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადევქტურად ვერ აკონტროლებდნენ ბაზალური ინსულინით მეტფორმინით ან მის გარეშე. ინსულინის დოზა შემცირდა 20%-ით პაციენტებისათვის საწყისი HbA1c ≤8.0%-ით ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით. ამის შემდეგ, პაციენტებს ინსულინ დოზის გაზრდის უფლება მისცეს დოზაზე, რომელიც არ აღემატებოდა პრე-რანდომიზაციის დოზას. ლევემირი იყო ბაზალური ინსულინური პრეპარატი პაციენტების 33%-სათვის (n=147) (97.3% იყენებდა მეტფორმინს). აღნიშნულ პაციენტებში, ლირაგლუტიდის დამატებამ გამოიწვია HbA1c -ს უფრო დიდი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (6.93%-მდე და 8.24%-მდე), უზმოზე პლაზმური გლუკოზის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება (7.20 მმოლ/ლ-მდე და 8.13 მმოლ/ლ-მდე), და წონის უფრო მნიშვნელოვანი შემცირება (-3.47 კგ / -0.43 კგ).
საწყისი მაჩვენებლები აღინიშნული პარამეტრებისათვის ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. მცირე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების გამოვლენილი სიხშირე მსგავსი იყო და მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების არცერთ ჯგუფში არ გამოვლენილა.
ხანგრძლივ კვლევებში (≥6 თვე), I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბაზალურ-ბოლუსურ ინსულინოთერაპიას, უზმოზე პლაზმური გლუკოზა გაუმჯობესდა ლევემირი®-თ NPH ინსულინთან შედარებით. გლიკემიური კონტროლი (HbA1c) ლევემირი®-თ მსგავსი იყო NPH ინსულინისა, ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალი რისკით ან წონაში მატებასთან კავშირის არარსებობით.
კლინიკურ კვლევებში ბაზალურ-ბოლუსური ინსულინოთერაპიის გამოყენებით, ჰიპოგლიკემიის საერთო მაჩვენლებლები ლევემირი®-თა და NPH ინსულინით მსგავსი იყო. ღამის ჰიპოგლიკემიის ანალიზებმა პაციენტებში I ტიპის დიაბეტით უჩვენეს ღამის ჰიპოგლიკემიის მნიშვნელოვნად უფრო დაბალი რისკი (თვით-განკურნების უნარი და დადასტურებული სისხლის კაპილარული გლუკოზით <2.8 მმოლ/ლ ან 3.1 მმოლ/ლ პლაზმური გლუზკოით გამოსახულების შემთხვევაში) NPH ინსულინთან შედარებით, როდესაც მე-2 ტიპის დიაბეტის დროს განსხვავება არ აღინიშნებოდა. ღამის გლუკოზის პროფილი უფრო ბრტყელი და გლუვია ლევემირი®-თ, ვიდრე NPH ინსულინით, და ღამის ჰიპოგლიკემიის უფრო დაბალ რისკს იძლევა.
ლევემირი®ს გამოყენებით აღინიშნებოდა ანტისხეულების განვითარება. თუმცა, ამას არანაირი ზეგავლენა არ აქვს გლიკემიურ კონტროლზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ლევემირი®
ფლექსპენი®
100 ერთეული/მლ
საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში
ინსულინ დეტემირი
ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
1 რა არის ლევემირი® და რისთვის გამოიყენება
ლევემირი® არის თანამედროვე ინსულინი (ინსულინის ანალოგი) ხანგრძლივმოქმედი ეფექტით (24 საათამდე). თანამედროვე ინსულინის პროდუქტები ადამიანის ინსულინის გაუმჯობესებული ვერსიებია.
ლევემირი® გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის და ზემოთ ასაკიდან.
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, რაც საჭიროა სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ლევემირი® შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან და/ან საინექციო ანტიდიაბეტურ პროდუქტებთან კომბინაციაში. ლევემირის® გამოყენება შეიძლება ასევე საკვებთან დაკავშირებულ სწრაფად მოქმედ ინსულინის პროდუქტებთან ერთად. სხვა ინსულინის პროდუქტებთან შედარებით, ლევემირით® თერაპია შეიძლება ასოცირებული იყოს წონის ნაკლებ მომატებასთან.
