პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

ტექსტი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს. 2. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) (შემდგომ − კონვენცია), მისი რეგულაციებისა და MLC კოდექსის საფუძველზე, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. 3. მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“: ა) II თავი − „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“; ბ) IX თავი − „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) XI თავი − „გაერთიანების თავისუფლება“; დ) XII თავი − „კოლექტიური ხელშეკრულება“, იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის პირობების დაცვის საკითხზე ვრცელდება აგრეთვე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; გ) მეზღვაური − პირი, რომელიც გემზე დასაქმებულია ნებისმიერ თანამდებობაზე, ან გემზე დასაქმებული სხვა პირი, რომლის რეგულარული სამუშაო ადგილი გემია. ამ კანონის მიზნებისთვის მეზღვაურებად არ მიიჩნევიან საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი შემდეგი პირები: გ.ა) ლოცმანი; გ.ბ) ნავსადგურის თანამშრომელი; გ.გ) დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი და სურვეიერი; გ.დ) სუპერინტენდანტი; გ.ე) დროებით მოწვეული ანიმატორი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 72 საათს არ აღემატება; გ.ვ) სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული ტექნიკური პერსონალის წევრი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 96 საათს არ აღემატება; გ.ზ) გემზე დროებით მომუშავე, საზღვაო კვლევაში მონაწილე პირი; დ) გემთმფლობელი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის გემის მესაკუთრე, ან სხვა პირი, კერძოდ, გემის მენეჯერი, აგენტი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელსაც გემის მართვის უფლება გემის მესაკუთრისგან აქვს მიღებული და რომელიც ამ პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა კონვენციით გემთმფლობელისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასა და პასუხისმგებლობის აღებას, მიუხედავად იმისა, სხვა ორგანიზაცია ან პირი გემთმფლობელის სახელით ასრულებს თუ არა გარკვეულ ვალდებულებას ან აღებული აქვს თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა; ე) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი − ნებისმიერი პირი, რომელიც გემთმფლობელის სახელით ან მის სასარგებლოდ ჩართულია მეზღვაურთა დასაქმების პროცესში; ვ) სოციალური პარტნიორები − საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი გემთმფლობელებისა და საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების წარმომადგენლები; ზ) გემი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიძლება ზღვაზე ტრანსპორტირებისთვის იქნეს გამოყენებული; თ) ქართული გემი − გემი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად; ი) საერთო ტევადობა − გემის საერთო ტონაჟი, რომელიც განსაზღვრულია „ხომალდების გაზომვის შესახებ“ (TONNAGE 69) საერთაშორისო კონვენციით; კ) დასვენების საათები − არასამუშაო საათები, რომლებიც არ მოიცავს არაუმეტეს 15-წუთიან შესვენებას; ლ) სამუშაო საათები − საათები, რომელთა განმავლობაშიც მეზღვაური ვალდებულია გემზე შეასრულოს სამუშაო თავისი ფუნქციებიდან და მოვალეობებიდან გამომდინარე; მ) ღამის ცვლაში მუშაობა − მუშაობა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე (გემის ადგილსამყოფლის დროის მიხედვით) სამუშაო დროის განმავლობაში; ნ) საბაზისო ხელფასი − ნორმირებული სამუშაო საათების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გადასახდელი თანხა, მიუხედავად მისი სტრუქტურისა. საბაზისო ხელფასში არ შედის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ბონუსები, შეღავათები, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება ან ნებისმიერი სხვა, დამატებითი ანაზღაურება; ო) კონსოლიდირებული ხელფასი − ხელფასი, რომელიც მოიცავს საბაზისო ხელფასსა და სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე კომპენსაციას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის და აღნიშნული სამუშაოდან გამომდინარე სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი მისი ნაწილობრივი კონსოლიდირებისთვის შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ გარკვეული სახის სარგებელს; პ) საჩივარი − ნებისმიერი საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია გემის უსაფრთხოებასთან, გემის ეკიპაჟის უსაფრთხოებასთან ან ჯანმრთელობასთან. საჩივარი შესაძლებელია წარადგინოს გემის ეკიპაჟის წევრმა, პროფესიულმა კავშირმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა; ჟ) თავშესაფარი − უამინდობის დროს ან ნაოსნობისთვის არახელსაყრელ სხვა პირობებში გემის უსაფრთხოდ გაჩერების ადგილი, სადაც