რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
ტექსტი
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი, დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე, ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად და იმ პირთა უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ახორციელებენ მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან დაკავშირებულ საქმიანობებს, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება. 2. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროებში, აგრეთვე რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებებს. 3. ამ კანონის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება არამაიონებელი გამოსხივება და მის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები, ასევემაიონებელი გამოსხივების წყაროს სამხედრო მიზნით გამოყენება. 4. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან გამორიცხულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასა და რადიოაქტიურ წყაროზე, რომლის დონეები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 2. აკრძალული საქმიანობა 1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას, ფლობასა და გადაცემას, ამ იარაღისა და მოწყობილობების პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს, მათ შესაქმნელად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, ასევე ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არამშვიდობიანი მიზნით გამოყენებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება იწვევს საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის პასუხისმგებლობას. მუხლი 3. კანონის მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის მიზნებია: ა) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა როგორც აწმყოში, ისე მომავალში; ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა. 2. ამ კანონის ამოცანებია: ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ − მარეგულირებელი ორგანო) ფუნქციების განსაზღვრა მაიონებელი გამოსხივების წყაროს მშვიდობიანი მიზნით გამოყენებაზე მარეგულირებელი კონტროლის განსახორციელებლად; გ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზაცია – ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით; ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაცია − ცალკეულ ტერიტორიებზე ან ორგანიზაციებში,ჯაჭვური რეაქციის დროს ან მის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების დაშლისას გამოთავისუფლებული ენერგიით, რადიაციული დასხივებით ან ამგვარი დასხივების რისკით გამოწვეული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება შეუქმნას პერსონალის ან მოსახლეობის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ან/და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურება; გ) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები − ვალდებულებათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის წევრ ქვეყნებს შორის დადებულ შეთანხმებას; დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტი − ობიექტი (ნაგებობისა და აღჭურვილობის ჩათვლით), სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მოპყრობა; ე) ბირთვული დაცულობა − ბირთვულ მასალასთან, სხვა რადიოაქტიურ მასალასთან, ასოცირებულ ობიექტთან ან ასოცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების პრევენცია, დეტექტირება და ამ ქმედებებზე რეაგირება; ვ) ბირთვული დაცულობის კულტურა − მახასიათებლების, დამოკიდებულებისა და ქცევის ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ბირთვული დაცულობის მდგრადობას; ზ) ბირთვული დაცულობის სისტემა − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული ტერორიზმის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის პრევენცია; თ) ბირთვული უსაფრთხოება − ოპერირების სათანადო პირობები, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია და ამ სიტუაციის შედეგების მიტიგაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგადაც ხორციელდება არასათანადო რადიაციული რისკისგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვა; ი) ბირთვული უსაფრთხოების კულტურა − მახასიათებლებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა, რომლითაც რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები განსაზღვრულია პრიორიტეტულად და მათ პირის საქმიანობაში სათანადო ყურადღება ენიჭება; კ) ბირთვული მასალა − სპეციალური ხლეჩადი მასალა ან ნებისმიერი საწყისი მასალა. სპეციალურ ხლეჩად მასალას განეკუთვნება: ურანი-233, ურანი-235-ით ან ურანი-233-ით გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა აღემატება ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადანი ან მადნის ნარჩენი; ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ ზემოხსენებულ ნივთიერებას; პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმ-238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს. საწყის მასალას განეკუთვნება: ბუნებრივი ურანი, გაღარიბებული ურანი და თორიუმი მეტალური, შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით; ლ) ბუნებრივი გამოსხივება − გარემოში მუდმივად არსებული მაიონებელი გამოსხივება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ან გარემოში არსებულ წყაროებთან, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია; მ) დეკომისია – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტის მარეგულირებელი კონტროლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა; ნ) დიფერენცირებული მიდგომა − პროცესი ან მეთოდი, რომლის დროსაც კონტროლის ღონისძიებებისა და პირობების სიმკაცრე დამოკიდებულია კონტროლის დაკარგვის ალბათობაზე, შესაძლო შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე; ო) მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილების წარმოქმნის უნარი; პ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორი – დანადგარი, რომელსაც შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება და რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო, სამრეწველო ან სამედიცინო მიზნით; ჟ) მაიონებელი გამოსხივების წყარო − მაიონებელი გამოსხივების გენერატორი, რადიოაქტიური წყარო ან სხვა რადიოაქტიური მასალა; რ) მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული ობიექტის ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი ფორმა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ს) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტი − ტექნიკური რეგლამენტის − „ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული I და II ავარიული მზადყოფნის კატეგორიებისთვის მიკუთვნებული ობიექტები, ასევე ნებისმიერი დანიშნულების ბირთვული და რადიაციული ობიექტი, სადაც საობიექტო შემთხვევების გამო შეიძლება საჭირო გახდეს ობიექტზე დაცვითი ღონისძიებებისა და რეაგირების სხვა ღონისძიებების მიღება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნების მისაღწევად; ან სადაც წარსულში მოხდა ამგვარი საობიექტო შემთხვევა; ტ) მოსახლეობის დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად ადამიანების პროფესიული ან/და სამედიცინო დასხივება; უ) ოპერატორი − პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს ამგვარი უფლება; ფ) პროფესიული დასხივება − მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად პერსონალის დასხივება, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს; ქ) რადიაციული დასხივება − ქმედება ან პირობები, რომლის დროსაც ადამიანი იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ; ღ) რადიაციული დაცვა − ადამიანთა დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან და მისი მიღწევის საშუალებები; ყ) რადიაციული რისკი − რადიაციული დასხივების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ასევე, ამგვარი ზემოქმედების ალბათობა) და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რისკი (მათ შორის, გარემოსთვის), რომელიც დასხივების, რადიოაქტიური მასალის (მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენის) არსებობის ან გარემოში გაფრქვევის, ასევე ბირთვული რეაქტორის ბირთვზე, ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციასა და რადიოაქტიურ ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროზე კონტროლის დაკარგვის პირდაპირი შედეგია; შ) რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აირად მასალებში რადიოაქტიური ნივთიერების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მითითებულ ადგილებში მათ არსებობას; ჩ) რადიოაქტიური მასალა − რადიოაქტიური ნივთიერების შეცველი მასალა; ც) რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის; ძ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე; წ) რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც ოპერატორმა უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განათავსოს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; ჭ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით; ხ) რადიოაქტიური ნივთიერება – ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე რადიონუკლიდს, რომლის აქტივობა ან აქტივობის კონცენტრაცია რადიაციული დაცვის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია; ჯ) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური მასალის შემცველი წყარო, რომელიც გამოიყენება, როგორც მაიონებელი გამოსხივების წყარო; ჰ) რადიონუკლიდი − ქიმიური ელემენტის ატომი, რომლის ბირთვი არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას; ჰ¹) რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალის ან ბირთვული და რადიაციული ობიექტის ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან, ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ფარგლებში; ჰ²) რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების ცალკეული კატეგორიის გამიზნული გამორიცხვა მარეგულირებელი კონტროლის სფეროდან; ჰ³) რეგულირებიდან გათავისუფლება − შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მაიონებელი გამოსხივების წყარო ან ბირთვული და რადიაციული საქმიანობა არ დაუქვემდებაროს რადიაციული დაცვის ან/და ბირთვული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნებს, ვინაიდან გამოსხივება და პოტენციური გამოსხივება მცირეა ან რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური გამოსავალია; ჰ⁴) სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის დროს ან მკურნალობის მიზნით; პაციენტის დამხმარე და მომვლელი (გარდა პირისა, რომელზეც ვრცელდება პროფესიული დასხივება); მოხალისე, რომელიც ჩართულია ბიოსამედიცინო კვლევით პროგრამაში; ჰ⁵) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ⁶) საქმიანობის გაფართოება − ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული საქმიანობის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს ან/და იმავე სამართლებრივი რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ახალი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დამატება; ჰ⁷) უსაფრთხოების შეფასება − მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების, ასევე დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების სისტემური შეფასება; ჰ⁸) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ან მიტოვებულია, დაკარგულია, არასათანადო ადგილასაა აღმოჩენილი ან სხვაგვარადაა გადაცემული ავტორიზაციის გარეშე; ჰ⁹) ფიზიკური დაცვა − მაიონებელი გამოსხივების წყაროს, ბირთვული მასალისა თუ შესაბამისი აღჭურვილობის დაზიანების, დაკარგვის, უკანონო დაუფლებისა და გადაცემის პრევენციის ღონისძიებები. მუხლი 5. რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების პრინციპები მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის მიზნით, რადიაციული დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) პასუხისმგებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის − რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა უპირველესად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ეფექტიანი რეგულირება − ეფექტიანად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას უნდა არეგულირებდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული კანონმდებლობის დაცვით; გ) უსაფრთხოების ეფექტიანი მართვა და ხელმძღვანელობა − ამ კანონით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, შექმნან და შეინარჩუნონ დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია ბირთვული უსაფრთხოების კულტურა; დ) დასაბუთება − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანის ან/და მოსახლეობის მიერ მიღებული სარგებელი უნდა აღემატებოდეს საქმიანობის შედეგად მიყენებულ შესაძლო ზიანს. არსებული ან მოსახლეობის დასხივების სიტუაციაში, დასხივების ახალი გზების ან არსებულის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა დასაბუთდეს შემდეგი პრინციპით, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ზიანზე უფრო მეტი სარგებლის მომტანი, სოციალური, ეკონომიკური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით; ე) ოპტიმიზაცია − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიაციული დაცვის ზომები, რათა მოსახლეობის დასხივებისადმი და პროფესიული დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირების ინდივიდუალური დოზების მასშტაბი, დასხივების ალბათობა და დასხივებული ადამიანების ოდენობა შენარჩუნდეს გონივრულობის ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე, არსებული ტექნიკური ცოდნისა და ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. სამედიცინო დასხივებისადმი დაქვემდებარებული პირის დაცვის ოპტიმიზაცია უნდა გავრცელდეს დასხივების ინდივიდუალურ დოზებსა და სამედიცინო დანიშნულებასთან შესაბამისობაზე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით; ვ) დოზური ზღვრები − ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის მიერ მიღებულმა დასხივების ჯამურმა დოზამ არ გადააჭარბოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რათა არავინ აღმოჩნდეს მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული დაუშვებელი რისკის ქვეშ. დოზური ზღვრების პრინციპი არ ვრცელდება სამედიცინო დასხივებაზე; ზ) დღევანდელი და მომავალი თაობების რადიაციული რისკისგან დაცვა − რადიაციული რისკის კონტროლის მიმდინარე ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი შესაძლო შედეგები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისა და გარემოს დაცვა ამგვარი რისკებისაგან აწმყოსა და მომავალში; თ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენცია − ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და შედეგების მიტიგაციისათვის უნდა განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიება; ი) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება − მარეგულირებელი ორგანო, შესაბამისი ავტორიზებული პირები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო უფლებამოსილი უწყებები ვალდებული არიან, ჩამოაყალიბონ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების სისტემა; კ) არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება − არსებული ან დაურეგულირებელი რადიაციული რისკის შესამცირებელი დაცვითი ღონისძიებები უნდა იყოს დასაბუთებული და ოპტიმიზებული. მუხლი 6. ბირთვული დაცულობის პრინციპები სისხლისსამართლებრივი ან განზრახ უკანონო ქმედებების შედეგებისაგან ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, ბირთვული დაცულობის ეფექტიანი რეჟიმი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა − სახელმწიფომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ბირთვულ მასალაზე, სხვა რადიოაქტიურ მასალაზე, ასოცირებულ დანადგარსა და ასოცირებულ საქმიანობაზე; ბ) ბირთვული დაცულობის სფეროში პასუხისმგებლობების განსაზღვრა − საქართველოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვროს მარეგულირებელი ორგანოს, სხვა კომპეტენტური უწყებებისა და ავტორიზებულ პირთა პასუხისმგებლობები და თანამშრომლობის ვალდებულება ბირთვული დაცულობის სფეროში; გ) პასუხისმგებლობა ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვის − ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფისათვისპასუხისმგებლობა უპირველესადბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება; დ) პასუხისმგებლობა ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის საერთაშორისო გადაზიდვისათვის − სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოფილ იქნეს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის შესაბამისი დაცვა, ვრცელდება საერთაშორისო გადაზიდვაზეც, ამ პასუხისმგებლობის სხვა სახელმწიფოსთვის სათანადოდ გადაცემამდე; ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის განსაზღვრა − ბირთვული დაცულობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაუზრუნველყოფილ იქნეს მათი აღსრულება; ვ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება − სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად; ზ) ბირთვული დაცულობის საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას (მათ შორის, სანდოობის შეფასებას), მიუხედავად იმისა, ეს საფრთხეები სახელმწიფოს იურისდიქციას ექვემდებარება თუ არა, ასევე მათი შეფასების მუდმივ განახლებას; თ) სამიზნეებისა და პოტენციური შედეგების იდენტიფიცირება და შეფასება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული და შეფასებული ბირთვული დაცულობის სამიზნეები და პოტენციური შედეგები; ი) რისკზე დაფუძნებული მიდგომა − ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმი უნდა შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მათ შორის, რესურსების გამოყოფისას, ღონისძიებების ან/და ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც, თავის მხრივ, დიფერენცირებულ მიდგომასა და სიღრმისეულ დაცვას უნდა ეფუძნებოდეს; კ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება − ბირთვული დაცულობის რეჟიმი უნდა უზრუნველყოფდეს ბირთვული მასალის ან/და რადიოაქტიური წყაროს მფლობელ ორგანიზაციაში ბირთვული დაცულობის სისტემებისა და ღონისძიებების არსებობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევის იდენტიფიცირება, შეფასება და კომპეტენტური უწყებისათვის შეტყობინება, მასზე დროული რეაგირების მიზნით; ლ) ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავება − ბირთვული დაცულობის რეჟიმის ეფექტიანობა დამოკიდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებებისა და ავტორიზებული პირების მიერ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმების შემუშავებასა და პერიოდულად მათ გამოცდაზე, ტესტირებასა და შეფასებაზე; მ) ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობა − ბირთვული დაცულობის რეჟიმის მდგრადობის გასაძლიერებლად თითოეული კომპეტენტური ორგანო და რადიაციულ დაცვაში, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობაში ჩართული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები, ბირთვული დაცულობის კულტურა, ეფექტიანობის პერიოდულად გამოცდა და შეფასება, შედეგიანი, ინტეგრირებული მართვის სისტემა, აგრეთვე შიდა და სხვა საფრთხეების გამოვლენისა და მიტიგაციის პროცედურები. მუხლი 7. საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამ საგნების იმპორტის, ექსპორტის ან/და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 1. აკრძალულია საკვებ პროდუქტში, სათამაშოში, სამკაულში, კოსმეტიკურ საშუალებასა და სამომხმარებლო პროდუქტში რადიოაქტიური ნივთიერების განზრახ დამატება, ასევე ამ საგნების იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. 2. დ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.