2 ლევემირის® გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ლევემირი®
► თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) ინსულინ დეტემირის ან ლევემირის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6 დამატებითი ინფორმაცია).
► თუ გაქვთ ეჭვი, რომ იწყება ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) (იხილეთ პუნქტი 3 როგორ გამოიყენება ლევემირი®)
► ინსულინის საინფუზიო ტუმბოებში
► თუ ფლექსპენი® დავარდა, დაზიანდა ან გატყდა.
► თუ ის არასწორად ინახებოდა ან თუ ის გაიყინა (იხილეთ პუნქტი 5 როგორ ინახება ლევემირი®)
► თუ ინსულინი არ არის სუფთა და უფერო.
ლევემირის® გამოყენებამდე
► შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ინსულინის სწორი სახეობაა.
► ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი ყოველი ინექციისთვის კონტამინაციის პრევენციის მიზნით.
► ნემსების და ლევემირი® ფლექსპენის® სხვებთან გაზიარება არ შეიძლება.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლევემირის® გამოყენებისას
► თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის, ან თირკმელზედა ჯირკვლის, პიტუიტარული ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
► თუ ფიზიკური დატვირთვა ჩვეულებრივზე უფრო მეტია ან თუ გსურთ ჩვეული კვების რეჟიმის შეცვლა, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონეზე.
► თუ ხართ ავად: გააგრძელეთ ინსულინის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
► თუ მიემგზავრებით საზღვარგარეთ: დროის ზონებში მოგზაურობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ინსულინის საჭიროებასა და ინექციების რაოდენობაზე. თუ გეგმავთ ამგვარ მოგზაურობას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილას
ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს, რათა მოხდეს კანქვეშა ცხიმოვანი კანის ცვლილებების პრევენცია, როგორებიც არის კანის გასქელება, კანის შეკუმშვა ან კანქვეშ სიმაგრეების წარმოქმნა. ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს კარგად თუ იგი შეგყავთ გამაგრებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ მიდამოში (იხ. 3 როგორ გამოვიყენოთ ლევემირი®). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ კანის რაიმე ცვლილებები ინექციის ადგილას. ინექციის სხვა ადგილას შეყვანის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამჟამად ინექციები შეგყავთ დაზიანებულ მონაკვეთებში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სისხლში შაქრის დონის უფრო ყურადღებით შემოწმება და ინსულინის ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების დოზის კორექტირება.
სხვა პრეპარატების გამოყენება
ზოგიერთი პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმში გლუკოზის მოქმედებაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის დოზაზე. ყველაზე გავრცელებული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინით მკურნალობაზე, ჩამოთვლილია ქვემოთ. უთხარით თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლში შაქრის დონეზე.
თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია):
დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები
მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები(MAOI) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
ბეტა-ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება გულის ზოგიერთი მდგომარეობის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და ტემეპრატურის დასაწევად)
ანაბოლური სტეროიდები (როგორიცაა ტესტოსტერონი)
სულფონამიდები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია):
პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები)
თიაზიდები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სითხის შეკავების სამკურნალოდ)
გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა „კორტიზონი“, გამოიყენება ანთების სამკურნალოდ)
თიროიდული ჰორმონები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ)
სიმპათომიმეტიკები (როგორიცაა ეპინეფრინი [ადრენალინი], ან სალბუტამოლი, ტერბუტალინი ასთმის სამკურნალოდ)
ზრდის ჰორმონი (ჩონჩხის ძვლებისა და სომატური ზრდის სტიმულაციისთვის და გამოხატული ზემოქმედებით ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებზე)
დანაზოლი (ოვულაციაზე მოქმედი პრეპარატი).
ოქტრეოტიდმა და ლანრეოტიდმა (გამოიყენება აკრომეგალიის სამკურნალოდ, რომელიც არის იშვიათი ჰორმონალური დარღვევა და როგორც წესი, ვითარდება საშუალო ასაკის მოზრდილებში, გამოწვეულია პიტუიტარული ჯირკვლის მიერ ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოებით) შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს სისხლში შაქრის დონე.
ბეტა-ბლოკატორებმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) შეიძლება შეასუსტონ ან მთლიანად დათრგუნონ პირველი გამაფრთხილებელი სიმპტომები, რომლებიც გეხმარებათ ჰიპოგლიკემიის ამოცნობაში.
