სამრეწველო ემისიების შესახებ
ტექსტი
სამრეწველო ემისიების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
სამრეწველო ემისიების შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია ან, სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. 2. ეს კანონი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობის განხორციელებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ დაბინძურების გამომწვევ სამრეწველო საქმიანობებზე, წვის დანადგარებსა და ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაბინძურება − საქმიანობის შედეგად მავნე ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, გამოიწვიოს ქონების დაზიანება, შეზღუდოს გარემოს შემადგენელ ელემენტებზე ხელმისაწვდომობა; ბ) საქმიანობის განმახორციელებელი − პირი, რომელსაც სურს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან რომელიც ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას; გ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები − გარემოსდაცვითი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით; დ) ზოგადი სავალდებულო წესები − ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა პირობები დარგობრივ დონეზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უშუალოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების განსაზღვრისათვის; ე) ნივთიერება − ნებისმიერი ქიმიური ელემენტი და მისი ნაერთები, გარდა რადიოაქტიური ნივთიერებისა და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა; ვ) სახიფათო ნივთიერება − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნივთიერება ან/და ნარევი; ზ) მონიტორინგი − გარემოს შემადგენელი ელემენტების (მიწის, წყლის, ჰაერის) ხარისხობრივი მდგომარეობის გაზომვა, მასზე დაკვირვება და მისი ანალიზი; თ) ემისია − სტაციონარული ან დისპერსიული წყაროდან ნივთიერების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში; ი) სტაციონარული წყარო − დაბინძურების იდენტიფიცირებული ადგილი, საიდანაც დამაბინძურებლები გარემოში ორგანიზებული ნაკადის სახით ვრცელდება; კ) დისპერსიული წყარო − დაბინძურების არეალი, საიდანაც დამაბინძურებლები გარემოში არაორგანიზებული ნაკადის სახით ვრცელდება; ლ) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა − ემისიის გარკვეული პარამეტრებით გამოხატული მასა, კონცენტრაცია ან/და დონე, რომლის გადამეტებაც დროის გარკვეულ პერიოდში ან პერიოდებში დაუშვებელია; მ) საზოგადოება − ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ნ) დაინტერესებული საზოგადოება − საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის ან მისი პირობების განახლების თაობაზე გადაწყვეტილებით, ან რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს ამ გადაწყვეტილების მიღებამ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობა; ო) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − ამ კანონის მე-17 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა, ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს და ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას მთლიანობაში, მათ შორის, ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიებს, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციას, მონიტორინგისა და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენის/რემედიაციის ღონისძიებებს; პ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა − ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საქმიანობა ან სხვა მათთან უშუალოდ დაკავშირებული (მათ შორის, ტექნიკურად დაკავშირებული), იმავე ადგილზე განხორციელებული საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ემისია ან დაბინძურება; ჟ) პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი; რ) დანადგარი − სტაციონარული ტექნიკური ერთეული, რომლის მეშვეობით ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; ს) არსებითი ცვლილება − ტექნოლოგიის, ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, გაფართოება (მათ შორის, წარმადობის გაზრდა), რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. არსებით ცვლილებად ასევე ითვლება საქმიანობის ფარგლებში ამ კანონის I დანართში მითითებული ზღვრების სულ მცირე გაორმაგება; ტ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა − საქმიანობების და მათი განხორციელების მეთოდების განვითარების ყველაზე ეფექტიანი და მოწინავე ეტაპი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ისეთი პირობების (ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა) დადგენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიმართულია ემისიებისა და მთლიანობაში გარემოზე ზემოქმედების პრევენციისკენ, ხოლო სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია − მათი შემცირებისკენ; უ) ტექნიკა − გამოყენებული ტექნოლოგია, ასევე ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის, ტექნიკური მომსახურების, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის მეთოდები; ფ) ხელმისაწვდომი ტექნიკა − ტექნიკა, რომლის განვითარების დონეც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას შესაბამის სამრეწველო სექტორში, ხარჯთსარგებლიანობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ან შემუშავება ხორციელდება თუ არა საქართველოში. ამასთანავე, ეს ტექნიკა მიზანშეწონილობის ფარგლებში საქმიანობის განმახორციელებლისათვის ეკონომიკურად და ტექნიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს; ქ) საუკეთესო − გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტიანი; ღ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო − განსაზღვრული საქმიანობისთვის ევროპის კომისიის მიერ ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია გამოყენებული ტექნიკა, არსებული ემისიისა და მოხმარების