საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)
თავი 6.
მუხლი 81
მძიმე სისხლის სამართლის, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
მუხლი 82
მოსამართლე აირჩევა ვადით. არჩევის წესი და პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, კანონით განისაზღვრება.
მუხლი 83
არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, გარეშე სასამართლოს დადგენილებისა. თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა სამართალში ან გამოძიებაში არის მიცემული.
სრულიად დათხოვნა – კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.
თავი 7.
მუხლი 84
არცერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს, თუ წინასწარ პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.
შენიშვნა: ადგილობრივი თვითმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს.
მუხლი 85
სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება, თუ არ კანონის ძალით.
მუხლი 86
თუ არ კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადოთ ხარჯი არ შეიძლება გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან.
მუხლი 87
პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება აღებულ იქნეს სახელმწიფო სესხი და ან რაიმე ფინანსიური ვალდებულება.
მუხლი 88
სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული.
ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
მუხლი 89
თუ ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტმა ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დამდეგამდე, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაჰფაროს პარლამენტის ნებართვით.
მუხლი 90
ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი პარაგრაფიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.
თავი 8.
მუხლი 91
სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება;
ბ) სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი;
გ) მთავრობის და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში, და
დ) ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსები კანონის თანახმად.
მუხლი 92
სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს.
მუხლი 93
კონტროლის ორგანიზაცია და მოქმედების წესი განსაზღვრულია კანონით.
თავი 9.
მუხლი 94
ყოველი მოქალაქე რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა კანონის თანახმად.
მუხლი 95
სამხედრო ძალთა დანიშნულება არის დაცვა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიისა.
მუხლი 96
სამხედრო ბეგარის ვადა და სამხედრო ძალთა ყოველი მოწყობის წესი განისაზღვრება კანონით.
მუხლი 97
სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ პარლამენტი ამტკიცებს.
თავი 10.
მუხლი 98
ადგილობრივი თვითმართველობა არის ამავე დროს ორგანო ადგილობრივი მართველობისა და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ განმანათლებელ და სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.
მუხლი 99
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზაცია, უფლება-მოვალეობა და მართვა-გამგეობის წესი განისაზღვრება კანონით.
მუხლი 100
ადგილობრივ თვითმართველობას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება თანახმად კანონისა.
მუხლი 101
ადგილობრივი თვითმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.
მუხლი 102
ადგილობრივ თვითმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.
მუხლი 103
მთავრობის ცენტრალ ორგანოებს უფლება აქვთ შეაჩერონ ადგილობრივი თვითმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ხოლო ვალდებულნი არიან საქმე დაუყოვნებლივ სასამართლოს გადასცენ. წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.
მუხლი 104
ადგილობრივი თვითმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილება
მთვარობის ცენტრალ ორგანოებს.
მუხლი 105
იმ საგნებს, რომლის შესახებაც ადგილობრივი თვითმართველობის დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალ ხელისუფლების მიერ, განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 106
ადგილობრივ თვითმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება, ცალკე კანონით განსაზღვრული.
თავი 11.
მუხლი 107
საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა.
მუხლი 108
წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით.
თავი 12.
მუხლი 109
ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია; სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
მუხლი 110
პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანიულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშვალო და უმაღლესი სკოლისა.
სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა.
მუხლი 111
სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს.
ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად.
მუხლი 112
კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს.
თავი 13.
მუხლი 113
რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.
მუხლი 114
საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვა გვარად არ არის განსაზღვრული.
მუხლი 115
რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ-მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია.
რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას.
რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.
მუხლი 116
წვრილი მწარმოებლის – სოფლის მეურნის, ხელოსანის, შინამრეწველის-შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია.
რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.
მუხლი 117
შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.
მუხლი 118
რესპუბლიკის კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმართველობას ევალება დააარსოს შრომის ბირჟა, საშვამავლო კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში.
ასეთ დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოში მუშათა კავშირის წარმომადგენელთა რიცხვი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მუხლი 119
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.
მუხლი 120
მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არა აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძოსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომის უნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია.
მუხლი 121
დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაჰკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შესდგეს დამქირავებელზე შეწერილ საგანგებო გადასახადისაგან.
მუხლი 122
გარდა საგანგებო ან ამ მიზნით შეწერილი გადასახადისა ზემოაღნიშნულ მოვალეობათა ასასრულებლად რესპუბლიკის შემოსავლიდან უნდა გადაიდოს ყოველ წლიურად განსაზღვრული ნაწილი.
მუხლი 123
ნორმალი სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი.
სასოფლო მეურნეობისა და სხვა სასეზონო წარმოებაში სამუშაო დროის შეფარდება განსაკუთრებულ პირობებთან განისაზღვრება კანონით.
მუხლი 124
წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია; 16-18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და საზოგადოთ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.
მუხლი 125
რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში.
არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან.
მუხლი 126
განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.
მუხლი 127
შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.
მუხლი 128
რესპუბლიკას და ადგილობრივ მმართველობას ევალება დედობის და ბავშვების დაცვისათვის მზრუნველობა.
თავი 14.
მუხლი 129
არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული
უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა.
ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა-ენაზე.
მუხლი 130
ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივ თვითმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგალში.
ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით.
ეროვნულ კავშირში შესვლა ხდება სალაპარაკო ენის მიხედვით.
ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშვალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა.
მუხლი 131
არ შეიძლება შეიზღუდოს ვისიმე პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას.
მუხლი 132
ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნულ უმცირესობის უფლების დარღვევას.
მუხლი 133
საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური.
მუხლი 134
ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა- განათლებისათვის გადადებული თანხით დააარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებისა მოქალაქეთა ეროვნულ შედგენილობის პროპორციის მიხედვით.
მუხლი 135
ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე.
მუხლი 136
ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20%-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედა-ენაზედაც.
მუხლი 137
არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმაოდ არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა-ენით, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს.
დაწვრილებით წესს განსაზღვრავს კანონი.
თავი 15.
მუხლი 138
საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ კანონის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
მუხლი 139
მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ ან დისციპლინარულ წესით დასჯილ იქნეს იმ დაწესებულების ან უფროსის განკარგულებით, ვისგანაც იყო მიღებული; ხოლო სამსახურიდან სრულიად დათხოვნის წესს განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 140
თვითეული მოხელეს აქვს უფლება პენსიის მიღებისა. მოხელისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობას განსაზღვრავს კანონი.
მუხლი 141
თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ.
მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის.
მოქალაქეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს.
ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრება კანონით.
თავი 16.
მუხლი 142
სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.
მუხლი 143
არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.
მუხლი 144
ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.
თავი 17.
მუხლი 145
კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს:
ა) პარლამენტის წევრთა ნახევრის არა ნაკლებსა, და
ბ) 50 000 ამომრჩეველსა.
მუხლი 146
წინადადება კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვისა პარლამენტის დღიურ წესრიგში დაისმის განსახილველად არა უადრეს ექვსი თვისა შეტანის დღიდან.
მუხლი 147
კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ.
მუხლი 148
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.
მუხლი 149
პირველ პარლამენტის შეკრებამდე მის მაგივრობას გასწევს დამფუძნებელი კრება.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.