საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
კარი V სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, საპროცესო შეთანხმება
თავი XX ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
მუხლი 205. პატიმრობა
1. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
2. ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/2/646 - ვებგვერდი, 29.09.2015წ.
3. ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3¹. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის დინება არ შეჩერდება, თუ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის ინიციატივით, ამ კოდექსის 191-ე მუხლის 3² ნაწილით დადგენილი წესით არ დაწყებულა ან შეჩერდა.
3². ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის დინება შეჩერდება, თუ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის ინიციატივით, ამ კოდექსის 191-ე მუხლის 3² ნაწილით დადგენილი წესით არ დაწყებულა ან შეჩერდა.
4. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ. საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზედაც.
5. მსჯავრდებული შეიძლება პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეში.
6. თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა გართულებულია, სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია საქმის განხილვისას ბრალდებული დროებით მოთავსდეს უახლოეს პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას სპეციალური პენიტენციური სამსახური განახორციელებს.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 19 აპრილის კანონი № 560 - ვებგვერდი, 10 . 05 .2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/2/646 - ვებგვერდი, 29.09.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 206. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება ხდება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობით. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა შესაძლებელია ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს და არკვევს, არის თუ არა აცილებები. შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს მას. შემდეგ სიტყვა ეძლევა მეორე მხარეს, რის შემდეგაც მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
4. მხარე უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.
5. შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება ემყარება, და მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება.
6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, განჩინებაში ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება განჩინება; მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსამართლე დარწმუნდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობაში; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; განჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა.
7. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
8. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, რა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებია დასმული და მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.
9. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება.
10. დაპატიმრების შერჩევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს შეიძლება წარედგინოს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაშიც, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების დროს ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ.
11. სასამართლო აცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, მოსამართლე ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რატომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით აღკვეთის ღონისძიების მიზანი ვერ მიიღწეოდა.
12. (ამოღებულია – 21.06.2011, №4868).
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1473 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №665 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 207. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.
3. საჩივრის განხილვის დღე და დრო გონივრულ ვადაში ეცნობება მხარეებს.
4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოიკვლია თუ არა ან შეაფასა თუ არა მან ამ კოდექსით დადგენილი წესით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას.
6. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და განჩინების აღმასრულებელ ორგანოს.
7. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
8. მოსამართლე აცხადებს გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს გამოტანილი განჩინების საფუძვლებს.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
მუხლი 208. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ
1. თუ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის თარიღს.
2. წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისას მაგისტრატი მოსამართლე ითვალისწინებს მხარეთა პოზიციას, საქმის სირთულესა და მოცულობას. მოსამართლემ მხარეებს საკმარისი დრო და საშუალება უნდა მისცეს დაცვისა და ბრალდების მოსამზადებლად.
3. წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
4. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 72 საათისა სასამართლო იწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვება. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
თავი XXI საპროცესო შეთანხმება
მუხლი 209. საპროცესო შეთანხმების არსი # # # #
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.
2. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.
3. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
4. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
5. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
6. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
7. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 210. საპროცესო შეთანხმების დადება
1. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
1¹. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.
1². საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
1³. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
2. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.
3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
4. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.
5. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.
6. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი). საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები. ისინი თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 211. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა
1. თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11¹ ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები;
დ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული;
ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა;
ვ¹) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;
ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 1² ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 1³ ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბრალდებულის განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრალდებულის განცხადებაში.
3. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
5. (ამოღებულია – 11.03.2011, №4430).
6. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, აგრეთვე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას მამხილებელ ინფორმაციას აწვდის. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის) აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შინაარსი სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
7. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430- ვებგვერდი,22.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 212. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა
1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.
2. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:
ა) საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
ბ) საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
გ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
დ) ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
ე) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
ვ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
ზ) ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
თ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ი) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:
ი.ა) დაცვის უფლება;
ი.ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება;
ი.გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
კ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
ლ) საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული;
მ) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3. მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
5. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 213. სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
1. სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.
3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
3¹. სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება, თუ მას მიაჩნია, რომ ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები ვერ მიიღო.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილია ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11¹ ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები მიიღო და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
5. თუ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე იხილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების შედეგად არის დადებული, იგი საქმეს ზემდგომ პროკურორს გადასცემს. ზემდგომი პროკურორი საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
6. სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
6¹. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11¹ ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს. პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე სასამართლო მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
7. ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 214. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობა
თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება
1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;
ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11¹ ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 216. განაჩენის ასლების გადაცემა
1. განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროკურორს გადაეცემათ განაჩენის ასლები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში განაჩენის ასლი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით.
3. შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 217. დაზარალებულის უფლებები საპროცესო შეთანხმების დადებისას
1. პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორი ადგენს ოქმს.
1¹. სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.
2. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.
3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 218. ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვა
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.
3. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, რომელსაც იგი ამ კოდექსის 210-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. მსჯავრდებულის შემთხვევაში საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სასჯელის მოუხდელი ვადა. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია აღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის, მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.
4. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, შეთანხმება, მისი პირობების შესაბამისად, ბათილად ჩაითვლება.
5. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და საქართველოს გენერალური პროკურორი.
6. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრალდებული ითვლება ნასამართლევად.
7. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების, სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.
8. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹–144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე არასრულწლოვანის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 141-ე, 253-ე−255-ე, 255¹ და 255²მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
9. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს განაჩენის გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ეს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4789 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6755 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
კარი VI წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
თავი XXII წინასასამართლო სხდომა
მუხლი 219. წინასასამართლო სხდომა
1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში).
2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე:
ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;
ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი;
გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს;
ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.
5. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.
6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
7. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 220. საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება
წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად:
ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს;
ბ) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს;
გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან;
დ) ბრალდებულს, რომელიც პატიმარი არ არის, წერილობით განუმარტავს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს;
ე) იღებს სხვა ზომებს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
მუხლი 221. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა
1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით. თითოეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი. მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეებს გადასცეს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს კითხვართან ერთად ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, სხდომის ადგილი და სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა.
2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.
5. (ამოღებულია - 28.06.2021, №707).
5¹. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის კითხვარისა და უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით, ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხული სატრანსპორტო საშუალების მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხული მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა მობილური ტელეფონების ნომრები;
გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ კვლავ ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული ბაზებიდან წერილობით გამოითხოვოს ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული არაუმეტეს 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მობილური ტელეფონების ნომრები.
5². ამ მუხლის 5¹ ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაძლებლობის ფარგლებში.
6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19 .0 6 .201 2 წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6735 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა
1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი აცხადებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.
3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს;
გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობები განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული აცილების შესახებ და განსაზღვრული რაოდენობის დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. მხარეები პირველად აყენებენ შუამდგომლობებს დასაბუთებული აცილების შესახებ, ხოლო შემდეგ − შუამდგომლობებს დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. თითოეული სახის აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და მორიგეობით: ჯერ − ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ − დაცვის მხარე.
2. მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.
3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისათვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები. შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეებსა და მსაჯულობის კანდიდატს გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
4. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ინტერესებს, იგი ინფორმაციას მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს და მხარეებს აწვდის.
6. (ამოღებულია - 24.06.2016,№5591).
7. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებისადმი.
8. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ თვითაცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ცალკე, მხოლოდ პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობით, სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვების გარეშე. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
9. თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.
10. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს.
11. (ამოღებულია - 28.06.2021, №707).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №3990 - ვებგვერდი, 17.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
მუხლი 224. კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად
1. აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგანთორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა ნაფიცი მსაჯული ამ კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თათბირი თავიდან იწყება.
3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
თავი XXIII საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
მუხლი 225. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო # #
სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება) უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135¹ მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−144² მუხლებით, 144³ მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.
2. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
4. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან მისდამი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის 21¹ მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2355 – ვებგვერდი, 29.05.2018წ.
მუხლი 227. სხდომის თავმჯდომარე
საქმის არსებითი განხილვის სხდომას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 228. მხარისა და მოწმის გამოცხადება
1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში.
2. თუ მხარე არ აპირებს რომელიმე პირის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ პირის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.
3. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პროცესის მონაწილეებს და სხდომაზე დამსწრე პირებს წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლოს მითითების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე.
5. გამოცხადების შემოწმების შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გასცეს აღნიშნული პირების მათთვის განკუთვნილ ოთახში გაყვანის განკარგულება და იღებს ზომებს, რომ დაკითხვამდე მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ.
მუხლი 229. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადება. პროცესის მონაწილეთა საქმეში მონაწილეობის გამორიცხვის და აცილების საკითხის გადაწყვეტა
1. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას, ასევე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს ბრალდებას და ვინ ახორციელებს დაცვას, და მხარეებს ეკითხება, ხომ არ აქვთ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი.
2. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას.
3. სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 230. სხდომის თავმჯდომარის მიერ ბრალდებულის ვინაობის დადგენა და უფლებების განმარტება
1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.
2. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და თუ ცნობს – რაში. ბრალდებულს უნდა განემარტოს, რომ იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, რომ არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას, და რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
3. სხდომის თავმჯდომარე არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 230¹. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს
1. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 225-ე მუხლის და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განსაზღვრული საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადა 2 თვეს აღემატება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი
1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითაც გადაეცემათ.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:
ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;
ა¹) ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დადასტურების აუცილებლობას, ამ ქმედების ობიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტის არსებობის დამტკიცების ჩათვლით; განზრახვისა და გაუფრთხილებლობის არსსა და მნიშვნელობას; მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავ გარემოებებს;
ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;
გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას, იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება, აგრეთვე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შინაარსს;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს;
ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ ჩანაწერები;
ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით;
ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;
თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.
5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.
6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მოსამართლე მათ განუმარტავს, თუ რა არის საერთო და განმასხვავებელი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულსა და მეორე − შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულს შორის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
მუხლი 232. ნაფიცი მსაჯულის შეცვლა სათადარიგო მსაჯულით
1. თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ნაფიც მსაჯულს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, გამოვლინდა მისი აცილების საფუძველი, ნაფიცმა მსაჯულმა დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები, სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულს ათავისუფლებს მისი მოვალეობის შესრულებისაგან და მის ნაცვლად ნაფიც მსაჯულად ნიშნავს მსაჯულთა სიაში მომდევნო სათადარიგო მსაჯულს.
2. თუ ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა ნაფიც მსაჯულთა ამ კოდექსით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, სხდომის თავმჯდომარე იწყებს მსაჯულთა ხელახალ შერჩევას და საქმის განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით იწყება თავიდან.
მუხლი 233. უფროსი მსაჯული
1. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს.
2. უფროსი მსაჯული თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.
3. უფროსი მსაჯულის გათავისუფლების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ირჩევს ახალ უფროს მსაჯულს.
მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება
1. უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს. ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: „ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“.
2. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით ყოველი მსაჯული ამბობს: „ვადასტურებ!“.
3. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.
4. ფიცის დადების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
5. ნაფიცი მსაჯული ფიცს ფეხზე ამდგარი დებს.
6. ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი
1. ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:
ა) სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
ბ) წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ, მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.
2. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.
მუხლი 236. ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი
1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.
3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს პასუხისმგებლობის შესაძლო ზომების შესახებ, აგრეთვე მათ განუმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულებისაგან.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის განსაზღვრულ დროს სასამართლოში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობისას, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში იღებს განკარგულებას, რომლითაც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს დააკისრებს ჯარიმას 500 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ჯარიმის ოდენობა შემაკავებელი, მიყენებული ზიანის პროპორციული და აღნიშნული პირის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა, მისთვის ამ განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც მისი შეტანიდან 24 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების მიღებამდე პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების აღსრულება ჩერდება. აღნიშნული განკარგულება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
მუხლი 237. ნაფიცი მსაჯულების სავალდებულო ინფორმირება საპროცესო შეთანხმების არსებობის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს აწვდის ინფორმაციას განსახილველ საქმესთან არსებითი კავშირის მქონე საკითხებზე საპროცესო შეთანხმების არსებობის თაობაზე.
მუხლი 238. ბრალდებულის ნასამართლობა
ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ეცნობოთ ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ (თუ ეს არ არის წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ან/და გამიზნული არ არის ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად), აგრეთვე ნებისმიერი სხვა მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი არა აქვს ბრალის დამტკიცებასთან.
მუხლი 239. შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა
1. სხდომის თავმჯდომარე არკვევს, აქვთ თუ არა მხარეებს ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა. ერთგვაროვანი სახის შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. პირი, რომელიც დააყენებს შუამდგომლობას, ვალდებულია მიუთითოს, რა გარემოებათა დასადგენად არის დაყენებული შუამდგომლობა.
2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილება.
4. წარდგენილი დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დაშვების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გონივრული ვადით გადადოს საქმის განხილვა, თუ მხარეს დაცვის ან ბრალდების პოზიციის მოსამზადებლად დამატებითი დრო ესაჭიროება.