დონეები, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული მეთოდები და ამ ტექნიკის შესახებ დასკვნები, ასევე ნებისმიერი ახალი ტექნიკა, ამ კანონის III დანართში ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით; ყ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელოს იმ ნაწილებს, სადაც განსაზღვრულია დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ, მათი აღწერილობა, გამოყენების შესაძლებლობა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიისა და მოხმარების დონეები, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის განხორციელების ადგილის სათანადო რემედიაციის ღონისძიებები; შ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები − ემისიის დონეების დიაპაზონი, რომელიც მიღებულია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ან მისი კომბინაციის ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში გამოყენების შედეგად, როგორც ეს აღწერილია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში და გამოხატულია საშუალო მაჩვენებლის სახით დროის გარკვეული პერიოდისთვის, განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებში; ჩ) ინოვაციური ტექნიკა − სამრეწველო საქმიანობისთვის განკუთვნილი ტექნიკა, რომელმაც, კომერციულად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა უზრუნველყოს გარემოს დაცვის უფრო მაღალი ან სულ მცირე იგივე დონე და ხარჯების უფრო მეტად დაზოგვა, ვიდრე არსებულმა საუკეთესო ხელმისაწვდომმა ტექნიკამ; ც) საბაზისო ანგარიში − ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია; ძ) გარემოსდაცვითი ინსპექტირება − საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; წ) საწვავი − ნებისმიერი მყარი, თხევადი ან აირადი წვადი მასალა; ჭ) წვის დანადგარი − ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა, სადაც საწვავის ჟანგვა ხორციელდება ამ გზით წარმოქმნილი სითბოს გამოყენების მიზნით; ხ) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჯ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ¹) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჰ²) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო; ჰ³) სააგენტოს უფროსი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; ჰ⁴) (ამოღებულია - 26.06.2025, №792); ჰ⁵) დეპარტამენტი − სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; ჰ⁶) სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი/შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის აღნიშნულ განაცხადსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. მუხლი 3. სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებები სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებებია: ა) სამინისტრო − სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) სააგენტო − ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა, მისი პირობების შეცვლა, ამ ნებართვის გაუქმება და მასთან დაკავშირებული საკითხები; ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; გ) (ამოღებულია - 26.06.2025, №792); დ) დეპარტამენტი − სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. მუხლი 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები 1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. 2. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების შემდეგ. 3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. სალიცენზიო/სანებართვო პირობების ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებს ენიჭება. 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დაბინძურების ყველა სათანადო პრევენციული ღონისძიების გატარება; ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება; გ) მნიშვნელოვანი დაბინძურების გამოწვევის თავიდან აცილება; დ) ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად; ე) ენერგიის ეფექტიანად გამოყენება; ვ) ავარიების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტების/ავარიების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომების მიღება; ზ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაბინძურების ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი ზომების მიღება და საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები 1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, სამინისტროს წარდგინებით. აღნიშნული დასკვნები ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ შესაბამის დასკვნებს ეფუძნება. 2. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით დგინდება. 3. თუ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში არ არის გათვალისწინებული საქმიანობა ან საწარმოო პროცესი ან/და საქმიანობის ან ცალკეული საწარმოო პროცესის გარემოზე ყველა შესაძლო ზემოქმედება, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები განისაზღვრება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე, ამ კანონის III დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქმიანობის განმახორციელებლისთვის წინასწარი შეტყობინებით. 4. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები დგინდება ისეთ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით, რომელიც არ არის აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, ეს ტექნიკა უნდა განისაზღვროს ამ კანონის III დანართში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებითა და ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 5. თუ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებით არ არის გათვალისწინებული ემისიის დონეები, სააგენტომ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებით უნდა უზრუნველყოს, რომ ტექნიკამ დააკმაყოფილოს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეკვივალენტური გარემოს დაცვის დონე. მუხლი 6. