„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
მუხლი 1
1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქ-მედებამდე არ აღსრულებულა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 58², 79¹ და 79² მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 88-ე, 100² და 114¹ მუხლებით, 116-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 129¹, 144³, 144⁴ და 144⁵ მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150¹ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 155¹ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 164⁵ და 179³ მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
მუხლი 2
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.
მუხლი 3
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 11 ივნისი.
№3093–რს
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.