წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
ტექსტი
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (შემდგომ − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია) საქმიანობას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს, აგრეთვე პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გაუცემელ მიწაზე. ამ კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებაზე, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებაზე, აღნიშნული მომსახურებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, აგრეთვე წყლის მეზობელი ქვეყნისთვის მიწოდებაზე. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები ამ კანონის მიზნები და ამოცანებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; ე) წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ვ) სხვა წყალმომხმარებლის მიერ წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) სხვა წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს პირველადი წყალმოსარგებლისგან საირიგაციო სისტემის მეშვეობით იღებს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი არ არის; ბ¹) პროფილური წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს საირიგაციო მიზნით მოიხმარს; გ) საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური, მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები; დ) საირიგაციო სისტემა − საირიგაციო ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებული ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის კვების წყაროდან აღებას (წყალაღებას), ტრანსპორტირებასა და საირიგაციო ან/და სხვა მიზნით მიწოდებას; ე) ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა – მსხვილი საირიგაციო სისტემის ნაწილი (ურთიერთდაკავშირებული კაშხალი, წყალსაცავი ან/და სათავე ნაგებობა, აგრეთვე მაგისტრალური არხი სხვა ნაგებობებით), რომელიც უზრუნველყოფს ამავე სისტემის მეორე რიგის/მესამე რიგის არხისთვის წყლის მიწოდებას; ვ) ეროვნული კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მომსახურების ხელშეკრულება − წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა/სხვა წყალმომხმარებელსა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; თ) მიწოდების წერტილი – მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილი (ადგილები), სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებას განახორციელებს; ი) ჰიდროტექნიკური ერთეული − საირიგაციო სისტემა ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემა, რომელსაც შეუძლია მიიღოს წყალი ერთი წერტილიდან, მეორე რიგის/მესამე რიგის გამანაწილებელი არხიდან ან/და ლოკალური სარწყავი სისტემიდან; კ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი − პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური; ლ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორია − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მოიცავს 1 ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც და რომელზედაც შეიქმნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია; მ) დამოუკიდებელი წყალმოსარგებლე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს წყალს იმ წყლის წყაროდან (მდინარე, ტბა, ტბორი, ჭაბურღილი და სხვა), რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება; ნ) წყლის მიწოდება − წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიწოდება. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 4. პირველადი წყალმოსარგებლე 1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას. 2. პირველადი წყალმოსარგებლე ვალდებულია: ა) მომსახურება გასწიოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ბ) შეასრულოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ხარისხის წყალი, უზრუნველყოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვა და განახორციელოს ღონისძიებები სარწყავი წყლის დაბინძურების აღსაკვეთად; დ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წყლის მიწოდების რეჟიმი და უზრუნველყოს მისი შესრულება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ე) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად; ვ) უზრუნველყოს მის მიერ გაწეული მომსახურების პირობებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; ზ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა; თ) ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად პერიოდულად წარუდგინოს მას სათანადო ანგარიში; ი) დროულად გადაიხადოს ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 5. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი 1. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფებს ადგენს ეროვნული კომისია. 2. ეროვნული კომისია აგრეთვე განსაზღვრავს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფში ცვლილების შეტანის პროცედურასა და ფორმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენისას ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე განსხვავებული პროპორციით, პროფილური წყალმომხმარებლის სასარგებლოდ გაანაწილოს. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდების, აგრეთვე საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის მიზნით. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფუძნდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50 პროცენტზე მეტია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის. 3. სამინისტრო 30 დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და მისი სისწორის შემთხვევაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 4. სახელმწიფო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცემს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ საირიგაციო ინფრასტრუქტურას. 5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს. მუხლი 8. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი 1. სამინისტრო აწარმოებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრს. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების სია, აგრეთვე მონაცემები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ მონაცემები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა. მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა; გ) მიწოდების წერტილში მიღებული წყლის რაციონალურად განაწილება; დ) წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება; ე) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემები) მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ პირი, რომელსაც საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად. 2. პირი, რომელიც 1 წელზე მეტი ვადით ფლობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით, უფლებამოსილია ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებით აღნიშნული უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში. 3. პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სარგებლობაში ჰქონდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგაც. შეუსრულებელი ვალდებულებები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე არ გადადის. 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისთვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა შეუწყდება/შეუჩერდება: ა) დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს; ბ) პირს, რომლიც ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას; გ) პირს, რომელიც ფლობს საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას; დ) პირს, რომელსაც სახელმწიფომ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადასცა მიწა საინვესტიციო ვალდებულებით. მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებია: ა) მიიღოს საირიგაციო მომსახურება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე; გ) დაასახელოს კანდიდატი და ხმა მისცეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე; დ) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ; ე) მონაწილეობა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების უპირატესი უფლებით იმ პირთან შედარებით, რომელიც არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის მოვალეობებია: ა) დროულად გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური; ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის მიწის ნაკვეთზე დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომელი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებელი მათ ტექნიკასა და აღჭურვილობასთან ერთად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად; გ) დაიცვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის წესები; დ) მართლზომიერად ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. მუხლი 13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს წესდება, რომლის ტიპურ ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი საკითხები: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოების შექმნის წესი და მათი უფლებამოსილებები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესი; ე) წყალსარგებლობის საფასურისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახდელების განსაზღვრის წესი; ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი და პირობები; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი. მუხლი 14. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოებია: ა) საერთო კრება; ბ) გამგეობა; გ) სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სტრუქტურა, აგრეთვე მისი ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. მუხლი 15. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტი. 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილი არიან ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ საერთო კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობის მიუხედავად. 5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წევრები არიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეები/მოსარგებლეები. მიწის თანასაკუთრების შემთხვევაში საერთო კრების წევრია მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ შესაბამის უფლებამოსილებას. 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ 51 პროცენტით. 7. ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და მას არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ. ხმები ნაწილდება შემდეგი სქემით: ა) 2 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 1 ხმა; ბ) 2-დან 4 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 2 ხმა; გ) 4-დან 6 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 3 ხმა; დ) 6-დან 8 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 4 ხმა; ე) 8-დან 10 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 5 ხმა; ვ) 10-დან 15 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 6 ხმა; ზ) 15-დან 20 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 7 ხმა; თ) 20-დან 30 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 8 ხმა; ი) 30-დან 50 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 9 ხმა; კ) 50 ჰა-ზე მეტი მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 10 ხმა. 8. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და მათი ფართობები შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია საკუთარი ხმის უფლება თავის წარმომადგენელს გადასცეს. ხმის უფლების დელეგირება რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების დამტკიცება; ბ) სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისა და სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევა; დ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება; ე) წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა; ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება; ი) ნებისმიერი სხვა საკითხის დამტკიცება, რომელიც უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ ამ კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად. 11. ამ კანონით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისთვის მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოსთვის დელეგირება დაუშვებელია. მუხლი 16. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მართვისათვის მისი საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) გამგეობის წევრთაგან გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების სხდომის დღის წესრიგის მომზადება და საერთო კრების მოწვევა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის დაქირავება; ვ) ამ კანონითა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა. მუხლი 17. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრი. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.