პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 15 თავი
  1. თავი Iზოგადი დებულებები
  2. თავი IIგამონაკლისები
  3. თავი III საჯარო შესყიდვის მონაწილეები
  4. თავი IVსააგენტო
  5. თავი IV¹ცენტრალური შემსყიდველი ორგანო საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
  6. თავი V საჯარო შესყიდვის პროცედურები
  7. თავი VIსაჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები
  8. თავი VIIსაჯარო შესყიდვის მომზადება
  9. თავი VIIIსაჯარო შესყიდვის გამოცხადება. განაცხადისა და წინადადების წარდგენა
  10. თავი IXშერჩევა-შეფასება
  11. თავი Xშესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება, მასში ცვლილების შეტანა და მისი შესრულება
  12. თავი XIთავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელება
  13. თავი XIIდავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა
  14. თავი XIIIანგარიშგება და კონტროლი
  15. თავი XIVგარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

საჯარო შესყიდვების შესახებ

თავი XIთავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელება

მუხლი 78. საჯარო შესყიდვის პროცედურების თავისებურებები

1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს შეზღუდულ პროცედურას, კონკურენტულ დიალოგს, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურას ან წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურას. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ღია პროცედურა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო შესყიდვა არ მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციას და შესყიდვის ხელშეკრულების ყველა ტექნიკური, სამართლებრივი და ფინანსური ასპექტი წინასწარ არის ცნობილი. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, გამოიყენოს აგრეთვე, როდესაც შესყიდვის ხელშეკრულება საზღვარგარეთ განლაგებული ან განსალაგებელი საქართველოს თავდაცვის ძალების საჰაერო ან საზღვაო გზით გადაყვანას ეხება და შემსყიდველი ორგანიზაცია იძულებულია აღნიშნული მომსახურება იმ ეკონომიკური ოპერატორისგან შეისყიდოს, რომელიც ვალდებულების შესრულების გარანტიას მხოლოდ ისეთი მოკლე პერიოდისთვის იძლევა, რომ ვერ იქნება გამოყენებული ამ კანონით დადგენილი შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები, მათ შორის, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემცირებული ვადები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 79. ქვეკონტრაქტი

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორი თავისუფლად, ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე შეარჩიოს. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სთხოვს: ა) განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს, აპირებს თუ არა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემას, ხოლო თუ აპირებს − მიუთითოს აგრეთვე ქვეკონტრაქტორი და ქვეკონტრაქტის საგანი; ბ) შეატყობინოს მას შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პერიოდში განხორციელებული, ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს ქვეკონტრაქტით გადასაცემი შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის მინიმალურ და მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობებს. მაქსიმალური პროცენტული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ან/და შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯამის 30%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცენტული დიაპაზონი ადეკვატური უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს. 4. კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილი, რომელსაც იგი შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს გადასცემს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 80. დავის განხილვის თავისებურებები

1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საჯარო შესყიდვა შესაძლებელია დადგენილი წესით გასაჩივრდეს საბჭოში ან სასამართლოში. საჩივარს საბჭო განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით. 2. საჯარო შესყიდვის საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვის პროცედურის ავტომატურად შეჩერებას. საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საბჭო საჩივარში არსებული დასაბუთების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გააგრძელოს შესყიდვის პროცედურა, თუმცა მას საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შესყიდვის ხელშეკრულების დადება ეკრძალება. 4. საიდუმლო საჯარო შესყიდვა საბჭოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIIდავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა

მუხლი 81. დავის განმხილველი ორგანოები

1. საჯარო შესყიდვასა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან (შემდგომ ამ თავში – შერჩევის პროცესი) დაკავშირებული დავები შესაძლებელია განიხილოს საბჭომ ან სასამართლომ. 2. ეს თავი ადგენს საჯარო შესყიდვასა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების საბჭოს მიერ განხილვის წესებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 82. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება

1. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. 2. ეკონომიკურ ოპერატორს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. 3. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 83. საბჭო

