პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 17 თავი
  1. თავი 1
  2. თავი 2.
  3. თავი 3.
  4. თავი 4.
  5. თავი 5.
  6. თავი 6.
  7. თავი 7.
  8. თავი 8.
  9. თავი 9.
  10. თავი 10.
  11. თავი 11.
  12. თავი 12.
  13. თავი 13.
  14. თავი 14.
  15. თავი 15.
  16. თავი 16.
  17. თავი 17.

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

თავი 1

მუხლი 1

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.

მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 2

საქართველოს დედა ქალაქი არის ტფილისი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 3

საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 4

საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის – შვინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა.

საქართველოს რესპუბლიკის ღერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 5

ყოველ კანონსა და სავალდებულო დადგენილებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, უკეთუ გამოცხადებულია სათანადო წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 6

სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია.

სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 7

ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 8

კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა აზრის წინააღმდეგია.

კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობასა და მართვა-გამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 9

კონსტიტუციის მიღებამდე გამოცემული და გამოქვეყნებული კანონი და დეკრეტი ძალაში რჩება, უკეთუ კონსტიტუციასა და მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 10

ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 11

დამტკიცებისა და მიღების შემდეგ კონსტიტუციას აქვეყნებს დამფუძნებელი კრება თავის წევრთა ხელმოწერით.

ბმული ამ მუხლზე

თავი 2.

მუხლი 12

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და ნატურალიზაციით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 13

საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 14

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე მხოლოდ თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობის შესრულების შემდეგ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 15

მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს დაწვრილებით კანონი განსაზღვრავს.

ბმული ამ მუხლზე

თავი 3.

მუხლი 16

მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 17

წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 18

ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა აკრძალულია.

ორდენი გაუქმებულია.

საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 19

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 20

არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით; გამონაკლისია კანონით განსაზღვრული დისციპლინარული წესი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 21

ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 22

პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაფრივ თავისუფლებას მოკლებულ და პირადად გაჩხრეკილ იქნეს ვინმე, თუ არ სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 23

ადმინისტრაციას შეუძლია თვისი უფლებით შეიპყროს ვინმე შემდეგ შემთხვევაში:

ა) როცა ბოროტმოქმედს ზედ დანაშაულის ადგილას მიასწრებს;

ბ) როცა დანაშაულის ადგილას დაზარალებული, ან დამსწრე ვინმე ბოროტმომქმედს ხელს დაადებს;

გ) როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთი აღმოაჩნდება, ან როცა მის ტანზე, ან მის ბინაზე დანაშაულის აშკარა ნიშანი და კვალი აღმოჩნდება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 24

დამნაშავის დაკავება შეუძლია კერძო პირსაც; თუ დანაშაულის ადგილას მიასწრებს და ამასთანავე ადმინისტრაციის მისვლამდის მისი მიმალვა მოსალოდნელია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 25

როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრაციის ბრძანებით შეპყრობილი, 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი; თუ სასამართლო ისეა დაშორებული, რომ 24 საათში დამნაშავის წარდგენა შეუძლებელია, ეს ვადა განგრძობილ უნდა იქნეს ადგილობრივ გარემოების მიხედვით, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 26

სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაუყოვნებლივ, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, დაჰკითხოს; ხოლო შემდეგ წერილობითი ბრძანება გასცეს ან მისი შეპყრობის განგრძობისა, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლებისათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 27

სასამართლოს სათანადო ორგანოები ვალდებულნი არიან, უკეთუ რაიმე გზით და საშვალებით ემცნოთ, რომ ვინმე ზემოაღნიშნულ წესთა დარღვევითაა შეპყრობილი, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და წერილობითი ბრძანება გასცენ ან მისი განთავისუფლებისა ან შეპყრობის განგრძობისა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 28

ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია: მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 29

კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია: მისი ამოხმა და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 30

ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალია; ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 31

ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს.

მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება. ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს.

სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური

მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა,

რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 32

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 33

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 34

თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 35

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსონ საპროფესიო და სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული; კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 36

გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეო-სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 37

პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 38

მუშათა გაფიცვა თავისუფალია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 39

ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 40

ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას; ქორწინების ფორმასა და წესებს კანონი განსაზღვრავს.

ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან, დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა: აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 41

პოლიტიკური დევნილი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული, სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 42

მოქალაქის უფლებათა დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კანონების თანახმად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 43

ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დადგენილება წარუდგინოს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 44

დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე-22, 25, 26 და 30 მუხლებში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 45

კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან.

ბმული ამ მუხლზე

თავი 4.

მუხლი 46

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისაებრ არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შესრულებია.

პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 47

პარლამენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს ცალკე კანონი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 48

პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს.

პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს იგი, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ.

ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს;

შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 49

პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს. ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 50

პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 51

პარლამენტის წევრობისა, მოხელეობისა და პროფესიის შეუთავსებლობის საკითხს განსაზღვრავს კანონი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 52

ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში

ახორციელებს ერის ხელმწიფებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 53

პარლამენტი გამოსცემს კანონსა, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 54

პარლამენტის უფლებაა:

ა) კანონმდებლობა;

ბ) უმაღლესი გამგებლობა რესპუბლიკის ჯარისა

და საზოგადოდ ყოველი შეიარაღებული ძალისა;

გ) ომის გამოცხადება;

დ) დამტკიცება საზავო, სავაჭრო და ამგვარ ხელშეკრულობისა უცხო სახელმწიფოებთან;

ე) ამნისტია;

ვ) ბიუჯეტის დამტკიცება;

ზ) საშინაო და საგარეო სესხის აღება;

ც) თანამდებობის პირთა არჩევა, კონსტიტუციით ან კანონით მისდა მიკუთვნებული, და

თ) საერთო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 55

პარლამენტის სხდომა საჯაროა; მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 56

პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და გადასწყვეტს ყოველსავე დავას ამ საგანზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 57

პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 58

პარლამენტის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დეპუტატთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 59

პარლამენტის წევრთ უფლება აქვთ მთავრობის მიმართ შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა, წესი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა განისაზღვრება კანონით ან რეგლამენტით.

პარლამენტს უფლება აქვს დანიშნოს საგამომძიებლო საანკეტო კომისია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 60

პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტს და თავის მოქმედების წესს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 61

პარლამენტი იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ პარლამენტის გახსნას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 62

პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.

როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას, ან პარლამენტის პრეზიდიუმს.

პარლამენტის შეკრება სავალდებულოა, თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 63

ინიციატივის უფლება ეკუთვნის:

ა) პარლამენტის ყოველ წევრს, და

ბ) 5, 000 ამომრჩეველს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 64

თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხალხს წარუდგინოს.

რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 65

პარლამენტი ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს.

ბმული ამ მუხლზე

თავი 5.

მუხლი 66

უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 67

მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 68

მთავრობის დანარჩენ წევრებს – მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე

რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 69

მთავრობის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს, ან

რომელსამე პროფესიას მისდევდეს; შეუძლია იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმართველობის ხმოსანი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 70

მთავრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა; იგი ნიშნავს ელჩებს სხვა სახელმწიფოებში და უცხოეთის ელჩები წარმოიგზავნებიან მასთან.

განსაკუთრებულ გარემოებაში, უკეთუ მთავრობის დადგენილების გამოტანა დაბრკოლებულია თავმჯდომარეს შეუძლია გამოიწვიოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს პარლამენტს.

თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს.

მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს რევიზია მართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისა კანონში აღნიშნულ წესისაებრ.

თავმჯდომარეს არა აქვს არავითარი განსაკუთრებული უფლება, იმის გარდა რაც, ამ კონსტიტუციით არის მისდა მიკუთვნებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 71

მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას მთავრობაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 72

მთავრობის საერთო უფლება და მოვალეობაა:

ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, თანახმად კანონისა;

ბ) თვალ-ყურის დევნა და აღსრულება კონსტიტუციისა და კანონებისა;

გ) წარდგენა პარლამენტის წინაშე თავის კანონპროექტისა, აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტისა ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული;

დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა;

ე) უზრუნველყოფა რესპუბლიკისა გარეშე განსაცდელისაგან და დაცვა მისი

დამოუკიდებლობისა;

ვ) ზრუნვა შინაური წესიერებისა და უშიშროების დაცვისათვის.

მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა, მთავრობას უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა, ვადით არა უმეტეს 21 დღისა. უკეთუ მეტის ვადით დასჭირდა, პარლამენტიდან უნდა მიიღოს ნებართვა.

ზ) განაგოს ფინანსები, სჭრას ფული თანახმად კანონისა, და ყოველ წლივ წარუდგინოს პარლამენტს შემოსავალ-გასავლის სავარაუდო აღრიცხვა ბიუჯეტი;

ც) ანგარიში აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება, უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა, და

თ) შეასრულოს ყოველივე, რაც კანონს ან პარლამენტს მისთვის დაუვალებია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 73

რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა-გამგეობა განაწილებულია მთავრობის

წევრთა შორის. თვითეული მათგანი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით განაგებს მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როცა პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას.

მინისტრს უფლება აქვს პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ მაშინ, როცა დეპუტატად ირიცხება.

მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას

და აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭიროა გამოსცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 74

მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს. თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს. თავის მხრით პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით მინისტრიც ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება მისცეს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 75

კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან სასამართლოს წინაშე. მათი პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მათი გასამართლება საერთო წესით სწარმოებს.

ბმული ამ მუხლზე

თავი 6.

მუხლი 76

საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო – სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. სენატი მოვალეა:

ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა, და

ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 77

სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრატიული სამართლის საქმეთა საწარმოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.

სასამართლოს ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 78

სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 79

სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრატიული ორგანოს მიერ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 80

სასამართლოს სხდომა საჯაროა; მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება კარდახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით.

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.