საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
ტექსტი
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქპატენტი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ − ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო; ბ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საქპატენტის მიერ რეგისტრირებული და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა; გ) განაცხადი − საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი ან საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი; დ) განმცხადებელი − გაერთიანება, აუცილებლობის შემთხვევაში − სახელმწიფო უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას; ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც არის იმ საქონლის ერთადერთი მწარმოებელი, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალის მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ არეალის მეზობელი ტერიტორიის მახასიათებლებისგან ან რომლის მახასიათებლები განსხვავდება აღნიშნული არეალის მოსაზღვრე გეოგრაფიულ არეალში წარმოებული საქონლის მახასიათებლებისგან; თუ უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცულია, როგორც კოლექტიური ან სასერტიფიკაციო სასაქონლო ნიშანი, − ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი; ე) გაერთიანება − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დასაცავ/დაცულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ საქონლის მწარმოებელთა ან/და გადამამუშავებელთა ნებისმიერი გაერთიანება ან/და სხვა პირთა გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ვ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები − საბოლოო საქონლის მახასიათებლები, რომელთა შეფასება ხდება ადამიანის გრძნობათა ორგანოებით; ზ) გვარეობითი ცნება − საქონლის დასახელება, რომელიც, იმ ადგილთან, რეგიონთან ან ქვეყანასთან კავშირის მიუხედავად, სადაც ეს საქონელი თავდაპირველად იწარმოებოდა ან იყიდებოდა, საქართველოში ამ საქონლის საერთო დასახელებად იქცა; თ) სახელმწიფო კონტროლი − კომპეტენტური უწყების მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად განხორციელებული ქმედება, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ ან/და ბაზარზე განთავსებულ საქონელზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის კანონით დადგენილი წესით გამოყენების კონტროლი; ი) კომპეტენტური უწყება − სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება; კ) მაკონტროლებელი ორგანო − საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული და კომპეტენტური უწყების მიერ ავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აღნიშნული უწყების მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად; ლ) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასება − პროცედურების ერთობლიობა, რომლითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები; მ) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (შემდგომ − სერტიფიკატი) − დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას; ნ) წარმოების ეტაპი − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების, გადამუშავების ან დამზადების ნებისმიერი ეტაპი; ო) მიკვლევადობა − ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის, მასში გამოსაყენებელი ნებისმიერი ნივთიერებისა და ინგრედიენტის, აგრეთვე ამ საქონლის ტარის შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) დადგენის შესაძლებლობა წარმოების ეტაპსა და დისტრიბუციის ეტაპზე; პ) მიკვლევადობის ნიშანი − საქონლის პარტიაზე/ლოტზე განთავსებული ნიშანი, რომელიც იძლევა ამ საქონლის მწარმოებლისა და აღნიშნული პარტიის/ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას. თუ, საქონლის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიკვლევადობის ნიშნის უშუალოდ საქონელზე განთავსება შეუძლებელია, იგი შეიძლება მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონლის ეტიკეტზე განთავსდეს; ჟ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ოფიციალური სიმბოლო (შემდგომ − ოფიციალური სიმბოლო) − ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული სიმბოლო, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე მიანიშნებს; რ) საბოლოო საქონელი − საქონელი, რომელმაც წარმოების ყველა ეტაპი გაიარა და მზად არის სამოქალაქო ბრუნვაში ჩასართავად/ბაზარზე განსათავსებლად ან ჩართულია სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებულია ბაზარზე; ს) აუდიტი − კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოს სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობა და მისი შედეგები შესასრულებელ ამოცანებს, ეფექტიანად შესრულდა თუ არა ეს ამოცანები და რამდენად მიიღწევა დასახული მიზნები მათი შესრულებით; ტ) ოპერატორი − პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება საქონლის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; უ) სურსათი − ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი მოიცავს აგრეთვე ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველს (გარდა იმ ცხოველისა, რომელიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად), მცენარეს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოსა და მის პროდუქტს, ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, კოსმეტიკურ საშუალებას, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს. მუხლი 3. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა 1. ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელი ან ამ სახელის შემცველი დასახელება ან სხვა აღნიშვნა, რომელიც აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი ან მახასიათებლები, მთლიანად ან ძირითადად, განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალის გარემოთი (ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ჩათვლით), რომელმაც განსაზღვრა საქონლის რეპუტაცია; გ) რომლის წარმოება, გადამუშავება და დამზადება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში ხდება. 2. გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც შეიცავს გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელს ან სხვა აღნიშვნას, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები, ძირითადად, მისი გეოგრაფიული წარმოშობითაა განპირობებული; გ) რომლის წარმოების ერთი ეტაპი მაინც ხორციელდება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გეოგრაფიული ადგილი (არეალი) შეიძლება შედგებოდეს ადგილისგან, რეგიონისგან ან ქვეყნის მთელი ტერიტორიისგან. 4. ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და, ტრადიციულად, კონკრეტულ ადგილას გამოიყენებოდა, საქპატენტი აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს ანიჭებს. ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე ისეთ აღნიშვნას, რომელიც ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის შემდეგ აღარ დააკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების პროცედურა განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. მუხლი 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა − საქპატენტის მიერ მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებით. 2. საქართველოში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 3. რეგისტრირებული ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა შეიტანება რეესტრში. რეესტრის მონაცემები საჯაროა. თავი II ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია მუხლი 5. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ საქპატენტისთვის წარდგენილი განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნას; ბ) განმცხადებლისა და კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) სახელსა და გვარს/სახელწოდებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს; გ) იმ ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, წარდგენილი უნდა იქნეს მისი ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა; დ) იმ საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია; ე) განმცხადებლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლობას, თუ განაცხადს წარმომადგენელი წარადგენს; ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქონლის სპეციფიკაციას; თ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან თვისებები შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ფაქტორით ან/და ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული; ი) კონტროლის გეგმას, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების პირობების კონტროლი; კ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას, თუ განმცხადებელი უცხოელია; ლ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საფასურის გადახდას; მ) ერთიან დოკუმენტს, რომელიც შეიცავს: მ.