1. საბჭო არის კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. 2. საბჭო ყველა ორგანოსგან/პირისგან განცალკევებულია, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. საბჭოს რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. მასში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი წინადადებები საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. ეს ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 84. საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. 2. საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება/უმაღლესი ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. 3. საბჭოს წევრი არ შეიძლება: ა) დასაქმებული იყოს სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და კერძო დაწესებულებაში; ბ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა; გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, ეკონომიკურ ოპერატორს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს; დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები. შესარჩევი კომისიის დებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა. 6. განაცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა შესარჩევი კომისია იმ პირთაგან, რომლებიც საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, შეარჩევს საბჭოში არსებული ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატს. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შესარჩევმა კომისიამ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე შესარჩევი კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შეფასება მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნას, აქტივობასა და სამუშაო გამოცდილებას უნდა ეყრდნობოდეს. 7. თუ შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, იგი არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 8. შესარჩევი კომისია შერჩეულ საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში ნიშნავს საბჭოს წევრს/წევრებს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. პრემიერ-მინისტრის მიერ საბჭოს წევრის/წევრების დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 9. საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობა ან შეწყვიტოს იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა. 10. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ვადის გასვლით, თუ იგი ხელახლა არ დაინიშნა თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნდეს მისი უფლებამოსილების უწყვეტობა. დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) პირადი განცხადების წარდგენა; ბ) გარდაცვალება; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; თ) ბოლო 12 თვეში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლითაც დასტურდება, რომ საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ვეღარ განახორციელებს. 11. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მის მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენისთანავე. საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე; ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან; გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან. 12. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ან მისი შეწყვეტის საფუძვლის/საფუძვლების წარმოშობის თაობაზე. თუ საბჭოს თავმჯდომარეს შეუწყდა უფლებამოსილება ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი/საფუძვლები წარმოიშვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 13. პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 14. საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 40 დღისა, ხოლო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახალდანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ საბჭოს წინამორბედ წევრს უფლებამოსილება უკვე შეუწყდა, საბჭოს ახალდანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დანიშვნისთანავე დაიწყებს. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №321 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №537 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 85. საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომას; ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას. საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს არანაკლებ 2 წევრს. კანდიდატი არჩეულად მიიჩნევა, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევრისა. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება. 4. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად მიიჩნევა მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე საბჭოს აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს წევრად. 5. საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით, ამ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე. 6. საბჭოს ახალი თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3756 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №329 – ვებგვერდი, 20.02.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 86. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

1. საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით. 2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას. 3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. 4. საბჭოს აპარატი: ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შინაუწყებრივ პროცედურებს; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; გ) ადგენს საბჭოს სხდომათა ოქმებს; დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შინაუწყებრივ დოკუმენტაციას; ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე. 6. საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საბჭოს წევრები. 7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით. 8. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3756 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №329 – ვებგვერდი, 20.02.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 87. საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული

1. საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვისთვის ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული). 2. ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები და მათთვის დართული დოკუმენტები, საჩივრებთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილებები, საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული სხვა მასალები, აგრეთვე ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 3. საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც შეტყობინების/ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა. 4. საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება/ინფორმაცია გაგზავნოს აგრეთვე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება)). ასეთი შეტყობინება/ინფორმაცია ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად მიიჩნევა. 5. ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას არ ექვემდებარება. 6. ელექტრონული მოდული ელექტრონული სისტემის ნაწილია. ელექტრონული მოდულის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების შესასრულებლად საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აღნიშნულ სისტემაზე ხელი შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის საფუძველზე. საბჭო ვალდებულია საბჭოს რეგლამენტის ან მასში შესატანი ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომლის მისაღებად ელექტრონულ სისტემაში/ელექტრონულ მოდულში სათანადო ცვლილების შეტანაა საჭირო, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე სააგენტოს შეუთანხმოს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 88. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება

1. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გაცნობიდან/ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადებულია, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, აგრეთვე დინამიკური შესყიდვის სისტემის ან ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრებისა. 3. შესყიდვის პირობები, შესყიდვის შესახებ განცხადება ან/და შესყიდვის დოკუმენტაცია შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი/მათი გაცნობისთვის დადგენილ ვადაში, ხოლო წინადადებების წარსადგენად მოწვევა – წინადადებების წარდგენის ვადაში. 4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს: ა) ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს – თუ საჩივარი ეხება შესყიდვის პირობებთან, წინასწარ საინფორმაციო შეტყობინებასთან, შესყიდვის შესახებ განცხადებასთან ან შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; ბ) კანდიდატს – თუ საჩივარი ეხება განაცხადების წარდგენის ეტაპიდან წინადადებების წარდგენის ეტაპის ჩათვლით მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; გ) პრეტენდენტს – თუ საჩივარი ეხება წინადადებების წარდგენის ეტაპიდან მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; დ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში იდება; ე) დინამიკური შესყიდვის სისტემის მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში იდება; ვ) სხვა შემთხვევაში − ეკონომიკურ ოპერატორს – თუ საჩივარი ეხება გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან მას უკანონოდ უზღუდავს უფლებას. 5. საბჭოს საჩივარი ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინება. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. 6. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ: ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა; ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა; გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება; ე) დავის საგანი არ არსებობს; ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია; ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; კ) მის შინაარსს არ აქვს შერჩეული საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული საჩივრის შესაბამისი ფორმა; ლ) მისი დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ. 7. თუ საჩივარი ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო მომჩივანს საჩივრის დასაზუსტებლად აძლევს ვადას 1 სამუშაო დღის ოდენობით. თუ მომჩივანი საჩივარს არ დააზუსტებს, იგი ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უთანაბრდება). თუ მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს ამსაჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი საჩივარს არასრულყოფილად დააზუსტებს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი. 8. საბჭო საჩივარს დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობს გადაწყვეტილებით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უთანაბრდება). საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს აგრეთვე, თუ საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ დადგინდება. 9. საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში. 10. ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, გასაჩივრებული საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება, გარდა შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობის, აგრეთვე განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადებისა. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო შესყიდვა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორებისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილეებისთვის. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროცედურა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხორციელდება. დინამიკური შესყიდვის სისტემის ან ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვის პროცედურების შეჩერებას. 11. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივარი აღარ განიხილება. მომჩივნის მიერ საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 89. საჩივრის წარდგენის საფასური

