საერთო სასამართლოების შესახებ
თავი IX. სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 56². (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 57. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის თანამშრომელ ს თანამდებობაზე დანიშვნისას
1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იცის სამართალწარმოების ენა, აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
4 . პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში.
6. სასამართლოს აპარატის იმ მოხელის, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის ორგანული კანონი №6092 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის ორგანული კანონი №1050 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
მუხლი 58. მოსამართლის თანაშემწე და სასამართლო სხდომის მდივანი
1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.
2. სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 58¹. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილება
1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვებია მოსამართლეთა შორის საქმეების ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით განაწილება, რაც გულისხმობს საქმეების შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.
თავი X. სასამართლოს მანდატური
მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური
1. საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. სასამართლოს მანდატურზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რანგირება და მის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს მანდატურის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს.
4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/767,1272 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 60. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი
1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 59-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
გ) სასამართლოს მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 61. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი
1. სასამართლოს მანდატური:
ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;
ბ) ახორციელებს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვას;
გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
დ) იცავს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობებს;
ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას;
ვ) აღკვეთს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევას, ავლენს სამართალდამრღვევს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:
ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.
მუხლი 62. სასამართლოს მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შემთხვევები და წესი
1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.
2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე და სასამართლოში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლოში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.
4. სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს:
ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეასრულოს მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ეს სასამართლოს თავმჯდომარეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს);
დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. მათ მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.
თავი XI. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
მუხლი 63. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.
3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 4 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევენ კომიტეტის წევრები მისი, როგორც კომიტეტის წევრის, უფლებამოსილების ვადით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:
ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:
ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;
ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;
ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;
ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;
გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;
დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვს უფლება, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე აღნიშნული თანამდებობა. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრამდე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიმართოს და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოაღნიშნული თანამდებობა, საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე არჩევის მსურველთა რაოდენობა, რომელსაც აქვს უფლება, შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის პირმა მიიღო, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს.
5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც წესი, მოიწვევა წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს/იქნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. ამ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
თავი XI¹. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
მუხლი 66¹. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტატუსი, მიზანი და ფუნქციები
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომ – სკოლა), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება ამ კანონის საფუძველზე.
2. სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.
3. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66². სკოლის მართვა
სკოლის მართვის ორგანოებია: სკოლის დამოუკიდებელი საბჭო და სკოლის დირექცია.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან.
2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.
7. დამოუკიდებელი საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს;
გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე;
დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ;
ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით:
ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს;
ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს;
ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას;
ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეებსა და სტაჟირების ხელმძღვანელს;
ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;
ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის შემადგენლობას;
ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას;
ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. დამოუკიდებელი საბჭოს წევრ მოსამართლეს, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს იმ არამოსამართლე წევრს, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის დამოუკიდებელმა საბჭომ შეიძლება დაუწესოს დანამატები. დამოუკიდებელი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის ეძლევათ ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება სკოლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
მუხლი 66⁴. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება
1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა;
გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა;
დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
თ) გარდაცვალება.
2. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66⁵. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა
1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისივე დავალებით დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
6. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.
7. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესები განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66⁶. სკოლის დირექცია
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.
2. სკოლის დირექტორს 5 წლის ვადით, სკოლის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო.
3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
5. სკოლის დირექტორის მოადგილეები და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.
6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.
მუხლი 66⁷. სკოლის დირექტორის უფლებამოსილებები
სკოლის დირექტორი:
ა) წარმოადგენს სკოლას; უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსისა და გადამზადების კურსის წარმართვას;
ბ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას;
გ) სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;
დ) სკოლის შენობაში ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ე) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66⁸. სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები
1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66⁹. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა;
გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
თ) გარდაცვალება;
ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილეს, სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹⁰. სკოლის სტრუქტურა
სკოლის სტრუქტურა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹¹. სკოლის ბიუჯეტი
1. სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების ბიუჯეტში ცალკე სტრიქონით.
2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად სკოლას, დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავალი ან მატერიალური დახმარება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹². სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად კონკურსის წესით მიღება
1. სკოლაში პირი იუსტიციის მსმენელად კონკურსის წესით მიიღება.
2. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66¹³. სკოლაში მისაღები კონკურსის მონაწილე პირი
სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ქმედუნარიანი, ნასამართლობის არმქონე, იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და ამ კანონის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა), რომლის ჩაბარებიდან 10 წელი არ არის გასული.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹⁴. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარება
1. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს სკოლა.
2. იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი, აგრეთვე მისი კვალიფიკაცია, სამართლებრივი ანალიზის, დასაბუთების, ზეპირი კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარები. სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹⁵. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა
სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებამდე დამოუკიდებელი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით, სკოლის დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66¹⁶. იუსტიციის მსმენელის სტატუსი
იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹⁷. იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდია
იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹⁸. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია დაიცვას დისციპლინური ნორმები.
2. იუსტიციის მსმენელის მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევა იწვევს ერთ-ერთ შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) 10 დღემდე ვადით სახელმწიფო სტიპენდიის დაკავება;
დ) სკოლიდან გარიცხვა.
3. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული. დისციპლინური გადაცდომის სახეები და დისციპლინური დევნის განხორციელების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის შინაგანაწესით.
4. იუსტიციის მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და წყვეტს სკოლის დირექცია.
5. სკოლის დირექციას უფლება აქვს, იუსტიციის მსმენელს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ გადაცდომას და თავს გამოიჩენს, როგორც კეთილსინდისიერი იუსტიციის მსმენელი.
6. თუ იუსტიციის მსმენელს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 7 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ ითვლება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66¹⁹. სკოლაში სწავლის პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩათვლა
იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდი სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩაეთვლება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁰. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები
1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.
2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.
3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას წარუდგინოს მოთხოვნა მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორების, განახლების, შევსების ან დაბლოკვის, ამ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, მათი წაშლის ან განადგურების თაობაზე, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე‐17 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
4. ამ მუხლის მე‐3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, აგრეთვე მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე-17 მუხლებით დადგენილი წესებით.
5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3124 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.
მუხლი 66²¹. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა
1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 16 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებასა და სემინარულ მუშაობას.
2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან/და ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ვადაა 12 თვე.
3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²². იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა
იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 35¹ მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა, გარდა სავალდებულო საგნებისა, შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს. საგნების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 66²³. სკოლაში სწავლების ფორმები
1. სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, დისტანციური სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.
2. იუსტიციის მსმენელის სწავლებისას შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მისი უცხო ქვეყნის ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციაში სწავლება ან/და სტაჟირება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁴. სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო
1. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლებას წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.
2. სკოლის მასწავლებელთან იდება შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.
3. სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს.
4. მასწავლებელთა საბჭოს სხდომას რეგულარულად იწვევს და თავმჯდომარეობს სკოლის დირექტორის მოადგილე.
5. მასწავლებელთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
6. სკოლაში იუსტიციის მსმენელთა სწავლების მიზნით შესაძლებელია პერიოდულად მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესებსა და პირობებს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁵. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა და მისი ჩატარების წესი
1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სკოლაში სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.
2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
4. სკოლის წესდებით განისაზღვრება გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁶. იუსტიციის მსმენელის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები
1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გადის სტაჟირებას.
2. იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების სხვა ორგანოში, გარდა საერთო სასამართლოებისა, გავლის საკითხს, ამ იუსტიციის მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁷. სტაჟირების ხელმძღვანელი, სტაჟირების კოორდინატორი
1. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით ამ კანონის 66²⁶ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს.
2. სტაჟირების კოორდინატორი შეიძლება იყოს მოსამართლე, პროკურორი ან დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.
3. სტაჟირების კოორდინატორი:
ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენელის სტაჟირებას;
ბ) სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას;
გ) სტაჟირების დასასრულს სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ.
4. სტაჟირების გავლის დროს იუსტიციის მსმენელის მიერ შესასრულებელი დავალებების სახეები განისაზღვრება სტაჟირების პროგრამით.
5. სტაჟირების შეფასების სისტემა და იუსტიციის მსმენელისათვის საკვალიფიკაციო ქულის მინიჭების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁸. იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიში და შესრულებული ნაშრომი
სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელი ადგენს თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს, აგრეთვე ასრულებს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, ამ ორგანოში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელს, ილუქება და თან ერთვის იუსტიციის მსმენელის პირად საქმეს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66²⁹. სემინარული მუშაობა
1. სკოლა სტაჟირების დასასრულს იუსტიციის მსმენელთათვის ატარებს სემინარებს, რომელთა მიზანია მათ მიერ თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელების სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის მომზადება.
2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³⁰. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა
1. სკოლაში სწავლის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.
2. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. იუსტიციის მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.
3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
5. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
6. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
7. სკოლის წესდებით განისაზღვრება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66³¹. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის შედგენა
1. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან 1 თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.
2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³². საკვალიფიკაციო სიის შედგენის კრიტერიუმები
1. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენელის მიერ:
ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები;
ბ) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები;
გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები;
დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები.
2. იუსტიციის მსმენელის მიერ დაგროვებული ჯამური ქულა გამოიყვანება სკოლის წესდებით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³³. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება
1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მოიცავს:
ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას;
გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას;
დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას;
ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას;
ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას;
ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას;
თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას.