თიაზოლიდინედიონები (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ)
ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც დიდი ხანია აქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და გულის დაავადება ან გადატანილი ინსულტი და მკურნალობენ თიაზოლიდინედიონებით ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა გულის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი ან წონაში სწრაფად მომატება ან ლოკალიზებული შეშუპება (ედემა).
ალკოჰოლის დალევა და ლევემირის® მიღება
►თუ იღებთ ალკოჰოლს, ინსულინის საჭიროება შეიძლება შეიცვალოს სისხლში შაქრის მომატების ან შემცირების შესაბამისად. რეკომენდებულია გულდასმითი მონიტორინგი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
►თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებისას გთხოვთ რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია თქვენი დიაბეტის გულდასმითი კონტროლი და ჰიპოგლიკემიის პრევენცია.
►თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზების კორექცია.
ავტომობილებისა და მექანიზმები მართვა
თუ სისხლში შაქრის დონე დაბალი ან მაღალია, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრირების და რეაგირების უნარზე და შესაბამისად, ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება სახიფათო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის.
გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს, შეძლებთ თუ არა ავტომობილების ან მექანიზმების მართვას:
► თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები.
► თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიის ამოცნობა.
3 როგორ გამოიყენება ლევემირი®
დოზირება
თქვენი ინსულინის დოზა განიხილეთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან. ექიმის მითითების გარეშე არ შეცვალოთ ინსულინი. დარწმუნდით, რომ გაქვთ ფერადი კოდის მქონე ლევემირი® ფლექსპენი®, რომლის გამოყენებაც გითხრათ ექიმმა ან ექთანმა და ყურადღებით დაიცავით მათი რჩევები.
დოზა შეიძლება დაკორექტირდეს ექიმის მიერ, თუ:
ექიმმა გადმოგიყვანათ ერთი ტიპის ან ბრენდის ინსულინიდან სხვა ინსულინზე, ან
ექიმმა ლევემირით® მკურნალობასთან ერთად დაამატა სხვა პრეპარატი დიაბეტის სამკურნალოდ.
გამოყენება ბავშვებში
ლევემირის® გამოყენება შეიძლება მოზარდებსა და ბავშვებში 1 წლის და ზემოთ ასაკში.
არ არსებობს ლევემირის® გამოყენების გამოცდილება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში
თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია ან ხართ 65 წლის ზემოთ ასაკის, სისხლში შაქრის დონე უფრო რეგულარულად უნდა შეიმოწმოთ და ინსულინის დოზის ცვლილებები განიხილოთ თქვენს ექიმთან.
შეყვანის სიხშირე
როდესაც ლევემირი® გამოიყენება სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატთან კომბინაციაში ან სხვა საინექციო ანტიდიაბეტურ პროდუქტთან ერთად დამატებითი თერაპიის სახით, ლევემირი® შეიყვანება დღეში ერთხელ. როდესაც ლევემირი® გამოიყენება ბაზალურ-ბოლუსური ინსულინის რეჟიმის ფარგლებში, ლევემირი® შეიყვანება დღეში ერთხელ ან ორჯერ პაციენტის საჭიროების მიხედვით. ლევემირის® დოზის კორექცია ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ინექციის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს. იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დღეში ორჯერ დოზირებას სისხლში გლუკოზის ოპტიმალური კონტროლისთვის, საღამოს დოზა შეიძლება შეყვანილი იყოს საღამოს ან ძილის წინ.
შეყვანის წესი
ლევემირი® გამოიყენება კანის ქვეშ ინექციისთვის. არასოდეს გაიკეთოთ ინსულინის ინექცია პირდაპირ ვენაში (ინტრავენურად) ან კუნთში (ინტრამუსკულარულად). ყოველი ინექციისას შეცვალეთ ინექცირების ადგილი გამოყენებული კანის კონკრეტულ უბანზე. ეს უზრუნველყოფს ამონაბურცებისა და კანის გათხელების განვითარების რისკების შემცირებას (იხილეთ პუნქტი 4 შესაძლო გვერდითი ეფექტები). ინექციის გაკეთების საუკეთესო ადგილებია: ბარძაყების წინა მხარე, წელის წინა მხარე (მუცელი) ან ზედა მკლავი. აუცილებლად რეგულარულად გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ინსულინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის ინსულინი, სისხლში შაქრის დონემ შეიძლება ძალიან დაიწიოს (რასაც ეწოდება ჰიპოგლიკემია). ეს შეიძლება ასევე მოხდეს:
თუ მიიღეთ ძალიან მცირე რაოდენობის საკვები ან გამოტოვეთ კვება
თუ ფიზიკური დატვირთვა ჩვეულებრივზე მეტია.
ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილები ნიშნები შეიძლება უეცრად განვითარდეს და შეიძლება მოიცავდეს შემდეგ რეაქციებს: ცივი ოფლი; ცივი ფერმკრთალი კანი; თავის ტკივილი; სწრაფი გულის დარტყმები; გულისრევა; შიმშილის ძლიერი გრძნობა; დროებითი ცვლილებები მხედველობის მხრივ; ძილიანობა; უჩვეულ დაღლილობა და სისუსტე; ნერვოზულობა ან ტრემორი; აგზნება; გონების არევა; კონცენტრირების გაძნელება.
თუ გრძნობთ, რომ სისხლში შაქრის დონე მცირდება, მიიღეთ შაქრის მაღალი შემცველობის საკვები და გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე. თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები ან შაქრის მაღალი შემცვეობის სხვა საკვები (ტკბილეული, ბისკვიტები, ხილის წვენი), შემდეგ დაისვენეთ.
ყოველი შემთხვევისთვის, ყოველთვის თან იქონიეთ გლუკოზის ტაბლეტები, ტკბილეული, ბისკვიტი ან ხილის წვენი.
როდესაც ჰიპოგლიკემიის სიმპტომები გავა ან სისხლში შაქრის დონე დასტაბილიზდება, გააგრძელეთ ინსულინით მკურნალობა.
შესაბამის პირებს აცნობეთ, რომ გაქვთ დიაბეტი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, მათ შორის ჰიპოგლიკემიის შედეგად გონების დაკარგვის რისკის შესახებ (უგონო მდგომარეობაში ყოფნა).
უთხარით შესაბამის პირებს, რომ გონების დაკარგვის შემთხვევაში, დაგაწვინონ გვერდზე და დაუყოვნებლივ დარეკონ სასწრაფო დახმარებაში.
არ უნდა მოგცენ რაიმე საკვები ან სასმელი, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა.
გონზე მოსვლას უფრო სწრაფად შეძლებთ, თუ ვინმე გაგიკეთებთ ჰორმონ გლუკაგონის ინექციას, რომელმაც იცის მისი გამოყენება. გლუკაგონის გაკეთებისას, გონზე მოსვლისთანავე უნდა მიიღოთ გლუკოზა ან შაქრიანი საკვები. თუ არ აღინიშნება პასუხი გლუკაგონით მკურნალობაზე, აუცილებელი იქნება საავადმყოფოში მკურნალობის ჩატარება. დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარებას გლუკაგონის ინექციის შემდეგ: უნდა დაადგინოთ ჰიპოგლიკემიის განვითარების მიზეზი, რათა მომავალში აღარ განმეორდეს.
► თუ ხანგრძლივი მწვავე ჰიპოგლიკემიის გამო მკურნალობას არ ჩაიტარებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება (დროებითი ან მუდმივი) და სიკვდილიც კი.
► თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონე, რის შედეგადაც კარგავთ გონებას ან სისხლში შაქრის დაბალი დონის ხშირი ეპიზოდები, უთხარით თქვენს ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის რაოდენობის ან ჯერადობის, საკვების ან ფიზიკური დატვირთვის კორექცია.
თუ დაგავიწყდათ ინსულინის მიღება
თუ დაგავიწყდათ ინსულინის მიღება, სისხლში შაქრის დონემ შეიძლება ძალიან აიწიოს (რასაც ეწოდება ჰიპერგლიკემია). ეს ასევე შეიძლება მოხდეს:
თუ განმეორებით მიიღებთ საჭიროზე ნაკლებ ინსულინს.
თუ განვითარდა ინფექცია ან ცხელება.
