ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
ტექსტი
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს მკურნალობის მიზნით ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ადგენს გადასანერგად განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მკურნალობის მიზნით გადასანერგად განკუთვნილი ორგანოების დონაციაზე, ტესტირებაზე, დახასიათებაზე, მოპოვებაზე, პრეზერვაციაზე, განაწილებაზე (ალოკაციაზე), ტრანსპორტირებასა და გადანერგვაზე. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება რეპროდუქციულ ორგანოებზე, აგრეთვე ემბრიონისა და ნაყოფის ორგანოებზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა/პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია როგორც სამედიცინო, ისე ეთიკური თვალსაზრისით ან/და მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. მუხლი 2. ორგანოების გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და ამ კანონის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობა 1. ორგანოების გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. 2. ეს კანონი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს და ევროკომისიის შესაბამის სამართლებრივ აქტებს, მათი მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დონორი − პირი, რომლის ერთი ან რამდენიმე ორგანოს დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ; ბ) გარდაცვლილი დონორი − გარდაცვლილი პირი, რომლის ერთი ან რამდენიმე ორგანოს დონაციაც განხორციელდა გადასანერგად, ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; გ) ცოცხალი დონორი − ცოცხალი ადამიანი, რომლის ორგანოს ან ორგანოს ნაწილის დონაციაც ხორციელდება გადასანერგად, ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ისე, რომ დონაცია მის სიცოცხლესთან შეთავსებადი იქნება და მისი ორგანიზმი შეძლებს ამ ორგანოს ან ორგანოს ნაწილის ფუნქციის ადეკვატურად და საკმარისად უსაფრთხოდ კომპენსირებას; დ) დონაცია − ორგანოს გაცემა გადანერგვის მიზნით; ე) დონორის დახასიათება − ორგანოს დონაციისთვის დონორის შესაბამისობის შესაფასებლად საჭირო, დონორის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება რისკების სათანადოდ შეფასების, რეციპიენტისთვის მოსალოდნელი რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და ორგანოს ოპტიმალურად განაწილების (ალოკაციის) მიზნით; ვ) ორგანო − ადამიანის სხეულის დიფერენცირებული ნაწილი, რომელიც სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება და ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, ვასკულარიზაციას და უნარს, შეასრულოს ფიზიოლოგიური ფუნქციები მნიშვნელოვანი ავტონომიით. ორგანოდ მიიჩნევა აგრეთვე ორგანოს ნაწილი, თუ მისი ფუნქცია გამოყენებული უნდა იქნეს იმავე მიზნით, რომელიც ადამიანის სხეულში აქვს მთლიან ორგანოს, საკუთარი სტრუქტურისა და ვასკულარიზაციის შენარჩუნებით; ზ) ორგანოს დახასიათება − ორგანოს ვარგისობის შესაფასებლად საჭირო, ორგანოს მახასიათებლების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება რისკების სათანადოდ შეფასების, რეციპიენტისთვის მოსალოდნელი რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და ორგანოს ოპტიმალურად განაწილების (ალოკაციის) მიზნით; თ) მოპოვება − პროცესი, რომლის საშუალებითაც გაცემული (დონაციური) ორგანო გადასანერგად ხელმისაწვდომი ხდება და რომელიც გრძელდება ორგანოს დონაციიდან ქირურგიული გზით ამოღებამდე და გადასანერგად მომზადებამდე; ი) კომპეტენტური უწყება − შესაბამისი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს კოორდინირებული, უწყვეტი და ლოჯისტიკური მართვა ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, მოპოვების, განაწილების (ალოკაციის), ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის; კ) გადანერგვის ცენტრი − სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოების გადასანერგად მინიჭებული აქვს შესაბამისი ლიცენზია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ლ) დონორი კლინიკა − სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოების მოპოვების უფლება ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; მ) გადანერგვის ქსელი − შესაბამისი უფლების მქონე გადანერგვის ცენტრების, დონორი კლინიკებისა და მათთან დაკავშირებული ლაბორატორიების ქსელი; ნ) ორგანოების განაწილება (ალოკაცია) (შემდგომ − განაწილება) − გარდაცვლილი პირის მიერ გაცემული (დონაციური) ორგანოების მიზნობრივი განაწილება ქვეყნის მასშტაბით, ორგანოების განაწილების წესებისა და სათანადო კრიტერიუმების შესაბამისად; ო) ორგანოთა განაწილების ელექტრონული სისტემა − ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილი დონორის ორგანოსთვის ყველაზე შესაფერისი რეციპიენტის შერჩევას ორგანოების განაწილების წესებისა და სათანადო სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად; პ) ორგანოების განაწილების წესები − წესები, რომლებიც საშუალებას იძლევა, განაწილება აღიარებულ სამედიცინო კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სამართლიანად და ოპტიმალურად განხორციელდეს და შეირჩეს არსებული დონორის ორგანოს შესაფერისი რეციპიენტი მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებულ პირთაგან; ჟ) პრეზერვაცია − ქიმიური