პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 16 თავი
  1. კარი Iზოგადი ნაწილი
  2. თავი Iშესავალი დებულებები
  3. თავი IIმეწარმის დაფუძნება
  4. თავი IIIერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება
  5. თავი IVშენატანი
  6. თავი Vსამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი, წილი, დივიდენდი, სასესხო ფასიანი ქაღალდი საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
  7. თავი VIსამეწარმეო საზოგადოების ორგანოები
  8. თავი VIIბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
  9. თავი VIIIსამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა
  10. თავი IXსამეწარმეო საზოგადოების დაშლა. ხარვეზიანი საზოგადოება
  11. თავი Xხანდაზმულობა და შეცილება. გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები
  12. თავი XIსოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  13. თავი XIIკომანდიტური საზოგადოება
  14. თავი XIIIშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  15. თავი XIVსააქციო საზოგადოება
  16. თავი XVკოოპერატივი
  17. თავი XVIგარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მეწარმეთა შესახებ

კარი Iზოგადი ნაწილი

თავი XVკოოპერატივი

მუხლი 240. საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა

1. კოოპერატივის წევრები კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ თავიანთ უფლებებს ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საერთო კრების მუშაობაში და განახორციელოს თავისი ხმის უფლება. 3. ხმის უფლება არ შეიძლება გამოიყენოს იმ პირმა, რომლის საკითხსაც იხილავს საერთო კრება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 241. საერთო კრების მოწვევა

1. საერთო კრება, გარდა ამ კანონითა და წესდებით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. 2. პარტნიორთა წლიური კრება მოწვეული უნდა იქნეს წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში. 3. საერთო კრებას იწვევს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო, თუ კანონით ან წესდებით საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება სხვა პირსაც არ აქვს მინიჭებული. საერთო კრების მოწვევა ხელმძღვანელი ორგანოს მოვალეობაა. 4. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ კოოპერატივის წევრთა 10 პროცენტი ან წესდებით გათვალისწინებული კოოპერატივის წევრთა სხვა რაოდენობა კონკრეტული მიზნის მითითებით წერილობით მოითხოვს საერთო კრების მოწვევას. 5. თუ საერთო კრების მოწვევის თაობაზე კოოპერატივის წევრთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ კოოპერატივის წევრებს მიანიჭოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 242. საერთო კრების მოწვევის ვადა და დღის წესრიგი

1. საერთო კრება მოიწვევა მისი ჩატარების დღემდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, წესდებით დადგენილი წესით ან შესაბამისი ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. 2. საერთო კრების დღის წესრიგი უნდა გამოცხადდეს მისი მოწვევისას მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. საერთო კრების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ნებისმიერი სხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც მოიწვევა საერთო კრება. 3. იმ საკითხზე, რომელიც საერთო კრების გამოცხადებულ დღის წესრიგში შეტანილი არ არის, გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. გამონაკლისია საერთო კრების წარმართვისა და პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებები. 4. საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი საერთო კრების ჩატარების დღის/თარიღის, ადგილისა და სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 243. განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ

1. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კოოპერატივის საფირმო სახელწოდებას; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, დღესა და დროს; გ) მითითებას, ტარდება პარტნიორთა წლიური კრება თუ რიგგარეშე კრება; დ) საერთო კრების დღის წესრიგს. 2. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა აღინიშნოს აგრეთვე საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებზე წინადადებებისა და დამატებების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 244. საერთო კრების ოქმი

1. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ საერთო კრების თავმჯდომარე და კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ საერთო კრებას. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების მოწვევის მასალები. 2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს საერთო კრების ოქმს, აგრეთვე მიიღოს ამ ოქმის ასლი ან ოქმიდან ამონაწერი. საერთო კრების ოქმს კოოპერატივი ინახავს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 245. პარტნიორთა წლიური კრების კომპეტენცია

1. პარტნიორთა წლიური კრება კოოპერატივის უმაღლესი ორგანოა. 2. პარტნიორთა წლიური კრება გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება; ბ) კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონება; გ) წლიური მოგების გამოყენება ან წლიური ზარალის დაფარვა. 3. წლიური ანგარიში წლიურ ბალანსთან ერთად და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება პარტნიორთა წლიური კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა განთავსდეს კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში) და კოოპერატივის ოფისში ან/და კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე, რათა კოოპერატივის წევრებმა შეძლონ მათი გაცნობა. 4. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით მიიღოს მოთხოვნილი წლიური ანგარიშისა და ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 246. საერთო კრების ექსკლუზიური კომპეტენცია სხვა საკითხებთან დაკავშირებით