თუ მიიღეთ ჩვეულებრივზე მეტი საკვები.
თუ ფიზიკურად ჩვეულებრივზე მეტად დაიტვირთეთ.
გამაფრთხილებელი ნიშნები ვითარდება ნელ-ნელა. ეს ნიშნებია: გახშირებული შარდვა; წყურვილის შეგრძნება; მადის დაკარგვა; გულისრევა ან ღებინება; ძილიანობა ან დაღლილობა; კანის სიწითლე, სიმშრალე; პირის სიმშრალე და სუნთქვისას აცეტონის სუნი.
ეს რეაქციები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობის დიაბეტური კეტოაციდოზის (სისხლში მჟავას დაგროვება ორგანიზმის მიერ შაქრის ნაცვლად ცხილების დაშლის გამო) ნიშნები. ამ მდგომარეობას თუ არ უმკურნალებთ, შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა და საბოლოოდ, სიკვდილი.
თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოთ მითითებულ ნიშანს, გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე, შარდში შეამოწმეთ კეტონები, შემდეგ სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ შეწყვიტეთ ინსულინის მიღება
ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე) და კეტოაციდოზი. არ შეწყვიტოთ ინსულინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომელიც გეტყვით, თუ რისი გაკეთება არის საჭირო.
ამ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4 შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ლევემირმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირით, რაც განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში
- ხშირი: ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში
- არახშირი: ვითარდება 1,000-დან 1-10 მომხმარებელში
- იშვიათი: ვითარდება 10,000-დან 1-10 მომხმარებელში
- ძალიან იშვიათი: ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში.
- ცნობილი არ არის: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). იხილეთ რჩევა „თუ მიიღეთ იმაზე მეტი ინსულინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ” პუნქტში 3 “როგორ გამოიყენება ლევემირი®”
ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს რეაქციები (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, დალურჯება შეშუპება და ქავილი) ინექციის ადგილას (ადგილობრივი ალერგიული რეაქციები). ეს რეაქციები, როგორც წესი გადის ინსულინის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ რექციები სერიოზულია და გრძელდება, შეიძლება საჭირო გახდეს ლევემირის® გამოყენების შეწყვეტა და სხვა ინსულინის გამოყენება.
არახშირი გვერდითი ეფექტები
ალერგიის ნიშნები. შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება და გამონაყარი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დამხმარებას:
►თუ განვითარდა ზემოთ აღნიშნული ალერგიის ნიშნები
►უეცრად თავს შეუძლოდ იგრძნობთ და აღინიშნება ოფლიანობა; დაგეწყებათ ღებინება; გაძნელდება სუნთქვა, აღინიშნება სწრაფი გულისცემა; თავბრუსხვევა.
მხედველობის პრობლემები. როდესაც პირველად იწყებთ ინსულინით მკურნალობას, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის მხრივ პრობლემა, რაც როგორც წესი, დროებითია.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე. თუ ინსულინს ერთსა და იმავე ადგილას შეიყვანთ ინექციის ადგილზე კანქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება შეთხელდეს (ლიპოატროფია) ან გასქელდეს (ლიპოჰიპერტროფია) (ეხება 1000-ში 1-დან 10-მდე მომხმარებელს). კანქვეშა სიმაგრეები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცილის დაგროვებით, რასაც ეწოდება ამილოიდი (კანის ამილოიდოზი; მოვლენის სიხშირე უცნობია). ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს კარგად თუ იგი შეგყავთ გამაგრებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ მიდამოში. ყოველი ინექციისას შეცვალეთ ინექციის ადგილი, რათა არ მოხდეს კანის ეს ცვლილებები.
სახსრების შეშუპება.
ინსულინის მიღების დაწყებისას შეიძლება განვითარდეს წყლის შეკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება კოჭების და სხვა სახსრების გარშემო. როგორც წესი, ეს რეაქცია მალე გადის.
დიაბეტური რეტინოპათია (თვალის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია დიაბეტთან და შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა).