5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის დაცვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 240. საქმის განხილვა პროცესის მონაწილეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში
1. პროცესის რომელიმე მონაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებითი განხილვის გაგრძელების ან გადადების შესახებ. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც მას არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა გამოძახებული პირის იძულებით მიყვანის თაობაზე.
2. საქმის არსებითი განხილვის გადადების შემთხვევაში სასამართლო მხარეებს ჰკითხავს გამოცხადებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობაზე. ამ წესით დაკითხულ მოწმეს მხარის შუამდგომლობით გამოიძახებენ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
მუხლი 241. მხარეთა შესავალი სიტყვები
1. სხდომის თავმჯდომარე ბრალდების მხარეს უფლებას აძლევს, წარადგინოს ბრალდების შესავალი სიტყვა. ამის შემდეგ ადვოკატსა და ბრალდებულს ეძლევათ უფლება, წარადგინონ დაცვის შესავალი სიტყვა.
2. სხდომის თავმჯდომარე მხარეს შესავალი სიტყვის წარსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 242. მტკიცებულებათა გამოკვლევის ზოგადი წესი
1. მტიცებულებათა გამოკვლევა იწყება მხარეების მიერ შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ.
2. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.
3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე.
მუხლი 243. გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა, მოწმის დისტანციური დაკითხვა
1. თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
2. თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
4. (ამოღებულია - 12.06.2015, №3715).
5. ამ კოდექსის 118¹ მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1729 - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 244. პირდაპირი დაკითხვა
1. პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა.
2. პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მიმანიშნებელი შეკითხვის განრიდების ან/და ასეთი შეკითხვისა და მასზე პასუხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 245. ჯვარედინი დაკითხვა
1. ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია.
2. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 246. ხელახალი პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. სადავო შეკითხვები
1. მხარეს უფლება აქვს, აწარმოოს ხელახალი პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. ხელახალი პირდაპირი დაკითხვისას მხარე შეზღუდულია ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებით, ხოლო ხელახალი ჯვარედინი დაკითხვისას – ხელახალი პირდაპირი დაკითხვის ფარგლებით.
2. მოწმის დაკითხვის დროს დასმულ სადავო შეკითხვებს მხარის შუამდგომლობით განარიდებს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 247. ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა
1. თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №26 34– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 248. მტკიცებულების დემონსტრირება სასამართლო განხილვის დროს
1. მხარეს უფლება აქვს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს საქმეში არსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება. საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები მტკიცებულება, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
2. წერილობით მტკიცებულებას საჯაროდ კითხულობს მხარე.
მუხლი 249. მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულება
მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ დასკვნითი სიტყვები.
მუხლი 250. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე უარის თქმა
1. ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა.
3. ბრალდების მხარის მიერ უარყოფილი ბრალდება ან ბრალდების ნაწილი და ის მტკიცებულებები, რომლებსაც იგი ეყრდნობა, არ შეიძლება ხელახლა წარედგინოს სასამართლოს იმავე ბრალდებულის მიმართ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 662 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5576 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
მუხლი 251. მხარეთა დასკვნითი სიტყვები
1. დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
2. თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე ბრალმდებელი, ადვოკატი ან ბრალდებული, მაშინ სხდომის თავმჯდომარე მათ სთავაზობს, შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. პროცესის მონაწილეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ტარდება წილისყრა.
3. დასკვნითი სიტყვისათვის სხდომის თავმჯდომარე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 252. რეპლიკა
დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ, კიდევ ერთხელ, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, რეპლიკის სახით, მოკლედ გამოთქვან საწინააღმდეგო აზრი ან/და შენიშვნა. საბოლოო რეპლიკის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს დაცვის მხარეს.
მუხლი 253. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა
1. მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარდგენისა და რეპლიკით გამოსვლის შემდეგ ბრალდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს საბოლოო სიტყვით.
2. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს ბრალდებული, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან ან რომელიც არ გამოკვლეულა პროცესის განმავლობაში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 254. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 255. სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება
1. ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით.
მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი
1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს საკითხისადმი თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს უგულებელყოფს, იმ მტკიცებულებას ითვალისწინებს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, აშკარა მიკერძოებას გამოხატავს ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული, ხოლო მის მიერ დარღვევის განმეორებისას დაითხოვოს იგი და სათადარიგო მსაჯულით შეცვალოს. თუ წარმოიქმნა ნაფიცი მსაჯულის დათხოვნის ვალდებულება და სათადარიგო მსაჯულთა შემადგენლობა ამოწურული აღმოჩნდა, მოსამართლე ვალდებულია დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება
თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
თავი XXIV სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
მუხლი 258. სასამართლოს განაჩენის დადგენა და გამოცხადება საქართველოს სახელით # #
სასამართლოს განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით.