შესაძლებელია გემზე მყოფი ყველა მეზღვაური და მგზავრი ნაპირზე უსაფრთხოდ იქნეს გადასხმული; რ) მეჩხერი წყლები − საქართველოს ნავსადგურის შიდა აკვატორია, აგრეთვე თავშესაფრის მომიჯნავე ნებისმიერი, 5 საზღვაო მილი საზღვაო სივრცე; ს) მეკობრეობა − ტერმინი, რომელსაც აქვს გაეროს 1982 წლის „საზღვაო სამართლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა; ტ) გემზე შეიარაღებული ძარცვა − ტერმინი, რომელსაც აქვს კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა; უ) კონვენცია − შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია“ (შესწორებული); ფ) MLC კოდექსი − კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; ქ) STCW კონვენცია − „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით; ღ) STCW კოდექსი − „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; ყ) ინსპექტორი − სააგენტოს თანამშრომელი ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს უფლება, შეამოწმოს გემზე არსებული სამუშაო პირობები და აიღოს პასუხისმგებლობა სააგენტოს წინაშე; შ) რეპატრიაცია − მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ადგილზე ან/და მეზღვაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე მისი უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. 2. ამ კანონის მიზნებისთვის კონვენცია, MLC კოდექსი, STCW კოდექსი გამოიყენება განახლებული რედაქციით. მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) მოქმედება ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ ყველა გემზე. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემზე, რომელიც: ა) ექსკლუზიურად შიდა ნაოსნობაშია ჩართული; ბ) ნაოსნობას ახორციელებს მეჩხერ წყლებში ან ნავსადგურის წესების მოქმედების ზონაში; გ) ჩართულია თევზჭერაში; დ) აშენებულია ხისგან, ტრადიციული მეთოდით; ე) არის სახელმწიფო საკუთრება, როდესაც ის კომერციული დანიშნულებით არ გამოიყენება. მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი 1. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს კომპეტენტური ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში. 3. სააგენტომ იმის დადგენისთვის, არის თუ არა პირი მეზღვაური, უნდა გაითვალისწინოს: ა) პირის გემზე მუშაობის ხანგრძლივობა; ბ) პირის გემზე მუშაობის პერიოდი; გ) პირის ძირითადი სამუშაო ადგილი; დ) პირის გემზე მუშაობის მიზანი; ე) პირის შრომისა და სოციალური დაცვის პირობები, რომლებიც მისთვის, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომი იქნებოდა, ამ კანონის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად. 4. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა გემი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „გემი“ განმარტებაში. 5. სააგენტოს უფლება აქვს, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, რომ ამ კანონის ზოგიერთი ნორმის მოქმედების გემზე ან გემის კონკრეტულ კატეგორიაზე გავრცელება მიზანშეწონილი ან შესაძლებელი არ არის. ამ შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც არ გავრცელდება აღნიშნული კატეგორიის გემზე დასაქმებულ მეზღვაურებზე, დაცული უნდა იყოს სხვა საკანონმდებლო აქტით, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ მეზღვაურთა დაცვას. სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ 200 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული არ არის. 6. სააგენტო აგრეთვე: ა) გასცემს, ადასტურებს, აახლებს, აჩერებს და აუქმებს ამ კანონით გათვალისწინებულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს; ბ) ახორციელებს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების აღიარებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას; გ) შეარჩევს საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გასაცემად, აგრეთვე ამტკიცებს მეზღვაურთა სამედიცინო სტანდარტებს; დ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს, აგრეთვე ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს გემის მზარეულისთვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს/გემის მზარეულის მოწმობას; ე) იხილავს საჩივრებს; ვ) ამტკიცებს მეზღვაურთა კვებისა და სასმელი წყლის სტანდარტს; ზ) ამტკიცებს ქართულ გემზე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმძღვანელოს/გზამკვლევს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას; თ) უზრუნველყოფს საწარმოო შემთხვევების გამოკვლევას, აგრეთვე აგროვებს და აანალიზებს ქართულ გემზე საწარმოო შემთხვევებისა და დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს; ი) იღებს და აქვეყნებს ქართული გემის მიერ კონვენციის შესრულების შემოწმების ანგარიშს. თავი II მეზღვაურისადმი დადგენილი მოთხოვნები მუხლი 5. მეზღვაურის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი 1. გემზე სამუშაოდ დაიშვება 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი. 2. აკრძალულია გემზე 18 წლამდე მეზღვაურის დასაქმება, თუ შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. 3. იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალს, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, შესაძლოა დამატებით განსაზღვროს სააგენტომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. 4. 18 წლამდე მეზღვაურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო დღის განმავლობაში 8 საათს, ხოლო კვირაში − 40 საათს. ამასთანავე, მეზღვაურს ყოველი უწყვეტი 2-საათიანი მუშაობის შემდეგ უნდა მიეცეს 15-წუთიანი შესვენება. ეს შესვენება არ მიიჩნევა დასვენების დროდ. სამუშაო დღის განმავლობაში მეზღვაურს წარმოეშობა არანაკლებ 1-საათიანი შესვენების უფლება. 5. აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, გემის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მისი შესრულების თავიდან აცილება შეუძლებელია. 6. აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმება. 7. სააგენტო უფლებამოსილია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვას, რაც ეცნობება შესაბამის გემს/გემებს. გამონაკლისი დაიშვება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) აკრძალვით ზიანი ადგება მეზღვაურის მიერ განათლების საწვრთნელი პროგრამის მიხედვით მიღებას; ბ) მორიგეობის თავისებურება ან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამა მოითხოვს, რომ 18 წლამდე მეზღვაურმა მოვალეობა ღამის საათებში შეასრულოს. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, შეუქმნის თუ არა შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. 8. აკრძალულია 18 წლამდე პირის გემის მზარეულად დასაქმება. მუხლი 6. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა 1. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა (შემდგომ − სამედიცინო მოწმობა), რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება მის მიერ გემზე შესასრულებელ მოვალეობებს. 2. თუ სამედიცინო მოწმობა გაცემულია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისადა ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ან/და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას. 3. მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტებისა და „მეზღვაურთა ზღვაში გასვლის წინა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ინსტრუქციის, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სხვა საერთაშორისო ინსტრუქციების შესაბამისად. 4. ამ კანონის მიზნებისთვის შერჩეული სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის მოთხოვნებს. 5. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად სამედიცინო მოწმობას გასცემს სააგენტოს მიერ შერჩეული უფლებამოსილი ექიმი, ხოლო თუ სამედიცინო მოწმობა მხოლოდ მხედველობას ეხება − სააგენტოს მიერ სათანადო ცნობის გასაცემად შერჩეული პირი. 6. შერჩევის კანდიდატი ექიმი სამედიცინო დასკვნის გაკეთებისას სრული პროფესიული დამოუკიდებლობით უნდა სარგებლობდეს. 7. სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, ქართულ გემზე საქმიანობისთვის აღიაროს სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს ფარგლების გარეთ იმ ექიმის მიერ, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კონვენციის წევრ სახელმწიფოში და ამ სახელმწიფოშია უფლებამოსილი, გასცეს სამედიცინო მოწმობა. 9. მეზღვაურს, რომელსაც უარი ეთქვა სამედიცინო მოწმობის გაცემაზე ან მიიღო სამედიცინო მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის შეზღუდულ შრომისუნარიანობას, კერძოდ, სამუშაო დროის, სამუშაოს სახეობისა და ნაოსნობის რაიონის მიხედვით, უფლება აქვს, გაიაროს ახალი გამოკვლევა სააგენტოს მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექიმთან ან ასეთი ექიმებისგან შემდგარ კომისიასთან. 10. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მეზღვაურის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო ან ეს განსაზღვრულია STCW კონვენციით, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 18 წლამდე მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 წელია. 11. მეზღვაურის მიერ ფერების აღქმის სერტიფიცირების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. 12. გადაუდებელ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის გამო მეზღვაურზე გასცეს ნებართვა, გააგრძელოს მუშაობა მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმის გათვალისწინებით, რომ: ა) აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება; ბ) სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არაუმეტეს 3 თვის წინ გავიდა. 13. თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის დროს ამოიწურა, ეს სამედიცინო მოწმობა ძალაში დარჩება მეზღვაურის მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მას შეეძლება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმ პირობით, რომ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა 3 თვეს არ აღემატება. 14. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებული მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი. მუხლი 7. წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია 1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე სამუშაოდ დაშვებულ იქნეს მეზღვაური, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან კომპეტენცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. STCW კონვენციის ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სხვა სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული წვრთნა და სერტიფიცირება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებულად მიიჩნევა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის იმ მეზღვაურის მიერ გავლილი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა, რომელსაც STCW კოდექსით განსაზღვრული წვრთნის გავლა არ მოეთხოვება, გემზე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წვრთნის შესაბამისად მიიჩნევა. მუხლი 8. გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება 1. გემი, რომელზედაც დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10 ან 10-ზე მეტი მეზღვაური, ვალდებულია ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. თუ გემზე დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10-ზე ნაკლები მეზღვაური, ამ გემზე კვალიფიციური მზარეულის ყოფნა არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში კვების ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს უნდა ჩაუტარდეს წვრთნა ან ინსტრუქტაჟი, რომელიც მოიცავს გემზე საკვებისა და პირადი ჰიგიენის და საკვების შენახვის საკითხებს. 2. მზარეული კვალიფიციურია, თუ: ა) ის არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ან არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) მას გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს პრაქტიკული მზარეულობის, საკვებისა და პირადი ჰიგიენის, საკვების შენახვის, მარაგების კონტროლის, გარემოს დაცვისა და სამზარეულოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს; დ) მას ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა. 3. კვალიფიციურ მზარეულზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გასცეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს გემის მზარეულად მუშაობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. თუ გემის მზარეულმა სასწავლო კურსი გაიარა საქართველოს ფარგლების გარეთ, იმ ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია ან „გემის მზარეულების სერტიფიცირების შესახებ“ 1946 წლის კონვენცია, სააგენტო უფლებამოსილია შეაფასოს ეს სასწავლო კურსი და მისი შინაარსი და, თუ დარწმუნდება, რომ სწავლება საქართველოში აღიარებული საწვრთნელი ცენტრის სწავლების შესაბამისია, აღიაროს იგი. 5. გემის მზარეულის საქართველოს ფარგლების გარეთ წვრთნისა და სერტიფიცირების აღიარების შემდეგ სააგენტო ამ მზარეულზე გასცემს სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მზარეული ფლობს გემის მზარეულის მოწმობას, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ ქართულ გემზე სამუშაოდ. 6. გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. თავი III მეზღვაურის დასაქმება მუხლი 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი 1. საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში სტატუსის მქონე მეზღვაური ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე უნდა სარგებლობდეს კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების შესაძლებლობით. 2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებას ახორციელებს სააგენტო. 3. თუ სააგენტო, კომპეტენტური ორგანო, სხვა სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს შექმნას ან მართოს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ამ პირმა საქმიანობის განხორციელებისას უნდა უზრუნველყოს მეზღვაურთა უფლებების დაცვა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 4. სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ხელს უწყობს მეზღვაურთა დასაქმებას, ვალდებულია დაიცვას კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნები. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც გემზე ერთდროულად არანაკლებ 10 მეზღვაური ჰყავს დასაქმებული. 6. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი“ განმარტებაში. 7. საქართველოში მოქმედმა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.