თუ გაქვთ დიაბეტური რეტინოპათია და სისხლში შაქრის დონე უმჯობესდება ძალიან სწრაფად, რეტინოპათია შეიძლება გამწვავდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
იშვიათი გვერდითი ეფექტები
ტკივილით მიმდინარე ნეიროპათია (ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილი). თუ სისხლში შაქრის დონე გაუმჯობესდება ძალიან სწრაფად, შეიძლება აღინიშნოს ნერვთან დაკავშირებული ტკივილი, რასაც ეწოდება ტკივილით მიმდინარე მწვავე ნეიროპათია და როგორც წესი, ტრანზიტორულია.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
სერიოზული ალერგიული რეაქციები ლევემირის® ან რომელიმე მისი ინგრედიენტის მიმართ (სახელწოდებით სისტემური ალერგიული რეაქცია).
იხილეთ ასევე გაფრთხილება პუნქტში 2 “ლევემირის® გამოყენების წინ”.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
5 როგორ ინახება ლევემირი®
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ლევემირი® ფლექსპენის® ეტიკეტსა და კოლოფზე მითითებული „ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ.
ლევემირი® ფლექსპენი®, რომელიც არ გამოიყენება უნდა ინახებოდეს მაცვარში 2-80C-ზე, გასაგრილებელი ელემენტისგან მოშორებით. არ გაყინოთ.
ლევემირი® ფლექსპენი®, რომელიც გამოიყენება ან სათადარიგოდ თან ატარებთ: შეგიძლიათ ლევემირი® ფლექსპენი და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე 300C-მდე ან მაცივარში (2-80C) 6 კვირამდე. მაცივარში შენახვისას, მოარიდეთ გამაგრილებელ ელემენტს. არ გაყინოთ.
ფლექსპენს® ყოველთვის უნდა ეხუროს კალმისტრის თავსახური, როდესაც ის არ გამოიყენება, რათა დაცული იყოს სინათლისაგან.
ლევემირი® უნდა ინახებოდეს ჭარბი სიცხისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6 დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლევემირი
აქტიური ნივთიერება არის ინსულინ დეტემირი. ყოველი მლ შეიცავს 100 ერთეულ ინსულინ დეტემირს.
ყოველი წინასწარ შევსებული კალმისატარი შეიცავს 300 ერთეულ ინსულინ დეტემირს 3 მლ საინექციო ხსნარში. ინსულინ დეტემირის 1 ერთეული შეესაბამება ადამიანის ინსულინის 1 საერთაშორისო ერთეულს (IU).
სხვა ინგრედიენტებია გლიცეროლი, ფენოლი, მეტაკრესოლი, თუთიის აცეტატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
ლევემირის® გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ლევემირი® არის სუფთა და უფერო ხსნარი.
შეფუთვის ზომები: 1,5 და 10 წინასწარ შევსებული კალამი 3 მლ. ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Novo Nordisk A/S, Novo Allé, DK-2880 Bagsværd, დანია
მწარმოებელი:
Novo Nordisk Production SAS, 45 Avenue d’Orléans, F-28000 Chartres, საფრანგეთი
იხილეთ ინსტრუქციის ფურცლის მეორე მხარე, სადაც მოცემულია ინფორმაცია ფლექსპენის® გამოყენების შესახებ.
ლევემირი®, ფლექსპენი®, ნოვოფაინი® და ნოვოტვისტი® სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის კომპანიას
Novo Nordisk A/S, დანია.
© 2021
Novo Nordisk A/S
ლევემირის® საინექციო ხსნარის ფლექსპენში® გამოყენების ინსტრუქცია
ფლექსპენის® გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები. თუ ინსტრუქციებს მკაცრად არ დაიცავთ, შეიძლება მიიღოთ ძალიან მცირე ან დიდი რაოდენობის ინსულინი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ან დაბალი დონე.
თქვენი ფლექსპენი® წარმოადგენს წინასწარ შევსებულ, დოზის შერჩევის რეჟიმის მქონე ინსულინის კალამს. შეგიძლიათ 1-დან 60-მდე ერთეული დოზის შერჩევა 1 ერთეულით. ფლექსპენი® შექმნილია 8 მმ-მდე სიგრძის ნოვოფაინის® ან ნოვოტვისტის® ერთჯერად ნემსებთან ერთად გამოსაყენებლად. სიფრთხილის ზომის სახით, ყოველთვის თან იქონიეთ ინსულინის შესაყვანი სათადარიგო მოწყობილობა ფლექსპენის® დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევისთვის.