მუხლი 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;
ე¹) უნდა დაენიშნოს თუ არა და რა ვადით უნდა დაენიშნოს ბრალდებულს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;
ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;
ზ¹) მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საკითხს;
ზ²) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს;
თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.
3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 261. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.
2. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.
3. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.
4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.
5. თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის მნიშვნელობას და სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, არის თუ არა ისეთი მსაჯული, რომელიც უარს აცხადებს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან რომელსაც აქვს ინტერესი საქმის მიმართ, რის შესახებაც არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს. აღნიშნული განმარტების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი კანონის შესაბამისად.
6. თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.
7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა მიერ მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებას ან რომელიმე მტკიცებულების მნიშვნელობას.
8. უფროსი მსაჯული ავსებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს, რომელშიც შეაქვს კენჭისყრის საერთო შედეგები და რომელსაც ყველა ნაფიცი მსაჯული ადასტურებს ხელმოწერით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
მუხლი 262. ვერდიქტის ფორმა
1. სხდომის თავმჯდომარემ ყოველ ბრალდებულზე უნდა მოამზადოს ვერდიქტის 2 ფორმა, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს წარედგინება: ერთი – გამამართლებელი ვერდიქტის, მეორე – გამამტყუნებელი ვერდიქტის.
2. ვერდიქტის ფორმა შემდეგნაირად უნდა იკითხებოდეს:
ა) გამამართლებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში;
ბ) გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქმეზე (საქმის ნომერი და დასახელება) ბრალდებული (სახელი და გვარი) ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით (ნაწილით, ქვეპუნქტით) (ნომერი) გათვალისწინებული დანაშაულის (დასახელება) ჩადენაში.
მუხლი 263. ვერდიქტის გამოცხადება
1. უფროსი მსაჯულის მიერ ვერდიქტის ხელმოწერის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და უფროსი მსაჯული სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს ვერდიქტი და უნდა დარწმუნდეს შემდეგში:
ა) ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული;
ბ) არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის;
გ) ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.
3. თუ სხდომის თავმჯდომარე ვერდიქტის ფორმას ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევს, იგი ვერდიქტს სასამართლოს წინაშე გამოსაცხადებლად უბრუნებს უფროს მსაჯულს.
4. უფროსი მსაჯული აცხადებს ვერდიქტს სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. თუ სხდომის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვერდიქტის ფორმა არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ვერდიქტს უბრუნებს უფროს მსაჯულს და მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში შეცდომების გასასწორებლად.
6. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს და დაითხოვს მათ, გარდა ამ კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.
8. გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 264. სასჯელის დანიშვნის სხდომა
1. თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებაც.
2. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.
3. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები.
4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. მხარეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე.
6. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 265. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი
1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში და არც სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციაში.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მუხლი 266. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო განაჩენით ადგენს ახალ სასჯელს. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
მუხლი 267. სასამართლოს თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის სასამართლოს თათბირი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს ამ კოდექსის 260-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.
3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის ხმა ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 268. სასამართლოს განაჩენის სახეები
1. სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
2. სასამართლოს განაჩენი შეიძლება ბრალდების ზოგ ეპიზოდში გამამტყუნებელი იყოს, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდში – გამამართლებელი.
მუხლი 269. გამამტყუნებელი განაჩენი
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად;
დ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნით ან მისი დანიშვნის გარეშე;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობით.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა, აგრეთვე სასჯელის მოხდის ვადისა და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:
ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
გ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ. )
დ) პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი;
ე) პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286², 322¹, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ ან/და 143² მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
6. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №461 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 270. გამამართლებელი განაჩენი
1. გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას.
2. გამამართლებელი განაჩენი არ უნდა შეიცავდეს გამართლებულის უდანაშაულობის გამომრიცხავ ან მისი სახელის გამტეხ ფორმულირებებს.
მუხლი 271. განაჩენის ფორმა
1. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
2. განაჩენს ხელი უნდა მოაწეროს ყველა მოსამართლემ, განსხვავებული აზრის მქონის გარდა.
