იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
ტექსტი
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მიზანია კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომ − იპოთეკური ობლიგაციები) ბაზრის განვითარების უზრუნველყოფა. 2. ეს კანონი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, ემიტენტების ზედამხედველობასა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 3. ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები შეიძლება განთავსდეს როგორც კერძო, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე. 4. აკრძალულია საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან მათი უცხოურენოვანი შესატყვისის (მათ შორის, „Covered Bond“-ის) გამოყენება, თუ ეს სასესხო ფასიანი ქაღალდი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის გამოშვებული. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იპოთეკური ობლიგაცია − კომერციული ბანკის (მათ შორის, რეფინანსირების ბანკის) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით, რომლებიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს, როგორც კრედიტორებს, აქვთ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება − განსაზღვრული უზრუნველყოფის აქტივების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებებს და ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისგან სეგრეგირებულია; გ) პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ან რეფინანსირების პროგრამა; დ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა − ემიტენტის პროგრამა, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ემისიის იპოთეკური ობლიგაციებისგან და მათგან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან; ე) რეფინანსირების პროგრამა − რეფინანსირების ბანკის მოვალის პროგრამა, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე რეფინანსირების ინსტრუმენტისგან და მისგან (მათგან) გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან; ვ) იპოთეკური სესხი − ნებისმიერი მიზნით გაცემული სესხი, რომელიც მოიცავს ძირითად თანხასა და მისგან მისაღებ პროცენტებს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოფილია უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით; ზ) დამატებითი აქტივი − ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეტანილი აქტივი, რომელიც მოიცავს ძირითად თანხასა და მისგან მისაღებ პროცენტებს (არსებობის შემთხვევაში); თ) უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე − პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გამოითვლება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და რომლითაც უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნომინალურ ღირებულებათა ჯამი აჭარბებს იპოთეკური ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნების/ვალდებულებების გათვალისწინებით; ი) დეფოლტი − სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა/მოსალოდნელი შეუსრულებლობა, რომლის დეფოლტად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით; კ) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება − თანხა, რომლის სანაცვლოდ, შეფასების მომენტისთვის, გონივრულად მოსალოდნელია უძრავი ქონების გაშლილი მკლავის პრინციპის დაცვით დადებული გარიგების საფუძველზე გასხვისება, თუ გარიგების მხარეები გააზრებულად, წინდახედულად და იძულების გარეშე იმოქმედებენ; ლ) ემიტენტი – კომერციული ბანკი (მათ შორის, რეფინანსირების ბანკი), რომელსაც შეუძლია იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება ამ კანონის შესაბამისად; მ) რეფინანსირების ბანკის მოვალე (მოვალე) − ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც რეფინანსირების ინსტრუმენტის საშუალებით რეფინანსირების ბანკის მიმართ ნაკისრი აქვს ფულადი ვალდებულება; ნ) რეფინანსირების ბანკი − კომერციული ბანკი, რომელიც უშვებს რეფინანსირების ინსტრუმენტიდან (ინსტრუმენტებიდან) გამომდინარე მოთხოვნებით უზრუნველყოფილ იპოთეკურ ობლიგაციებს ამ კანონის შესაბამისად; ო) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; პ) საცხოვრებელი უძრავი ქონება − საცხოვრებელი სადგომი, რომელიც მესაკუთრის ან მოსარგებლის მფლობელობაშია; ჟ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი − „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირი; რ) სპეციალური მმართველი −„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მმართველი; ს) წმინდა ფულადი ლიკვიდურობის გადინება − შესაბამის თარიღზე ვადამოსული, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ყველა გადახდის ვალდებულება, ძირითადი თანხისა და პროცენტის, აგრეთვე დერივატივებიდან გამომდინარე გადასახდელების ჩათვლით, იმავე თარიღზე უზრუნველყოფის აქტივებიდან მისაღები გადახდების გამოკლებით; ტ) პროგრამის კრედიტორი − იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი ან რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი; უ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი − იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე, პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე; ფ) რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი − რეფინანსირების ბანკი რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, რეფინანსირების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე, პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე; ქ) რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულება − ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დერივატივის ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში; ღ) პროგრამის ადმინისტრატორი (ადმინისტრატორი) – ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი, რეფინანსირების პროგრამის ადმინისტრატორი ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ყ) უზრუნველყოფის აქტივი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით ან მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივი, რომელიც შეტანილია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში; შ) რეფინანსირების ინსტრუმენტი − ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი ან/და ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც რეფინანსირების ბანკი ახორციელებს ფულადი სახსრების სესხებით ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით რეფინანსირების ბანკის მოვალის დაფინანსებას და რომელსაც რეფინანსირების ბანკი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყენებს მის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად; ჩ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება − ღონისძიება, რომლის მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება (სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩათვლით), მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების, გირავნობისა და იპოთეკის ჩათვლით), აგრეთვე ამ კანონის შესაბამისად აქტივის გამოყენება პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; ც) რეზოლუციის კომიტეტი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 16² მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი; ძ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება (პროგრამის განცალკევება) − ამ კანონის VI თავით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, რომლის მიზანია პროგრამის ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისა და ვალდებულებებისგან განცალკევებით მართვა პროგრამის კრედიტორთა ინტერესების დასაცავად; წ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბოლოო ურთიერთგაქვითვა. 2. ტერმინებს, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული მნიშვნელობა. თავი II უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობა მუხლი 3. კომერციული ბანკისთვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები 1. კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები: ა) იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები; ბ) დამატებითი აქტივები; გ) დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2. კომერციულ ბანკს ეკრძალება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში აქტივის შეტანა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) ამ აქტივზე ვრცელდება ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება; ბ) ეს აქტივი დეფოლტშია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ ძირითად მოთხოვნებს: ა) სესხის ხელშეკრულება წარმოშობს ნამდვილ და აღსრულებად ფულად მოთხოვნას, რომლის ღირებულების დადგენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი; ბ) იპოთეკა აკმაყოფილებს მისი წარმოშობისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას და აღსრულებადია; გ) კომერციულ ბანკს, როგორც კრედიტორს, შეუძლია იპოთეკის საგნიდან თავისი მოთხოვნის დროის გონივრულ მონაკვეთში დაკმაყოფილება; დ) იპოთეკა პირველი რიგის უფლებაა. 4. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის მომენტისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა (ან მისი ნაწილი), რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება, არ უნდა აჭარბებდეს აღნიშნული იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60 პროცენტს, თუ იპოთეკის საგანია არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, ხოლო თუ იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება − 80 პროცენტს. ამ პუნქტით დადგენილი წესი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ერთზე მეტი იპოთეკური სესხი ერთობლივად უზრუნველყოფილია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დააწესოს სესხის უზრუნველყოფის ამ პუნქტით დადგენილზე უფრო მკაცრი ზღვარი. 5. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის (ან მისი ნაწილის) მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან თანაფარდობა გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ზღვარს, აღნიშნული იპოთეკური სესხის ძირითადი თანხა (ან მისი ნაწილი), რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება, პროპორციულად შემცირდება. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივები დაამატოს, თუ ეს აუცილებელია ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად. 6. იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში დამატებითი აქტივების სახით შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები: ა) დეპოზიტები; ბ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის (სუბიექტების) მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები; გ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის (სუბიექტების) მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები. 7. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები. ამ პუნქტის მიზნებისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები. 8. ემიტენტს შეუძლია საბაზრო რისკები (მათ შორის, საპროცენტო რისკი და სავალუტო რისკი), რომლებიც გავლენას ახდენს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე, მართოს დერივატივის (დერივატივების) გამოყენებით, თუ იგი აღნიშნულ დერივატივს (დერივატივებს) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დაარეგისტრირებს. დერივატივი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული რისკების ჰეჯირების მიზნით და უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ პირობებს: ა) დერივატივი დადებულია ჩარჩოხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ნებადართულია მხოლოდ იმ მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვა, რომლებიც წარმოიშობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული დერივატივიდან (დერივატივებიდან); ბ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარემ წინასწარ განაცხადა თანხმობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დერივატივის რეგისტრაციაზე; გ) დერივატივის ხელშეკრულება შედგენილია წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით); დ) დერივატივის პირობების მიხედვით, აკრძალულია დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ დერივატივის შეწყვეტა ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვა, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევისა; ე) დერივატივის პირობების თანახმად, თუ დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარის კრედიტუნარიანობა მიუღებელ ზღვრამდე შემცირდა, იგი სხვა კონტრაჰენტით ჩანაცვლდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე ემიტენტს საკმარის უზრუნველყოფას წარუდგენს; ვ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე ფინანსური ინსტიტუტია. 