პენიტენციური კოდექსი
ტექსტი
პენიტენციური კოდექსი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
პენიტენციური კოდექსი
ამ კოდექსის მიზანია ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასა და რეალიზაციაზე ორიენტირებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რაც შესაბამის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენით ეფექტიანად უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებების დაცვას და, მეორე მხრივ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. წიგნი I ზოგადი დებულებები. პენიტენციური სისტემა თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოების საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობის წესსა და პირობებს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, პირის სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემასა და სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს. 2. ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული სასამართლოს განჩინება და განაჩენი, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კოდექსსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე. მუხლი 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიმართ 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნასა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები 1. პატიმრობის აღსრულების საფუძველია პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. 2. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ. თავი II პენიტენციური სისტემის ორგანიზება მუხლი 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემა 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს სამინისტრო. მუხლი 6. სამსახური 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სამსახურის დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები. 2. სამსახური აერთიანებს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. 3. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები. 4. სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი. 5. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. მუხლი 7. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირველ მოადგილეს/მოადგილეს გადასცეს. 4. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. 5. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 6. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით, რომელსაც/რომლებსაც განახორციელებს სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი არანაკლებ წელიწადში ორჯერ მინისტრს წარუდგენს წერილობით ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი წარუდგენს მას რიგგარეშე ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 8. სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვისა და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, აგრეთვე სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლსა და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. თავი III სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მისი ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 8. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვა და პატივისცემა; გ) თანაზომიერება; დ) გამჭვირვალობა; ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მუხლი 9. სამსახურის ამოცანები სამსახურის ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი უფლებების დაცვა; გ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვა; დ) პენიტენციური დაწესებულების დაცვა; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა; ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. მუხლი 10. სამსახურის უფლებამოსილებები სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შესრულების ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ესკორტირება (პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას); გ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვისას ინტერვენციის, სპეციალური ან/და სხვა ღონისძიებების განხორციელება; ე) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა; ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება; თ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ მონაცემების დამუშავება და სათანადო მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება; ი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება; ი¹) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება; კ) პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება; ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; მ) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების დაცვა), შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; პ) მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. თავი IV სამსახურში მიღება და სამსახურის გავლა მუხლი 11. პირის სამსახურში მიღება 1. სამსახურში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე). 2. მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. პირი სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. პირი სამსახურში მიიღება კონკურსით, გარდა ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-5−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე. 5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დ) შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება (ეს მოთხოვნა ვრცელდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის დანაყოფის მოსამსახურეებზე). 6. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით ან/და შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება. 7. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით, ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 8. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-13 მუხლის, მე-18 მუხლის, მე-19 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 22-ე–25-ე მუხლების, 27-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებისა და მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა) და 29-ე მუხლის მოქმედება. 9. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები, ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. მუხლი 12. პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები 1. პირს სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება. 2. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი), თუ მინისტრის ბრძანებით მას განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვალდებულება. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით. 3. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს. 4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის პენიტენციური სისტემის მოსამსახურის სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი). 5. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, სასწავლო კურსის გავლის გარეშე. 6. სამსახურში უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურე; ბ) კონკურსით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ თანამდებობის კონკურსით/დაწინაურების წესით დასაკავებლად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება მოსამსახურის გადაყვანა. აღნიშნულ თანამდებობაზე მოსამსახურის წარდგენა ხდება მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 7. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასწავლო კურსის გავლის მოთხოვნა. 8. სამსახურში მისაღები პირი (კანდიდატი) გადის სპეციალურ შემოწმებას. სპეციალური შემოწმება არის საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია კანდიდატის ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა. კანდიდატი თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) მინისტრი განსაზღვრავს: ა.ა) სამსახურში პირის მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამსახურში მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესს; ა.ბ) სასწავლო კურსის სახეებს, მოსამსახურის მიერ სასწავლო კურსის გავლის, მისი სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს, სერტიფიკატის მოქმედების ვადას; ა.გ) მოსამსახურის დაწინაურების წესს; ა.დ) სამსახურის იმ თანამდებობების ნუსხას, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესს; ბ) სამსახურის გენერალური დირექტორი, თანამდებობის სპეციფიკისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის შინაარსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 13. პირის სამსახურში მიღებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები 1. სამსახურში არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტს, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის მშობელს, დას, ძმას; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა; თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო. 2. მოსამსახურის სამსახურებრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. (ამოღებულია - 28.05.2026, №1619). საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. მუხლი 14. პირის მიერ სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები. მოსამსახურის ფიცი 1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა მის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველს შეიძლება მოეთხოვოს სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა. 2. სამსახურში პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს მოსამსახურის ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები.“. მუხლი 15. სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა 1. მოსამსახურე (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურისა) სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურე − მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე; გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. 3. დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია პირი დანიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 4. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.