3. განაჩენში შეტანილი შესწორება განაჩენის გამოცხადებამდე წინასწარ უნდა შეათანხმოს და ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ყველა მოსამართლემ.
მუხლი 272. განაჩენის შესავალი ნაწილი
განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება:
ა) რომ განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით;
ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი;
გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი და ადვოკატი;
დ) ბრალდებულის პერსონალური მონაცემები და მასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები;
ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებულს ბრალი წაუყენეს.
მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძველი და მოტივები, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი და მოტივი. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 274. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ;
ვ¹) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა;
ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა;
ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა;
ი¹) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;
ი²) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − გადაწყვეტილება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ;
კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
ლ) (ამოღებულია – 28.10.2011, №5170);
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
2. თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა მიეთითოს, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3. სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.
5. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს დაზარალებულის კომპენსაციის ოდენობა, ქონება, რომლითაც დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ჯეროვნად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება, ან/და რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული. გამამართლებელ განაჩენში აღინიშნება აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
მუხლი 276. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი
გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ;
გ) გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო თუ იგი პატიმარია – აგრეთვე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ;
დ) გადაწყვეტილება საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ე) გამართლებულის უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
ვ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
მუხლი 277. განაჩენის გამოცხადება
1. განაჩენი დგინდება სასამართლო სხდომის დარბაზში ან სათათბირო ოთახში, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე სხდომის დარბაზში საჯაროდ აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.
2. თუ ბრალდებულმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, განაჩენი გამოცხადებისთანავე ან სინქრონულად უნდა ეთარგმნოს ბრალდებულს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
3. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. მსჯავრდებულს განემარტება შეწყალების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლებაც.
მუხლი 278. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა
1. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლები მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე – არაუგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.
2. განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის ან გამართლებულის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შესატანად, აგრეთვე შესაბამისი მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად.
3. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ გამოტანილი შესაბამისი განაჩენის ასლი ეგზავნება აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
4. შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344³ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 279. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა
1. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
2. განაჩენის გამოცხადებისთანავე პატიმრობიდან თავისუფლდება:
ა) გამართლებული;
ბ) (ამოღებულია - 24.09.2010, №3616);
გ) მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით;
დ) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა იმ ვადით, რომელიც არ აღემატება მისი დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადას;
ე) მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა პირობით ან განაჩენის აღსრულების გადავადებით;
ვ) მსჯავრდებული, რომელსაც დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 280. განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი
1. განაჩენის, განჩინების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება მისი აღსრულება.
2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს მისი აღსრულების შესახებ.
3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს ან სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის იმ ორგანოს, რომელმაც დააჯილდოვა მსჯავრდებული ან მიანიჭა მას სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდება.
4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.
5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, იგი ამას აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, ასევე მსჯავრდებულს.
6. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება (განჩინება) დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
მუხლი 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ
იმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, რომლითაც მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით შეატყობინოს ამის შესახებ განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით − სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლის შემთხვევაზე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3998 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 282. მსჯავრდებულის ძებნა
1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნისა და მოყვანის შესახებ.
2. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
3. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით წყვეტს დაკისრებული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
4. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება
1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.
1¹. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განაჩენის აღსრულება ზეპირი მოსმენის გარეშე გადაავადოს.
1². ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
1³. სასამართლო ამ მუხლის 1² ნაწილით გათვალისწინებულ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენით. მასში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. სასამართლო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის შუამდგომლობით.
3. მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
4. მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ან გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
6. როდესაც მსჯავრდებულის შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
7. განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მოქმედებს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
მუხლი 283¹. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
1. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განაჩენის გამომტან შესაბამის სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ განაჩენის გამომტანი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ.
3. განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივგადავადების საკითხს განაჩენის გამომტანი სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს მსჯავრდებულის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის გადმოცემიდან 48 საათისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადდება იმ პერიოდში, როდესაც შეუძლებელი იყო საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით განაჩენის გამომტან სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის ასლიც ეგზავნება მსჯავრდებულს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ განაჩენის რომელი ნაწილი ექვემდებარება აღსრულებას და მთლიანად ან ნაწილობრივგადავადებას.
7. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის აღსრულების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების შესახებ და მსჯავრდებულს აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება, მისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც აღარ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება.
8. მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადებული განაჩენი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ; პირის მიმალვის შემთხვევაში განაჩენის გამომტან სასამართლოს ერთპიროვნულად გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.