9. თუ ამ კანონით ან იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ემიტენტი არ არის ვალდებული, უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული ფულადი სახსრები პროგრამის კრედიტორებს გაუნაწილოს ან/და ეს სახსრები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში განათავსოს. ეს პუნქტი გავლენას არ ახდენს ემიტენტის ვალდებულებაზე, გადაიხადოს იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი ემისიის პირობების შესაბამისად. 10. ემიტენტი ვალდებულია განახორციელოს უზრუნველყოფის აქტივების სეგრეგაცია თავისი სხვა აქტივებისგან იმგვარად, რომ უზრუნველყოფის აქტივები მუდმივად იდენტიფიცირებული იყოს და მათზე ხელი არ მიუწვდებოდეთ, პროგრამის კრედიტორების გარდა, ემიტენტის სხვა კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 11. ამ მუხლის პირველი, მე-3−მე-5 და მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უზრუნველყოფის აქტივებზე. მუხლი 4. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების სტანდარტები 1. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა შეაფასოს სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან დამოუკიდებელმა, შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების მქონე შემფასებელმა. 2. საშემფასებლო საქმიანობა ხორციელდება და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დაანგარიშდება საერთაშორისოდ აღიარებული საშემფასებლო სტანდარტების მიხედვით. 3. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადამოწმდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადამოწმდეს უფრო ხშირად, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) საბაზრო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა; ბ) უძრავი ქონების ბაზარზე უძრავი ქონების ფასი მნიშვნელოვნად დავარდა ან მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ეს უძრავი ქონების ერთ-ერთ სახეობას ან ტიპს ეხება. 4. უძრავი ქონების გადაფასება/შეფასების გადახედვა სავალდებულოა, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული გადამოწმების ფარგლებში გაჩნდა ეჭვი, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გადამოწმების (მონიტორინგის) და გადაფასების/შეფასების გადახედვის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტატისტიკური მეთოდები. 6. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ზუსტდება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუხლი 5. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივები 1. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს რეფინანსირების ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები: ა) რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნები; ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივები; გ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შესატან აქტივებზე. 3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის კუთვნილ იმ უზრუნველყოფის აქტივებს, რომლებიც იმავე პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკს გადაეცემა. 4. რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი რეფინანსირების ინსტრუმენტების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები. ამ პუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირების ინსტრუმენტის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები. 5. რეფინანსირების ბანკის მოვალემ რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტიდან (ინსტრუმენტებიდან) გამომდინარე გადახდის ვალდებულებები საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივებით უნდა უზრუნველყოს, რაზედაც შესაბამისად ვრცელდება ამ კანონის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. 6. ამ კანონის დებულებები, რომლებიც რეფინანსირების ბანკის მიერ იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, არ გამოიყენება რეფინანსირების ბანკის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ იპოთეკური ობლიგაციების ამ კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად გამოშვების შემთხვევაში. თავი III უზრუნველყოფის აქტივების ლიკვიდურობა და ვალდებულებების უზრუნველყოფა მუხლი 6. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მოთხოვნები 1. ამ კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით. 3. ერთი და იმავე პროგრამის ფარგლებში ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ემიტენტმა შეიძლება გაზარდოს იპოთეკური ობლიგაციების თავდაპირველი ემისიის მოცულობა იმავე პირობების მქონე იპოთეკური ობლიგაციების დამატებით გამოშვებით, აგრეთვე გამოუშვას იპოთეკური ობლიგაციები განსხვავებულ კლასებად. მუხლი 7. ვალდებულებების უზრუნველყოფა 1. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხებისა და დამატებითი აქტივების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა სულ მცირე 5 პროცენტით უნდა აჭარბებდეს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამურ ოდენობას. 2. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია დერივატივი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.