1. საერთო კრების ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება გადაწყვეტილებების მიღება შემდეგ საკითხებზე: ა) კოოპერატივის წესდებაში ცვლილების შეტანა; ბ) კოოპერატივის იურიდიული მისამართის შეცვლა; გ) კოოპერატივის საფირმო სახელწოდების შეცვლა; დ) პაის გაზრდა; ე) დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შემოღება ან გაფართოება შესაბამისი პაის მფლობელის თანხმობით; ვ) კოოპერატივის ინვესტორი წევრის მიღება ან მისი ხმის უფლების განსაზღვრა; ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაზრდა; თ) პაის დაყოფა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. საერთო კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლით გათვალისწინებულ იმ საკითხზე, რომლითაც წესდებაში ცვლილება შედის, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. 4. საერთო კრების გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ძალაში შედის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 247. წარმომადგენელთა კრება

1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, ხოლო თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთო კრების ნაცვლად წარმომადგენელთა კრება ჩატარდეს. 2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არის კოოპერატივის წევრი, გარდა კოოპერატივის ხელმძღვანელი პირისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა. 3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ მცირე 50 წარმომადგენლისგან, რომლებსაც კოოპერატივის წევრები ირჩევენ. წარმომადგენელს არ აქვს თავისი უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემის უფლება. 4. წარმომადგენელი აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 5. პირი წარმომადგენლად არ შეიძლება აირჩეს 4 წელზე მეტი ვადით. 6. წესდებით უნდა განისაზღვროს: ა) კოოპერატივის რამდენ წევრზე აირჩევა ერთი წარმომადგენელი; ბ) წარმომადგენლობის ვადა. 7. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების წესის (მათ შორის, არჩევნების შედეგების განსაზღვრის) შესახებ დაწვრილებითი დებულებები შეიძლება ჩამოყალიბდეს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებულ, ხოლო კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში − ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისთვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. 8. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების ვალდებულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს. 9. თუ წარმომადგენელი უარს იტყვის წარმომადგენლობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლებს თავისი საქმიანობის განხორციელებას, დარჩენილი ვადით უნდა აირჩეს ახალი წარმომადგენელი. 10. არჩეულ წარმომადგენელთა სია სულ ცოტა 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული ან იმავე პერიოდით უნდა იყოს განთავსებული კოოპერატივის ოფისში და კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში), რათა კოოპერატივის წევრები გაეცნონ მას. არჩეულ წარმომადგენელთა უფლებამოსილება იწყება აღნიშნული სიის გამოქვეყნების ან განთავსების დღიდან. კოოპერატივის წევრს მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს ამ სიის ასლი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 248. კოოპერატივის მართვის სისტემის/მოდელის არჩევის შესაძლებლობა

1. კოოპერატივს შეიძლება ჰქონდეს მართვის მონისტური ან დუალისტური სისტემა. 2. კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში ხელმძღვანელობისა და კონტროლის ფუნქციები განაწილებულია ხელმძღვანელ ორგანოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის. 3. წესდებაში უნდა აღინიშნოს კოოპერატივის მართვის სისტემის არჩევის შესახებ. თუ წესდებაში არ არის აღნიშნული კოოპერატივის მართვის სისტემის არჩევის შესახებ, ივარაუდება, რომ გამოიყენება კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 249. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო

1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო შედგება საერთო კრების მიერ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით. 2. საერთო კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება აქვს, მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო. 3. საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული წევრობიდან. 4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე ან სხვაგვარად განახორციელოს კოოპერატივის ხელმძღვანელობა. 5. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 250. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს ამ კანონითა და წესდებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით. 2. სამეთვალყურეო საბჭო იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს ანგარიში და უშუალოდ ან თავის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს კოოპერატივის დოკუმენტაცია. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, კოოპერატივის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში, წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ და ამ შემოწმების შედეგები უნდა მოახსენოს პარტნიორთა კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე. 3. სამეთვალყურეო საბჭომ დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს საერთო კრება/წარმომადგენელთა კრება. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს თავისი ფუნქციების სხვა პირისთვის გადაბარების უფლება. 5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი მისი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ კოოპერატივის სახელით წარმართულ სამართლებრივ დავაში. 6. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ნებისმიერ კრედიტს, რომელსაც კოოპერატივი მისცემს თავის ხელმძღვანელ პირს, ან მის თავდებობას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 251. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო და მისი კომპეტენცია