ა) საქონლის სპეციფიკაციის ძირითად მონაცემებს: საქონლის დასახელებასა და აღწერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის შეფუთვისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს და შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ზუსტ აღწერას; მ.ბ) საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებს და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის არსებული კავშირის აღწერას ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული კავშირის დამადასტურებელ საქონლის აღწერის ან მისი წარმოების მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს. მუხლი 6. საქონლის სპეციფიკაცია საქონლის სპეციფიკაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ქართულ ენასა და იმ ენაზე/ენებზე, რომელიც/რომლებიც ამ საქონლის აღწერისთვის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში გამოიყენებოდა ან გამოიყენება; ბ) საქონლის (ნედლეულის (არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით) აღწერას, აგრეთვე საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მის განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას განაპირობებს; გ) საქონლის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერას; დ) ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტში ან/და „ვ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული კავშირის გათვალისწინებით, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას; ე) საქონლის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში წარმოშობის მტკიცებულებას; ვ) დეტალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი კავშირი: ვ.ა) საქონლის ხარისხსა ან მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ვ.ბ) საქონლის ხარისხსა, რეპუტაციასა ან სხვა მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ წარმოშობას შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ზ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამდგენი კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერსა და იურიდიულ მისამართს; თ) საქონლის ეტიკეტირების განსაკუთრებულ წესს (არსებობის შემთხვევაში); ი) საქონლის შეფუთვის შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) და განმცხადებლის დასაბუთებას საქონლის ხარისხის დაცვის, მისი წარმოშობის ნამდვილობის ან სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად ამ საქონლის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების თაობაზე. მუხლი 7. ცვლილება საქონლის სპეციფიკაციაში 1. განმცხადებელს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქპატენტს წარუდგინოს საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი. 2. თუ განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში არსებითი ცვლილების შეტანას ეხება, იგი წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და მასზე უნდა ჩატარდეს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზა იმავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში. 3. თუ განაცხადი საქონლის სპეციფიკაციაში არაარსებითი ცვლილების შეტანას ეხება, საქპატენტი მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 4. საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი ცვლილება არსებითად მიიჩნევა, თუ იგი: ა) საქონლის ძირითად მახასიათებლებს ეხება; ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კავშირს ცვლის; გ) საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი ნაწილის ცვლილებას მოიცავს; დ) შესაბამის გეოგრაფიულ არეალს ცვლის; ე) საქონლის ან ნედლეულის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვასთან/ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აფართოებს. 5. დაინტერესებული პირის მიერ საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობება განმცხადებელს ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის ექსპერტიზის დასრულებიდან 5 დღის ვადაში. განმცხადებელი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრება საქონლის სპეციფიკაციაში შესატანი არაარსებითი ცვლილების შესახებ საქპატენტს წარუდგინოს აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო არსებითი ცვლილების თაობაზე − 1 თვის ვადაში. 6. საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში საქპატენტი აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8. განაცხადის ექსპერტიზა 1. განაცხადის ექსპერტიზას ატარებს საქპატენტი. 2. საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 3. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა. ხარვეზისამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 4. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ ან ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 5. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, მისი ექსპერტიზის ჩატარების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების, განხილვის ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, საქონლის სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის, განაცხადის მასალების გამოქვეყნების, ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბათილად ცნობის, აგრეთვე რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. 6. თუ განაცხადი უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ეხება, საქპატენტი ამოწმებს მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას. მუხლი 9. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია 1. საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია (შემდგომ − კომისია), რომელიც განიხილავს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის საკითხებს. 2. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 1 არის შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენელი, 2 − საქპატენტის წარმომადგენელი, 1 − შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერიის წარმომადგენელი, ხოლო 1 − მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი. კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. 3. კომისია იქმნება: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქპატენტის მიერ განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა, საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. 4. კომისია 6 თვის განმავლობაში ამოწმებს საქონლის სპეციფიკაციის ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 5. კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. 6. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, დარგობრივი სპეციალისტის მოწვევისა და მისი ანაზღაურების საკითხი) განისაზღვრება კომისიის დებულებით. მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება დასახელება, რომელიც: ა) ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს; ბ) გვარეობით ცნებად არის მიჩნეული; გ) საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება; დ) მცენარის ჯიშის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. მუხლი 11. გამოქვეყნება 1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტი საქონლის სპეციფიკაციას აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომ − ბიულეტენი), თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და 1 ადგილობრივ გაზეთში (არსებობის შემთხვევაში). 2. საქპატენტის მიერ მიღებული უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა, საქონლის კატეგორია და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). 3. საქპატენტის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული აღნიშვნის ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება აღიარებ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.