2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³⁴. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი
1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და იგი შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³⁵. გადამზადების მიზანი
1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს.
2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლო საქმიანობის პრაქტიკის, განზოგადებისა და გაზიარების გზით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³⁶. გადამზადების ფორმები და პროგრამა
1. გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე დისკუსიის მოწყობის გზით.
2. გადამზადების პროცესს წარმართავენ სკოლის მასწავლებლები.
3. გადამზადების მიზნით შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აგრეთვე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები, რომელთა მოწვევის, საქმიანობისა და შრომის ანაზღაურების წესები და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.
4. გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამას ადგენს სკოლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით და წარუდგენს სკოლის დირექტორს, რომელიც ამ პროგრამას განიხილავს და ყოველი წლის ოქტომბერში დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს.
5. გადამზადების პროგრამის შედგენისას სკოლა რეკომენდაციისათვის მიმართავს პირველი ინსტანციის, სააპელაციო ინსტანციისა და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებს.
6. ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება განხორციელდეს უცხო ქვეყნების ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციებში სწავლების ან/და სტაჟირების გზით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³⁷. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე
1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას. განცხადებაში უნდა მიეთითოს, რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული კონკრეტულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.
2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს გადამზადების მსურველის განცხადება და უპასუხოს ამ განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.
3. გადამზადებაში მონაწილეობაზე სკოლის დირექციის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66³⁸. მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლება
მოქმედი მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის სავალდებულო კომპონენტი, როგორც წესი, უნდა იყოს ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საკითხების სწავლება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1913 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 66³⁹. გადამზადების ღონისძიებაში პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირის მონაწილეობა
გადამზადების კურსის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის პროკურორის, ადვოკატისა და სხვა პირის დაშვების წესი განისაზღვრება სკოლის წესდებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66⁴⁰. სპეციალურ სასწავლო კურსში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა
1. უცხო ქვეყნის მოსამართლეებისათვის, სასამართლო სისტემის მოხელეებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური სასწავლო კურსი.
2. სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
3. სპეციალური სასწავლო კურსი განხორციელდება შესაბამის უცხოურ ენაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66⁴¹. სასწავლო გრანტი
1. სკოლას უფლება აქვს, გასცეს სასწავლო გრანტი მხოლოდ მოსამართლესა და სასამართლოს მოხელეზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
2. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66⁴². სამეცნიერო საქმიანობა
1. სკოლის ბაზაზე სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევისათვის შესაძლებელია შეიქმნას კვლევითი ინსტიტუტები.
2. სკოლა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ეწევა საგამომცემლო საქმიანობას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 66⁴³. სკოლაში სწავლისგან გათავისუფლება
მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, აგრეთვე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა, კონკურსის წესით განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება სკოლაში სწავლისგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
თავი XII . საერთო სასამართლოების დაფინანსება . მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები
მუხლი 67. საერთო სასამართლოების დაფინანსება
1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
1¹. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამები საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრებები საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4963 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა
1. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.
3. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.
5. მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.
6. მოსამართლეს შვებულება ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა დადგენილი რანგირების მიხედვით.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3623 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3545 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება
1. მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან.
2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე:
ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 10.00;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20;
გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00;
დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც უზენაეს სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.50;
ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.40;
ე¹) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.35;
ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.30;
ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისთვის – 8.20;
თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.10;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.00;
ი¹) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 7.80;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 7.70;
ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისთვის − 7.50;
მ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისთვის/მაგისტრატი მოსამართლისთვის, რომელსაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ი“−„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 7.20.
3. ამ კანონის შესაბამისად სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ აღნიშნული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით არის დანიშნული.
4. დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
5. მოსამართლის მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6. მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
7. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
მუხლი 70. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 71. დახმარება მოსამართლის დაღუპვის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლეს სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით.
3. მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 72. მოსამართლის დაზღვევა
1. მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების დაზღვევა ხორციელდება უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტიდან, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისა – საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება უზენაეს სასამართლოსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით.
თავი XII¹. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი
მუხლი 72¹. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა
1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს ან რომელიც მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა.