1. კოოპერატივის მართვის მონისტურ სისტემაში კოოპერატივის ხელმძღვანელ ორგანოს მინიჭებული აქვს კოოპერატივის ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. 2. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო შედგება არანაკლებ 2 წევრისგან, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. 4. ხელმძღვანელი პირი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოწვეული ხელმძღვანელი ორგანოს წევრობიდან, თუ ამ გადაწყვეტილებას საერთო კრების მონაწილეთა 2/3 დაუჭერს მხარს. 5. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან ხმების უმრავლესობით. თუ საბჭო 2 წევრისგან შედგება, ისინი ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის ფუნქციებს მორიგეობით, ყოველწლიურად შეასრულებენ. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილი ნორმები ხელმძღვანელი ორგანოს შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 252. კოოპერატივის ხელმძღვანელი პირის ფუნქციები და მისი არჩევა

1. კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელობას და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობას. 2. კოოპერატივის მართვის დუალისტურ სისტემაში ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. 3. ხელმძღვანელი პირი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 253. კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება

1. წლიური ანგარიშის დამტკიცებისას საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სამეურნეო წელს კოოპერატივის მოგების ან ზარალის კოოპერატივის წევრებისთვის განაწილების შესახებ. 2. პირველ სამეურნეო წელს მოგება ან ზარალი ნაწილდება კოოპერატივის წევრების მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციულად, ხოლო ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს – მოგების მიმატებითა და ზარალის ჩამოწერით, წინა სამეურნეო წლის ბოლოს არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად. 3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს. 4. წესდება ან საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს.

ბმული ამ მუხლზე

თავი XVIგარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 254. გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს. 1¹. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე. 1². რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი. 1³. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2027 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის 1² პუნქტით დადგენილი წესით. 1⁴. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად განცხადების ამ მუხლის 1³ პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 1⁵. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია ზოგადი წესით ხორციელდება. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის ამ კანონით დადგენილი წესი. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი აქვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დასრულებული წარმოების ფარგლებში არ აქვს შესრულებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. 1⁶. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეზე არ ვრცელდება. 1⁷. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე, 31-ე და 32-ე მუხლებისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 20¹ მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საწარმოსთვის გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა. 1⁸. 2024 წლის 1 მაისიდან საწარმოს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) პარტნიორი/პარტნიორები, რომლის/რომელთა საკუთრებაში არსებული წილის/წილების ოდენობა 50 პროცენტს აღემატება, უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს/მიმართონ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნით. საწარმოს რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმო არ არის რეგისტრირებული: ა.ა) საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ; ა.ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სხვა საწარმოს წილის მესაკუთრედ; ბ) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში საწარმოზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, არ აქვს წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია და არ აქვს გადახდილი შესაბამისი გადასახადი/მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 1⁹. მარეგისტრირებელი ორგანო ამ მუხლის 1⁸ პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს ინფორმაცია იმავე ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის 1² პუნქტით დადგენილი წესით. 1¹⁰. ამ მუხლის 1⁸პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება დასაშვებია აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 3 თვის გასვლისთანავე. 1¹¹. ამ მუხლის 1⁸პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის წარდგენისას პირი უფლებამოსილია თავად მოიძიოს იმავე პუნქტში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საწარმოს შესახებ ამ მუხლის 1⁸პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეგროვება, თუ აღნიშნული მიმართვის წარდგენისას მონაცემების ასეთი გზით მოძიება იქნება მოთხოვნილი. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ამ მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და სამეწარმეო საზოგადოებაზე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფირმო სახელწოდების შეცვლას მოითხოვენ. 3. 2021 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტული წესდებების დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ელექტრონული პორტალის შექმნა; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო; დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3884 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 18 მარტის კანონი №365 – ვებგვერდი, 19.03.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 255. დასკვნითი დებულებები

1. 2022 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455). 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−253-ე მუხლებისა და 254-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის პირველი−253-ე მუხლები და 254-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 2 აგვისტო 2021 წ. N875-Vრს-Xმპ

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.