წყლის რესურსების მართვის შესახებ
ტექსტი
წყლის რესურსების მართვის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
წყლის რესურსების მართვის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანა 1. ამ კანონის მიზანია ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სუფთა წყალთან მოქალაქეთა წვდომის უფლებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად, წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას. 2. ამ კანონის ამოცანაა, შეიქმნას წყლის რესურსების მდგრადი ინტეგრირებული მართვის ისეთი სისტემა, რომელიც: ა) იცავს წყლის ეკოსისტემის სტატუსს, მათ შორის, წყლის ხარისხს, და გამორიცხავს მის შემდგომ გაუარესებას; ბ) იცავს და აუმჯობესებს წყლის რესურსების მდგომარეობას და წყალზე საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის ეკოსისტემებზე უშუალოდ დამოკიდებული ხმელეთისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგომარეობას; გ) ხელს უწყობს წყალდიდობის რისკის შეფასებისა და მართვის სისტემის შექმნას; დ) ქმნის სამართლებრივ საფუძველს წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისთვის, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; ე) ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის სფეროში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირებას; ვ) უზრუნველყოფს წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრიორიტეტული დამაბინძურებელი ნივთიერებების წყლის ობიექტში მოხვედრის ან/და ჩაშვების და, აღნიშნულიდან გამომდინარე, წყლის დანაკარგის ეტაპობრივი შემცირების და თავიდან აცილების გზით; ზ) ქმნის სამართლებრივ საფუძველს მიწისქვეშა წყლის დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების განსაზღვრისთვის, დაბინძურების ეტაპობრივი შემცირების და შემდგომი დაბინძურებისგან დაცვისთვის; თ) იცავს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში. მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი ეს კანონი ადგენს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის ძირითად პრინციპებს, ასევე, არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში; ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით. მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო 1. ამ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს და მათ დაცვით ზონებს. 2. მიწისქვეშა წყლის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს საზღვაო სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ამ კანონით სანაპირო წყლებისთვის განსაზღვრული შემთხვევებისა). საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. იმ მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლების რეგულირების ერთიანი რეჟიმი, რომელიც სცდება საქართველოს საზღვრებს (წყლის საერთაშორისო რესურსები), განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამასთანავე, აღნიშნული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში წყლის საერთაშორისო რესურსების მართვა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოების ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე. 5. ტრანსსასაზღვრო წყლების სააუზო უბნების, ტბებისა და სანაპირო წყლების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნაწილთან მიმართებით მოქმედებს ეს კანონი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, წყლის საერთაშორისო რესურსების ამ კანონის შესაბამისად ერთობლივი მართვის მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაინტერესებულ სახელმწიფოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობას საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 6. საქართველოს ტერიტორიის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყლის რესურსების სარგებლობისას დაცული უნდა იქნეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყლის რესურსები – ზედაპირული წყლების (მათ შორის, წყლის ხელოვნური ობიექტების) და მიწისქვეშა წყლების ერთობლიობა; ბ) წყლის რესურსების მართვა − წყლის რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, მონიტორინგი და კონტროლი; გ) წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა − პროცესი, რომელიც ხელს უწყობს წყლის, მიწის და მათთან დაკავშირებული რესურსების კოორდინირებულ განვითარებას და მართვას ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის თანაბრად ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოსისტემის მდგრადობისთვის ზიანის მიუყენებლად; დ) ზედაპირული წყლები – შიდა წყლები (გარდა მიწისქვეშა წყლებისა), გარდამავალი წყლები, სანაპირო წყლები, ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; ე) შიდა წყლები – მდინარეები, ტბები, მყინვარები, ჭაობები, თოვლის მუდმივი საფარი, წყალსაცავები, არხებსა და ტბორებში არსებული წყლები, ასევე, მიწისქვეშა წყალი; ვ) გარდამავალი წყლები – მდინარის ზღვის შესართავთან ახლომდებარე ზედაპირული წყლები, რომლებიც ნაწილობრივ დამლაშებულია სანაპირო წყლების ზემოქმედების შედეგად, მაგრამ რომლებიც, ამავე დროს, არსებითად გაჯერებული არიან მტკნარი წყლით; ზ) სანაპირო წყლები – ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებული წყლები; თ) მიწისქვეშა წყალი − დედამიწის ქერქის ამგებ ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში არსებული წყალი, რომელიც გავრცელებულია ფხვიერ, ფოროვან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე − კარსტულ სიცარიელეებში; ი) მდინარე − წყლის ნაკადი, რომელიც მუდმივად მიედინება მისსავე გამომუშავებულ კალაპოტში, იკვებება წყალშემკრები აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენებით და უერთდება ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს; კ) ტბა − ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შიდა ზედაპირული წყლის დამდგარი, შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი; ლ) წყალსარგებლობა − წყლის რესურსებით სარგებლობა სასმელად, საყოფაცხოვრებო, ეკონომიკური და სხვა საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელიც გამოიხატება ზედაპირული წყლის ან მიწისქვეშა წყლის აღებაში, შეგროვებაში, გადამუშავებაში ან/და განაწილებაში ტექნიკური საშუალებებით ან მათ გარეშე; ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვება; მ) წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) მდინარის აუზი – წყალგამყოფით შემოსაზღვრული ტერიტორია, საიდანაც მდინარის სისტემა იკრებს ჩამონადენ წყლებს. მდინარის აუზი შეიძლება შედგებოდეს მდინარის ქვეაუზებისგან; ო) მდინარის ქვეაუზი − მთავარი მდინარის აუზის ის ნაწილი, საიდანაც შენაკადი მდინარე იკრებს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს. შენაკადი მდინარეები ჰიდროგრაფიულად განირჩევა − პირველი რიგის (მთავარი მდინარის შენაკადი), მეორე რიგის (პირველი რიგის მდინარის შენაკადი) და ა.