საერთო სასამართლოების შესახებ
თავი XIII¹. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი
1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს:
ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;
ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;
გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივარი (განცხადება) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საჩივრის (განცხადების) წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. საჩივარი (განცხადება) წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშთან შეუსაბამო საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჩივარში (განცხადებაში) მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, დისციპლინური საქმე ან/და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საჩივრის (განცხადების) წარმდგენ პირს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას − არაუმეტეს 5 დღისა. ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი (განცხადება) არ განიხილება.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მოსამართლეს.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75⁶. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება
მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით), რომელიც თავის დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75⁷. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში წინასწარ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, ხოლო მისი წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული საძიებო რესურსის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
6. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75⁸. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება
1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისთვის ამ კანონის 75⁷ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ეყრდნობა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოაყალიბოს. ეს აზრი დისციპლინურ საქმეს დაერთვება.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი და მიეთითოს ამ კანონის 75¹ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტი. ახსნა-განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებაა.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 75⁹. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75¹⁰. დისციპლინური საქმის გამოკვლევა
1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.
2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.
3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75¹¹. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება განახლდება.
2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილ 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75¹². მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა;
ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;
გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;
დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა.
3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75¹³. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა
1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისთვის ამ კანონის 75¹⁰ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ შესაბამისი საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75¹⁴. გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ
1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყრდნობა ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს.
2. იმავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
3. გადაწყვეტილების ასლი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქმის მასალების ასლებთან ერთად გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.
4. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე წერილობითი შეპასუხება და სათანადო მტკიცებულებები. მოსამართლის მიერ შეპასუხების წარდგენიდან ან შეპასუხების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 3 დღეში დისციპლინური საქმის მასალები მოსამართლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 75¹⁵. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. დისციპლინური საკითხის განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლებელია მიწვეულ იქნეს საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს მიწვეული პირების ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.
5. მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დისციპლინური საქმის მასალებს ამ კანონის 75¹⁴ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
მუხლი 75¹⁶. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75¹⁷. დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომ – სადისციპლინო კოლეგია).
2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და სადისციპლინო კოლეგიის წარდგინებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75¹⁸. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75¹⁹. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი
1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 წევრი მოსამართლე არ არის. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
3. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
5. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.
6. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) გარდაცვალება;
ზ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;
თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა.
7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.
8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.
9. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის ორგანული კანონი №3903 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6858 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75²⁰. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე
სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს კოლეგიის მოსამართლე წევრებისგან ირჩევს სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²¹. ანაზღაურება მოვალეობის შესრულებისათვის
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²². სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილი
სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილსამყოფელი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²³. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები
სადისციპლინო კოლეგიას უფლება არა აქვს, გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს). მას აგრეთვე არა აქვს უფლება, სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები ან გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას, ანდა ცნოს მოსამართლე ბრალეულად ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რომლის გამოც დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²⁴. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები
1. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.
2. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.
3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომა დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური, გარდა ამ კანონის 75⁴ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²⁵. დისციპლინური საქმის განხილვის ვადა
სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75²⁶. დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი
სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²⁷. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეების განაწილების წესი
დისციპლინურ საქმეებს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე ანაწილებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²⁸. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება
1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.
2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75²⁹. სადისციპლინო კოლეგიის აცილება
1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, განაცხადოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან სადისციპლინო კოლეგიის მთელი შემადგენლობის აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 75²⁸ მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს აცილების მოტივი და დაასაბუთოს აცილება. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ასევე უფლება აქვს, განაცხადოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წარმომადგენლის აცილება, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.
2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.
3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია.
4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად.
5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 75²⁸ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.
6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას.
7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში.
8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³⁰. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო
1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.
2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოიწურა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვა გამოწვეულია დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³¹. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო
1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.
2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს შესაბამის ორგანოს უგზავნის და ამის შესახებ აცნობებს იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
3. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა ამ კანონის 75⁴² მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებულ დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³². დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება
1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.
2. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური საქმე.
3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³³. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა
1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.
2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.
3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს: ჯერ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.
5. მხარეებს უფლება აქვთ, სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.
6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.
7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.
8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³⁴. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა
1. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოზიციების გამოსახატავად და დასაცავად.
2. დაუშვებელია სადისციპლინო კოლეგიის წევრების რომელიმე მხარესთან წინასწარი შეხვედრა ანდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მეორე მხარის დაუსწრებლად, ან მისთვის ამ ინფორმაციის შინაარსის გაუცნობლად, თუ ეს საქმის ორგანიზაციულ მხარეს არ ეხება.
3. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია საქმის განხილვამდე და განხილვის პროცესში არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ან წინასწარი განწყობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სადისციპლინო კოლეგიის მიუკერძოებლობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³⁵. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა
1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის რომელიმე მხარე არ გამოცხადდა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გადადოს დისციპლინური საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.
2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.
3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება 3 თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 5-წლიან ვადაში. თუ დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი 3 თვის ვადაში არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია ეს საქმე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის დაუსწრებლად განიხილოს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75³⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოუხსნას მოსამართლეს მისთვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია შეწყვიტოს დისციპლინური საქმის განხილვა, განხილვის ეტაპის მიუხედავად, და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.
2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას, დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³⁷. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება
1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგია მიიღებს იმავე მოსამართლის მიმართ აღძრულ სხვა დისციპლინურ საქმეს, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დროებით შეაჩეროს პირველი დისციპლინური საქმის განხილვა, გააერთიანოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორი ან ორზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისას დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონის 75⁴⁷ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
2. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება ხდება აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. დისციპლინური საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის 1-თვიან ვადაში.
4. დისციპლინური საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია განაახლებს საქმის განხილვას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75³⁸. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა
დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ, განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ, განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75³⁹. საქმის შესახებ არსებითი გადაწყვეტილების მიღება
სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის 75¹ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴⁰. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში.
2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები.
4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.
5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები
1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;
ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;
დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;
ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა ამ კანონის 75³⁶ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴². სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ:
ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;
გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება;
დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა მოსამართლის ბრალის ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.
2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴³. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ
1. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგია იღებს ამ კანონის 75³⁷ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერება დაიშვება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴⁴. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ
1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის ან ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის გამო ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიაჩნია მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.
2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლისადმი სადისციპლინო კოლეგიის წერილი, რომელშიც ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი უარყოფითად არის შეფასებული. კერძო სარეკომენდაციო ბარათში ასევე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია დარღვევის აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზებისა და საშუალებების შესახებ.
3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. კერძო სარეკომენდაციო ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი ვალდებულია ხელი მოაწეროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელწერილს. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლის სხვა ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის გაგზავნა დაუშვებელია. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლი დალუქული პაკეტის სახით თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. ამ პაკეტის გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დისციპლინური საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴⁵. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ
სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის გამართლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁴⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ
სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ამ კანონის 75⁴⁷ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75⁴⁷. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი
1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრება ხდება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.
2. სადისციპლინო კოლეგია, როგორც წესი, უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ ერთი, ძირითადი დისციპლინური სახდელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ძირითადი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მასთან ერთად გამოიყენოს ამ კანონის 75³ მუხლის 1² პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ დამოუკიდებლად.
3. თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.
4. თუ კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვიდან 1 წლის ვადაში მოსამართლე ჩაიდენს იმავე სახის დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც დაეკისრა დისციპლინური ზემოქმედების აღნიშნული ღონისძიება, სადისციპლინო კოლეგია მსჯელობს მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75⁴⁸. მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება
1. ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, როგორც წესი, გამოიყენება ამავე კანონის 75³მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები შესაბამისი თანამიმდევრობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომის სახე მოითხოვს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებას.