ნივთიერებების, გარემო პირობების ცვლილების ან სხვა მეთოდების გამოყენება ორგანოს მოპოვებიდან გადანერგვამდე მისი ბიოლოგიური ან ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ან შესანელებლად; რ) განკარგვა − ორგანოს საბოლოო განთავსება, როდესაც ის გადასანერგად არ გამოიყენება; ს) რეციპიენტი − ორგანოს მიმღები პირი; ტ) სერიოზული გვერდითი მოვლენა − ნებისმიერი არასასურველი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ორგანოს დონაციიდან მის გადანერგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეციპიენტისთვის (პაციენტისთვის) გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; უ) სერიოზული გვერდითი რეაქცია − ცოცხალ დონორში ან რეციპიენტში (პაციენტში) გამოვლენილი, გაუთვალისწინებელი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ორგანოს დონაციიდან მის გადანერგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცოცხალი დონორისთვის ან რეციპიენტისთვის (პაციენტისთვის) გადამდები დაავადების გადაცემა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, შესაძლებლობის შეზღუდვა, ჰოსპიტალიზაცია, ავადმყოფობა, ჰოსპიტალიზაციის ან ავადმყოფობის გახანგრძლივება ან სიკვდილი; ფ) სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (შემდგომ − ოპერაციული პროტოკოლი) − წერილობითი მითითებები, რომლებიც აღწერს კონკრეტული პროცესის ეტაპებს, მათ შორის, გამოსაყენებელ მასალებსა და მეთოდებს და მოსალოდნელ საბოლოო შედეგს; ქ) გადანერგვა − პროცესი, რომლის მიზანია დონორის ორგანოს რეციპიენტის ორგანიზმში გადატანით ამ ორგანიზმის გარკვეული ფუნქციების აღდგენა. გადანერგვა მოიცავს სრულ პროცესს ორგანოს ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებიდან სხვა ადამიანისთვის გადანერგვამდე (იმპლანტაციამდე), მათ შორის, მომზადებასა და პრეზერვაციასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას; ღ) დონორ-კოორდინატორი − დონორ კლინიკაში მომუშავე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, აგრეთვე გავლილი აქვს დამატებითი მომზადება გარდაცვლილ პირთა ორგანოების დონაციის საკითხებში, ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს კომპეტენტურ უწყებასთან და რომლის მოვალეობაა არსებული წესების შესაბამისად დონაციის პროცესის კოორდინაცია თავის ტვინის სიკვდილზე ეჭვის გაჩენიდან დონორის ორგანოს გადანერგვამდე; ყ) დონორი ჯგუფი − სათანადოდ მომზადებული სამედიცინო გუნდი, რომელიც ახორციელებს გარდაცვლილი დონორის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მოპოვებას გადასანერგად; შ) მიკვლევადობა − ორგანოს ადგილმდებარეობის დადგენისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობა ორგანოს დონაციიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის: შ.ა) დონორისა და დონორი კლინიკის იდენტიფიცირების შესაძლებლობა; შ.ბ) გადანერგვის ცენტრში (ცენტრებში) რეციპიენტის (რეციპიენტების) იდენტიფიცირების შესაძლებლობა; შ.გ) ამ ორგანოსთან შეხების მქონე პროდუქტებისა და მასალების შესახებ არაპერსონალური ინფორმაციის მოძიებისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობა; ჩ) მომლოდინეთა ეროვნული სია − საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირების, ლტოლვილებისა და დამატებითი დაცვის მქონე პირების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც ორგანოს გადანერგვას ელოდებიან; ც) ორგანოს ჯვარედინი დონაციის პროგრამა − ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, გადასანერგად გაცემული (დონაციური) ორგანოს გაცვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ორგანოს გაცვლას რეციპიენტებისა და დონორების წყვილებს შორის, თუ რეციპიენტებს შეუთავსებლობის გამო (იმუნოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე) არ შეიძლება გადაენერგოთ მათი დონორების ორგანოები; ძ) ცოცხალი დონაციის კომისია − გადანერგვის ცენტრისგან დამოუკიდებელი, მინისტრის ბრძანებით შექმნილი ექსპერტული, სათათბირო ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს დონორის მოტივაციის, ფსიქოსოციალური სტატუსისა და რეციპიენტთან ურთიერთობის წინასასამართლო შეფასებას; წ) ცოცხალი დონაციის სპეციალისტი − ცოცხალი დონაციის კომისიის წევრი, სპეციალურად მომზადებული ექიმი, რომელიც კონსულტაციას უწევს მომავალ ცოცხალ დონორს და აძლევს მას დამოუკიდებელ რჩევას ორგანოს დონაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკების შესახებ; ჭ) ტრანსპლანტაციის საბჭო − მინისტრის ბრძანებით შექმნილი ექსპერტული, სათათბირო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს გადანერგვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპების, ორგანოების განაწილების წესების, პროფესიული სტანდარტების, ოპერაციული პროტოკოლების, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, ხარისხის სისტემისა და შესაბამისი რეესტრების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობას; ხ) დონორთა ეროვნული რეესტრი − საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირების, ლტოლვილებისა და დამატებითი დაცვის მქონე პირების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც თანახმა არიან, გარდაცვალების შემდეგ ალტრუიზმის მიზნით, უანგაროდ გახდნენ ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონორები; ჯ) ცოცხალი