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები 1. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, რომელიმე კონკრეტული ტექნიკის ან ტექნოლოგიის გამოყენების მოთხოვნის გარეშე. 2. ამ კანონის II დანართით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობით. 3. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სპეციალური წესები წვის დანადგარებისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, ასევე იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც ორგანულ გამხსნელებს იყენებენ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებებით. 4. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში საქმიანობისთვის განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ემისიის გარემოში მოხვედრის წერტილისთვის. აღნიშნული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ამ წერტილამდე ნივთიერებების განზავება. 6. სააგენტო უფლებამოსილია ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დამატებით შეავსოს ან შეცვალოს ეკვივალენტური პარამეტრებით ან ტექნიკური ღონისძიებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაცვის ეკვივალენტურ დონეს. 7. თუ გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები მოითხოვს უფრო მკაცრ პირობებს, ვიდრე ის პირობები, რომლებიც მიიღწევა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვით/გამოყენებით, სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დაადგინოს დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის უფრო მკაცრ პირობებს მოიცავდეს. მუხლი 7. ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევა 1. სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს ნაკლებად მკაცრი ემისიის ზღვრული მნიშვნელობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთსარგებლიანობის ან/და სხვა ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ემისიების დონეების მიღწევა, როგორც ისინი აღწერილია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში, გამოიწვევს გარემოსდაცვით სარგებელთან შედარებით არათანაბარზომიერად მაღალ ხარჯებს, შემდეგი მიზეზების გამო: ა) საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან ადგილობრივი გარემო პირობები; ბ) საქმიანობის ტექნიკური მახასიათებლები. 2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ ექნება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება წვის დანადგარებზე, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე, აგრეთვე საქმიანობებზე, რომლებიც ორგანულ გამხსნელებს იყენებენ. 5. სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების შეფასებას/გადახედვას, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის პროცესში. 6. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნებისთვის ინოვაციური ტექნიკის გამოცდის/გამოყენების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელისთვის დაუშვას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამონაკლისი. ამასთანავე, ინოვაციური ტექნიკის გამოცდის/გამოყენების საერთო ვადა 9 (ცხრა) თვეს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ემისიის დონეები ან შეწყვიტოს აღნიშნული ტექნიკის გამოცდა/გამოყენება. 7. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ემისიის ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მნიშვნელობებისგან სიდიდეებით, დროის პერიოდებითა და სტანდარტული პირობებით განსხვავდება. ასეთ შემთხვევაში სააგენტო სულ მცირე წელიწადში ერთხელ შეაფასებს ემისიების მონიტორინგის შედეგებს, რათა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში ემისიები არ აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს. მუხლი 8. საბაზისო ანგარიში 1. საბაზისო ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება იმ საქმიანობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნივთიერების გამოყენებას, წარმოებას ან გარემოში გავრცელებას. 2. საბაზისო ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის გამოყენების (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ასევე მისი წარსულში გამოყენების) შესახებ ინფორმაციას; ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებზე ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მათ მდგომარეობას ანგარიშის შედგენის დროს ან/და ინფორმაციას იმ ახალი კვლევების შედეგების თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის განხორციელების შედეგად ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურებას; გ) GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატებს (shp- ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაბინძურების წყარო/წყაროები. მუხლი 9. ზოგადი სავალდებულო წესები 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ზოგადი სავალდებულო წესები ზოგიერთი კატეგორიის დანადგარისთვის, წვის დანადგარისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას და ცალკეული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების მეშვეობით მიღწევადის ეკვივალენტურ გარემოს დაცვის დონეს. 2. ზოგადი სავალდებულო წესები უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას, კონკრეტული ტექნოლოგიის ან ტექნიკის მითითების გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებთან შესაბამისობა. 3. ზოგადი სავალდებულო წესები ექვემდებარება განახლებას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განვითარების გათვალისწინებისა და ამ კანონის მე-19 მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 10. ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება 1. საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი ინციდენტის/ავარიის შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ვალდებულია: ა) სამინ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.