\s
თქვენი კალმისტრის მოვლა
გამოიჩინეთ სიფრთხილე ფლექსპენის® გამოყენებისას და შენახვისას.
დავარდნის, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, არსებობს ინსულინის გაჟონვის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორი დოზირება და შედეგად სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ან დაბალი დონე.
თქვენი ფლექსპენის® გარეთა ნაწილის გაწმენდა შეგიძლიათ სამედიცინო ტამპონით. არ შეიძლება მისი დასველება, გარეცხვა ან ლუბრიკაცია, რადგან კალამი შეიძლება დაზიანდეს.
არ შეავსოთ ხელახლა თქვენი ფლექსპენი®.
თქვენი ლევემირი® ფლექსპენის® მომზადება
შეამოწმეთ თქვენი სახელი და თქვენი კალმისტრის ფერადი ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის შეიცავს ინსულინის სწორ სახეობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ერთზე მეტი სახეობის ინსულინს. არასწორი სახეობის ინსულინის გამოყენებისას სისხლში შაქრის დონემ შეიძლება ძალიან აიწიოს ან დაიწიოს.
A
მოხსენით კალმის თავსახური.
\s
B
ახალი ერთჯერადი ნემსიდან ამოიღეთ ქაღალდის საფარი.
დაამაგრეთ ნემსი პირდაპირ და მჭიდროთ თქვენს ფლექსპენზე®.
\s
C
მოხსენით ნემსის გარეთა თავსახური და შეინახეთ მოგვიანებით გამოსაყენებლად.
\s
D
მოხსენით ნემსის შიდა თავსახური და გადააგდეთ.
არასოდეს გაუკეთოთ ნემსს ისევ შიდა თავსახური. შეიძლება ნემსი შეგერჭოთ.
\s
ყოველი ინექციისთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი. ეს ამცირებს დაბინძურების, ინფექციის, ინსულინის გაჟონვის, ნემსების გაჭედვისა და არასწორი დოზირების რისკებს.
ფრთხილად იყავით, რომ გამოყენებამდე ნემსი არ გაიღუნოს ან დაზიანდეს.
ინსულინის ნაკადის შემოწმება
ყოველი ინექციის წინ, კარტრიჯში შეიძლება დაგროვდეს ჰაერის მცირე რაოდენობები ნორმალური გამოყენებისას. ჰაერის ინექცირების თავიდან ასაცილებლად და სწორი დოზის უზრუნველსაყოფად:
E
დაატრიალეთ დოზის სელექტორი და შეარჩიეთ 2 ერთეული.
\s
F
დაიჭირეთ ფლექსპენი® ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული და ნაზად თითით რამდენჯერმე მიარტყით კარტრიჯს, რომ ჰაერის ბუშტები მოგროვდეს კარტრიჯის ზედა ნაწილში.
\s
G
ნემსი გეჭიროთ ზემოთ მიმართულ მდგომარეობაში და დააწექით მისაჭერ ღილაკს. დოზის სელექტორი დაუბრუნდება 0 ნიშანს.
ნემსის წვერზე უნდა გამოჩნდეს ინსულინის წვეთი. თუ არ გამოჩნდება, შეცვალეთ ნემსი და გაიმეორეთ პროცედურა არა უმეტეს 6-ჯერ.
თუ ინსულინის წვეთი კვლავ არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ კალამი არის დეფექტური და უნდა გამოიყენოთ ახალი.
\s
ყოველთვის დარწმუნდით, რომ ინექცირებამდე ნემსის წვერზე გამოჩნდა წვეთი. ეს ნიშნავს, რომ ინსულინი მოედინება. თუ წვეთი არ ჩნდება, ინსულინის ინექცირება არ მოხდება, თუმცა დოზის სელექტორი შეიძლება მოძრაობდეს. ეს შეიძლება მიუთითებდეს ნემსის გაჭედვაზე ან დაზიანებაზე.
ინექცირებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ნაკადი. თუ ნაკადს არ შეამოწმებთ, შეიძლება მიიღოთ ძალიან ცოტა რაოდენობის ინსულინი ან საერთოდ არ მიიღოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე.
თქვენი დოზის შერჩევა
შეამოწმეთ, რომ დოზის სელექტორი დაყენებული იყოს 0 ნიშანზე.