დონორების რეესტრი − ცოცხალი დონორების შესახებ მონაცემთა ბაზა მათზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობისთვის/დაკვირვებისთვის; ჰ) რეციპიენტთა რეესტრი − რეციპიენტების შესახებ მონაცემთა ბაზა მათთვის ორგანოების გადანერგვის შედეგებსა და რეციპიენტებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობისთვის/დაკვირვებისთვის; ჰ¹) გადანერგვის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემა (შემდგომ − გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი) − ინტეგრირებული ციფრული საინფორმაციო სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურებისა და სხვა შესაფერისი საქმიანობის მხარდასაჭერად, კერძოდ, მომლოდინეთა ეროვნული სიის, ორგანოთა განაწილების ელექტრონული სისტემის, ზედამხედველობის სისტემის, აგრეთვე ორგანოების დონაციასთან, მოპოვებასთან, განაწილებასა და გადანერგვასთან და რეციპიენტებსა და ცოცხალ დონორებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობასთან/დაკვირვებასთან დაკავშირებული რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების მართვისთვის; ჰ²) გადანერგვის სახელმწიფო პროგრამა − ამ კანონით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გასაწევად და სხვა შესაფერისი საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი უწყებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები; ჰ³) გარდაცვალების ფაქტის დადგენის პროტოკოლი − სამედიცინო პროცედურები, პირობები და კრიტერიუმები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ნევროლოგიური კრიტერიუმების მიხედვით ადამიანის სიკვდილის დადგენისთვის; ჰ⁴) ორგანოს პოტენციური დონორი − პაციენტი, რომელიც აკმაყოფილებს მოახლოებული, გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) კრიტერიუმებს და არ აქვს არანაირი უკუჩვენება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანოს დონაციას; ჰ⁵) ორგანოს პოტენციური დონორის მართვა − ორგანოს პოტენციური დონორის ინტენსიური თერაპიის მართვა ისეთი მკურნალობის საშუალებით, რომლის მიზანია ორგანოს ფუნქციის ოპტიმიზაცია და მისი დონაციის შედეგების გაუმჯობესება; ჰ⁶) სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვა − მომაკვდავი პაციენტისა და მისი ოჯახის ფიზიკური, ემოციური, სოციალური და სულიერი მხარდაჭერა; ჰ⁷) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ჰ⁸) მინისტრი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №871 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი II. ძირითადი პრინციპები მუხლი 4. ადამიანის უფლებებისა და დონორისა და რეციპიენტის ღირსების დაცვა ორგანოების დონაცია და გადანერგვა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას და უნდა ხორციელდებოდეს დისკრიმინაციის გარეშე, ისე, რომ გარანტირებული იყოს ორგანოს პოტენციური დონორის, დონორისა და რეციპიენტის ღირსების, სამართლიანობისა და სხვა ძირითადი უფლებების დაცვა. მუხლი 5. ორგანოს დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა 1. ორგანოს დონაცია ნებაყოფლობითი და უანგარო უნდა იყოს. 2. პირს უფლება აქვს, წინასწარ, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციით განაცხადოს ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) უანგარო (ალტრუისტულ) დონაციაზე. 3. ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელსაც დაწესებული არ აქვს მხარდაჭერა. 4. პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლით თქვას უარი გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე. 5. დონორთა ეროვნული რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ პერსონალისთვის, რომელსაც უფლება აქვს, გადაამოწმოს გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული თანხმობა მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე. 6. დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების (მათ შორის, პირის დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციის ან დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლის/ამოღების) წესი, აგრეთვე ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმები და შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 6. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისთვის 1. სამინისტრომ, სამედიცინო დაწესებულებამ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა უზრუნველყონ ყველა სათანადო ღონისძიების განხორციელება ორგანოების ნებაყოფლობითი და უანგარო (ალტრუისტული) დონაციისა და მათი დონაციისა და გადანერგვის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით. 2. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მისაწოდებლად, აგრეთვე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოების უანგარო (ალტრუისტული) დონაციის მნიშვნელობისა და რეციპიენტისთვის ასეთი დონაციის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები მოიცავს შესაბამის სამედიცინო, იურიდიულ, სოციალურ-კულტურულ, რელიგიურ, ეთიკურ და სხვა საკითხებს, განსაკუთრებით − ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა, ორგანოს დონაციაზე თანხმობის განცხადება და გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე დონორისა და რეციპიენტის უფლებები და მათი დაცვა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სათანადო პროგრამა უნდა მომზადდეს, მიღებული უნდა იქნეს და უნდა განხორციელდეს სამინისტროს, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მუხლი 7. რეკლამის აკრძალვა 1. აკრძალულია ორგანოს საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ორგანოს დონაციის, აგრეთვე ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც. 2. რეკლამასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 8. ფინანსური სარგებლის მიღების, შეთავაზების/მიცემის აკრძალვა 1. აკრძალულია ორგანოს დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. ასევე აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა. 2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს ეკრძალება ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვაში მონაწილეობა, თუ მისთვის ცნობილია ან მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების საფუძველზე ხორციელდება. 3. ორგანოს მოპოვების ან გადანერგვის არაეთიკურ, ამ კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგო პრაქტიკაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ გადახდებზე, რომლებიც არ არის ფინანსური მოგება ან მისი თანაზომადი უპირატესობა, კერძოდ: ა) ცოცხალი დონორის კომპენსაცია შემოსავლის დაკარგვის ან/და ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთებული ხარჯის გამო, რომელიც გამოწვეულია ორგანოს ამოღებით ან მასთან დაკავშირებული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებით; ბ) ორგანოს მოპოვების ან/და გადანერგვის მიზნით გაწეული კანონიერი სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დასაბუთებული საფასურის გადახდა; გ) კომპენსაცია ცოცხალი ადამიანისგან ორგანოს ამოღებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში. 5. გადანერგვის ცენტრი პასუხისმგებელია დონორის ყველა სამედიცინო ხარჯის დაფარვისთვის, რომლებიც წარმოიშობა დონაციის გამო ან მასთან დაკავშირებით. ცოცხალ დონორს ან გარდაცვლილი დონორის ოჯახს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის გადასახდელი ორგანოს დონაციის/მოპოვების მიზნით ჩატარებული სამედიცინო პროცედურებისთვის. 6. ტრანსპლანტაციური მკურნალობა ეფუძნება ორგანოების ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმსა და რეციპიენტისადმი დონორის სოლიდარობას ორგანოს გადანერგვის საჭიროების შემთხვევაში. სახელმწიფო ხელს უწყობს ორგანოების არაკომერციულ საწყისებზე მოპოვებას და ტრანსპლანტაციური მკურნალობის არამოგებიანობას. ამისთვის სამინისტრო ახორციელებს ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მუხლი 9. კომპენსაცია გაუთვალისწინებელი დაზიანების გამო 1. სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ორგანოს გადანერგვით მიყენებული ზიანის ადეკვატური კომპენსაციის მექანიზმი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის შესაბამისად, თუ დასაბუთებულია, რომ არსებობს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი დაზიანება. 2. მიყენებული ზიანის ხარისხი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დანერგილი კომპენსაციის მექანიზმის შესაბამისად. მუხლი 10. დაცვა და უსაფრთხოება 1. ორგანოს მოპოვება და გადანერგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით. 2. ორგანოს მოპოვება, განაწილება და გადანერგვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული სახელმძღვანელო მითითებებისა და უმაღლესი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ შემცირდეს დონორისა და რეციპიენტისთვის მოსალოდნელი რისკები, აგრეთვე ორგანოს მიერ ფუნქციონირების შეწყვეტის რისკი. მუხლი 11. ორგანოს გადანერგვით მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა 1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ორგანოს გადანერგვის სამედიცინო კრიტერიუმებს, დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეცეთ თანაბარი უფლება, გარდაცვლილი პირის მიერ გაცემული ორგანოს გადანერგვის მიზნით უფასოდ დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა ეროვნულ სიაში და მათთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ეს ორგანო იმ პრინციპის დაცვით, რომ ამ სიაში აღნიშნულ პირთათვის ადგილების გაცვლა დაუშვებელია. 2. მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოების (მათ შორის, პირის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის) წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 12. ორგანოების სამართლიანი განაწილება/ორგანოების საერთაშორისო გაცვლა 1. გარდაცვლილი დონორისგან მოპოვებული ორგანოების განაწილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებულ პირებზე (პაციენტებზე) ორგანოების განაწილების წესების მიხედვით, რომლებიც არის გამჭვირვალე, ობიექტური, სათანადოდ დასაბუთებული და შესაბამის სამედიცინო კრიტერიუმებს ეფუძნება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების განაწილების წესები განისაზღვრება თითოეული სახის ორგანოსთვის, ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე მიღებული განაწილების სტანდარტებისა და სათანადო სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად. 3. გარდ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.