1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად წესდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა: ა) საჯარო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დაკავშირებული საჩივრისა − საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრისა – საჯარო შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრისა – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არაუმეტეს 150 000 ლარისა. 2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება: ა) შესყიდვის პირობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; ბ) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება და განაცხადების/წინადადებების მიღების დაწყებამდე იქნა მიღებული/განხორციელებული; გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. 4. თუ მომჩივანმა საჩივარი გამოიხმო, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება: ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი საბჭოს სხდომის გამართვამდეა გამოხმობილი; ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ არის გამოხმობილი. 5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1743 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 90. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 2. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრება, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. 3. საბჭო საჩივარს იხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომაზე იმართება ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც საბჭო უსმენს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). 4. საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის დღესა და საათს საბჭოს აპარატის წარდგინებით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. ეს ინფორმაცია ელექტრონული მოდულის მეშვეობით მიეწოდებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. 5. საბჭოს სხდომას ხსნის, წარმართავს და ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევრისა. 7. საბჭოს წევრი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული საფუძველი (გარემოება). ასეთ შემთხვევაში საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრის აცილების საფუძვლის არსებობისას მხარეს, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საბჭოს სხდომის დასრულებამდე წერილობით წარადგინოს შუამდგომლობა საბჭოს წევრის აცილების შესახებ. საბჭოს წევრის აცილების საკითხს მის დაუსწრებლად წყვეტენ საბჭოს სხვა წევრები ხმების უმრავლესობით. საბჭოს სხვა წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საბჭოს წევრი აცილებულად მიიჩნევა. 8. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი. 9. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 91. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 90-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. 2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭოს წევრს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც გადაწყვეტილებას დაერთვება. 4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საბჭოს განსხვავებული აზრის მქონე წევრი. 5. თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს გადაწყვეტილებაში აღინიშნება. 6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს. 7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/ ქმედების მიღებისას/განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის. 8. საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად საჩივარი: ა) სრულად დააკმაყოფილოს; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს; გ) არ დააკმაყოფილოს. 9. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს; გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი. 10. საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს. 11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად მიიჩნევა. 12. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 13. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საჯარო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ. 14. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის/უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა. 15. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1549 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 92. გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება

1. ეკონომიკურ ოპერატორს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს, შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს. 2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 3. საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივროს აგრეთვე სააგენტომ, თუ იგი, როგორც ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა არსებითად არასწორად განმარტა. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს სარჩელის მიზანი უნდა იყოს საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი განმარტების დადგენა და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების განხილვა და შეფასება. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში გაასაჩივროს. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება შავი სიის ან თეთრი სიის წარმოებას ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმებას.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIIIანგარიშგება და კონტროლი

მუხლი 93. სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშგებისთვის ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარუდგინოს ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ. 2. თუ საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტის ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში განთავსება სააგენტოსთვის მის წარდგენად მიიჩნევა. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია სააგენტოს ყოველწლიურად მიაწოდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად. 4. სააგენტო საჯარო შესყიდვის პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობის მიზნით ახორციელებს საჯარო შესყიდვის პროცედურებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო შესყიდვასთან (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვისა) დაკავშირებით განხორციელებული სხვა საქმიანობის მონიტორინგს შემდეგი პრინციპების დაცვით: ღიაობა და გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. 5. სააგენტო უფლებამოსილია საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე მისი დასრულების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციას, ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია). შემსყიდველი ორგანიზაცია, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია. 6. შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 94. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საჯარო შესყიდვის შემოწმება

შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, პრეტენდენტი, მიმწოდებელი და ქვეკონტრაქტორი ვალდებული არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი მოთხოვნით აუდიტის ჩასატარებლად წარუდგინონ საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1832 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 95. ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი უწყებები საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო საჯარო შესყიდვის შესახებ, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ – მოხსენებას საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო საქმიანობის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 96. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი

1. ამ კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ეს ვადა უნდა იყოს სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 3 წლისა. 3. თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია არ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს წერილობითი შენიშვნა მისცეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუ დამრღვევმა იგივე ქმედება ჩაიდინა ამ პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ წერილობითი შენიშვნის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში. 4. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზნებისთვის პასუხისმგებელ პირად მიიჩნევა: ა) ფიზიკური პირი, რომელმაცშესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება მიიღო/განახორციელა; ბ)კოლეგიური ორგანოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების მიღებას/განხორციელებას, – თუ გადაწყვეტილება/ქმედება კოლეგიურად იქნა მიღებული/განხორციელებული.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIVგარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

მუხლი 97. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

2030 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2030 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები

1. 2030 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება. 2. 2030 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 3. საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე: ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2030 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2030 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული სისტემა. 5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2030 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები

1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2030 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე. 2. 2030 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2029 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2030 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2029 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2030 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 100. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−96-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2032 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2549-XIმს-Xმპ

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.