H
დაატრიალეთ დოზის სელექტორი, რომ შეარჩიოთ ერთეულების ის ნომერი, რომლის ინექცირებაც გჭირდებათ.
დოზის შესწორება შეიძლება დოზის სელექტორის ზემოთ ან ქვემოთ რომელიმე მიმართულებით დატრიალებით იმ დრომდე, ვიდრე ისრის გასწვრივ სწორი დოზა გამოჩნდება. დოზის სელექტორის დატრიალებისას ფრთხილად იყავით, რომ დააჭიროთ ღილაკს, რადგან შეიძლება ინსულინი გამოვიდეს.
არ შეგიძლიათ კარტრიჯში დარჩენილი ერთეულების რაოდენობაზე მეტი დოზის შერჩევა.
\s
ყოველთვის გამოიყენეთ დოზის სელექტორი და ისარი, რომ ნახოთ რამდენი ერთეული შეარჩიეთ ინსულინის ინექცირებამდე.
არ დათვალოთ კალმისტრის დაწკაპებები. თუ შეარჩევთ და გაიკეთებთ არასწორ დოზას, სისხლში შაქრის დონემ შეიძლება ძალიან აიწიოს ან დაიწიოს. არ გამოიყენოთ ნარჩენი შკალა, ის მხოლოდ აჩვენებს მიახლოებით, თუ რამდენი ინსულინი დარჩა კალამში.
ინექციის გაკეთება
ნემსი შეიყვანეთ კანში. გამოიყენეთ ინექცირების ის მეთოდი, რომელსაც გაჩვენებთ თქვენი ექიმი ან ექთანი.
I
დოზა ინექციით შეიყვანეთ მისაჭერ ღილაკზე დაჭერით 0 ნიშნის გამოჩენამდე. ფრთხილად იყავით, ინექცირებისას მხოლოდ დასაჭერ ღილაკს უნდა დააჭიროთ.
დოზის სელექტორის დატრიალებით არ მოხდება ინსულინის ინექცირება.
\s
J
მისაჭერ ღილაკს დააწექით და ნემსი გააჩერეთ კანის ქვეშ მინიმუმ 6 წამის განმავლობაში. ეს უზრუნველყოფს სრული დოზის მიღებას. ამოიღეთ კანიდან ნემსი და შემდეგ მისაჭერ ღილაკს აუშვით ხელი.
ყოველთვის დარწმუნდით, რომ დოზის სელექტორის მაჩვენებელი ყოველი ინექციის შემდეგ ბრუნდება 0 ნიშანზე. თუ დოზის სელექტორი გაჩერდა 0 ნიშანზე დაბრუნდებამდე, ეს ნიშნავს, რომ არ მოხდა სრული დოზის მიწოდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე.
\s
K
ნემსი შეიყვანეთ დიდ გარეთა ნემსის თავსახურში მასთან შეხების გარეშე. როდესაც ნემსი დაიფარება, ფრთხილად მიაწექით ბოლომდე დიდ გარეთა ნემსის თავსახურს და შემდეგ მოხსენით ნემსი.
ფრთხილად გადააგდეთ და შემდეგ ფლექსპენს® ისევ დაახურეთ კალმისტრის თავსახური.
\s
ყოველი ინექციის შემდეგ ყოველთვის მოხსენით ნემსი და ფლექსპენი® შეინახეთ ნემსის გარეშე. ეს ამცირებს დაბინძურების, ინფიცირების, ინსულინის გაჟონვის, ნემსების გაჭედვის და არაზუსტი დოზირების რისკებს.
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მომვლელები ფრთხილად უნდა მოიქცნენ გამოყენებულ ნემსებთან მიმართებაში, ნემსის შერჭობისა და ჯვარედინი ინფექციის რისკის შემცირების მიზნით
ფლექსპენი® გადააგდეთ ფრთხილად ნემსის გარეშე.
არასოდეს გაუზიაროთ თქვენი კალამი ან ნემსები სხვა პირებს. შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი ინფექცია.
თქვენი კალამი არასოდეს გაუზიაროთ სხვებს. თქვენი პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.
ყოველთვის შეინახეთ კალმისტარი და ნემსები სხვა პირებისგან, განსაკუთრებით ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