2. ამ კანონის 75³მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 75⁴⁹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 75⁵⁰. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
1. სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, და ეს ღონისძიება განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება. სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ მას კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელება.
2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.
3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება:
ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება;
ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა;
გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო;
დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები თანამდებობის პირის ვინაობა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება;
ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები;
ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები;
თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი;
ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია;
კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები;
ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵². სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა
1. დისციპლინური საქმის შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლები იმავე ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵³. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი
1. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმში აისახება სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თარიღი, მისი დაწყების საათი, სხდომის მიმდინარეობა, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, მხარეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათი ინფორმაციები, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.
2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵⁴. სადისციპლინო კოლეგიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომ – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 75⁴¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.
2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.
3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ასაჩივრებს.
4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.
6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
7. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატმა მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გაასაჩივროს სადისციპლინო პალატაში.
8. სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს განიხილავს ამ მუხლით, ამ კანონის 75⁵⁵–75⁶⁸ მუხლებითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35¹ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო მედიატორის საჩივარს − ამ მუხლით, ამ კანონის 75⁵⁵–75⁶⁸ მუხლებითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 15² მუხლით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1160 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
მუხლი 75⁵⁵. საჩივრის შინაარსი
1. საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) სადისციპლინო პალატის დასახელებას;
ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებასა და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებასა და მისამართს;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების დამდგენი ორგანოს დასახელებას;
დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
ე) მითითებას გასაჩივრების საფუძვლებზე (საჩივრის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა საჩივრის შემტანი პირი გადაწყვეტილების გაუქმებას (საჩივრის განაცხადი);
ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს პროცედურული ნორმების დარღვევას, თუ საჩივარი პროცედურული ნორმების დარღვევას ემყარება;
ზ) საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას;
თ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
2. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა ერთოდეს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
3. საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵⁶. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
1. საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 75⁵⁵ მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს.
2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 75⁵⁵ მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არაუმეტეს 5 დღისა). თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, საჩივარი განუხილველი დარჩება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75⁵⁷. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა
1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება.
2. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვისას საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵⁸. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა
1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.
2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75⁵⁹. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები
1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით.
2. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის სამართლებრივი პროცედურების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
3. საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო პალატა საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 75²⁴ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁰. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა
1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე მიღებული საჩივარი განიხილება სადისციპლინო პალატის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პალატის სხვა წევრი.
2. სადისციპლინო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს.
3. სადისციპლინო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს, თუ ვინ გამოცხადდა განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სადისციპლინო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.
4. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს.
5. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სადისციპლინო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის სხდომაზე განხილვამდე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა სასამართლო შემადგენლობა და არა ის, რომელიც ცნობილი იყო საქმის მომზადების სტადიაზე.
6. სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა შუამდგომლობები ან განცხადებები, რომლებიც განცხადებული ვერ იქნა სხდომამდე.
7. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶¹. საქმის არსებითი განხილვა
1. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს.
2. მოსამართლის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.
3. პირველად ახსნა-განმარტებას იძლევა საჩივრის ავტორი/ წარმომადგენელი, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვა.
4. შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწინააღმდეგე მხარის/წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს, ხომ არ ცნობს საჩივარს და სხვა.
5. თუ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდება, პალატა ახსნა-განმარტებას გამოცხადებული მხარისაგან მიიღებს.
6. სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.
7. სადისციპლინო პალატის წევრებს უფლება აქვთ, მხარეებს დაუსვან შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
8. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.
9. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკით.
10. პაექრობის შემდეგ სადისციპლინო პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.
11. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას, განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძველებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.
12. სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶². სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება
1. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
2. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
3. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო პალატაში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.
4. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. სადისციპლინო პალატას მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ მიზანშეწონილად მიაჩნია შესწორებათა შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება არ საჩივრდება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶³. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების სახეები
სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 75⁴¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
ბ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 75⁴¹ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
გ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 75⁴¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;
დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁴. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი
1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა.
