პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

ტექსტი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პირის რეგისტრაციასა და მისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისა და საქმიანობის პრინციპებსა და ძირითად მიზნებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს პატენტრწმუნებული (შემდგომ − პატენტრწმუნებული) − საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი; ბ) საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას; გ) სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით; დ) პატენტრწმუნებულთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც გულისხმობს პირისთვის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მინიჭებას და, ამავდროულად, მისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია; ე) საგამოცდო კომისია – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის საქმიანობის წესიც განსაზღვრულია იმავე ბრძანებით და რომელიც ორგანიზებას უწევს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია აღნიშნული გამოცდის შედეგების შეფასებისთვის და ახორციელებს ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა) – საქპატენტის მიერ ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ორგანიზებული გამოცდა; ზ) მარწმუნებელი − პირი, რომელიც პატენტრწმუნებულს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი სახელითა და ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი მოქმედებები. მუხლი 3. პროფესიული საიდუმლოება (კონფიდენციალური ინფორმაცია) 1. პატენტრწმუნებული ვალდებულია: ა) უვადოდ, თავისი საქმიანობის შეცვლის მიუხედავად დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი; ბ) მარწმუნებლის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ხელმისაწვდომი ან გაანდეს მას, ან/და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია). 2. პატენტრწმუნებული უფლებამოსილია მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია მარწმუნებლის თანხმობის გარეშე გაამჟღავნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისთვის წაყენებული მოთხოვნის შესრულების თავიდან ასაცილებლად ან ბრალდებისგან თავის დასაცავად, ან მის მიერ მიუღებელი ანაზღაურების/ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. დაუშვებელია, პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში მუშაობდა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა. 2. პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც მარწმუნებლის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის. 3. პატენტრწმუნებული ვალდებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უარი თქვას მარწმუნებლის დავალების შესრულებაზე, თუ კონკრეტულ საქმეზე მან მეორე მხარეს გაუწია მომსახურება. 4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი. მუხლი 5. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა 1. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/ შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. 2. პატენტრწმუნებული ვალდებულია რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა ასოციაციას (შემდგომ – ასოციაცია) წარუდგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი). 3. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების (დაზღვევის ხელშეკრულებისა და პოლისის) ვადის გასვლის, შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები. 4. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის წევრობა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. 5. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 6. პატენტრწმუნებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. თავი II პატენტრწმუნებული მუხლი 6. პატენტრწმუნებული 1. პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი. 2. პირს უფლება აქვს, გახდეს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ: ა) იგი საქართველოს მოქალაქეა; ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის ან წარმოების სფეროში; [ ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში/მიმართულებით; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან )] გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა; დ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი. 3. პირს უფლება აქვს, გახდეს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ: ა) იგი საქართველოს მოქალაქეა; ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება; გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა; დ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი. 4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, თუ მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატენტო სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის პროგრამის მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1894 – ვებგვერდი, 30.10.2026წ. მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები 1. საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. 2. სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში და გაუწიოს მას სხვა მომსახურება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები მოიცავს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევასა და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, სხვა სახელმწიფო ორგანოსა და მესამე პირთან ურთიერთობებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის, საერთაშორისო განაცხადისა (PCT) და საერთაშორისო რეგისტრაციის მოსაპოვებლად საჭირო განაცხადის შედგენას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტისთვის დუბლიკატის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, დამცავი დოკუმენტების მისაღებად და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ძალის შესანარჩუნებლად აუცილებელი ქმედებების განხორციელებას, შესაბამისი უფლებების გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე განაცხადის შედგენას და უფლებების დაცვისა და განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელებას, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. პატენტრწმუნებული პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულების ან/და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 5. პატენტრწმუნებული საქპატენტში წარმომადგენლობის განხორციელებისას ვალდებულია წარადგინოს განმცხადებლის ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 8. პატენტრწმუნებულის ვალდებულებები პატენტრწმუნებული ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დაინტერესებულ პირს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ; გ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება (ინფორმაციის კონფიდენციალურობა); დ) 2 წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს მე-3 კალენდარული წლის 31 იანვრისა ასოციაციას წარუდგინოს განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები). თავი III საკვალიფიკაციო გამოცდა მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები 1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია იმის დადასტურება, რომ პირს აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით. 4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის თავმჯდომარე. 5. საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 6. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს. 7. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს. 8. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 250 ლარი, რომელიც გადაიხდება გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციისას, საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს. 9. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, რომლის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 10. თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. 11. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრებს განიხილავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია იმავე ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 10. საკვალიფიკაციო გამოცდა 1. საკვალიფიკაციო გამოცდა წერილობით ტარდება. 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა, წესი და საგამოცდო საკითხები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეებს მისი შედეგები ინდივიდუალურად ეცნობებათ, ხოლო გამოცდის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. მუხლი 11. საგამოცდო კომისია 1. საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს მის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის სამდივნოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები. 2. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. 3. საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქპატენტის თანამშრომლები; ბ) საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტი (ექსპერტები) − საჭიროების შემთხვევაში; გ) ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული). 4. საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია: ა) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება; ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების სისტემის შემუშავება, გამოცდის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადასინჯვა; გ) საგამოცდო კომისიის თავმჯდომარისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად წარდგენა; დ) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. საგამოცდო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხმა. თავი IV რეესტრი და განგრძობადი პროფესიული განათლება მუხლი 12. რეესტრი 1. რეესტრს ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აწარმოებს საქპატენტი. 2. პირს პატენტრწმუნებულის სტატუსი ენიჭება საქპატენტის მიერ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. პირს რეესტრში რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა პატენტრწმუნებულის მოწმობა (შემდგომ − მოწმობა), რომლის ფორმა მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მოწმობის საფასურია 100 ლარი, რომელიც გადაიხდება საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. 4. საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს. 5. პირმა რეესტრში რეგისტრაციისთვის საქპატენტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფოტოსურათი (ზომა − 3X4); ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; დ) მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. საქპატენტი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აღნიშნული განცხადების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საქპატენტი განმცხადებელს ხარვეზს უდგენს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას 10 სამუშაო დღის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ეს ვადა განახლდება აღნიშნული დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენისთანავე. 8. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 9. საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას რეესტრში არეგისტრირებს და მოწმობას გადასცემს. 10. რეესტრში შეიტანება პატენტრწმუნებულის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) სახელი და გვარი, ფოტოსურათი (ზომა − 3X4); ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი, მოწმობის ნომერი (მოწმობის ნომერი რეესტრში შეიტანება საქპატენტის მიერ მოწმობის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში); დ) სპეციალიზაცია. 11. რეესტრში შეტანილი მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. რეესტრი განახლდება აღნიშნული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში. 12. პატენტრწმუნებული ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში მისი განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს ამის შესახებ, რის საფუძველზედაც საქპატენტს სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში. 13. საქპატენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნამდვილობა. 14. საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელია გასული და ის აღნიშნულ პერიოდში ამ კანონით დადგენილი წესით რეესტრში არ დარეგისტრირებულა; ბ) საქპატენტის მიერ განცხადების განხილვისას გამოვლინდა განმცხადებელთან დაკავშირებული ისეთი გარემოება, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. 15. პირის რეესტრიდან ამორიცხვა მისთვის პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტას ნიშნავს. 16. საქპატენტმა პირს შეიძლება შეუწყვიტოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება, თუ ის არ შეასრულებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა. 17. პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ან პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. 18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. მუხლი 13. განგრძობადი პროფესიული განათლება 1. პატენტრწმუნებულმა უნდა იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რაც გულისხმობს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების მუდმივ გაუმჯობესებას. 2. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველ 2 წელიწადში სულ მცირე 10 აკადემიური საათი დაუთმოს განგრძობად პროფესიულ განათლებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველი მე-3 კალენდარული წლის 31 იანვრამდე ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ გასული 2 წლის განმავლობაში განგრძობადი პროფესიული განათლების მისაღებად განხორციელებული ქმედებების შესახებ.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.