შ. შენაკადებად; პ) მდინარეების სააუზო უბანი − ერთზე მეტი მოსაზღვრე მდინარის აუზებისგან, მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა წყლებისა და სანაპირო წყლების გავრცელების ფართობებისგან შემდგარი ტერიტორიისა და აკვატორიის ერთობლიობა; ჟ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ტერიტორიული ერთეული − მდინარის აუზი ან მდინარეების სააუზო უბანი (მათ ფარგლებში გავრცელებული და მათთან ასოცირებული მიწისქვეშა წყლით და სანაპირო წყლებით), რომელიც წარმოადგენს მდინარეების აუზების/სააუზო უბნების მართვის მთავარ ერთეულს; რ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმა − მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ინსტრუმენტი, კერძოდ, ღონისძიებების გეგმა, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული მდინარის აუზის/სააუზო უბნის ტერიტორიაზე მდებარე წყლის ობიექტისა და წყლის ობიექტის მიწის მართვა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად; ს) ზედაპირული წყლის ობიექტი − ზედაპირული წყლის დამოუკიდებლად არსებული ელემენტი, როგორიცაა მდინარე, ტბა, ჭაობი, წყალსაცავი, ნაკადული, არხი ან მისი ნაწილი, გარდამავალი წყლები ან სანაპირო წყლები; ტ) მიწისქვეშა წყლის ობიექტი − მიწისქვეშა წყლის გარკვეული/კონკრეტული მოცულობის შემცველი კომპლექსი, ჰორიზონტი ან მისი ნაწილი (წყალშემცველი შრე, ფენა, უბანი); უ) ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტი − ზედაპირული წყლის ობიექტი, რომელმაც ადამიანის ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა თავისი ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; ფ) წყლის ხელოვნური ობიექტი − ადამიანის მიერ შექმნილი ზედაპირული წყლის ობიექტი; ქ) ზედაპირული წყლის სტატუსი – ზედაპირული წყლის ობიექტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება ზედაპირული წყლის რაოდენობრივი სტატუსის, ეკოლოგიური სტატუსისა და ქიმიური სტატუსის უარესი მაჩვენებლის საფუძველზე; ღ) მიწისქვეშა წყლის სტატუსი − მიწისქვეშა წყლის ობიექტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი სტატუსისა და ქიმიური სტატუსის უარესი მაჩვენებლის საფუძველზე; ყ) ეკოლოგიური სტატუსი – ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული წყლის ეკოსისტემების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ხარისხის გამოხატულება, რომელიც განისაზღვრება ბიოლოგიური ხარისხობრივი ელემენტებისა და ამ ელემენტებისთვის საჭირო ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური ხარისხობრივი ელემენტების საფუძველზე; შ) ჭაობი − ლანდშაფტის ნაწილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გადაჭარბებული ტენიანი ზედაპირი და რომელიც ხასიათდება ბიომრავალფეროვნებით; ჩ) დაბინძურება – ადამიანის საქმიანობის შედეგადმყარი ან თხევადი ნივთიერებების ან ნებისმიერი ფორმის ენერგიის (სითბო, ხმაური, რადიოაქტიურობა) პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, წყლის ეკოსისტემებისთვის ან მიწის იმ ეკოსისტემებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან წყლის ეკოსისტემებზე, და იწვევს საკუთრებისთვის ზიანის მიყენებას, ან რომელიც აზიანებს ან ხელს უშლის გარემოს მდგომარეობას ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის გარემოს გამოყენებას; ც) მდინარის კალაპოტი − მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში; ძ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; წ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჭ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი − საქართველოში მდებარე წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა; ხ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა (წყლის ობიექტის მიწა) − მიწა, რომელიც დაკავებულია საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდში შემავალი წყლის ობიექტებით (გარდა მიწისქვეშა წყლისა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარიული დაცვის ზონა); ჯ) მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯი − წყლის ხარჯის რაოდენობა, რეჟიმი, ხარისხი და დონე, რომელიც აუცილებელია მტკნარი წყლის ეკოსისტემებისა და ამ ეკოსისტემებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროს და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად; ჰ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა – სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, ზედაპირული წყლის ობიექტიდან განსაზღვრული ვადით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აიღოს გარკვეული რაოდენობის წყალი; ჰ¹) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა − სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით განახორციელოს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟე, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტში, ამ წყლების შემადგენლობისთვის დადგენილი ნორმების დაცვით; ჰ²) ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა − სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით განახორციელოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვება; ჰ³) ურბანული ჩამდინარე წყალი − დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი ან დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლის სამრეწველო ჩამდინარე წყლებთან ან/და ჩამონადენ წვიმის წყალთან ნარევი წყალი; ჰ⁴) ზემოქმედება − ადამიანის ნებისმიერი საქმიანობით გამოწვეული წყლის მდგომარეობის შეცვლა; ჰ⁵) დამაბინძურებელი ნივთიერება − დაბინძურების გამომწვევი ნებისმიერი ნივთიერება; დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩამონათვალი განისაზღვრება ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების შესახებ დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ჰ⁶) მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი სტატუსი − მიწისქვეშა წყლის ობიექტზე პირდაპირი ან ირიბი წყალაღებით გამოწვეული ზემოქმედების დონე; ჰ⁷) ევტროფიკაცია − წყლის ობიექტის გამდიდრება ბიოგენური ელემენტებით (აზოტი, ფოსფორი), რაც, თავის მხრივ, იწვევს წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცირებას და, შესაბამისად, უარყოფით გავლენას ახდენს წყალქვეშა სიცოცხლეზე; ჰ⁸) ეკოლოგიური პოტენციალი − ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტის მდგომარეობა (სტატუსი); ჰ⁹) დაცული ზონა − თითოეული მდინარის აუზის უბანზე არსებული ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებს საგანგებო დაცვას, მათი ზედაპირული წყლების და მიწისქვეშა წყლების ან წყალთან უშუალოდ დაკავშირებული ჰაბიტატების და წყლის სახეობების დაცვისთვის; მათ შორის, ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგების მიზნით, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის სახეობების დაცვისთვის, აგრეთვე, სარეკრეაციო ტერიტორია და ბიოგენური ნივთიერებების (საკვები ნივთიერებების) მიმართ მოწყვლადი ტერიტორია; ჰ¹⁰) წყალდიდობა − თოვლის დნობით ან/და ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარის წყლის დონის ხანგრძლივი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ იფარება; ჰ¹¹) წყალდიდობის რისკი − დროის გარკვეულ პერიოდში შესაძლო წყალდიდობის მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხესთან, ეკონომიკურ ან/დასოციალურ ზიანთან ან/და ზარალთან; ჰ¹²) წყალმოვარდნა − მდინარის წყლის დონის უეცარი მოკლევადიანი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ იფარება; ჰ¹³) აგლომერაცია − ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ან/და ეკონომიკური საქმიანობა კონცენტრირებულია ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისთვის და გამწმენდ ნაგებობაში გადაცემისთვის, ან საბოლოო წერტილში ჩაშვებისთვის; ჰ¹⁴) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალარინების სისტემა; ჰ¹⁵) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები; ჰ¹⁶) ტრანსსასაზღვრო წყლები − ნებისმიერი ზედაპირული წყალი და მიწისქვეშა წყალი, რომლებიც აღნიშნავენ, კვეთენ ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს შორის საზღვრებს ან მდებარეობენ ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს შორის საზღვრებზე; ჰ¹⁷) წყალმომარაგების სისტემა − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემა; ჰ¹⁸) წყალმომარაგება/წყალმომარაგების საქმიანობა – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების საქმიანობა; ჰ¹⁹) წყლის რესურსების გამოყენება − წყლის რესურსების მოხმარება, რომელიც ხორციელდება როგორც ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ამოღებით, ასევე წყლის ამოღების გარეშე; ჰ²⁰) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება; ჰ²¹) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა. მუხლი 5. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპები 1. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპებია: ა) წყლის რესურსების კომპლექსური დაცვა და მდგრადი გამოყენება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე, წყალმოსარგებლეებთან თანამშრომლობის საფუძველზე; ბ) წყლის რესურსების რეგულირება მდინარეების სააუზო მართვის მექანიზმის საშუალებით, მდინარეთა წყალშემკრები აუზების დონეზე. 2. წყლის რესურსებზე ზემოქმედების მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, ხელისუფლების ორგანოები და სხვა საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ ამ კანონისა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით. თავი II კომპეტენციები წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში მუხლი 6. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები 1. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: ა) სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მუნიციპალიტეტი; თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები. 2. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მდინარეების სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა; ე) წყლის დაცვისა და წყლის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება; ზ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების თაობაზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება; ნ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების/შემუშავების ორგანიზება; ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; პ) ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება; ჟ) ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტის შემუშავება; რ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა; ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა; უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება; ქ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციის განსაზღვრა; ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და მათი გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა; ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა; შ) მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს); გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება. 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.