2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁵. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი
1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, თუ:
ა) სადისციპლინო კოლეგიამ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სწორად ვერ განსაზღვრა, ამ კანონის 75¹ მუხლით გათვალისწინებული რომელი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მოსამართლემ. სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მოსამართლის ქმედება გადააკვალიფიციროს ამ კანონის 75¹ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინურ გადაცდომაზე, ბრალეულად ცნოს მოსამართლე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვისაც, თუ ამას მოიცავს დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი გარემოებანი;
ბ) სადისციპლინო კოლეგიამ გამოიყენა უკანონო, უსამართლო ან მიზანშეუწონელი დისციპლინური სახდელი/სახდელები ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია:
ბ.ა) უცვლელად დატოვოს დისციპლინური სახდელი/სახდელები, მოუხსნას მოსამართლეს ან გამოიყენოს მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;
ბ.ბ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები და უცვლელად დატოვოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;
ბ.გ) შეცვალოს დისციპლინური სახდელი/სახდელები ან გამოიყენოს ამ კანონის 75³ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;
ბ.დ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება შეცვალოს ნებისმიერი დისციპლინური სახდელით/სახდელებით.
2. თუ ერთდროულად არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის იურიდიული კვალიფიკაციის, მოსამართლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეცვლის და, შესაბამისად, ამ ნაწილში სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75⁶⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, თუ სადისციპლინო კოლეგიამ უკანონოდ გაამართლა მოსამართლე, უკანონოდ შეწყვიტა მის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინური საქმე, ანდა უკანონოდ დააკისრა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოიყენა დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 75⁴¹ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁷. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი
სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ:
ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ;
ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე;
გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის კონფიდენციალურობის წესები;
დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ;
ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁸. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა
1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.
2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁶⁹. დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება
1. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებისთვის პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება – დაუყოვნებლივ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷⁰. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷¹. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური სახდელის, დაკისრებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷². მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. (ამოღებულია - 30.12.2021, №1346).
2. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარდგინების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეს.
3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს ამ კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 75⁷³. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება
1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სრულად ქვეყნდება.
2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ასლები, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს გადაეცემა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷⁴. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება
1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან, დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 75⁴ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, და თათბირის საიდუმლოება. ეს ვალდებულება არ ვრცელდება სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში მოცემულ ინფორმაციაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის 75¹ მუხლის მე-8 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 75⁷⁵. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი პირის, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირის, აგრეთვე სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის დისციპლინური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სამსახურის ადგილის მიხედვით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷⁶. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება
1. შენიშვნა გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან 6 თვის, საყვედური – 9 თვის, ხოლო მკაცრი საყვედური – 1 წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს.
2. მოსამართლე, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, დისციპლინური სახდელის მქონედ არ ითვლება.
3. დაუშვებელია დისციპლინური სახდელის მოხსნა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷⁷. მოსამართლის თანამდებობრივი დაწინაურების უფლების შეზღუდვა
1. მოსამართლეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან რომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, შესაბამისი ვადით ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება.
2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა გაამწესოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში, ან თუ მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷⁸. იმავე ბრალდებით მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების დაუშვებლობა
სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლის ბრალეულად ცნობის ან გამართლების შემდეგ დაუშვებელია იმავე საფუძვლით მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა, იმავე ბრალდებით მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, იმავე ქმედების გამო მისი ბრალეულად ცნობა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁷⁹. დისციპლინური საქმის შენახვა
1. დისციპლინური საქმე ინახება სადისციპლინო კოლეგიაში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.
2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვით.
3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა 10 წელი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁸⁰. სტატისტიკური ინფორმაცია
1. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია პერიოდულად ეგზავნება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
თავი XIV. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76. მოსამართლის სოციალური დაცვა
ამ კანონის 70-ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 77. მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის:
ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე;
ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში;
გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 86¹მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
დ) 85²მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა
საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე.
მუხლი 79. საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საერთო სასამართლოს მოსამართლ ისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ¹“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.