2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისთვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
3. მოსამართლესთან კომუნიკაცია მისი სამსახურებრივი მივლინების ან/და სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში მისი მონაწილედ/ექსპერტად ჩართვის მიზნით ან ნებისმიერ სხვა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების/სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესს (სპეციალური კომუნიკაცია), დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, ამ კანონის 72¹² მუხლით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 72². მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა
1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ამ კანონის XIII¹ თავით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ამავე კანონით დადგენილი წესით დაკისრებას.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 72³. პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
პროკურატურის თანამშრომლის მიერ ამ კანონის 72 ¹ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება პროკურატურის თანამშრომლისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ თავით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 72⁴. ადვოკატის პასუხისმგებლობა
ადვოკატის მიერ ამ კანონის 72 ¹ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 72⁵. გამომძიებლის პასუხისმგებლობა
გამომძიებლის მიერ ამ კანონის 72 ¹ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 72⁶. საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა
საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის 72 ¹ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებას, ხოლო საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 72⁷. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმება
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.
2. სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 10 000 ლარისა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 72⁸. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა
1. მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.
2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისთვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება აღნიშნული დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
3. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.
4. ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:
ა) სათანადო რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის 72⁹ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობის პირს;
ბ) წარმოდგენილი საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ ამ მასალების განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
5. თუ მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
6. მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე სათანადო რეაგირებისთვის ამ კანონის 72⁹ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის პირისთვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ მოსამართლესთან ამ კანონის 72¹მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოდგენილი საქმის მასალების განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 72⁹. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინება
1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ამ თავის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურორს.
2. ადვოკატის მიერ ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
3. გამომძიებლის მიერ ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.
4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.
5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებად.
6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 72¹⁰. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლემ ამ კანონის 72⁸ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 72¹¹. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა
1. მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, აგრეთვე ამ თავის გამოყენების შესახებ ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
2. მოსამართლესთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ თავის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის თაობაზე.“.“.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 72¹². მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია
1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღონისძიების ორგანიზატორი − ნებისმიერი სუბიექტი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, იურიდიული პირის ფილიალი, ორგანიზაცია, დაწესებულება, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობა და ა. შ.), რომელიც დაინტერესებულია თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობით;
ბ) ღონისძიება − ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და სხვა მსგავსი ღონისძიება;
გ) მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია − ღონისძიებაში შესაბამისი მოსამართლის მონაწილეობის მიზნით ღონისძიების ორგანიზატორის მიერ ამ მოსამართლესთან კომუნიკაციის განხორციელება.
2. აკრძალულია მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე.
3. ღონისძიების ორგანიზატორი ღონისძიების განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე ღონისძიების შესახებ ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეტყობინება გულისხმობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ღონისძიების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის წარდგენას:
ა) ღონისძიების არსის, მიზნისა და დღის წესრიგის შესახებ (ღონისძიების განხორციელების დროის, ხანგრძლივობის, პერიოდულობისა და ადგილის მითითების ჩათვლით);
ბ) ღონისძიებაში მონაწილე პირების (ტექნიკური პერსონალის გარდა) ვინაობის შესახებ (მათი თანამდებობის ან სხვა სტატუსის მითითების ჩათვლით);
გ) ღონისძიებაში მოსამართლის (მოსამართლეების) მონაწილეობის მოთხოვნის შესახებ, ამ ღონისძიებაში მისი (მათი) როლის აღწერით.
4. კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ ბრძანება არ გამოიცემა.
5. თუ ღონისძიების ორგანიზატორი მოსამართლესთან განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლე ვალდებულია ღონისძიების ორგანიზატორს განუცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია არასათანადო კომუნიკაციაა და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.
თავი XIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი, სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები
მუხლი 73. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი
უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე ქალაქ თბილისში.
მუხლი 74. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი
1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
მუხლი 75. სასამართლოს ბეჭედი
სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.
თავი XIII¹. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75¹. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
1. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
2. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ობიექტურად შეეძლო დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქმედების განხორციელება, მაგრამ არ განუხორციელებია ის.
3. დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება.
4. განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას.
5. გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის.
6. მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
7. დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
8. დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:
ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ:
ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით;
ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
ბ) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ:
ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება;
ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 72¹ მუხლის პირველი პუნქტის ან 72² მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა;
ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი;
ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა;
ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა;
ბ.ზ) მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა;
გ) ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ:
გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 5², მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 13⁴, 13⁵ ან 20⁴ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა;
გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
დ) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ:
დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ;
დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება;
დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება;
ე) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ:
ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ საფუძვლით;
ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;
ვ) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ:
ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა;
ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა;
ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია;
ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ვ.ე) მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას).
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2228 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
მუხლი 75². დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
მუხლი 75³. დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება
1. დისციპლინური სახდელებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) მკაცრი საყვედური;
დ) ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში;
ე) სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე¹) მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა;
ვ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
1¹. შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად.
1². სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.
მუხლი 75⁴. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა
1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 75⁴¹ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.
3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 75⁴¹ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.